Facebook Twitter

ბ-1766-7 (გან-22) 16 დეკემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.07.2022წ. გადაწყვეტილების (საქმე Nბს-628(2კ-20)) განმარტების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ბ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიმართ. ამავე სასამართლოწარმოების ფარგლებში, სასამართლოს 24.07.2018წ. განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სასამართლოს 17.01.2019წ. განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს გენერალური პროკურატურა.

მოსარჩელე ითხოვდა: 1. 2010 წლის 28 ოქტომბრიდან გ. ბ-ას თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 12.09.2011წ. N1120531 ბრძანების ბათილად ცნობას; 2. გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე გ. ბ-ას აღდგენისა და მისთვის პოლკოვნიკის წოდების მინიჭების დავალებას საქართველოს უსაფრთხოების სამსახურისთვის; 3. სახელფასო განაცდურის - 2010 წლის 28 ოქტომბრიდან სამსახურში აღდგენამდე, ყოველთვიურად 3125 ლარისა და 1322 აშშ დოლარის, ასევე გ. ბ-ას ოჯახის მიერ საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ გადახდილი 50 000 ლარის, საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 7 000 ლარი და პენიტენციურ დაწესებულებაში დახარჯული - 3 700 ლარის, აგრეთვე მორალური ზიანის 100 000 ლარის ოდენობით გ. ბ-ას სასარგებლოდ ანაზღაურების დაკისრებას საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.02.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სასარგებლოდ საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისრა: 1. გ. ბ-ას მიერ 2010 წლის 28 ოქტომბრიდან 2012წ. 5 დეკემბრამდე პერიოდისათვის, სს „ს...აში“ მისაღები ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს - 3125 ლარის, (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით), 2. მოსარჩელის მიერ დამატებითი სასჯელის - ჯარიმის სახით გადახდილი 50000 ლარისა და 3. მორალური ზიანის 15000 ლარის ოდენობით ანაზღაურება. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.02.2019წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემ. გ. ბ-ამ მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ - სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.12.2019წ. განჩინებით, გ. ბ-ასა და საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.12.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემ. გ. ბ-ამ მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ - სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით.

საკასაციო სასამართლოს 20.07.2022წ. Nბს-628(2კ-20) გადაწყვეტილებით:

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. გ. ბ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.12.2019წ. განჩინება გ. ბ-ასთვის 2012 წლის 5 დეკემბრის შემდეგ მიუღებელი თანამდებობრივი სარგოს, სისხლისა და ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების ფარგლებში ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უცვლელად დატოვების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3. გ. ბ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. საქართველოს გენერალურ პროკურატურას გ. ბ -ას (პ.ნ. ...) სასარგებლოდ დაეკისრა:

4.1. გ. ბ-ას მიერ 2010 წლის 28 ოქტომბრიდან 2012 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდისათვის მისაღები ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს - 3125 (სამი ათას ას ოცდახუთი) ლარის ანაზღაურება (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით),

4.2. გ. ბ-ასთვის სისხლის სასამართლოწარმოების ფარგლებში ადვოკატის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 2000 (ორი ათასი) ლარის, ხოლო ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების ფარგლებში - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

5. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.12.2019წ. განჩინება უცვლელად დარჩა.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ 18.11.2022წ. განცხადებით მოითხოვა საკასაციო სასამართლოს 20.07.2022წ. Nბს-628(2კ-20) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 4.1 პუნქტის განმარტება მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.07.2022წ. გადაწყვეტილების (საქმე Nბს-628(2კ-20)) განმარტების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს სასამართლოს მიერ მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების წესსა და პირობებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. განმარტების უფლებამოსილება სასამართლოს გააჩნია იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები, შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით (სუსგ 22.04.2021წ. Nბ-305-2(2გან-21)). განმარტების აუცილებლობა არსებობს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების შემთხვევაში. გადაწყვეტილების განმარტებისას არ უნდა იქნეს შეცვლილი კანონიერ ძალაში შესული და განმარტებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი (სუსგ 07.12.2020წ. Nბ-1328-10(გან-20)). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 262.1 მუხლის საფუძველზე სასამართლო გადაწყვეტილების განმარტება მიზნად ისახავს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღმოფხვრას და არა სამოტივაციო ნაწილის განმარტებას ან ახალი სამართლებრივი საკითხის შეფასებას.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს 20.07.2022წ. Nბს-628(2კ-20) გადაწყვეტილების 4.1 პუნქტით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას გ. ბ -ას (პ.ნ. ...) სასარგებლოდ დაეკისრა გ. ბ-ას მიერ 2010 წლის 28 ოქტომბრიდან 2012 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდისათვის მისაღები ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს - 3125 (სამი ათას ას ოცდახუთი) ლარის ანაზღაურება (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით). განმცხადებელმა მოითხოვა საკასაციო სასამართლოს 20.07.2022წ. Nბს-628(2კ-20) გადაწყვეტილების 4.1 პუნქტის განმარტება, კერძოდ: „1. მითითებული პუნქტით დაკისრებული თანხა წარმოადგენს ხელფას, რომელიც გამოხატულია ზიანის თანხაში და არ ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადის დაკავებას, თუ ეს წარმოადგენს თანამდებობრივ სარგოს, რომელიც ითვალისწინებს საშემოსავლო გადასახადს. 2. იმ შეთხვევაში, თუ სააღსრულებო ფურცლის 4.1 პუნქტით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგო ითვალისწინებს საშემოსავლო გადასახადის დაკავებას, გთხოვთ განსაზღვროთ საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი ორგანიზაცია, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი, ხოლო სააღსრულებო ფურცლის 4.1 პუნქტში მითითებულ პერიოდში გ. ბ-ას დამსაქმებელ ორგანიზაციად საქართველოს გენერალური პროკურატურა არ ფიქსირდება.“.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ Nბს-628(2კ-20) საქმეზე საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის დაკისრებული თანხა წარმოადგენს არა „ხელფასს“ ან „თანამდებობრივ სარგოს“, არამედ „მიუღებელი შემოსავლის სახით გამოწვეულ ქონებრივ ზიანს“. აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „მიუღებელი შემოსავალი არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯების გამოქვითვის გარეშე (სუსგ Nას-848-806-2013წ.).“ მიუღებელი შემოსავლის სახით გამოწვეული ზიანი გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (შდრ. სუსგ. 18.10.2022წ. Nბს-376(კ-22)). განხილულ შემთხვევაში, ზიანის ოდენობის გამოთვლა ეფუძნება აღსასრულებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 4.1 პუნქტში მითითებულ პერიოდში გ. ბ-ას მიერ მისაღებ ერთობლივ შემოსავალს, რომელიც არ მოიცავს იმავე პერიოდში გ. ბ-ას საგადასახდო ვალდებულებიდან გამომდინარე საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას დაქვემდებარებულ თანხას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს 20.07.2022წ. Nბს-628(2კ-20) სარეზოლუციო ნაწილის 4.1 პუნქტით გადაწყდა გ. ბ-ასთვის მითითებულ პერიოდში მიუღებელი „წმინდა“ და არა „ერთობლივი“ შემოსავლის ანაზღაურება (ე.ი. საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით და არა გათვალისწინების გარეშე).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განხილულ შემთხვევაში მნიშვნელობის არ მქონეა საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი ორგანიზაციის განსაზღვრა საკასაციო სასამართლოს 20.07.2022წ. Nბს-628(2კ-20) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 4.1 პუნქტის აღსრულებისთვის. განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება განხილულ საქმეზე არ აბრკოლებს მიღებული გადაწყვეტილების გ. ბ-ას სასარგებლოდ აღსრულებას. საკასაციო სასამართლოს 20.07.2022წ. Nბს-628(2კ-20) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 4.1 პუნქტით, განსაზღვრულია: ა) კრედიტორი - გ. ბ-ა, ბ) კრედიტორის მოვალე - საქართველოს გენერალური პროკურატურა და გ) მოვალის მიერ მისი კრედიტორისთვის ასანაზღაურებელი მიუღებელი შემოსავლის სახით გამოწვეული ქონებრივი ზიანის ოდენობა (მითითებულ პერიოდში სამსახურებრივი/შრომითი მოვალეობის შესრულებიდან გამომდინარე გ. ბ-ას მიერ მისაღებ ერთობლივ შემოსავალს გამოკლებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას დაქვემდებარებული თანხა). განხილულ შემთხვევაში, გ. ბ-ას მიერ შესასრულებელი სამსახურებრივი/შრომითი მოვალეობის სამართლებრივი ბუნება და დამსაქმებელი ორგანიზაციის განსაზღვრა არ წარმოადგენდა სასამართლოს მსჯელობის საგანს, რადგან მიუღებელი შემოსავლის სახით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისა და ოდენობის გამოსათვლელად საკმარისი ფაქტობრივი გარემოებებია შესაბამის პერიოდზე სამსახურებრივი/შრომითი ურთიერთობების არსებობა, უკანონო სისხლის სამართლებრივი დევნის გამო მისი შეწყვეტა და მისაღები წმინდა შემოსავლის ოდენობის დადგენის შესაძლებლობა. შესაბამისად, განმცხადებლის მოთხოვნა იმ გარემოების განმარტების თაობაზე, რომელიც არ წარმოადგენდა საკასაციო სასამართლოს 20.07.2022წ. Nბს-628(2კ-20) გადაწყვეტილების მსჯელობის საგანს და არ აბრკოლებს მითითებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 4.1 პუნქტის გ. ბ-ას სასარგებლოდ აღსრულებას, უსაფუძვლოა. ამასთან, მართალია საკასაციო პალატა ეთანხმება განმცხადებლის მოსაზრებას, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა არ ფიქსირდება გ. ბ-ას დამსაქმებლად, თუმცა აღნიშნავს, რომ უკანონო სისხლის სამართლებრივი დევნის გამო, სკ-ის 1005.3 მუხლის საფუძველზე საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის რეაბილიტირებული პირის სასარგებლოდ თანხის გადახდის დაკისრებისთვის აუცილებელი არაა, პროკურატურა წარმოადგენდეს რეაბილიტირებული პირის დამსაქმებელს. აღნიშნული აუცილებლობის დასაბუთებაზე არც განმცხადებელი მიუთითებს. განხილულ შემთხვევაში, საქართველოს გენერალური პროკურატურას გ. ბ-ას სასარგებლოდ თანხის გადახდის ვალდებულება დაეკისრა არა როგორც დამსაქმებელს შრომითი ურთიერთობის უკანონო შეწყვეტის გამო, არამედ როგორც ზიანის მიმყენებელს უკანონო სისხლის სამართლებრივი დევნის გამო სკ-ის 1005.3 მუხლის საფუძველზე. ამდენად, საქართველოს გენერალური პროკურატურის გ. ბ-ას დამსაქმებელ ორგანიზაციად არ ყოფნა, არ აბრკოლებს საკასაციო სასამართლოს 20.07.2022წ. Nბს-628(2კ-20) სარეზოლუციო ნაწილის 4.1 პუნქტის გ. ბ-ას სასარგებლოდ აღსრულებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.07.2022წ. გადაწყვეტილების (საქმე Nბს-628(2კ-20)) განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი