Facebook Twitter

ბს-636(კ-21) 16 დეკემბერი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა დ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.2021წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ბ-ემ 19.07.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: მუნიციპალური ინსპექციის 17.05.2019წ. დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 16.09.2019წ. ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.02.2020წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.2021წ. განჩინებით დ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მითითებისა და შემოწმების აქტის შედეგების განხილვისას - 07.02.2019წ. დ.ბ-ემ დაადასტურა მიწის ნაკვეთის ფლობა 2005 წლიდან და სამშენებლო სამუშაოების განხორციელება 2018 წლის ოქტომბერში. შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა დ. ბ-ის მოსაზრება, რომ მის მიერ წარმოებული სამუშაოები არ წარმოადგენდა ახალ მშენებლობას. პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ დ. ბ-ეს სამშენებლო სამუშაოების წარმოების რაიმე ნებართვა არ გააჩნდა, რის გამო მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილი იყო, მშენებლობის განხორციელება განეხილა უნებართვო მშენებლობად და განეხორციელებინა თავისი ნორმატიული უფლებამოსილებები. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დ. ბ-ის განმარტება მითითებისა და შემოწმების აქტის მისთვის ჩაუბარებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ საქმის მასალებით დასტურდება, მუნიციპალური ინსპექციის 21.12.2018წ. N000228 მითითებისა და 25.01.2019წ. შემოწმების აქტის ობიექტის ფასადზე განთავსება, რაც დ. ბ-ისთვის მათ ჩაბარებას გულისხმობს. პალატამ მიიჩნია აგრეთვე, რომ დ. ბ-ეს ჰქონდა სამართალდარღვევის გამოსწორების გონივრული შესაძლებლობა, რადგან 07.02.2019წ. სხდომაზე მოსარჩელისათვის უკვე დადასტურებულად ცნობილი იყო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შესახებ, თუმცა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდამდეც კი მას არ ჰქონია სამართალდარღვევის გამოსწორების რაიმე მცდელობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.2021წ. განჩინება დ. ბ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს მისი კეთილსინდისიერება, უგულებელყოფილი იქნა ის გარემოება, რომ დ. ბ-ე 2005 წლიდან ფლობს მიწის ნაკვეთს. დ. ბ-ის მიერ განხორციელებული მშენებლობა არ იყო ახალი მშენებლობა, მან სამუშაოები განახორციელა უკვე არსებულ შენობაზე, აღნიშნული ორთოფოტოთიც დასტურდება. დ. ბ-ეს მითითება და შემოწმების აქტი არ ჩაბარებია, რის გამო არ ჰქონდა დარღვევის აღმოფხვრის გონივრული შესაძლებლობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უნებართვო მშენებლობა გულისხმობს მშენებლობას, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის არსებითი დარღვევით. სამშენებლო წესრიგის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია უნებართვო მშენებლობის აკრძალვა, როგორც საფრთხის თავიდან აცილების მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება. უნებართვო მშენებლობა ფორმალურად სახეზეა, როდესაც ის ხორციელდება სამშენებლო ნებართვის ან შეტყობინების გარეშე. სამშენებლო საქმიანობა ექვემდებარება ნებართვის მოპოვების ვალდებულებას, რაც აძლევს მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს შესაძლებლობას, რომ ნებართვის გაცემის მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გადაამოწმოს მშენებლობის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა. მშენებლობის ნებართვის მოპოვების ვალდებულება გამოიხატება მშენებლობის სფეროში დადგენილი საქმიანობის პრევენციული აკრძალვით, სწორედ მშენებლობის ნებართვის გაცემით ხდება ასეთი აკრძალვის მოხსნა. განსახილველ შემთხვევაში საქმეში არ არის დაცული რაიმე სახის სანებართვო დოკუმენტაცია და ვერც დ. ბ-ე უთითებს ასეთის არსებობის შესახებ. ამასთანავე, დ. ბ-ე არაერთგზის, როგორც ადმინისტრაციული წარმოების, ისე დავის სასამართლო განხილვისას ადასტურებს, რომ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია მის მიერ. კასატორის მოსაზრება, რომ მის მიერ განხორციელბული საუშაოები არ საჭიროებდა ნებართვას, არ არის დასაბუთებული. კასატორი ზოგადად უთითებს განხორციელებულ სამუშაოებზე, თუმცა არც კი აღწერს ამ სამუშაოებს, რის გამო შეუძლებელია მისი მოსაზრების გაზიარება. როგორც აღინიშნა, მოქმედებს მშენებლობის პრევენციული აკრძალვა მშენებლობის ნებართვის მიღების შესაძლებლობით, ანუ მშენებლობა აკრძალულია, ვიდრე უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესაბამისი ნებართვა არ იქნება გაცემული. გარკვეული სახის სამშენებლო სამუშაოების არსებული წესიდან გამორიცხვა სათანადო ნორმატიულ საფუძველს საჭიროებს. კასატორი ვერ უთითებს კონკრეტულად რა სამუშაოები განახორციელა და ასევე ვერ ასაბუთებს, რომ მის მიერ განხორციელებული სამუშაოები ექცეოდა ნებართვის სავალდებულოობის ზოგადი წესიდან არსებულ ნორმატიულად დადგენილ გამონაკლის შემთხვევებში. აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი სწორედ დ. ბ-ეს ეკისრებოდა. ამასთანავე, როგორც დ. ბ-ე უთითებს იგი 2005 წლიდან ფლობს მიწის ნაკვეთს, ამდენად, სწორედ ის ახორციელებდა ამ პერიოდიდან ნაკვეთზე ფაქტობრივ ბატონობას. ამასთანავე არ ხდება მითითება ნაკვეთის სხვა მფლობელზე, ნაგებობის მომწყობ სხვა სუბიექტზე. შესაბამისად, 2005 წლიდან დ. ბ-ის მიერ ნაკვეთის ფლობა უფრო მეტად ადასტურებს მის მიერ უნებართვო მშენებლობის განხორციელებას, ვიდრე საწინააღმდეგო მოსაზრებას.

კასატორის განმარტება, რომ მითითება და შემოწმების აქტი არ ჩაბარებია, რის გამო არ მიეცა დარღვევის აღმოფხვრის გონივრული შესაძლებლობა, არ არის დასაბუთებული. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მითითებისა და შემოწმების აქტის განთავსება მოხდა უნებართვო ნაგებობის ფასადზე, გარდა ამისა 07.02.2019წ. სხდომაზე დ. ბ-ემ მიიღო ინფორმაცია მიმდინარე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შესახებ, ამასთანავე, საქმეში დაცულია დ. ბ-ის წარმომადგენლის 12.02.2019წ. განცხადება, რომლითაც იგი ითხოვს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ვადის გაგრძელებას. აღნიშნული განცხადების მიხედვით, მასზე თანდართულია რიგი დოკუმენტები, მათ შორის, მუნიციპალური ინსპექციის 21.12.2018წ. N000228 აქტი (საქმის მასალების მიხედვით ამ რეკვიზიტების მქონე დოკუმენტი არის მითითება) და 25.01.2019წ. N000228 შემოწმების აქტი, ხოლო განცხადებაში აღწერილია მითითების შეინაარსი. ამდენად, 12.02.2019წ. დ. ბ-ეს ჰქონდა სრული ინფორმაცია მითითებისა და შემოწმების აქტის შინაარსის შესახებ. დ. ბ-ის დაჯარიმება და მისთვის დემონტაჟის განხორციელების დავალება მოხდა მუნიციპალური ინსპექციის 17.05.2019წ. სადავო დადგენილებით. ამდენად, დ. ბ-ეს ჰქონდა მინიმუმ სამთვიანი ვადა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარებიდან დადგენილების გამოცემამდე, რათა სანქციის შეფარდება თავიდან აეცილებინა. ამასთანავე, საქმის მასალებით არ დგინდება შემდგომში დავის სასამართლოში განხილვის დროსაც დ. ბ-ის მიერ სამართლადარღვევის გამოსწორების ფაქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.2021წ. განჩინება;

3. ნ. თ-ს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 02.08.2021წ. N11326328704 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი