საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1311(გ-22) 16 ნოემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოსა და ფოთის საქალაქო სასამართლოს შორის წარმოშობილი დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2022 წლის 24 ოქტომბერს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე პ. ჩ-ას მიმართ მოპასუხისათვის საჯარიმო თანხის - 2 000 ლარის ანაზღაურების დავალების მოთხოვნით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პ. ჩ-ას შორის 2021 წლის 19 ივნისს გაფორმდა სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტი, 4 წლის ვადით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2022 წლის 22 მარტის N1136 ბრძანების საფუძველზე პ. ჩ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით), საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის N238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის დებულების“ XVI თავის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის N965 ბრძანების პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. კონტრაქტის 6.4 პუნქტის შესაბამისად, მისი ვადამდე შეწყვეტა იწვევდა აქტიური სარეზერვო სამსახურიდან დათხოვნილის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, კონტრაქტის შეწყვეტიდან 3 თვის ვადაში. პ. ჩ-ას სამხედრო სამსახურში ნამსახურობამ შეადგინა 8 თვე და 25 დღე. ამდენად, მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხეზე ვრცელდება კონტრაქტის 6.4 პუნქტით განსაზღვრული ფინანსური პასუხისმგებლობა. აღნიშნული ჯარიმა პ. ჩ-ას თავდაცვის სამინისტროსთვის სარჩელის შეტანის დღემდე არ აუნაზღაურებია. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქმე განსახილველად ექვებდებარება ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რამეთუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პ. ჩ-ასთან გაფორმებული კონტრაქტის შესრულების ადგილია იმ სამხედრო ნაწილის იურიდიული ადგილმდებარეობა, რომლის შემადგენლობასაც მიეკუთვნება აქტიური რეზერვისტი, ხოლო პ. ჩ-ას ბოლო სამუშაო ადგილი მდებარეობდა ქ. ბათუმში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ... კადრირებული ბატალიონის შემადგენლობაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ფოთის საქალაქო სასამართლოს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის საფუძველზე სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელი სასამართლოს წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოპასუხე პ. ჩ-ას მისამართია ხობი, ს. ...ი, ...ის ქ. N55. ფოთის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განსაზღვრულია ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ხობი, სარჩელი წარდგენილ უნდა ყოფილიყო ფოთის საქალაქო სასამართლოში.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 ნოემბრის განჩინებით, განსჯადობის საკითხზე დავის გადაწყვეტის მიზნით, ადმინისტრაცილი საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაეგზავნა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასამართლომ აღნიშნა, რომ განსჯადობის საერთო წესების თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, თუმცა ამავე კოდექსის მე-16 მუხლში ასახული განსაკუთრებული განსჯადობის წესის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო. განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნა სწორედ მხარეებს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარეობს. მართალია, მხარეებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმებით დაადგინონ კონკრეტული საქმის ტერიტორიული განსჯადობა, თუმცა გამონაკლისია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლით დადგენილი განსაკუთრებული განსჯადობის წესები. მართალია, სამხედრო სამსახური გულისხმობს საქმიანობას ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთაც, თუმცა მნიშვნელობანია ის გარემოება, თუ სად იყო მოპასუხის სამსახურის ბოლო ადგილი, სადაც ის ასრულებდა საკონტრაქტო ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ პ. ჩ-ა სამსახურებრივ ვალდებულებას ასრულებდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ... კადრირებული ბატალიონის შემადგენლობაში, რომელიც მდებარეობს ქ. ბათუმში. შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულების ადგილს წარმოადგენს ქ. ბათუმი. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე (იხ. სუს. 2019 წლის 16 მაისის Nბს-429(გ-19) განჩინება) დაყრდნობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსჯადობის სპეციალური წესის არსებობისას დაუშვებელია საერთო განსჯადობის გამოყენება, მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დავის განსჯადობით გადაგზავნა, ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, განსჯად სასამართლოს წარმოადგენს ბათუმის საქალაქო სასამართლო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოსა და ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოებს შორის განსჯადობის წესების მიხედვით დავების განაწილება ემსახურება მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობას, პროცესის ეკონომიურობას და ოპერატიულობას, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების უზრუნველყოფას, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს აგრეთვე საჯარო მმართველობის განხორციელების ფორმა, პრინციპები, კონკრეტული დავის თავისებურებები. ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვით მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხ.). ამდენად, საერთო წესის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის მოქმედების ტერიტორიაზეც არის საქმეზე მოპასუხედ დასახელებული ფიზიკური ან იურიდიული პირის, ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელი, თუმცა საპროცესო კანონმდებლობა, გარკვეული კატეგორიის დავების თავისებურებებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს განსჯადობის არაერთ სპეციალურ წესს.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას შეადგენს ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გამო კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმის მოპასუხისათვის დაკისრება. ადმინისტრაციული საქმეების ტერიტორიული განსჯადობა წესრიგდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15-24-ე მუხლებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ცალკე არ აწესრიგებს ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეების ტერიტორიულ განსჯადობას. საერთო წესის თანახმად, ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვით მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს. ამდენად, ტერიტორიული განსჯადობა უმეტესად წყდება მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 - 191 მუხლებით დადგენილია განსჯადობის სპეციალური წესები, რომლებიც ამავე კოდექსის მე-15 მუხლით განსაზღვრულ საერთო განსჯადობასთან მიმართებით ექსკლუზიური (გამომრიცხავი) ხასიათისაა, რაც გულისხმობს სპეციალური წესის დამდგენი ნორმების უპირატესობის მინიჭებით განსჯადობის საერთო წესების გამორიცხვას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავის ტერიტორიული კუთვნილების განსაზღვრისას განსჯადობის სპეციალურ წესს უპირატესობა ენიჭება განსჯადობის ზოგად წესთან მიმართებით. სწორედ ასეთ სპეციალურ წესს ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი, რომლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო. ხელშეკრულების შესრულების ადგილი განისაზღვრება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულების, ანუ იმ ვალდებულების შესრულების ადგილით, რომლის შესრულების მიზნითაც დაიდო ხელშეკრულება. ვალდებულების შესრულების ადგილი შესაძლოა განისაზღვროს კონკრეტულად (ნორმატიულად ან მხარეთა შეთანხმებით) ან დარჩეს განუსაზღვრელი. უკანასკნელ შემთხვევაში ვალდებულების შესრულების ადგილი ვალდებულებითი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე დგინდება, თუმცა ზოგ შემთხვევაში ვალდებულების შესრულების კონკრეტული ადგილი ხელშეკრულებით ან ნორმატიულად არ არის განსაზღვრული და არც ვალდებულების ბუნებიდან იკვეთება აშკარად. ასეთ შემთხვევაში შესრულების ადგილის დადგენა ხელშეკრულების მხარეთა ნების ახსნა-განმარტების გზით ხდება, რა დროსაც მხედველობაში მიიღება შესასრულებელი ვალდებულების ბუნება, მსგავს ურთიერთობებში დამკვიდრებული წესები, კონკრეტული ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი თავისებურებები და სხვ.. შრომითი ხელშეკრულების დროს ვალდებულების შესრულების ადგილი შესაძლოა განსახორციელებელი სამუშაოს სპეციფიკაზე იყოს დამოკიდებული. როგორც წესი ასეთ დროს დასაქმებულის მიერ მასზე ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულება ხდება დამსაქმებელის მიერ განსაზღვრულ ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პ. ჩ-ას შორის 2021 წლის 19 ივნისს გაფორმდა სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტი, რომლის მიხედვით, აქტიური რეზერვისტი - პ. ჩ-ა ჩაირიცხა ტერიტორიულ რეზერვში. კონტრაქტის შემდგომი პუნქტებით კი მოწესრიგებულია აქტიური სარეზერვო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ურთიერთობები. ამავე კონტრაქტის მე-8 მუხლით განსაზღვრულია, რომ კონტრაქტის შესრულების ადგილია იმ სამხედრო ნაწილის იურიდიული ადგილმდებარეობა, რომლის შემადგენლობასაც მიეკუთვნება აქტიური რეზერვისტი, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის თავდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ვალდებულების ფაქტობრივი შესრულების ადგილი შეიძლება განსხვავებული იყოს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ პ. ჩ-ა თავის სამსახურებრივ მოვალეობებს ახორციელებდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ... კადრირებული ბრიგადის ... ქვეით კადრირებულ ბატალიონში. პ. ჩ-ას ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ 2022 წლის 13 ივლისის ცნობის ბლანკის მიხედვით ბატალიონის მისამართი არის ქ. ბათუმი, ...ის ქ.76 (ს.ფ. 23). ამდენად, დგინდება, რომ კონტრაქტის ძალაში ყოფნის დროს მისი შესრულება ხდებოდა ქ. ბათუმში.
საქმის მასალების მიხედვით, მხარეებს შორის სამსახურეობრივი ურთიერთობა შეწყდა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2022 წლის 22 მარტის N1136 ბრძანების საფუძველზე. მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიიჩნევს, რომ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის გამო პ. ჩ-ას უნდა დაეკისროს კონტრაქტის 6.4 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა - 2 000 ლარი. ამდენად, დავის საგანია შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო კონტრაქტის შეწყვეტისას მოსამსახურისათვის სანქციის დაკისრება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული ჯარიმის გადახდის ადგილად აგრეთვე მიჩნეულ უნდა იქნეს ქ. ბათუმი, რადგან სწორედ ქ. ბათუმში უნდა შესრულებულიყო კონტრაქტით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულება. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო წარმოშობილი სანქციის ანაზღაურების ადგილი ის ადგილია, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო, რადგან აღნიშნული დამატებითი ვალდებულება ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობით არის გამოწვეული. ასეთ შემთხვევებში მნიშვნელობა არ ენიჭება ხელშეკრულების სავარაუდო დამრღვევის ადგილსამყოფელს, ამდენად, არ არის გასაზიარებელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსაზრება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსჯადი სასამართლოს განსაზღვრის შესახებ. სახელშეკრულებო დავის არსებობის პირობებში, როდესაც საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულია განსჯადობის განსაკუთრებული წესი, საფუძველს მოკლებულია საერთო განსჯადობის წესის გამოყენება.
„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის N3 დადგენილებით განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. მართალია, დადგენილების 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ფოთის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის - ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით, თუმცა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული განსჯადობის წესების დაცვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რადგან მხარეთა შორის 2021 წლის 19 ივნისის კონტრაქტით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულების შესრულების ადგილია ქ. ბათუმი (კონტრაქტის მე-8 მუხ., პ. ჩ-ას ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ 2022 წლის 13 ივლისის ცნობა).
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ადმინისტრაციულ სასამართლო წარმოებაში განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის შემადგენელ ნაწილად, მხარეების შეთანხმება სასამართლო განსჯადობაზე (პროროგაცია) ან რომელიმე სასამართლოს იურისდიქციის გამორიცხვა (დეროგაცია) არ დაიშვება, მსგავსი შეთანხმებები არ ცვლის კანონმდებლობით დადგენილ განსჯადობის იმპერატიულ წესს. ამდენად, მხარეთა შორის 2021 წლის 19 ივნისს გაფორმებულ კონტრაქტში დავის წარმოშობის შემთხვევაში, განსჯადი სასამართლოს დადგენის წესის განსაზღვრა განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისთვის არ არის რელევანტური. განსჯადობის შესახებ წერილობითი შეთანხმება დაიშვება მხოლოდ სამოქალაქო სასამართლოწარმოებაში, არ არის გამორიცხული მაგ. ალტერნატიულ განსჯადობაზე შეთანხმება, მაგრამ მხარეებს არ აქვთ განსაკუთრებული და გვარეობითი განსჯადობის შეცვლის უფლება ურთიერთშეთანხმებით, ვინაიდან განსჯადობის ეს სახეები კანონით პირდაპირ და უპირობოდაა განსაზღვრული, ამასთანავე სამოქალაქო სამართალწარმოებაში შეთანხმება განსჯადობაზე დაიშვება იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის დადგენილი ერთმნიშვნელოვნად განსჯადი სასამართლო და მოპასუხეს განემარტება სასამართლოს არაგანსჯადობის თანამდევი შედეგები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 21-ე მუხ.). საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის ჩანაწერი, რომ ადინისტრაციულ სასამართლო წარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესები, არ გულისხმობს ადმინისტრაციული დავების განხილვისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას, რადგან ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით საკითხი სხვაგვარად არ არის მოწესრიგებული. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილით ერთმნიშვნელოვნად არის დადგენილი დავის განსჯადი სასამართლოს მიერ განხილვის საჭიროება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სასამართლო წარმოებაში განსჯადობის საკითხი არ არის დამოკიდებული მხარეთა მოსაზრებებზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მსგავსი კატეგორიის დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაეს სასამართლოს ჩამოყალიბებული აქვს ერთიანი სასამართლო პრაქტიკა, რომლის თანახმად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული კონტრაქტის დარღვევის შედეგად ჯარიმის დაკისრების შესახებ დავებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, განიხილავს კონტრაქტის შესრულების (ან სადაც უნდა შესრულებულიყო) ტერიტორიაზე მოქმედი სასამართლო (იხ. სუს. 2019 წლის 29 ნოემბრის Nბს-427(გ-19) განჩინება, სუს. 2020 წლის 16 აპრილის Nბს-1204(გ-19) განჩინება, სუს. 2019 წლის 16 მაისის Nბს-429(გ-19) განჩინება და სხვ.).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე პ. ჩ-ას მიმართ განსჯადობთ განსახილველად დაექვემდებაროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
გენადი მაკარიძე