ბს-585(კ-22) 16 დეკემბერი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 29.08.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ი/მ ა. ა-ის მიმართ სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის - 2014 წლის 29 ივლისიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით 22 028,2 ლარის, ხოლო 2019 წლის იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 428 ლარის ოდენობით მოპასუხისთვის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.11.2019წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა მ. გ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.07.2021წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ი/მ ა. ა-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა 2014 წლის 29 ივლისიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით 22028,2 ლარის ოდენობით, ხოლო 2019 წლის იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 428 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა. ა-ის და მ. გ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2022წ. გადაწყევტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.07.2021წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ი/მ ა. ა-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა 2017 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით 13 476 ლარის ოდენობით.
პალატამ ა. ა-ი სათანადო მოპასუხედ მიიჩნია და აღნიშნა, რომ საქმის მასალებით უდავოდ დგინდება მოპასუხისა და მესამე პირის სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნა, რის საფუძველზეც ი/მ ა. ა-ი მ. გ-ეს მართლაც უხდიდა საიჯარო ქირას უძრავი ნივთით სარგებლობისთვის, ამასთანავე, დასტურდება სადავო ქონების სწორედ ი/მ ა. ა-ის მიერ გამოყენების ფაქტი, რაც ა. ა-ს განსახილველი დავის სათანადო მოპასუხედ აქცევს. სასამართლოს მოსაზრებით ა. ა-სა და მ. გ-ეს შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ურთიერთობების შეფასება განსახილველი დავის ფარგლებში ვერ მოხდება, სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ხელშეკრულების მხარეთა შორის ცალკე დავის საგანი შეიძლება გახდეს.
პალატამ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლომ განსახილველი დავის გადაწყვეტისას არასწორად განსაზღვრა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე მოპასუხე ი/მ ა.ა-ის მიერ გამოყენების პერიოდი, არ გაითვალისწინა ი/მ ა.ა-ის მხრიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის დაწყების დრო, ასევე მოპასუხესა და მესამე პირს შორის არსებული საიჯარო ურთიერთობა და ის ფაქტი თუ როდის გახდა ცნობილი ი/მ ა. ა-ისთვის აღნიშნული უძრავი ნივთის სახელმწიფოსადმი კუთვნილების შესახებ, აგრეთვე სასამართლოს მიერ მხედველობაში არ იქნა მიღებული მოპასუხის განმარტება და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. საქმის მასალებით დგინდება, რომ უძრავი ქონება სახელმწიფოს საკუთრებაშია 2014 წლის 29 ივლისიდან, თუმცა 2009 წლის 20 მარტიდან ამ პერიოდამდე ქონების მესაკუთრეები იყვნენ ს. დ-ი და მ. გ-ე. ი/მ ა. ა-ი მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებულია 2014 წლის 3 იანვრიდან სხვა მისამართზე. ი/მ ა. ა-მა რამდენჯერმე მოახდინა საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის მისამართის ცვლილება და ბოლოს, 17.05.2015წ. განცხადებით შემოსავლების სამსახურს სთხოვა რეგისტრაცია განეხორცილებინა სადავო მისამართზე. ამავე პერიოდს ემთხვევა მოპასუხესა და მესამე პირს შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებები და საიჯარო ქირის გადახდები, საიჯარო ხელშეკრულებები ჯამში მოიცავს 2016 წლის 1 ივნისიდან 2019 წლის 30 სექტემბრის პერიოდს. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 29.12.2016 წ. წერილის მიხედვით, ქ. თბილისში, ...ის გამზ., ...ის მიმდებარედ, ...ო ...ასა და ადმინისტრაციულ შენობას შორის მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილით, 26.73 კვ.მ. ფართით სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს ი/მ ა. ა-ი, რომელსაც ამ წერილით ეცნობა აღნიშნულის თაობაზე და დაევალა სარგებლობის საფასურის გადახდა. აღნიშნული წერილი 30.12.2016 წ. ჩაბარდა ადრესატის - ი/მ ა. ა-ის დედას. პალატამ მიიჩნია, რომ სწორედ ამ მომენტიდან გახდა ა. ა-ისათვის ცნობილი ფართის რეალური მესაკუთრის და თავისი მფლობელობის ხარვეზის შესახებ. სკ-ის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კეთილსინდისიერი მფლობელი, რომელსაც თავიდანვე არ ჰქონია ნივთის ფლობის უფლება ან დაკარგა ეს უფლება, ვალდებულია, დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს. ვიდრე უფლებამოსილი პირი არ გამოიყენებს თავის ამ უფლებას, ნივთისა და უფლების ნაყოფი ეკუთვნის მფლობელს. ამდენად, არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელი თავის შინაარსით არის არამართლზომიერი მფლობელი, ანუ პირი, რომელსაც არ გააჩნია მფლობელობის სამართლებრივი საფუძველი, თუმცა თავად ფაქტის მიმართ არის კეთილსინდისიერი. საქმის მასალებით დგინდება, რომ ა.ა-ს საიჯარო ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული მ. გ-ესთან, იგი ხელშეკრულების პირობებს ასრულებდა ჯეროვნად, იხდიდა საიჯარო თანხას. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მ. გ-ესთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ი/მ ა. ა-ი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, იმ პერიოდამდე ვიდრე მისთვის ცნობილი გახდებოდა უძრავი ნივთის სახელმწიფოსადმი კუთვნილების ფაქტი, კეთილსინდისიერად სარგებლობდა ფართით. მართალია, საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა სცოდნოდა, რომ ქონება წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას, თუმცა უფლების გამსხვისებლის სტატუსთან მიმართებაში ის იყო კეთილსინდისიერი, მით უფრო, იმ პირობებში, როცა სახელმწიფომდე აღნიშნული უძრავი ნივთის თანამესაკუთრე მართლაც იყო მ. გ-ე, ხოლო შემდგომ პერიოდში მოპასუხემ არ იცოდა, რომ მესამე პირი უძრავ ნივთს ფლობდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და არ ჰქონდა ნივთის გაქირავების უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ი/მ ა. ა-ს, როგორც კეთილსინდისიერ მფლობელს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საფასურის გადახდის ვალდებულება მხოლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულის სააგენტოს მიერ შესაბამისი მოთხოვნის წარდგენის შემდეგ წარმოეშვა. რაც შეეხება აღნიშნული ვალდებულების დასასრულს, პალატის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და მხარეთა ახსნა-განმარტებების მხედველობაში მიღებით, გაზიარებული იქნა ი/მ ა. ა-ის განმარტება მასზედ, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართი მის მიერ გამოთავისუფლებული იქნა 2019 წლის სექტემბრის ბოლოს, რაც ემთხვევა, როგორც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სარჩელის აღძვრის პერიოდს, ასევე საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასასრულს. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ი/მ ა. ა-ი საიჯარო ქირის ანაზღაურებაზე ვალდებულია 2017 წლის იანვრიდან 2019 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდისთვის, რაც საექსპერტო დასკვნის მიხედვით, სულ 13 476 ლარს (401x12+401x12+428x9) შეადგენს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2022წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ. კასატორმა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნტზე მითითებით აღნიშნა, რომ პირი, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და იყენებს მას სამეწარმეო მიზნით ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი საფასური. საქმეში დაცული საექსპერტო დასკვნებით დადგენილია ა. ა-ის სარგებლობაში მყოფი ფართის საიჯარო ქირა წლების მიხედვით. ა. ა-ი სადავო ფართით სარგებლობდა სარჩელში მითითებული სრული პერიოდის განმავლობაში, რის გამო არსებობდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2022წ. გადაწყვეტილება გასაჩივრდა მხოლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ. ი/მ ა. ა-ს საკასაციო საჩივარ არ წარუდგენია. მის მიერ საკასაციო პალატას წარედგინა მხოლოდ 01.07.2022წ. განცხადება, რომელზეც თანდართულია სააპელაციო სასამართლოს მიერ ა. ა-ისათვის დაკისრებული თანხის გადახდის დამადასტურებელი 31.05.2022წ. ცნობა (გამცემი: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე) და რომელშიც ასახულია პრეტენზიები ა. ა-ის სათანადო მოპასუხედ მიჩნევის საკითხთან, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით, თუმცა მოსაზრება საკასაციო პალატას წარედგინა არა მხოლოდ საკასაციო საჩივრის, არამედ შეგებებული საკასაციო საჩივრის წარდგენისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევით (სსკ-ის 397.1, 405-ე მუხ.). ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა მხოლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, რომელიც გადაწყვეტილებას ასაჩივრებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სსკ-ის 404.1 მუხ.), რის გამო საკასაციო პალატა მოკლებულია სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყევტილების მართებულობის, მათ შორის ა. ა-ის სათანადო მოპასუხედ მიჩნევის დასაბუთებულობის შემოწმების პროცესუალურ შესაძლებლობას.
რაც შეეხება სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობის შესაბამის დასაბუთებას, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენ სათანადო მტკიცებულებებზე მითითებას. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად და ფაქტობრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას, რაც განსახილველ შემთხვევაში არ არის სახეზე. სააგენტოს ზოგადი მითითება სარჩელის საფუძვლიანობისა და იმის შესახებ, რომ ა. ა-ი სადავო ფართით სარგებლობდა სარჩელში მითითებული სრული პერიოდის განმავლობაში, არ ქმნის გასაჩვრებული გადაწყვეტილების გაუქმების საკმარის დასაბუთებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ისევეა ვალდებული წარმოადგინოს თავისი სარჩელის საფუძვლიანობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, როგორც პროცესში მონაწილე ნებისმიერი სხვა პირი. განსახილველ შემთხვევაში 2019 წლის სექტემბრის შემდეგ ა. ა-ის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობისა და სამეწარმეო მიზნით გამოყენების ფაქტის დამდგენი მტკიცებულებები სააგენტოს არ წარმოუდგენია და მხოლოდ ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა, რაც ცხადია, არ ქმნის აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. მართალია სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება შესაძლებელია მხარის ახსნა-განმარტებით, თუმცა უკეთუ განმარტებებს არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, განმარტება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, ასეთი მტკიცებულებები განსახილველ შემთხვევაში სააგენტოს არ წარმოუდგენია, ხოლო ა. ა-ი უარყოფს 2019 წლის სექტემბრის შემდეგ მფლობელობის გაგრძელებას. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ი/მ ა. ა-ის განმარტება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის მის მიერ 2019 წლის სექტემბრის ბოლოს გამოთავისუფლების შესახებ, ემთხვევა, როგორც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სარჩელის აღძვრის პერიოდს, ასევე საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასასრულს. რაც შეეხება ა. ა-ის კეთილსინდისიერ მფლობელობას, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ დასაბუთებასთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს რაიმე პრეტენზია არ წარუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2022წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი