Facebook Twitter

№ბ-1152-2(გან-22) 10 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. ს-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 17 აგვისტოს გ. ს-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. მოსარჩელემ სარჩელის საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ მოპასუხეებად დაასახელა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის (მისი გრაფიკული ნაწილის - რუკის ჩათვლით) ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მოსარჩელე გ. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისათვის (საკადასტრო კოდი ...) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭების ნაწილში; მოსარჩელემ ასევე მოითხოვა: დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს შესაბამისი დადებითი დასკვნის და/ან რეკომენდაციის მომზადება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) ფუნქციური ზონის იმგვარი ცვლილების თაობაზე, რომელიც შესაძლებელს გახდის მოსარჩელე გ. ს-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის განხორციელებას; დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე, მოსარჩელის მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონის ცვლილების თაობაზე საკითხის/შესაბამისი დადგენილების პროექტის თბილისის საკრებულოსთვის განსახილველად მომზადება; დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც მოსარჩელის - გ. ს-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდი ...) შეეცვლება ფუნქციური ზონა იმგვარად, რომ მასზე შესაძლებელი იქნება საცხოვრებელი სახლის მშენებლობის განხორციელება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მისი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 2 ივლისის №28 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ს-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის საოქმო განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივნისის განჩინებით გ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ს-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით გ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა (მისი გრაფიკული ნაწილის - რუკის ჩათვლით) გ. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისათვის (საკადასტრო კოდი ...) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 2 ივლისის სხდომის ოქმი №28 მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; გ. ს-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს - ქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს უფლებამონაცვლე) სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე გ. ს-ის მიერ საქალაქო, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 550 (100+150+300) (ხუთას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

2021 წლის 23 მარტს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ (02.03.2021 წლის მომართვა), რომელმაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა.

2021 წლის 9 მარტს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა გ. ს-მა, რომელმაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით გ. ს-ისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტების განმარტების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი განიმარტა იმგვარად, რომ გ. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისათვის (საკადასტრო კოდი ...) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭების ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის (მისი გრაფიკული ნაწილის - რუკის ჩათვლით) ბათილად ცნობა გულისხმობდა სადავო ნაწილში ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას მისი თანმდევი შედეგებით, იმავე გარემოებების, საფუძვლებისა და პირობების არსებობისას; ამასთან, გ. ს-ისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2022 წლის 12 ივლისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა გ. ს-მა, რომელმაც კვლავ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა.

განმცხადებლის მითითებით, 2021 წლის 24 ივნისს №38905 წერილით აღმასრულებელმა მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების შესაბამისად მოქმედებების განხორციელება. 2021 წლის 22 ივლისს №03-032120342 წერილით საკრებულოს აპარატმა აღმასრულებელს აცნობა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მიმართა ქალაქ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს, სადაც კანონის შესაბამისად უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად. 2021 წლის 12 აგვისტოს ქ. თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ აღმასრულებელს აცნობა, რომ გ. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისათვის (საკადასტრო კოდი ...) სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 2-ით (სზ2) ცვლილება მოწონებულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ, დასამტკიცებლად წარედგინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ფუნქციური ზონის ცვლილების საკითხს მიეცა დადებითი შეფასება.

2021 წლის 26 აგვისტოს აღმასრულებელმა აღსრულების საფუძვლით დაასრულა ზემოხსენებული სააღსრულებო წარმოება. განმცხადებლის მითითებით, აღმასრულებლისათვის არასდროს უცნობებიათ გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის აღსრულების შესახებ, თუმცა გ. ს-ს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ მე-4 პუნქტის აღსრულებით აღარ დაბრკოლდებოდა მისთვის მშენებლობის ნებართვის მიღების პროცესი. განმცხადებლის მითითებით, ქ. თბილისის საკრებულომ შექმნა იმგვარი სიტუაცია, რომ თითქოსდა აღასრულეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, კრედიტორსაც იგივე შთაბეჭდილება დარჩა, რადგან მის მიწის ნაკვეთს მოეხსნა სატყეო ზონის სტატუსი და გახდა საცხოვრებელი ზონა 2, თუმცა 2022 წლის 20 ივნისის №5994062 გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა უარი უთხრა გ. ს-ს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენაზე. გადაწყვეტილების საფუძვლად მითითებულია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს (16.06.2022 წლის №17 ოქმი) დასკვნის საფუძველზე უარი ეთქვა ქ.თბილისში, ...ის ქ. №42-ში [ქუჩას შეცვლილი აქვს სახელი] ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის საკითხს. თავის მხრივ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს (16.06.2022 წლის №17 ოქმი) დასკვნაში არაფერი წერია, უბრალოდ დაფიქსირებულია კომისიის წევრების უარი, თუმცა რას დაეფუძნა ეს უარი, განმარტებული არ არის, რაც ქმნის იმის საფუძველს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ, ქ. თბილისის საკრებულომ მხოლოდ ფორმალურად „შეასრულეს“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება და 2021 წლის 22 აპრილის განმარტება და საბოლოოდ მათ მიზანს არ წარმოადგენდა გადაწყვეტილების რეალურად აღსრულება და ხელშესახები შედეგის – მშენებლობის ნებართვის – ხელახლა მიღება გ. ს-ის მიერ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გ. ს-ის მამას საკარმიდამო მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით ...) გადაეცა ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის №26.26.1335 დადგენილებით. გ. ს-მა აღნიშნული მიწის ნაკვეთი მიიღო მამისგან და წლებია ცდილობს აღიდგინოს დარღვეული საკუთრების უფლება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ცდილობს, რომ გ. ს-ი წაიყვანოს სასამართლო დავის ხელახალ წრეზე, რითაც მუდმივად თავიდან აირიდებს მშენებლობის ნებართვის გაცემას და ყოველთვის ფორმალურად უარს ეტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.

განმცხადებელი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლომ 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების მოტივებზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში დააფიქსირა, რომ ქმედების განხოციელების დავალების ნაწილში სარჩელს ვერ აკმაყოფილებდა იმ მოტივით, რომ დამტკიცდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები, „ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების, მათი ნაწილების დამტკიცების ან/და მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებათა პროექტებისა და დასკვნების მომზადება და შესაბამისი ორგანოებისთვის მათი გადაგზავნის უზრუნველყოფა“ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-16 დადგენილების შესაბამისად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ფუნქციას წარმოადგენდა. ამგვარად, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო პირობების დადგენა უნდა განხორციელებულიყო გ. ს-ის მიერ ფორმალურ სამართლებრივი საფუძვლების შექმნის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

შესაბამისად, განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დავაში მონაწილე მხარეებს განუმარტა, რომ გ. ს-ს მშენებლობის ნებართვა აუცილებლად უნდა მიეღო ზემოხსენებულ უძრავ ქონებაზე და საკმარისი იყო ამ მიზნით გ. ს-ს შეექმნა ფორმალურ სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულის გამოვლინებას წარმოადგენდა გ. ს-ის 2022 წლის 27 მაისის AR1900644 განცხადება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში, რაზეც 2022 წლის 20 ივნისის №5994062 გადაწყვეტილებით მიიღო დაუსაბუთებელი და უკანონო უარი.

გ. ს-ს მიაჩნია, რომ 2022 წლის 20 ივნისის №5994062 გადაწყვეტილება ექცევა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების ფარგლებში და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს არ ჰქონდა უფლება უარი ეთქვა გ. ს-ისათვის ამ უკანასკნელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენაზე, რადგან გ. ს-მა შექმნა ის ფორმალურ სამართლებრივი საფუძვლები, რაც საკმარისი იყო დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად.

განცხადების მიხედვით, მას შემდეგ, რაც 2021 წლის 12 აგვისტოს ქ. თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ აღმასრულებელს აცნობა, რომ გ. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისათვის (საკადასტრო კოდი ...) სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 2-ით (სზ2) ცვლილება მოწონებულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ, დასამტკიცებლად წარედგინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ფუნქციური ზონის ცვლილების საკითხს მიეცა დადებითი შეფასება, სრულიად წარმოუდგენელი იყო, რომ კიდევ შეიქმნებოდა გ. ს-ის საკუთრების უფლების დარღვევის საშიშროება. განმცხადებლის მითითებით, უძრავი ქონებისათვის საცხოვრებელი ზონის სტატუსის მინიჭება ნიშნავს მასზე მშენებლობის უფლების დაშვებას.

2022 წლის 11 ივლისს გ. ს-მა აღსრულების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა აღმასრულებელს იდენტური არგუმენტაციით და ელოდება აღსრულების განახლებას, რადგან გ. ს-ს მიაჩნია, რომ არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 20 ივნისის №5994062 გადაწყვეტილება ექცევა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების ფარგლებში, კონკრეტულად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, განმცხადებელი ითხოვს განიმარტოს, 2022 წლის 20 ივნისის №5994062 გადაწყვეტილება ექცევა თუ არა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების ფარგლებში და სააღსრულებო წარმოება უნდა გაგრძელდეს თუ არა გ. ს-ის მიერ მშენებლობის ნებართვის მიღების ვადით.

2022 წლის 6 სექტემბერს გ. ს-მა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ 2022 წლის 12 ივლისის განცხადებასთან დაკავშირებით წარმოადინა დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტაცია და დამატებით აღნიშნავს, რომ 2022 წლის 11 აგვისტოს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ №59485 წერილით უარი თქვა აღსრულების განახლებაზე, მათი მოსაზრებით სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნა აღსრულებულია.

გ. ს-ის განმარტებით, 2022 წლის 20 ივნისის №5994062 გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა უარი უთხრა გ. ს-ს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენაზე, 2022 წლის 16 ივლისს გასაჩივრდა გ. ს-ის მხრიდან, დასაბუთებაში მიეთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების და 2021 წლის 22 აპრილის განმარტებაში მოცემული არგუმენტები და მოთხოვნილ იქნა №5994062 გადაწყვეტილების, როგორც უკანონო აქტის, ბათილად ცნობა.

განმცხადებლის მითითებით, 2022 წლის 26 აგვისტოს №753 ბრძანებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ კიდევ ერთხელ სრულიად უგულვებელყო ადმინისტრაციული წარმოების პრინციპები და განუხილველად დატოვა გ. ს-ის საჩივარი, თითქოსდა №5994062 გადაწყვეტილების გაუქმების მიმართ გ. ს-ის იურიდიული ინტერესი არ დასტურდებოდა. ეს ბრძანება მიუთითებს იმაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანო – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია – აგრძელებს გ. ს-ის საკუთრების უფლების შელახვას და ეს ბრძანება ამისი ნათელი მაგალითია. ამგვარი ქმედებით საჯარო მოხელეები ცდილობენ თავიდან აირიდონ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება იმ მოტივით, რომ თითქოსდა აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია.

გ. ს-ი აღნიშნავს, რომ მისი საკუთრების უფლების შელახვა გაუგებარი მიზეზების გამო წლებია გრძელდება. თავის მხრივ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო უარს ამბობს აღსრულების განახლებაზე იმ არგუმენტით, რომ გადაწყვეტილება აღსრულებულია. შესაბამისად, გ. ს-ი არის იმგვარ მდგომარეობაში, რომ მან 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების ხელშესახები შედეგები უფლებრივად ვერ იგრძნო, კვლავ გრძელდება მისი საკუთრების უფლების შელახვა. ამიტომ მისთვის უმნიშვნელოვანესია, სასამართლომ განმარტოს, რომ 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებაში მოცემული დასაბუთება ვრცელდება გ. ს-ის მიერ მშენებლობის ნებართვის მიღებამდე, რადგან სწორედ ამგვარი სულისკვეთება ჩანს სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიდან.

განცხადების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ განმარტავს გადაწყვეტილებას, გ. ს-ის დარღვეული საკუთრების უფლების აღდგენა ძალიან დიდი დროით გადაიწევს, რადგან მას მოუწევს ცალკე გაასაჩივროს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 26 აგვისტოს №753 ბრძანება, რომელზე სამართალწარმოებაც წლები გაგრძელდება; შემდეგ, ალბათ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მშენებლობის ნებართვის გაცემაზეც უარს ეტყვის, რომელიც კიდევ ცალკე უნდა გასაჩივრდეს და წლები გაგრძელდეს დავა. შესაბამისად, მისი საკუთრების უფლების ეფექტური დაცვის მექანიზმად მხოლოდ გადაწყვეტილების განმარტება ევლინება განმცხადებელს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ს-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს სასამართლოს მიერ მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების წესსა და პირობებს, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად. გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების განმარტების მიცემაში პრიორიტეტულია არა მხარის სურვილი, მოისმინოს მიღებული გადაწყვეტილების დამატებითი არგუმენტები, არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის აღსრულების ხელშეწყობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს ამგვარ უფლებამოსილებას ანიჭებს იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები, შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. გადაწყვეტილების განმარტებისას კი არ უნდა იქნეს შეცვლილი კანონიერ ძალაში შესული და განმარტებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და განმარტების საგანს უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ გადაწყვეტილების შინაარსი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პირობების არსებობისას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით გ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა (მისი გრაფიკული ნაწილის - რუკის ჩათვლით) გ. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისათვის (საკადასტრო კოდი ...) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 2 ივლისის სხდომის ოქმი №28 მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; გ. ს-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

2021 წლის 9 და 23 მარტს საკასაციო სასამართლოს განცხადებებით მომართეს გ. ს-მა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ, რომლებმაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვეს. წარმოდგენილი განცხადებების მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში უპირველესად სადავო გახდა - უნდა გავრცელებულიყო თუ არა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილების ბათილობის საკითხი (გ. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისათვის (საკადასტრო კოდი ...) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭების ნაწილში) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაზე, რის განმარტებასაც ითხოვდნენ განმცხადებლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით გ. ს-ისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტების განმარტების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი განიმარტა იმგვარად, რომ გ. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისათვის (საკადასტრო კოდი ...) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭების ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის (მისი გრაფიკული ნაწილის - რუკის ჩათვლით) ბათილად ცნობა გულისხმობდა სადავო ნაწილში ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას მისი თანმდევი შედეგებით, იმავე გარემოებების, საფუძვლებისა და პირობების არსებობისას; ამასთან, გ. ს-ისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2022 წლის 12 ივლისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა გ. ს-მა, რომელმაც კვლავ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა. 2022 წლის 6 სექტემბერს გ. ს-მა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ 2022 წლის 12 ივლისის განცხადებასთან დაკავშირებით წარმოადინა დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტაცია. ამჯერად განმცხადებელი - გ. ს-ი სადავოდ ხდის აღმასრულებლის მიერ სააღსრულებო წარმოების დასრულებას იმ საფუძვლით, რომ ქ. თბილისის საკრებულომ შექმნა იმგვარი სიტუაცია, რომ თითქოსდა აღასრულეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა 2022 წლის 20 ივნისის №5994062 გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა უარი უთხრა გ. ს-ს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენაზე. განმცხადებელი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების მოტივებზე მითითებით მიიჩნევს, რომ 2022 წლის 20 ივნისის №5994062 გადაწყვეტილება ექცევა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების ფარგლებში, კონკრეტულად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს არ ჰქონდა უფლება უარი ეთქვა გ. ს-ისათვის ამ უკანასკნელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენაზე, რადგან გ. ს-მა შექმნა ის ფორმალურ სამართლებრივი საფუძვლები, რაც საკმარისი იყო დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად. აღნიშნულის გათვალისწინებით, განმცხადებელი ითხოვს განიმარტოს, 2022 წლის 20 ივნისის №5994062 გადაწყვეტილება ექცევა თუ არა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების ფარგლებში და სააღსრულებო წარმოება უნდა გაგრძელდეს თუ არა გ. ს-ის მიერ მშენებლობის ნებართვის მიღების ვადით.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, გ. ს-მა 2015 წლის 17 აგვისტოს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. მოსარჩელემ სარჩელის დაზუსტების შემდეგ მოპასუხეებად დაასახელა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის (მისი გრაფიკული ნაწილის - რუკის ჩათვლით) ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მოსარჩელე გ. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისათვის (საკადასტრო კოდი ...) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭების ნაწილში; მოსარჩელემ ასევე მოითხოვა: დავალებოდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს შესაბამისი დადებითი დასკვნის და/ან რეკომენდაციის მომზადება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) ფუნქციური ზონის იმგვარი ცვლილების თაობაზე, რომელიც შესაძლებელს გახდიდა მოსარჩელე გ. ს-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის განხორციელებას; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დავალებოდა ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე, მოსარჩელის მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონის ცვლილების თაობაზე საკითხის/შესაბამისი დადგენილების პროექტის თბილისის საკრებულოსთვის განსახილველად მომზადება; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დავალებოდა გამოეცა ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც მოსარჩელის - გ. ს-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდი ...) შეეცვლებოდა ფუნქციური ზონა იმგვარად, რომ მასზე შესაძლებელი იქნებოდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობის განხორციელება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მისი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 2 ივლისის №28 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა.

ამდენად, სასამართლომ გ. ს-ის სარჩელის საფუძველზე განიხილა დავა მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს უფლებამონაცვლე) მიმართ, სადაც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების მიხედვით, ძირითად დავის საგანს წარმოადგენდა მოსარჩელე გ. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისათვის (საკადასტრო კოდი ...) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭების ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის (მისი გრაფიკული ნაწილის - რუკის ჩათვლით) ბათილად ცნობა. მოსარჩელის საბოლოო მიზანს კი მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) ფუნქციური ზონის იმგვარი ცვლილების განხორციელება წარმოადგენდა, რომელიც შესაძლებელს გახდიდა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობას.

2022 წლის 12 ივლისს გ. ს-ის მიერ საკასაციო სასამართლოსთვის მომართვის საფუძველი კი გახდა 2022 წლის 20 ივნისის №5994062 გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ის ქ. №42-ში ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის საკითხს.

მართალია, ორივე შემთხვევაში გ. ს-ის საბოლოო მიზანს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა წარმოადგენს, თუმცა მის მიერ სარჩელი აღძრული იყო მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს უფლებამონაცვლე) მიმართ, ფუნქციური ზონის ცვლილების მოთხოვნით, ხოლო ამჟამად მისი მოთხოვნა წარდგენილია სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენაზე. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებში საკასაციო სასამართლო მოკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას იმსჯელოს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც დამოუკიდებელი დავის საგანს წარმოადგენს, წარმოდგენილი განცხადებით კი გ. ს-ი მიუთითებს არქიტექტურის სამსახურის აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების ფაქტზე. ამდენად, განცხადებაში დასმული საკითხის შეფასება სცილდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს.

ასევე დამოუკიდებელი დავის საგანს წარმოადგენს და სცდება გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოს მიერ მისი გადაწყვეტილების აღსრულების სათანადოობის შეფასება, რამეთუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების განმარტება მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზანს ემსახურება, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები. განსახილველ შემთხვევაში კი წარმოდგენილი განცხადება ადასტურებს სააღსრულებო წარმოების დასრულებას, ხოლო ის საკითხი, რამდენად შესაბამისობაშია სააღსრულებო წარმოების ფარგლებში სააღსრულებო ორგანოს ქმედებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებასთან, სცდება საქმის განმხილველი სასამართლოს საპროცესო კომპეტენციას და ქმნის დამოუკიდებელი დავის საგანს. ამასთან, აღნიშნული მიმართულებით დავის პერსპექტივა თავად მხარის მიერ უნდა განისაზღვროს.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ს-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ს-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა