Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1080(კ-22) 12 დეკემბერი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ა-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ა-ამ 2020 წლის 15 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და „გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2341/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე დევნილი ოჯახის ქალაქ თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2341/ო ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. ა-ას ოჯახის ქალაქ თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამინისტრო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს დევნილის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს, თუ დევნილი ოჯახი ქალაქ თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდეა რეგისტრირებული. საკასაციო საჩივრის თანახმად, დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, მოსარჩელე მხოლოდ 2013 წლის დეკემბრიდან არის ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №4-ში მდებარე „...ის“ შენობაში რეგისტრირებული, ხოლო 2013 წლის დეკემბრამდე იგი ოჯახთან ერთად 1996 წლიდან რეგისტრირებული იყო ქალაქ ზუგდიდში, ...ის №27 -ში. მართალია, სააგენტო არ უარყოფს, რომ მ. ა-ას ოჯახი წლებია გადმოვიდა ქალაქ თბილისში საცხოვრებლად და, შესაბამისად, არის იგი დამისამართებული 2013 წლის დეკემბრიდან ქალაქ თბილისში, თუმცა 2013 წლის 1 ივნისამდე მას დამისამართების სრულყოფილი განაცხადით და შესაბამისი დოკუმენტაციით არ მოუმართავს.

კასატორის მითითებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოები ასევე დაეყრდნენ სააგენტოს მიერ 2021 წლის 4 ივნისს №03-5282 გაცემულ წერილს, სადაც მითითებულია, რომ ხ. ღ-ას სახელზე (სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 22 თებერვლის №... დასკვნის მიხედვით, ხ. ღ-ას №43 დაბადების აქტში სახელი „ხ.“ შეიცვალა „მ.“, ხოლო გვარი „ღ-ა“ - „ა-ი“) სააგენტოში ორი განცხადებაა წარმოდგენილი და ორივე განცხადებით ითხოვს გადამისამართებას, თუმცა აღნიშნული განცხადებების მოძიება ვერ ხერხდება და არც სააგენტოს საქმის წარმოების ელექტრონულ ბაზაში მოიპოვება. შესაძლოა, მხარემ, მართლაც, წარადგინა 2013 წლის 1 ივნისამდე მსგავსი განცხადებები, მაგრამ თუ მას ინტერესი ჰქონდა დამისამართებასთან დაკავშირებით, გაუგებარია, რატომ არ მიაკითხა სააგენტოში აღნიშნულ განცხადებებს და გაარკვია, რა რეაგირება მოჰყვა მათ. ნათელია, რომ მხარის განცხადებები სრულყოფილი და კანონმდებლობის შესაბამისი არ იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათზე სააგენტო მყისიერ რეაგირებას მოახდენდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მ. ა-ას დევნილი ოჯახისთვის, ქალაქ თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე დაურეგისტრირებლობის საფუძვლით, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. ამასთანავე, მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-4 მუხლის 21-ე პუნქტი, რომელიც ადგენს დევნილის მიერ დროებითი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ სამინისტროსთვის ერთი თვის ვადაში შეტყობინების ვალდებულებას. ამავე წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად კი, გათვალისწინებულია ქალაქ თბილისში, ახლად აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების წინაპირობა, რასაც დევნილი ოჯახების ქალაქ თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრაციის განხორციელება წარმოადგენს. აღნიშნული რეგულაციის მიღებისას კანონმდებლის მიზანია დევნილი ოჯახის იმ ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულში საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სადაც ისინი არიან რეგისტრირებულნი. აქედან გამომდინარე, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც ისინი ცხოვრების ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფითი პირობებით არიან დაკავშირებულნი. ამრიგად, ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, დევნილი ოჯახი, რომელიც მოითხოვს ქალაქ თბილისში საცხოვრებლით უზრუნველყოფას, უნდა აკმაყოფილებდეს ზემოაღნიშნულ პირობებს, ერთი მხრივ, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის თაობაზე უნდა აცნობოს შესაბამისს ადმინისტრაციულ ორგანოს, მეორე მხრივ, რეგისტრირებული უნდა იყოს ქალაქ თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში სამინისტრო არ განიხილავს დევნილის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მ. ა-ა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მის ოჯახს მინიჭებული აქვს დევნილის რეგისტრაციის ნომერი - ..., შესაბამისად, დევნილის სტატუსი. ოჯახის შემადგენლობაში შედიან: თვითონ მ. ა-ა (სახელისა და გვარის შეცვლამდე ხ. ღ-ა) და მისი არასრულწლოვანი შვილები - 2007 წლის 6 თებერვალს დაბადებული ს. ა-ა და 2008 წლის 8 აპრილს დაბადებული ს. ა-ა. დევნილი ოჯახის დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი, ...ის ქ. №27. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. ა-ა 1998 წლიდან ფაქტობრივად ცხოვრობს ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №4-ში მდებარე „...ის“ შენობაში“. არასრულწლოვანი ბავშვები - ს. და ს. ა-ები, სწავლობენ №... საჯარო სკოლაში. ამასთან, ს. ა-ა 30.08.2009-28.06.2013 წლებში, ხოლო ს. ა-ა 07.09.2010-30.06.2014 წლებში ირიცხებოდნენ ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღ „ს...ში“ (...ო, ...ის გამზ. №4).

საქმის მასალების მიხედვით, მარი მალანიამ არაერთხელ მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (2008 წლის 21 მარტს (№გ 13606), 2010 წლის 16 სექტემბერს (№19143) და 2013 წლის 10 ოქტომბერს (დევნილთა მისაღები საშვი)) ქალაქ თბილისში რეგისტრაციის მოთხოვნით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული განცხადებები უტყუარად ადასტურებს მოსარჩელის მხრიდან სამინისტროსთვის მიმართვიანობას. ასევე, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2010 წლის 10 სექტემბრის №01/18949 წერილით დასტურდება, რომ მ. ა-ას დევნილი ოჯახი, 2010 წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №4-ში მდებარე №6 ბინაში („...ის “ შენობა). აღნიშნული ბინა ოჯახს გადაცემული აქვს მფლობელობაში. ამასთან, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №4-ში არსებული შენობა წარმოადგენს ნგრევად და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველ ობიექტს. შესაბამისად, განისაზღვრა იქ მცხოვრები დევნილი ოჯახების კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. მიუხედავად ამისა, მ. ა-ას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ იგი ქალაქ თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრირებული არ იყო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებებს და საქმეზე დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისში საცხოვრებლის რეგსიტრაციასთან დაკავშირებით მოსარჩელის ნება გამოხატული იყო 2013 წლის 1 ივნისამდე. ამდენად, იმ პირობებში, როცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მოსარჩელის ოჯახის ქალაქ თბილისში ცხოვრებისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის რეგისტრაციის მოთხოვნით 2013 წლის 1 ივნისამდე არაერთხელ მიმართვის ფაქტი, ხოლო ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განახორციელა შესაბამისი მონაცემების მითითებულ ვადაში ასახვა, გრძელვადიანი საცხოვრებლით ქალაქ თბილისში უზრუნველყოფაზე უარი იმ მოტივით, რომ მოსარჩელე რეგისტრირებული არ იყო ქალაქ თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე, არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. დასახელებული გარემოებები კი, საკასაციო სასამართლოს მითითებით, სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის მე-3 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, რომელთა ნორმატიული შინაარსი სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მუშაობისას ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს უპირველესი ყურადღება დაუთმოს ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე