Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-428(კ-22) 12 დეკემბერი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ქ. უ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ა. უ-ე, ე. უ-ე, ვ. უ-ე, ნ. უ-ე, ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია;

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. უ-ემ 2019 წლის 5 მარტს სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - ა. უ-ის, ე. უ-ის, ვ. უ-ის, ნ. უ-ის, ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1190 კვ.მ და 4090 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ (4090 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში) 2016 წლის 7 სექტემბრის №11 განკარგულებისა და ამ განკარგულების საფუძველზე 2016 წლის 26 ოქტომბერს გაცემული საკუთრების უფლების №38 მოწმობის ბათილად ცნობა (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 8 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით დადგენილ გადაფარვის ნაწილში).

ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის განჩინებით ქ. უ-ის წარმომადგენლის-კ. ჩ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო ა. უ-ის (პ/ნ ...), ე. უ-ის (პ/ნ ...), ვ. უ-ის (პ/ნ ...), ნ. უ-ის (პ/ნ ...) თანასაკუთრებაში არსებულ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით ქ. უ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ქ. უ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. უ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ გასაჩივრებული აქტები და სასამართლო განჩინება გამოტანილია დაუსაბუთებლად. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს არგუმენტებს, რომლებითაც დასაბუთებული იქნებოდა მოსარჩელისათვის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი.

კასატორი მიუთითებს, რომ სადავო ნაკვეთზე გაშენებული იყო ...ას ბუჩქები, რომლითაც თავდაპირველად კასატორის დედა -ნ. უ-ე სარგებლობდა, როგორც ყოფილი ...ის კოლმეურნეობის კოლმეურნე, შემდეგ კი აღნიშნული მიწის ნაკვეთები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ...ის მიწის რეფორმის კომისიამ 1995 წლის 25 დეკემბერს №221 მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა კასატორის დედას, მათ შორის იყო, აქტის მე-5 გრაფაში მითითებული -,,...აში ბათუმის გზის პირას" მდებარე 0.22.ჰა მიწის ფართობი. ნ. უ-ე გარდაიცვალა 1999 წლის 15 აგვისტოს, რომლის მემკვიდრე არის კასატორი. ამდენად, სადავო ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით კასატორმა მიმართა საჯარო რეესტრს, რომელმაც თავისი №... გადაწყვეტილებით შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილი ნახაზი იჭრებოდა მოპასუხეების - ა. უ-ის, ე. უ-ის, ვ. უ-ისა და ნ. უ-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ ნაკვეთში; ს/კ-ით ....

კასატორის არ იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას, რომ მის მიერ წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტით არ დგინდება როდის გადაეცა და სად მდებარეობს სადავო მიწა. კასატორი მიუთითებს, რომ მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და სადავო მიწის ნაკვეთის მონაცემები იდენტურია და აღნიშნულს ასევე ადასტურებს მოწმის-აქტის გამცემი პირის ჩვენება.

კასატორის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, სადავო მიწაზე მოპასუხეების საკუთრების უფლების აღიარებამდე ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია სხვა პირების საკუთრების უფლების არსებობა აღნიშნულ მიწაზე, იმის მიუხედავად, რომ მას გააჩნდა რესურსი და ვალდებულება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გთვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. უ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, სადავო საკითხს წარმოადგენს ა., ე. ვ. და ნ. უ-ეებისათვის, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კანონიერების შეფასება.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტზე რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ 2007 წლის 1 იანვრამდე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.

თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება აღიარების კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული აღიარების წესის თანახმად, შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით.

საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში.

განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები .

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღაირების წესის“ მე-12 მუხლის შესაბამისად, კომისია ვალდებულია უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევა და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. დასახელებული წესის მე-14 მუხლის შესაბამისად, გადაწვეტილებამიიღება განცხადების რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 7 სექტემბრის №11 განკარგულებით დაკმაყოფილდა ვ. უ-ის მოთხოვნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1190.00 კვ.მ და 4090.00 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

საჯარო რეესტრიის 2016 წლის 27 ოქტომბრის ამონაწერის თანახმად, ა., ე., ნ. და ვ. უ-ეების საკუთრებას წარმოადგენს სოფელ ...ში მდებარე 1190.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), რომელიც №37 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე მათ თანასაკუთრებაში გადაეცათ.

საჯარო რეესტრის 2019 წლის 03 მარტის ამონაწერის თანახმად, ა., ე., ნ. და ვ. უ-ეების საკუთრებას ასევე წარმოადგენს 4090.00 კვ.მ სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რეგისტრირებული ... ს/კ-ით, რომელიც №38 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე ა., ე., ნ. და ვ. უ-ეებს თანასაკუთრებაში გადაეცათ.

2017 წლის 8 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ ქ. უ-ის წარმომადგენელმა 2017 წლის 11 ოქტომბერს №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია ოზურგეთის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე. საჯარო რეესტრის 2017 წლის 8 ნოემბრის № ... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავი ნივთის აზომვით ნახაზსა და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება და მოსარჩელეს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დაევალა კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარდგენა. ხარვეზის აღმოუფხვრელობის მიზეზით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილებით აღნიშნული სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

კასატორი სადავოდ ხდის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 4090.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის ა., ე., ვ. და ნ. უ-ეებზე საკუთრების უფლების აღიარებისა და საკუთრების უფლების №38 მოწმობის გაცემის ნაწილში იმ საფუძვლით, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის მიწის რეფორმის კომისიამ 25.12.1995 წლის №221 მიწის მიღება-ჩაბარების აქტით მოსარჩელის დედას - ნ. უ-ეს გადაეცა, ხოლო 2017 წლის 11 ოქტომბრის №... სამკვიდრო მოწმობით დასტურდება, რომ ქ. უ-ე არის ნ. უ-ის პირველი რიგის მემკვიდრე. საქმეში ასევე წარმოდგენილია, ნ. უ-ის სახელზე 1995 წლის 25 დეკემბერს გაცემული №221 მიწის მიღება-ჩაბარების №221 აქტი, რომლითაც ირკვევა, რომ ნ. უ-ეს სხვა მიწის ნაკვეთებთან ერთად გამოეყო №5 ნომერი მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს ,,...აში, ბათუმის გზის პირას“ (სიგრძე ორივე გვერდზე - 80/76, სიგანე ორივე გვერდზე -28/28), ფართით - 0.22 ჰა. ამავე დოკუმენტში მრავალწლიან ნარგავად მითითებულია - ... (0.22 ჰა-ზე); აღნიშნული ნაკვეთის მოსაზღვრედ მითითებულია: ჩრდილოეთით - არხი, სამხრეთით - გზა, აღმოსავლეთით - ქარსაფარი, დასავლეთით - გზა. ქარსაფარი ზოლი მდებარეობდა ბათუმის გზის პირზე, შესაბამისად, ნაკვეთი აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა ოზურგეთი-ბათუმის გზას. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნაკვეთზე გაშენებული იყო ...ა, რომლითაც დედამისი - ნ. უ-ე სარგებლობდა, როგორც ყოფილი ...ის კოლმეურნეობის კოლმეურნე, ხოლო შემდეგში, სოფელ ...ის მიწის რეფორმის კომისიის 25.12.1995 წლის №221 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მას საკუთრებაში გადაეცა აღნიშნული მიწის ნაკვეთი.

საკასაციო პალატა მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დანაწესზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველსა და მე-3 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის მიწის რეფორმის კომისიის 25.12.1995 წლის №221 მიღება-ჩაბარების აქტის მე-5 პუნქტში მითითებული მიწის ნაკვეთისა და მოპასუხეების სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №..., 4090 კვ.მ) იდენტურობას. მეტიც, მტკიცებულება, რომელზეც მოსარჩელე ამახვილებს ყურადღებას, წინააღმდეგობაშია მის მიერ დასახელებულ გარემოებებთან, კერძოდ, ზემოხსენებული მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ნაკვეთის მოსაზღვრე ადგილებიდან სამი ადგილი - უკან ,,არხი“, მარცხენა გვერდით - ,,ქარსაფარი“, მარჯვნივ -,,გზა“, არ ემთხვევა სოფ. ...ში ა., ე., ნ. და ვ. უ-ეების სახელზე რეგისტრირებული 4090.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე ადგილებს, დამთხვევა ისახება მხოლოდ ერთ ადგილთან - ,,წინა ბათუმის გზა“.

გარდა ამისა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.06.2016 წლის №... წერილი), კერძოდ, ოზურგეთის რაიონის სოფელ ...ის კოლმეურნეობის 1978 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, 4090 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილი წარმოადგენს სახნავს, ნაწილი - საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს, ხოლო ნაწილი - ბუჩქნარს (ს.ფ. 63, 64, ტ.1), რაც, ასევე წინააღმდეგობაშია მოსარჩელე მხარის განმარტებასთან, რომ სადავო ნაკვეთზე გაშენებული იყო ...ა.

საკასაციო პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის 08.07.2016 წლის ამონაწერის თანახმად, დასტურდება, რომ სადავო მიწის მომიჯნავე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 4100.00 კვ.მ (დაზუსტებული ფართი) (მიწის ნაკვეთის წინა №...; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 სართულიანობა 2, განაშენიანების ფართი 192.7 კვ.მ., საერთო ფართით - 345.8 კვ.მ., ოთახების რაოდენობა-11, თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა., ე., ვ. და ნ. უ-ეების სახელზე, რაც, ასევე ადასტურებს მოპასუხეებისათვის სადავო მიწის საკუთრების უფლების აღიარების კანონიერებას. საქმეში ასევე დაცულია მოწმეების-გ. უ-ის, ლ. უ-ის და მ. უ-ის 2016 წლის 22 ივნისის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად, ა. უ-ე, ე. უ-ე, ვ. უ-ე და ნ. უ-ე 2000 წლიდან დღემდე თვითნებურად ფლობენ ზემოხსენებული ქონების მიმდებარედ, სოფელ ...ში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ფართით, - 4090 კვ.მ. (ს.ფ. 65).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც, თავის მხრივ, არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ქ. უ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინება;

3. კ. ჩ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ქ. უ-ის საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 29 მარტის №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე