№ბს-827(კ-22) 7 დეკემბერი, 2022 წელი ქ . თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ბიძინა სტურუა, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2021 წლის 26 ივლისს პ.ზ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს გენერალურ პროკურატურას პ.ზ-ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 30 000 ლარის ოდენობით.
სარჩელის თანახმად, პ.ზ-ე 2000 წლის 30 ივნისიდან მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს ...ის ...ის მოვალეობის შემსრულებლად. 2005 წლის 8 თებერვალს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ პ.ზ-ე მიცემულ იქნა პასუხისგებაში და ბრალი დაედო დანაშაულის ჩადენაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამსახურებრივი გულგრილობა (2005 წლის 30 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და ამავე წლის 9 თებერვალს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა - ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ. 2005 წლის 22 მარტს შედგენილ იქნა საბრალდებო დასკვნა და საქმე გადაეცა სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის განაჩენით პ.ზ-ე გამართლებულ იქნა წარდგენილ ბრალდებაში, რაც ძალაში იქნა დატოვებული ზემდგომი ინსტანციების სასამართლოთა მიერ. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია 2021 წლის 29 აპრილს - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის განჩინებით გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი. უკანონო და უსაფუძვლო ბრალდებით, საქმის წარმოების გაჭიანურებით (საქმის წარმოება მიმდინარეობდა 17 წელი), ადმინისტრაციის მხრიდან სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების თაობაზე არაერთი მუქარით, ასევე დაწინაურებაზე უარის თქმით მოსარჩელემ განიცადა ძლიერი სულიერი ტკივილი, შეილახა მისი პატივი და ღირსება, რაც ექვემდებარება მოპასუხის მხრიდან ანაზღაურებას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით პ.ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა - საქართველოს გენერალურ პროკურატურას პ.ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე და მე-18 მუხლებზე, 1005-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე მითითებით პალატამ აღნიშნა, რომ 2005 წლის 8 თებერვლიდან 2019 წლის 28 იანვრის ჩათვლით, პ.ზ-ის მიმართ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა. მართალია, პროკურატურა, როგორც საგამოძიებო ორგანო, წინასწარ ვერ განსაზღვრავს სისხლისსამართლებრივი საქმის შედეგს და მის მიერ ბრალის წარდგენა აპრიორი არ ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, მაგრამ ყოველგვარ საქმის წარმოებას აქვს თავისი გონივრული ვადა, ასევე ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის, მიუხედავად სახელმწიფო მოხელეთა ბრალეულობისა. ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია აღიდგინოს დარღვეული უფლებები, კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით.
მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ - ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები. კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.
პ.ზ-ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 16-წლიანი სისხლის სამართლებრივი დევნის განმავლობაში, მუდმივად ისმენდა ფრაზებს კოლეგებისაგან, მუქარას ადმინისტრაციისგან, სამსახურიდან მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ, რაც მძიმედ მოქმედებდა მასზე. აღნიშნული საქმე, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაჭიანურდა, გახდა მისი დაწინაურების დამაბრკოლებელი გარემოება. ასევე, წარდგენილი ბრალისა და აღკვეთის ღონისძიების პირობებში, მან ვერ შეძლო დასწრებოდა დის დაკრძალვას, რის გამოც მიიღო ძლიერი სულიერი ტრავმა, შეილახა მისი პატივი და ღირსება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანგრძლივობის გათვალისწინებით სწორად განსაზღვრა მორალური ზიანის ოდენობა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი წევრების უსაფრთხოების დაცვას. სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველზე წარმოშობილი უარყოფითი ემოციების, განცდებისა თუ სხვა სამართლებრივი შედეგების, გარკვეულწილად, თმენის ვალდებულება აქვს ყველას. ამასთან, წინასწარ ვერ განისაზღვრება კონკრეტული საქმის შედეგი, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი/გამამართლებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივას. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა, სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას მოსარჩელის მიმართ საპროცესო ღონისძიებების გამოყენება მოხდა კანონით დადგენილი წესის დაცვით, კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტებს. ამდენად, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც ვინმეს მხრიდან განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ქმედებით ზიანის მიყენებად. მიუხედავად პირის გამართლებისა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებულმა ყველა მოქმედებამ არამართლზომიერი ხასიათი შეიძინა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოქმედებებს დამოუკიდებელი, კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და შესაბამისი გარემოებები გააჩნია. შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ პირის გამართლების შემთხვევაშიც ვერ მიენიჭება კანონის საფუძველზე განხორციელებულ მოქმედებებს არამართლზომიერი ხასიათი. მით უფრო, აღნიშნული არ შეიძლება გაგებულ იქნეს სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს - პროკურატურის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებად.
მოცემულ შემთხვევაში კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობდა გამოძიება, რომლის ფარგლებშიც პროკურატურის მიერ მოხდა ბრალის წარდგენა, ხოლო სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვა და შესაბამისი განაჩენების მიღება, რაც განხორციელდა კანონის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურის მიმართ სახეზე არ არის ზიანის ანაზღაურების წინაპირობები (მართლწინააღმდეგობა, ბრალი და მიზეზობრივი კავშირი) შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
მორალური ზიანის ბუნების მიხედვით და ამგვარი ზიანის არსებობის დადგენის შემთხვევაში, თუ სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს ფულადი ანაზღაურების მიკუთვნებას, იგი უნდა შეფასდეს თანასწორ საფუძვლებზე, იმ სტანდარტების გათვალისწინებით, რომლის საფუძველზეც წარმოიშვა სასამართლო პრაქტიკა. პ.ზ-ეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არც ერთ ეტაპზე შეფარდებული არ ჰქონია, მას 2005 წლის 16 დეკემბრიდან არც გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ ხელწერილი არ ჰქონია შეფარდებული. რაც შეეხება სასამართლოს მითითებას, რომ საქმის გაჭიანურებით, ადმინისტრაციის მხრიდან მისი შესაძლო გათავისუფლების თაობაზე არაერთი მუქარით მან განიცადა ძლიერი სულიერი ტკივილი, არასწორი გარემოებაა და დაუსაბუთებელი შეფასებაა. საქმის გაჭიანურებასთან მიმართებით არანაირი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, მით უფრო, პროკურატურასთან მიმართებით. ამასთან, მოცემულ დავაში მოპასუხე მხარე არ არის ის ორგანო, სადაც პ.ზ-ე მუშაობდა. საყურადღებოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პ.ზ-ე იყო ბრალდებული, მანვე დაადასტურა, რომ აგრძელებდა მუშაობას და არ გათავისუფლებულა თანამდებობიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მორალური ზიანის სახით - 30 000 ლარის დაკისრება უსაფუძვლო და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების არაპროპორციულია.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის პ.ზ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-6 ნაწილი ხაზს უსვამს ადამიანის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ნორმა კონკრეტულად შეეხება უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდული პირის უფლებას, მოითხოვოს სახელმწიფო ორგანოებისა და მოსამსახურეთა უკანონო მოქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. კონსტიტუციის მე-13 მუხლთან კავშირშია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლი, რომლითაც აღიარებულია ადამიანის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ ყველა მსხვერპლს, ვინც ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დააკავეს ან დააპატიმრეს, აქვს კომპენსაციის ქმედითი უფლება.
ამდენად, სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის 5.5 მუხლით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ კერძო პირი რაიმე საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ დელეგირების ან დავალების საფუძველზე, ამ საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი. ამასთან, კოდექსის 207-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი („ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული...“(სუს 10.04.2014წ. №ბს-648-623(2კ-13) გადაწყვეტილება).
ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას უკავშირდება სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი (სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის). 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების პრინციპი 992-ე მუხლის ზოგადი დანაწესიდან გამომდინარეობს და მოიაზრებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების შესაძლებლობას მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების არსებობის პირობებში, ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენით. გარდა ამისა, ზიანის გამომწვევი ქმედება კავშირში უნდა იყოს საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან და ყურადღება უნდა გამახვილდეს არა ქმედების ჩამდენ პირზე, არამედ ფუნქციაზე, რომლის შესრულებასაც შეიძლება ემსახურებოდეს სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი, თავის მხრივ, შეიცავს საგამონაკლისო შემთხვევას, დელიქტის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტის - ბრალის გათვალისწინების გარეშე ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის შესაძლებლობის თაობაზე, კერძოდ, 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. მნიშვნელოვანია, რომ 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობისათვის, დამდგარი ზიანის, მართლწინააღმდეგობისა და მიზეზობრივი კავშირის არსებობასთან ერთად, სახეზე უნდა იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განმარტებიდან გამომდინარე, „..პირის რეაბილიტაციის უმთავრესი იურიდიული საფუძველი გამამართლებელი განაჩენია, რომელიც პირის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს..“ (სუს 2019 წლის 7 თებერვლის №ბს-432-429 (2კ-17) გადაწყვეტილება და სხვ.).
ამასთან, სსკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ გარემოებებზე: ა) 2000 წლის 30 ივნისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის №53 პ/შ ბრძანებით პ.ზ-ე დაინიშნა იუსტიციის სამინისტროს ...ის ...ის მოვალეობის შემსრულებლად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად, ე.ი. ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად, მოხელის სახაზინო დაწესებულების საშტატო თანამდებობაზე; ბ) 2005 წლის 8 თებერვლის დადგენილებით პ.ზ-ე მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში და წარედგინა ბრალდება იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (ს.ფ. 39-40); გ) თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის განაჩენით საქმეზე №1/816-06 პ.ზ-ე გამართლებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2005 წლის 30 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში (ს.ფ. 17-34); დ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის №900აპ-20 განჩინებით გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი (ს.ფ. 35-38).
საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის განაჩენი, რომლითაც პ.ზ-ე გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში, წარმოადგენს მისი რეაბილიტაციის საფუძველს. ვინაიდან, განაჩენით უტყუარად დასტურდება დანაშაულის ჩადენის ფაქტის არარსებობა, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა, რომ ზემომითითებული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მიყენებული არაქონებრივი ზიანი.
სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ზიანი ანაზღაურდება სისხლის სამართლის საქმეების მწარმოებელ ცალკეულ თანამდებობის პირთა ბრალეულობის დადგენის გარეშე. „..ამ მუხლის მიზნებისათვის, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისია პირის მარეაბილიტირებელი გარემოების არსებობა და შესაბამისი ქმედების უკანონობის დადგენა. ამ შემთხვევაში, რელევანტურია, დადგინდეს პირობა, ურომლისოდაც ზიანის გამომწვევი შედეგი არ დადგებოდა. შეფასების საგანს სცილდება ბრალეული მიზეზობრიობის (კონკრეტული პირის ბრალეული ქმედების არსებობის) დადგენა, რამაც გამოიწვია ზიანი. ბრალი არ წარმოადგენს უკანონო ბრალდების/მსჯავრდების ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების აუცილებელ წინაპირობას..“ (სუს 2021 წლის 27 მაისის №ბს-222(კ-კს-20) გადაწყვეტილება). „..დაუშვებელია დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ზოგადი ნორმებით (სკ-ის 992, 1005.1 მუხ.) დადგენილი მოთხოვნების განვრცობა სპეციალური ნორმით (სკ-ის 1005.3 მუხ.) მოწესრიგებულ კონკრეტულ სამართალურთიერთობაზე, რომელსაც ადგილი აქვს უკანონო ბრალდებისა და უკანონო მსჯავრდების შემთხვევაში..“ (სუს 07.02.2019წ. №ბს-432-429(2კ-17) გადაწყვეტილება).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 08.04.2009წ. განჩინებით №ბს-972-936(3კ-08) ადმინისტრაციულ საქმეზე ჩამოყალიბებულ განმარტებას შემდეგზე, რომ „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით“. „სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა პოზიციას საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის პ.ზ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით - 30 000 ლარის დაკისრებას და აღნიშნავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური (მორალური) ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მორალური ზიანის მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების, ობიექტური გარემოებების (დაზარალებულის საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.) და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით (Patsuria v. Georgia; Nikolaishvili v. Georgia; Jashi v. Georgia).
ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს რა სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ მორალური ზიანი შეფასებითი კატეგორიაა და მხარე მიყენებულ მორალურ ზიანს წარადგენს, როგორც მის მოსაზრებებს და სუბიექტურ შეგრძნებებს, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანგრძლივობის, ასევე მოსარჩელის მითითებების გათვალისწინებით მოცემულ შემთხვევაში არსებითად სწორად განისაზღვრა მორალური ზიანის ოდენობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ბ. სტურუა
თ. ოქროპირიძე