საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1002(კ-22) 16 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჰ. ე. მ. ე-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჰ. ე. მ. ე-მა 2021 წლის 21 ოქტომბერს დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა: „საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს 2021 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2021 წლის 5 აგვისტოს MIA 7 21 02048339 ბრძანების ბათილად ცნობა, ჰ. ე. მ. ე-ისათვის საქართველოში შემოსვლაზე თანხმობის გაცემის დავალება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით ჰ. ე. მ. ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ჰ. ე. მ. ე-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის განჩინებით ჰ. ე. მ. ე-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება.
პალატამ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხოელი საქართველოში შემოდის და საქართველოდან გადის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან მიმოსვლისათვის დადგენილ საათებში, თუ მას აქვს მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და მიიღებს საქართველოში შემოსვლის ნებართვას. ამავე კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე, საქართველოში შემოსვლისას უცხოელი გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში, ინსპექტირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო. ინსპექტირების შედეგად იგი უცხოელს აძლევს თანხმობას საქართველოში შემოსვლაზე ან უარს ეუბნება საქართველოში შემოსვლაზე და უკან აბრუნებს. კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს უცხოელისთვის საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლებს, რომელიც არ არის ამომწურავი. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მე-11 მუხლში ჩამოთვლილი საფუძვლების გარდა უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით, საქართველოში შემოსვლის მსურველ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე - ჰ. ე. მ. ე-ს უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს, შემოსვლაზე უარის თქმის ნორმატიულ საფუძვლად მიეთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი. პალატამ აღნიშნა, რომ უცხოელისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სათანადოდ უფლებამოსილი პირის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. ორგანოს აქვს ფართო დისკრეცია, კანონის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, თავად მიიღოს გადაწყვეტილება პირისათვის საქართველოში შემოსავლაზე ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობის ან მიზანშეუწონლობის შესახებ. პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლოს განჩინებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაევალა ჰ. ე. მ. ე-თან დაკავშირებით იმ ინფორმაციის წარდგენა, რომელიც საფუძვლად დაედო მისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილებას. ინფორმაცია, საიდუმლოების შემცველობის გამო, წარდგენილ იქნა მხოლოდ სასამართლოსათვის და არ დაერთო საქმეს, ამასთან, საიდუმლო ინფორმაციის შესწავლა და შემოწმება განხორციელდა კანონით დადგენილი წესით, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა მასში მითითებული ფაქტები გადაწყვეტილებაში არ აისახა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გაეცნო აღნიშნულ ინფორმაციას, რის შედეგად სასამართლომ პრიორიტეტულად მიიჩნია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხები. პალატამ მიიჩნია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული ინფორმაცია იყო თანმიმდევრული, მასში ასახული გარემოებები ქმნიდა ჰ. ე. მ. ე-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს. პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება მეუღლესთან ურთიერთობის ბარიერის შესახებ, რომელიც არ აკმაყოფილებს სანდოობის კრიტერიუმებს. ამდენად, მისი მითითება სასამართლოს მხრიდან ოჯახის ერთიანობის პრინციპის უგულვებელყოფის თაობაზე მოკლებულია ფაქტობრივ საფუძვლებს და ემყარება დაუსაბუთებელ მოტივაციას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ჰ. ე. მ. ე-ის მიერ.
კასატორის მოსაზრებით, არა მხოლოდ სადავო აქტებში, არამედ სასამართლო გადაწყვეტილებებშიც არ არის მითითებული ის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარისათვის მისი უფლების შეზღუდვის საფუძველი ბუნდოვანია და მას სრულად ერთმევა შესაძლებლობა წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები თუ არგუმენტები. იმ პირობებშიც კი, თუკი მოსარჩელისთვის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის და შეზღუდვის ერთადერთი მიზეზი სპეცსამსახურების ინფორმაციაა, აღნიშნული გარემოებაც არ ქმნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისი უპირობოდ გაზიარების საფუძველს. კასატორისთვის დაუსაბუთებლად რჩება, თუ რამდენად ქმნიდა უსაფრთხოების სამსახურის არგუმენტები საქართველოში მისი შემოსვლის შეზღუდვის საფუძველს, აღნიშნულს ადასტურებს აგრეთვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კასატორის შეუზღუდავი გადაადგილების შესაძლებლობა და მის მიერ ახლახანს მიღებული შენგენის ვიზა. მიუხედავად იმისა, რომ სპეცსამსახურის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია საიდუმლოა, სასამართლოს შეეძლო კონკრეტიკის გარეშე მიეთითებინა იმ შესაძლო საფრთხის ზოგადი ხასიათი და საშიშროების ხარისხი, რომელსაც თითქოსდა მოსარჩელე უქმნის სახელმწიფოს. გასათვალისწინებელია, რომ კასატორის საქმიანობა საქართველოში შემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ ოჯახური ცხოვრებით. თუკი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს კონკრეტულ ნორმაზე (რომლის საფუძველზეც პირს ჩამოერთვა, შეეზღუდა, წაერთვა კონკრეტული უფლება) ნათელ და მკაფიო მითითებას, კასატორის მოსაზრებით, ასეთი აქტი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობებით აქტებისათვის დადგენილ სავალდებულო სტანდარტებთან, რამდენადაც, ამ ვითარებაში, მხარეს ესპობა კანონით გარანტირებული საკუთარი უფლების რეალიზაციის უფლება. კასატორი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ოჯახის გაერთიანების უფლებაზე და თვლის, რომ აღნიშნულ საკითხს ადმინისტრაციული ორგანო დიდი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჰ. ე. მ. ე-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხოელი საქართველოში შემოდის და საქართველოდან გადის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან მიმოსვლისათვის დადგენილ საათებში, თუ მას აქვს მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და მიიღებს საქართველოში შემოსვლის ნებართვას. საქართველოში შემოსვლისას უცხოელი გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში (კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტ.), ინსპექტირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, რის შედეგად იგი უცხოელს აძლევს თანხმობას საქართველოში შემოსვლაზე ან უარს ეუბნება საქართველოში დაშვებაზე და უკან აბრუნებს მას (კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტ.). განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოში შემოსვლის მსურველ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე - ჰ. ე. მ. ე-ს უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე იმ საფუძვლით, რომ არ აკმაყოფილებდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს, შემოსვლაზე უარის თქმის ნორმატიულ საფუძვლად მიეთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი. ამასთანავე, დასტურდება, რომ მოსარჩელის საქართველოში შემოსვლაზე უარი ეფუძნება გასაიდუმლოებულ ინფორმაციას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ის საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო ჰ. ე. მ. ე-ისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარის თქმას. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორისათვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარის თქმა დასაბუთებულია. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში კონკრეტულად ხდება იმ გარემოებებზე მითითება, რამაც ჰ. ე. მ. ე-ის საქართველოში შემოსვლაზე უარი განაპირობა.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებისაგან, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სადავო აქტი ეყრდნობა გასაიდუმლოებულ ინფორმაციას, რაც გამორიცხავდა აქტის დასაბუთებაში კონკრეტული მონაცემების მითითების შესაძლებლობას. სადავო აქტის დასაბუთებაში საიდუმლო მონაცემების მითითება იმთავითვე გამოიწვევდა მათ განსაიდუმლოებას, რის გამო სადავო აქტებში ან სასამართლო გადაწყვეტილებებში საიდუმლო დოკუმენტაციაში ასახული მონაცემების მითითება ვერ მოხდებოდა. ამდენად, კასატორის მოსაზრება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა ასახულიყო შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად არსებული კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები, მოკლებულია სათანადო დასაბუთებას, რადგან აღნიშნული გამოიწვევდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული მონაცემების გასაჯაროებას.
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოებას შეიძლება მიეკუთვნოს ინფორმაცია სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობების შესახებ („დ.ა“ ქვეპ.). სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის დასაიდუმლოება ხდება მისთვის შესაბამისი საიდუმლოობის გრიფის მინიჭებით (მე-9 მუხ. 1-ლი პუნქტ.). განსახილველ შემთხვევაში, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან, ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ მონაცემები, რომლებიც საფუძვლად დაედო კასატორის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმას გასაიდუმლოებულია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99-ე მუხლზე მითითებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაინტერესებული მხარის მიერ ადმინისტრაციულ წარმოებაში მასალების გაცნობისუფლება, საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებასთან ერთად, არის ის პროცედურული უფლებები, რომლებიც ემსახურება დაინტერესებული პირის მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, თუმცა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აგრეთვე ადგენს ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას ორ შემთხვევაში: როდესაც მასალები არის უშუალოდ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტები ან როდესაც დოკუმენტებს აქვს საიდუმლო დოკუმენტის სტატუსი. განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვისკენ მიმართული ღონისძიების შედეგად მოპოვებული დოკუმენტაციის საიდუმლოების დაცვის ინტერესი აჭარბებს დაინტერესებული პირისათვის დოკუმენტაციის გაცნობის უზრუნველყოფის ინტერესს. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ განსახილველი დავის საგანს არ შეადგენს დოკუმენტაციის განსაიდუმლოების საკითხი, კასატორს არ მოუთხოვია სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად არსებული დოკუმენტაციის განსაიდუმლოება ან საიდუმლოებასთან დაშვება. შესაბამისად, კასატორის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არ იცნობს საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლად არსებულ ინფორმაციას, არ ადასტურებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობას, სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობას (სუს. 2022 წლის 29 ივლისის Nბს-959(კ-21) განჩინება).
ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ეროვნული უშიშროებისათვის საფრთხის არსებობის შემთხვევაშიც კი, ქმედებები, რომლებმაც პირის უფლებებში ჩარევა გამოიწვია, უნდა დაექვემდებაროს სათანადო კონტროლს, რომელიც უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი, კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში საიდუმლო ინფორმაციის გამოყენება შეეძლება („Al-Nashif v. Bulgaria“ §123, Chahal v. the United Kingdom“ §127, 145), დაინტერესებულს პირს უნდა შეეძლოს სათანადო საჩივრის წარდგენა, უფლებამოსილ ორგანოს უნდა ჰქონდეს რეაგირების შესაძლებლობა ისეთ შემთხვევებზე, როდესაც პირის მიმართ განხორციელებული ქმედებები თვითნებური და დაუსაბუთებელია („Al-Nashif v. Bulgaria“ §124). ამდენად, ევროპული სასამართლო არ უარყოფს სახელმწიფოს მიერ უცხოელის თავის ტერიტორიაზე შემოსვლის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა იმ პირობით, რომ დაინტერესებული პირი შეძლებს აღნიშნული ქმედების გასაჩივრებას და საჩივრის ფარგლებში სახელმწიფო ორგანოთა გადაწყვეტილებებზე ქმედითი კონტროლი განხორციელდება. განსახილველ შემთხვევაში, ჰ. ე. მ. ე-თან მიმართებით ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი სრულად დაცულია. ჰ. ე. მ. ე-ის საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი პირის მიერ, რასაც საფუძვლად დაედო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებული გასაიდუმლოებული ინფორმაცია. ამასთანავე, ჰ. ე. მ. ე-ს მიეცა მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისთვის ინფორმაცია იქნა გამოთხოვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, სასამართლო გაეცნო აღნიშნულ დოკუმენტებს, თუმცა დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსი სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში არ აისახა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილ საიდუმლო ინფორმაციას გაეცნო აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამდენად, სასამართლო კონტროლი სრულყოფილად განხორციელდა. მართალია უშუალოდ მხარე ვერ გაეცნო საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების საფუძვლად არსებულ მონაცემებს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია შესწავლილი და შეფასებული იქნა სასამართლოს მიერ (სუს. 2022 წლის 29 ივლისის Nბს-959(კ-21) განჩინება).
ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებებზე სასამართლო კონტროლის სათანადოდ განხორციელების პირობებში, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მან ვერ უზრუნველყო თავისი უფლებების სათანადოდ დაცვა, არ არის დასაბუთებული. მართალია, კერძო პირის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან დაშვება არ ხდება, თუმცა სადავო გადაწყვეტილებები დაექვემდებარა სამინსტანციურ, სრულ სასამართლო კონტროლს, რა დროსაც სასამართლომ მოახდინა საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირება. ასეთ დროს პირის მიერ სათანადო შესაგებლის წარდგენის შეუძლებლობის მიუხედავად, უცხო ქვეყნის მოქალაქის უფლება დაცვის გარეშე არ რჩება, რადგან სასამართლო აფასებს არა მხოლოდ საჯარო ინტერესს, არამედ კერძო პირის ინტერესებსაც, რის შემდეგაც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა ინფორმაციის საიდუმლოების გათვალისწინებით სათანადო დასაბუთების ასახვა გადაწყვეტილების ტექსტში არ ხდება (სუს. 2022 წლის 29 ივლისის Nბს-959(კ-21) განჩინება).
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო შეზღუდულია დავის ფარგლებით, რომელსაც დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე მოსარჩელე განსაზღვრავს (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხ. 1-ლი პუნქტ., სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხ. 1-ლი პუნქტ.). განსახილველი დავის საგანს შეადგენს მოსარჩელისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება და არა საიდუმლო ინფორმაციის განსაიდუმლოების, მოსარჩელის ასეთ ინფორმაციასთან დაშვების საკითხი, რის გამო სასამართლო მოკლებულია ამ მიმართულებით საკასაციო საჩივარში არსებულ არგუმენტაციაზე მსჯელობის შესაძლებლობას. საკასაციო პალატა სადავო ადმინისტრაციული აქტებისა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს სწორედ დავის საგნის და იმ მოცემულობის ფარგლებში, რომ მოსარჩელისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმას საფუძვლად უდევს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია.
ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ჰ. ე. მ. ე-ის წარმომადგენელს - თ. ბ-ს (პ/ნ: ...) საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 9 აგვისტოს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ჰ. ე. მ. ე-ს (E. H. E. M, დ/თ: ... წლის ... ..., პასპორტის N: ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მისი წარმომადგენლის - თ. ბ-ის (პ/ნ: ...) მიერ 2022 წლის 9 აგვისტოს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჰ. ე. მ. ე-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის განჩინება;
3. ჰ. ე. მ. ე-ს (E. H. E. M, დ/თ: ... წლის ... ..., პასპორტის N: ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მისი წარმომადგენლის - თ. ბ-ის (პ/ნ: ...) მიერ 2022 წლის 9 აგვისტოს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
გენადი მაკარიძე