ბს-862(კ-20) 29 დეკემბერი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „ბ...ის“ („B...“) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.10.2019წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „B...-მ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ მოპასუხის 03.08.2016წ. N1-1414 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.11.2016წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ა(ა)იპ „ს...ი“ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.05.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.11.2018წ. განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.10.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა(ა)იპ სა...ის ...ის განყოფილების მიერ ჩატარებული სამუშაოების - ...ა ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, (ქ. თბილისში, ...ის ქ. N10-ში ს.კ. ..., ფართი - 1090 კვ.მ., ს.კ. ..., ფართი - 7897 კვ.მ.) აღწერილი იქნა მცენარეთა 201 სახეობა, მათი სასიცოცხლო ფორმა, მდგომარეობა და მათ მიმართ გასატარებელი ღონისძიებები. აღწერის ოქმის შესაბამისად №65 რიგითი ნომრით მითითებულია - შინდანწლა, მდგომარეობა - ბევრია, თვითნათესი, ხოლო გასატარებელ ღონისძიებას წარმოადგენდა გასუფთავება; №67 რიგითი ნომრით მითითებულია - სურო; მდგომარეობა-ხეებზეა ასული, გასატარებელი ღონისძიება- გასუფთავება; №83 რიგითი ნომრით წარმოდგენილია - კანადური ვერხვი, მდგომარეობა - გადაბელილი, გასატარებელი ღონისძიება - ამორტიზირებული. შპს „B...-მ“ 15.03.2013წ. განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ეროვნული ...ის თანამშრომლების მიერ ტოპოზე ლურჯი ხაზით მონიშნულ მონაკვეთზე მოსაჭრელი 37 „კარგი სტატუსის“ ხისა და დანარჩენი „მოსაჭრელი ხეების“ მოჭრაზე ნებართვის გაცემა. ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის 26.03.2013წ. №12/26260-25 წერილით შპს-ს ეცნობა, რომ სამსახური თანახმაა ა(ა)იპ სა...ის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული დასკვნის საფუძველზე მოვლითი და სანიტარული ჭრის ჩატარებაზე. 12.04.2013წ. შპს „B...-მ“ კვლავ მიმართა ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს და მოითხოვა სა...ის მიერ მომზადებული ინვენტარიზაციის შედეგების დასკვნისა და ...ი უნივერსიტეტის ვ. გ-ის ს...ო ინსტიტუტის მიერ ...ის ქ. №10-ში მიმდინარე მრავალფუნქციური კომპლექსის სამუშაოებთან დაკავშირებით გაცემული კვლევა-დასკვნის საფუძველზე 37 ხე-მცენარის მოჭრის ნებართვა. ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის 19.04.2013წ. №12/26860-25 წერილით შპს-ს ეცნობა, რომ ...ის ქ. №10-ში, ყოფილი ...ოს ტერიტორიაზე მშენებლობის განხორციელების მიზნით სა...ის ...ი მცენარეების აღწერის მასალებისა და ...ი უნივერსიტეტის მწვანე ნარგავების მდგომარეობის თაობაზე დასკვნების საფუძველზე, სამსახური თანახმა იყო 37 ძირი ხანდაზმული, ავარიული, ხმობაში შესული და ადრე გადაბელილი ხმელი ხეების მოჭრაზე, განმცხადებლის მიერ წარდგენილი მცენარეების განლაგების სქემის მიხედვით. ...ი უნივერსიტეტის ვ. გ-ის ს...ო ინსტიტუტის მწვანე ნარგავების მდგომარეობის თაობაზე 12.04.2013წ. დასკვნის თანახმად, სადავო ტერიტორიაზე არსებული 37 ხე-მცენარე თავიანთი ეკოლოგიური მდგომარეობით იმყოფებიან დეგრადგირებულ მდგომარეობაში ანუ მათი რეკრეაციული, ესთეტიკური მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი, შესაძლებელია აღნიშნული ხე-მცენარეების ჩანაცვლება ახალგაზრდა, მაღალი ეკოლოგიური-მეტყევური თვისებების მქონე ხე-მცენარეებით. ა(ა)იპ ს...მა 06.08.2013წ. ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის 19.04.2013წ. და 26.03.2013წ. წერილების ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მერიის 12.11.2013წ. N2583 განკარგულებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც ა(ა)იპ ს...ის მიერ სასამართლოში გასაჩივრდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში მყოფი 14.07.2014წ. გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ს...ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 12.11.2013 წ. №2583 განკარგულება და ქ. თბილისის მერიას დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 03.08.2016წ. ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა(ა)იპ ს...ის 06.08.2013წ. ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის 26.03.2013წ. №12/26860-25 და 19.04.2013წ. №12/26860-25 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მცენარეების განლაგების სქემაზე დატანილი №65, №67 და №83 ნუმერაციის მქონე მცენარეების მოვლითი და სანიტარული ჭრის ნებართვის გაცემის ნაწილში. სააპელაციო პალატის მითითებით, სა...ის ...ის განყოფილების უფროსის, მთავარი მეცნიერ თანამშრომლის, ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის ს.ხ-ის 31.08.2016წ. განმარტებით დგინდება, რომ ინვენტარიზაციის შედეგად შედგენილ დოკუმენტში შეფასების დროს დაფიქსირებულია, რომ ხემცენარე №83 -კანადური ვერხვი გადაბელილი იყო წინა წლებში, დათვალიერებისას ხის ვარჯის აღდგენითი პროცესი არ შეიმჩნეოდა, რის გამო აღნიშნული მცენარე შეფასდა როგორც ამორტიზირებული და ნაცვლად მდგომარეობის აღმნიშვნელი გრაფისა ჩანაწერი უზუსტოდ იქნა შეტანილი ღონისძიებათა გრაფაში, რამაც გამოიწვია გაურკვევლობა დასკვნის ინტერპრეტაციისას. პალატამ მიუთითა ნებართვების გაცემის დროს მოქმედ ქ. თბილისის მთავრობის 31.01.2011წ. №2.01.32 დადგენილებით დამტკიცებულ „ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის“ 1.3, 1.23, 4.1, 20.2, 21.1, 21.2 მუხლებზე და აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს - შპს ,,B...-ს“ აუცილებლად უნდა მოეპოვებინა ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის თანხმობა (ნებართვა) მწვანე ნარგავების მოჭრისათვის. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შპს ,,B...-ს” მიმართ 26.03.2013წ. ნებართვის გაცემა განხორციელდა ა(ა)იპ სა...ის დასკვნის საფუძველზე შედგენილი სქემის გათვალისწინებით, რომელშიც მოცემული მცენარეთა ნუმერაცია შეესაბამება დაინტერესებული მხარის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ დენდროლოგიურ სქემაზე სხვადასხვა მახასიათებლით მითითებულ მცენარეთა ნუმერაციას. ასევე დადგენილია, რომ შპს „B...-ს“ 15.03.2013წ. განცხადებით მოთხოვნილი იყო დენდროლოგიურ სქემაზე ლურჯი ხაზით მონიშნულ მონაკვეთზე 37 „კარგი სტატუსის“ მქონე ხისა და დანარჩენი „მოსაჭრელი“ ხეების მოჭრის ნებართვის გაცემა, ხოლო აღნიშნული განცხადების პასუხად გაცემული 26.03.2013წ. ნებართვა შეეხებოდა შპს-თვის სანიტარული და მოვლითი ჭრის შესახებ ნებართვის გაცემას იმ მცენარეებზე, რომელთა სტატუსიც დასკვნაში აღნიშნულია, როგორც „მოსაჭრელი“, „ამოსაძირკვი“, „მოითხოვს მოჭრას“ და „მოითხოვს ამოძირკვას“. ამასთან, აღნიშნულ სქემაში ჩამოთვლილ ამ კატეგორიის მცენარეთა მდგომარეობას, დენდროლოგიურ სქემაზე აღნიშნავს წითელი ფერი. საყურადღებოა, რომ 26.03.2013წ. ნებართვით არ ყოფილა განსაზღვრული მცენარეთა კონკრეტული რაოდენობა, რომელზეც შპს „B...-ს“ მოჭრის ნება დაერთო, ხოლო ნებართვაში არსებული მითითება, რომ სამსახური თანახმაა ...ის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული დასკვნის საფუძველზე, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №10-ში ჩატარდეს მოვლითი და სანიტარული ჭრა, თავისთავად გულისხმობდა ჭრის შესახებ შპს „B...-თვის“ ნებართვის გაცემას ...ის მიერ შედგენილ სქემაში ასახულ ყველა იმ მცენარეზე, რომლებიც თავიანთი მდგომარეობით ექვემდებარებოდნენ ამგვარ ჭრას. 19.04.2013წ. გაცემული სანიტარული ჭრის ნებართვით დაკონკრეტებულ იქნა შპს „B...-თვის“ თბილისში, ...ის ქუჩა №10-ის შესაბამის საკადასტრო ერთეულზე არსებული მხოლოდ 37 მცენარის მოჭრის ნებართვის მინიჭების საკითხი, თუმცა საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა(ა)იპ სა...ის მიერ გაცემულ სქემაში მითითებული თითოეული მცენარის მახასიათებელი, რაც დაინტერესებული პირისათვის სანიტარული და მოვლითი ჭრის ნებართვის გაცემის საფუძველი უნდა გამხდარიყო, სრულად არ არის შესაბამისობაში დაინტერესებული პირის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ დენდროლოგიურ სქემაზე დატანილ მცენარეთა პირობით მონაცემებთან. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ...ის სქემის მიხედვით, №65, №67 და №83 ნუმერაციის მქონე მცენარეები არ საჭიროებენ მოჭრას ან ამოძირკვას, ხოლო დენდროლოგიურ სქემაზე აღნიშნული ნუმერაციის მქონე ხეები, სქემაში არსებული პირობითი აღნიშვნების შესაბამისად, მონიშნულია წითლად, რაც გულისხმობს, რომ ამ სქემის მიხედვით, ეს ხეებიც მოსაჭრელთა კატეგორიას განეკუთვნება. პალატის მოსაზრებით აღნიშნული გარემოება წარმოადგენს შპს-ს მიმართ გაცემული ნებართვების უკანონოდ მიჩნევის საფუძველს. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ ა(ა)იპ ,სა...ის მიერ მცენარეების აღწერის დოკუმენტში მითითებული N65, N67 და N83 ნუმერაციის მქონე მცენარეები ექვემდებარებოდა მოვლით და სანიტარულ ჭრას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.10.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „B...-ს“ მიერ. კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, სააპელაციო პალატამ არ შეაფასა საქმეში დაცული მტკიცებულებები, მათ შორის ექსპერტის განმარტება. ...ის მიერ მომზადებული ინვენტარიზაციის თანახმად, მიწის ნაკვეთზე მდებარე 201 ნარგავიდან 112 ნარგავი იყო გადაბერებულ, არადამაკმაყოფილებელ ან დეფორმირებულ მდგომარეობაში, რის გამო საჭიროებდა მოჭრას ან ამოძირკვას. ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში წარდგენილ განცხადებას თან დაერთო მცენარეების განლაგების სქემა, რომელზეც მითითებული იყო თითოეული ხის მდებარეობა და მდგომარეობა. შპს თავდაპირველად წარდგენილი განცხადებით ითხოვდა არა მხოლოდ არადამაკმაყოფილებლად შეფასებული ხეების მოჭრის, არამედ ე.წ. „კარგი სტატუსის“ მქონე 37 ხის მოჭრის ნებართვას. სქემაზე მშენებლობისთვის გამოყოფილ ლურჯად დაშტრიხულ ტერიტორიაზე აღნიშნული 37 ხე მწვანედ იყო მონიშნული. 26.03.2013წ. თანხმობა გაიცა მხოლოდ მოვლით და სანიტარულ ჭრაზე, ანუ მხოლოდ იმ ნარგავების მოჭრაზე, რომელთა მოჭრა ან ამოძირკვა რეკომენდირებული იყო ...ის ინვენტარიზაციაში. ვინაიდან მხოლოდ მითითებული ხეების მოჭრით არ ხდებოდა პრობლემის აღმოფხვრა და მოსარჩელეს კვლავ ხელი ეშლებოდა მშენებლობის დაწყებაში და თავისი საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებაში, შპს-მ კიდევ ერთხელ მოითხოვა 37 ხის მოჭრის ნებართვა, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში წარდგენილ განცხადებას დაერთო ა(ა)იპ ...ი უნივერსიტეტის ვ. გ-ის ს...ო ინსტიტუტის დასკვნა, რომელიც მხოლოდ ზემოაღნიშნულ 37 ხეს ეხებოდა. დასკვნით დადგინდა, რომ 37 ძირი ხე (კედარი -10, ვერხვი - 4, თუთა - 7, ფიჭვი - 15, პირამიდალური კვიპაროსი - 1) ეკოლოგიურ-მეტყევური თვალსაზრისით იმყოფებოდა დეგრადირებულ მდგომარეობაში, მათი რეკრეაციულ-ესთეტიკური მდგომარეობა არ იყო დამაკმაყოფილებელი. განცხადებას დაერთო იგივე დენდროლოგიური სქემა, რომელზეც აღნიშნული 37 ხე კვლავ მწვანედ იყო მონიშნული მშენებლობისთვის გამოყოფილ ლურჯად დაშტრიხულ ტერიტორიაზე. ამ 37 ხის მოჭრაზე თანხმობა 19.04.2013წ. გაიცა. 06.07.2013წ. მოჭრის დაწყების განზრახვის თაობაზე შპს-მ აცნობა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, რომლის თანამშრომლები იმავე დღეს გამოცხადდნენ ტერიტორიაზე და მკვეთრი ფერის საღებავით მონიშნეს მოსაჭრელი ხეები. 08.07.2013წ. მოსარჩელემ მოახდინა მხოლოდ იმ ხეების მოჭრა, რომლის მოჭრაზეც მას წერილობითი თანხმობა ჰქონდა.
კასატორის მითითებით, ა(ა)იპ „სა...ის“ 31.08.2016წ. განმარტებით დასტურდება, რომ ინვენტარიზაციის შედეგად შედგენილ დოკუმენტში მითითებული ხემცენარე N83 - კანადური ვერხვი გადაბელილი იყო წინა წლებში, დათვარიელებისას ხის ვარჯის აღდგენითი პროცესი არ შეიმჩნეოდა, რის გამო აღნიშნული ხემცენარე შეფასდა ამორტიზირებულად, თუმცა ნაცვლად მდგომარეობის აღმნიშვნელი გრაფისა ჩანაწერი უზუსტოდ იქნა შეტანილი ღონისძიების გრაფაში, რამაც გამოიწვია გაურკვევლობა დასკვნის ინტერპრეტაციისას. ექსპერტი ადასტურებს, რომ აღნიშნული ხე ნამდვილად იყო ამორტიზირებული, ზეხმელი და რეკომენდირებული იყო მისი მოჭრა. კასატორი არასწორად მიიჩნევს სასამართლოს მოსაზრებას, რომ მცენარეების განლაგების დენდროლოგიურ სქემაზე დატანილი N65, N67 და N83 მცენარეთა პირობითი მონაცემები არ არის შესაბამისობაში ა(ა)იპ სა...ის დასკვნაში მითითებული თითოეული მცენარის მიმართ გასატარებელ ღნისძიებებთან. ამ კუთხით სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა მოსარჩელის განმარტებები და არ შეაფასა ექსპერტის ჩვენება. ...ის მიერ გაცემული ინვენტარიზაციის შედეგებში ერთმნიშვნელოვნად ჩანს, რომ N83 ხემცენარე არის გადაბელილი და ამორტიზირებული, ამასთანავე, დასკვნაში სხვა გადაბელილ და ამორტიზირებულ ხეებზე მითითებულია, რომ ისინი საჭიროებენ მოჭრას. ამასთანავე, ექსპერტმა სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ კანადური ვერხვი იყო ამორტიზირებული და მის მიმართ მხოლოდ ერთადერთი ღონისძიების - მოჭრის განხორციელება იყო შესაძლებელი.
კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მისი ქმედებები იყო კანონიერი, ხემცენარეების მოჭრის განხორციელების მომენტში მოჭრის ნებართვა ძალაში იყო. რაც შეეხება N65 (შინდანწლა) და N67 (სურო) მცენარეებს, ა(ა)იპ სა...ის დასვნაში მათ მიმართ გასატარებელ ღონისძიებად მითითებულა გასუფთავება. აღნიშნულ პოზიციას იზიარებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ დასკვნაში მითითებული „გასუფთავება“ გულისხმობს ამოძირკვას. ამდენად, კასატორი თვლის, რომ მცენარეთა განლაგების დენდროლოგიური სქემა შესაბამისობაშია ა(ა)იპ სა...ის მიერ გაცემულ დასკვნასთან, რის გამო არ არსებობდა ქ. თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული თანხმობების ნაწილობრივ ბათილად ცნობის საფუძვლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ბ...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანია ა(ა)იპ „ს...ის“ საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 03.08.2016წ. N1-1414 ბრძანების მართლზომიერების შეფასება. სადავო ბრძანების მიხედვით, მისი გამოცემა მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.07.2014წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. ამდენად, სადავო აქტის კანონიერების შეფასებისას არსებითი განმსაზღვრელი ფაქტორია სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფ გადაწყვეტილებასთან მისი შესაბამისობის დადგენა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში მყოფი 14.07.2014წ. გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „ს...ის“ სარჩელი მოპასუხე ქ. თბილისის მერიის და მესამე პირის შპს „B...-ს“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის მერიის 12.11.2013წ. N2583 განკარგულება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი და მერიას დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა ა(ა)იპ-ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით (მითითებულ დავაში ა(ა)იპ-ის სასარჩელო მოთხოვნა იყო შემდეგი აქტების ბათილად ცნობა: 1) ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის 26.03.2013წ. წერილი, რომლითაც სამსახურმა გასცა ნებართვა ა(ა)იპ სა...ის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული დასკვნის საფუძველზე, ქ. თბილისში, ...ის ქ. №10-ში მოვლითი და სანიტარული ჭრის ჩატარებაზე; 2) ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის 19.04.2013წ. წერილი, რომლითაც სამსახურმა გასცა ქ. თბილისში, ...ის ქ. №10-ში, ყოფილი ...ოს ტერიტორიაზე მშენებლობის განხორციელების მიზნით 37 ძირი ხის მოჭრის ნებართვა შპს-ს მიერ წარდგენილი მცენარეების განლაგების სქემის მიხედვით; 3) ქ. თბილისის მერიის 12.11.2013 წ. №2583 განკარგულება ზემოაღნიშნული ორი წერილის ბათილად ცნობის მოთხოვნით ა(ა)იპ „ს...ის“ მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობა არ გამორიცხავს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად იმავე შინაარსის გადაწყვეტილების მიღებას (სუსგ 07.03.2019წ. Nბს-797(კ-18), 18.10.18წ. Nბს-368-368(კ-18); 04.10.2018წ. Nბს-567-567(კ-18)), მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება საკითხისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა და მათი ერთობლივი შეფასების შედეგად სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს არ ევალება კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, ასეთ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი უქმდება დავის გადაუწყვეტლად, გამოსაცემი აქტის შინაარსი დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგებზე. სასამართლო გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული ორგანოსათვის კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ხდება სასამართლო გადაწყვეტილების სასკ-ის 33-ე მუხლის და არა 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში (სუსგ 07.03.2019წ. Nბს-797(კ-18)). ამდენად, სასკ-ის 32.4 მუხლით აქტის ბათილად ცნობისას სასამართლო გადაწყვეტილებით წინასწარ არ განისაზღვრება ის სამართლებრივი შედეგი, რომელიც ადმინისტრაციული წამოების ხელახლა ჩატარებისას უნდა დადგეს, თუმცა სასამართლო არ არის შეზღუდული გადაწყვეტილებით დაადგინოს გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები და ადმინისტრაციულ ორგანოს მისცეს შესაბამისი მითითებები, რომელთა გათვალისწინებაც ადმინისტრაციული წარმოების ხელახლა ჩატარებისას უნდა მოხდეს. ამასთანავე, უკეთუ სასამართლო თავად ადგენს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშველობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს, როგორც წესი გამოირიცხება სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძვლები, რადგან სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების ერთ-ერთ დასაბუთებას სწორედ სასამართლოწარმოების პროცესში საქმის გარემოებების დადგენის შეუძლებლობა შეადგენს. აღნიშნულის მიუხედავად განსახილველ შემთხვევაში კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით, დავის სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე გადაწყვეტის მიუხედავად, დადგინდა არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა მიმდინარე საქმის განხილვის ფარგლებში საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი მოახდინოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების რევიზია, შეამოწმოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში მყოფ 14.07.2014წ. გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის თუ დამდგარი შედეგის მართებულობა, დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების სისწორე. საქართველოს კონსტიტუციის 62.1 მუხლის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 4.1 მუხლის, სსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს აქტები სავალდებულოა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. სსკ-ის 266-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ სადავოდ გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პროცესუალური კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საზედამხედველო წარმოების წესებს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შესაძლებლობას. სსკ-ის 265-ე მუხლის შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება დაუშვებელია, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა, რომელშიც ამავე კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების საფუძვლები მოიაზრება (სუსგ 24.12.2020წ. Nბს-523-523(2კ-18)). ამასთანავე, ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, აღარ საჭიროებს მტკიცებას (სსკ-ის 106-ე მუხ. „გ“ ქვ.პ.), სასკ-ის 1.2 მუხლიდან გამომდინარე, აღნიშნული დანაწესი ვრცელდება აგრეთვე ადმინისტრაციულ წესით განსახილველ საქმეებზეც (სუსგ 25.11.2021წ. Nბს-170(3კ-19), 12.09.2019წ. Nბს-1201(კ-18)). განსახილველ შემთხვევაში იმავე მხარეების მონაწილეობით მიმდინარე დავაზე, იმავე ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით სასამართლოს მიერ მიღებულია 14.07.2014წ. გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული. შესაბამისად არსებული დავის გადაწყვეტისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონიერ ძალაში მყოფი 14.07.2014წ. გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები და ის, რომ მუნიციპალიტეტის მერიის სადავო აქტი სწორედ მითითებული გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებშია გამოცემული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში მყოფი 14.07.2014წ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 7.2 პუნქტის მიხედვით (გადაწყვეტილების მე-8, მე-9 გვერდები), დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შპს ,,B...-ის” მიმართ 26.03.2013 წ. ნებართვის გაცემა მოხდა ა(ა)იპ სა...ის დასკვნის საფუძველზე შედგენილი სქემის გათვალისწინებით, რომელშიც მოცემული მცენარეთა ნუმერაცია შეესაბამებოდა დაინტერესებული მხარის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ დენდროლოგიურ სქემაზე სხვადასხვა მახასიათებლით მითითებულ მცენარეთა ნუმერაციას. 15.03.2013 წ. შპს „B...-ის“ განცხადებით მოთხოვნილი იყო დენდროლოგიურ სქემაზე ლურჯი ხაზით მონიშნულ მონაკვეთზე 37 „კარგი სტატუსის“ მქონე ხისა და დანარჩენი „მოსაჭრელი“ ხეების მოჭრის ნებართვის გაცემა, ხოლო აღნიშნული განცხადების პასუხად გაცემული 26.03.2013წ. ნებართვა შეეხებოდა შპს „B...-თვის“ სანიტარული და მოვლითი ჭრის შესახებ ნებართვის გაცემას იმ მცენარეებზე, რომელთა სტატუსიც დასკვნაში აღნიშნულია, როგორც „მოსაჭრელი“, „ამოსაძირკვი“, „მოითხოვს მოჭრას“ და „მოითხოვს ამოძირკვას“. ამასთან, აღნიშნულ სქემაში ჩამოთვლილ ამ კატეგორიის მცენარეთა მდგომარეობას დენდროლოგიურ სქემაზე აღნიშნავდა წითელი ფერი. საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ 26.03.2013წ. ნებართვით არ ყოფილა განსაზღვრული მცენარეთა კონკრეტული რაოდენობა, რომელზეც შპს „B...-ს“ მოჭრის ნება დაერთო, ხოლო ნებართვაში არსებული მითითება, რომ სამსახური თანახმაა ...ის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული დასკვნის საფუძველზე, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №10-ში ჩატარდეს მოვლითი და სანიტარული ჭრა, თავისთავად გულისხმობდა ჭრის შესახებ შპს „B...-თვის“ ნებართვის გაცემას ...ის მიერ შედგენილ სქემაში ასახულ ყველა იმ მცენარეზე, რომლებიც თავიანთი მდგომარეობით ექვემდებარებოდნენ ამგვარ ჭრას. 19.04.2013წ. ნებართვა გაიცა 37 მცენარის მოჭრაზე. საქალაქო სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ა(ა)იპ სა...ის მიერ გაცემულ სქემაში მითითებული თითოეული მცენარის მახასიათებელი, რაც დაინტერესებული პირისათვის სანიტარული და მოვლითი ჭრის ნებართვის გაცემის საფუძველი უნდა გამხდარიყო, სრულად არ იყო შესაბამისობაში დაინტერესებული პირის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ დენდროლოგიურ სქემაზე დატანილ მცენარეთა პირობით მონაცემებთან, კერძოდ, ...ის სქემის მიხედვით, №65, №67 და №83 ნუმერაციის მქონე მცენარეები არ საჭიროებენ მოჭრას ან ამოძირკვას, ხოლო დენდროლოგიურ სქემაზე აღნიშნული ნუმერაციის მქონე ხეები, სქემაში არსებული პირობითი აღნიშვნების შესაბამისად მონიშნულია წითლად, რაც გულისხმობს, რომ ამ სქემის მიხედვით, ეს ხეებიც მოსაჭრელთა კატეგორიას განეკუთვნება. ამდენად, სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ა(ა)იპ სა...ის მიერ გაცემულ დასკვნაში მითითებული თითოეული მცენარის მახასიათებელი არ იყო შესაბამისობაში დაინტერესებული პირის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ დენდროლოგიურ სქემაზე დატანილ მცენარეთა პირობით მონაცემებთან. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული ზედა ინსტანციის სასამართლოების მიერ, რომელთაც არ უარუყვიათ საქალაქო სასამართლოს დასკვნა ა(ა)იპ სა...ის მიერ გაცემულ დასკვნაში მცენარეების მითითებული თითოეული მახასიათებლის დაინტერესებული პირის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ დენდროლოგიურ სქემაზე დატანილ მცენარეთა პირობით მონაცემებთან შეუსაბამობის შესახებ, რის გამო აღნიშნულ გარემოებას პრეიუდიციული მნიშვნელობა ენიჭება განსახილველი დავისთვის. განსახილველ დავაზე წარმოდგენილი როგორც სარჩელი, ასევე სააპელაციო და საკასაციო საჩივრები შეიცავს შპს-ს პრეტენზიებს აღნიშნულ გარემოებასთან მიმართებით, თუმცა ამ გარემოების კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნევის პირობებში, საკასაციო პალატა მოკლებულია საკითხის განსხვავებულად შეფასების შესაძლებლობას. კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით ერთმნიშვნელოვნად არის დადგენილი ა(ა)იპ სა...ის მიერ გაცემულ დასკვნაში მცენარეების მითითებული თითოეული მახასიათებლის ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ დენდროლოგიურ სქემაზე დატანილ მცენარეთა პირობით მონაცემებთან შეუსაბამობის ფაქტი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სადავო 03.08.2016წ. N1-1414 ბრძანება მიღებული იქნა სწორედ იმ კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების აღსასრულებლად, რომლითაც აღნიშნული ფაქტი იყო დადგენილი, რის გამო საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს მერიის სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან სწორედ აღნიშნული გარემოება წარმოადგენს მერიის სადავო აქტის გამოცემის მთავარ საფუძველს და დავის სამართლებრივი შედეგის განმსაზღვრელ არსებით ფაქტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი, რის გამოც შპს „ბ...ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთანავე, საკასაციო პალატა ადასტურებს კასატორის მითითებას, რომ შპს „B...-ის“ მიერ ხეების მოჭრისას იგი მოქმედებდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ნებართვის ფარგლებში, თუმცა კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, აღნიშნული ქმნის არა მერიის სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, არამედ შპს-ს მიერ მწვანე ნარგავების (№65, №67 და №83 ნუმერაციის მქონე მცენარეების) გაჩეხვის უკანონოდ მიჩნევის გამომრიცხავ გარემოებას, რადგან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო მწვანე ნარგავების მოჭრის ნებართვის გაცემამდე სათანადოდ შეესწავლა მასთან წარდგენილი დოკუმენტაცია და ნებართვის გაცემის თუ გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიეღო საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად, რაც არ მომხდარა. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას 19.04.2013წ. გაცემული სანიტარული ჭრის ნებართვით დაკონკრეტების შედეგად შპს „B...-თვის“ მხოლოდ 37 მცენარის მოჭრის ნებართვის გაცემის თაობაზე, რადგან მსგავსი დასკვნა არ ეფუძნება საქმის მასალებს. საქმის მასალების მიხედვით ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის 26.03.2013წ. წერილით შპს-ს თავდაპირველად უფლება მიეცა ა(ა)იპ სა...ის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული დასკვნის საფუძველზე მცენარეების მოვლით და სანიტარულ ჭრაზე, ხოლო შემდგომში - 19.04.2013წ. წერილით სამსახურმა თანხმობა გასცა მშენებლობის განხორციელების მიზნით დამატებით 37 ხის მოჭრაზე. შპს „B...“ ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში წარდგენილი 15.03.2013წ. განცხადებით ითხოვდა როგორც ე. წ. „მოსაჭრელი ხეების“, აგრეთვე 37 „კარგი სტატუსის“ მქონე ხის მოჭრის ნებართვის გაცემას პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის განხორციელების მიზნით. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში მყოფი 04.02.2015წ. განჩინებით მართალია უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.07.2014წ. გადაწყვეტილება, თუმცა სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება ჭრის ნებართვის მხოლოდ 37 ხეზე გაცემასთან დაკავშირებით და ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ პირველ შემთხვევაში, - ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის 26.03.2013 წ. წერილით ნებართვა გაიცა დასკვნის საფუძველზე მოვლით და სანიტარულ ჭრაზე, რაც პირდაპირ არის აქტში მითითებული, ხოლო შემდგომში - 19.04.2013 წ. წერილით ნებართვა გაიცა არა სანიტარულ ჭრაზე, არამედ სპეციალურ ჭრაზე. ვინაიდან ამ გარემოებასთან მიმართებით ზემდგომმა სასამართლომ შეცვალა ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობივი გარემოება, ამიტომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს და პრეიუდიციული ძალის მქონედ მიჩნეული უნდა იქნეს სწორედ ზემდგომი სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რაც მიმდინარე დავის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ბ...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.10.2019წ. განჩინება;
3. შპს „დ...ოს“ (ს.კ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 28.07.2020წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი