Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-907(კ-22) 12 დეკემბერი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შ. წ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

შ. წ-მა 2021 წლის 17 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა: „მიწის ნაკვეთზე შ. წ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 25 ივნისის №1849 განკარგულების ბათილად ცნობა და ამავე კომისიისათვის, ქალაქ თბილისში, ...ს ქ. №14-ის მომიჯნავედ, არსებულ მიწის ნაკვეთზე (ფართი 252 კვ.მ) შ. წ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით შ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 25 ივნისის №1849 განკარგულება და კომისიას დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება, თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიიამ და შ. წ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; შ. წ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 25 ივნისის №1849 განკარგულება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შ. წ-ისათვის ქ. თბილისში, ...ს ქ. №14-ის მომიჯნავედ (ფართი 252 კვ.მ.) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ; მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

კასატორი მიუთითებს, რომ შ. წ-ს საკუთრების უფლების აღიარებაზე მართებულად ეთქვა უარი, რადგან ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ საკუთრების უფლებაასაღარებელი მიწის ნაკვეთი და განმცხადებლის საკუთრებაში არსებულის უძრავი ქონება არ არის მოქცეული ერთიან სივრცეში და ერთიან სასაზღვრო მიჯნაში.

კასატორი ეჭვქვეშ აყენებს მოწმეთა ჩვენებების სანდოობას და აღნიშნავს, მოწმეთა ჩვენებები განცალკევებულად არ წარმოადგენს რელევანტურ მტკიცებულებას მითუმეტეს მაშინ, როცა ისინი ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს. კერძოდ, 2005, 2010 წლების ორთოფოტოებითა(აეროგადაღებით) და ადგილზე დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ცალკე უფლების ობიექტს, რადგან შემოღობილია საკუთრებაში არსებული ქონებისგან დამოუკიდებლად, მასზე არ არის განთავსებული საცხოვრებელი სახლი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

კასატორი ასევე არ იზიარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზაში განვითარებულ მსჯელობას, ორივე ტერიტორიის ერთ მთლიან სივრცეში მოქცევასთან დაკაშირებით, რამეთუ, აღნიშნული დასკვნა ეფუძნება მხოლოდ ვიზუალურ დათვალიერებას, ამასთან, მომზადებულია 2021 წლის 22 აპრილის თვეში, რაც იმას გულისხმობს, რომ შეფასებულია არა 2007 წლამდე, არამედ კანონის ამოქმედების შემდეგ არსებული ფაქტობრივი გარემოება.

კასატორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული აქტი და სასამართლო განჩინება გამოტანილია დაუსაბუთებლად. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შ. წ-ისათვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 დეკემბრის N... წერილობითი მიმართვით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, კომპეტენციის ფარგებში საკითხის განსახილველად, გაეგზავნა შ. წ-ის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა მიწის ნაკვეთზე (მის: ქ.თბილისი, ...ს ქ. №14-ის მიმდებარედ არსებული 252 კვ.მ ფართი) საკუთრების უფლების აღიარება.

2020 წლის 19 თებერვალს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთი არ იყო მოქცეული ერთიან სივრცეში დაინტერსებული პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან, ორ მიწის ნაკვეთს აერთიანებდა ერთი კარი, რომელიც, სავარაუდოდ ახალი განთავსებული იყო.

2020 წლის 12 მარტს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომაზე (ოქმი №17) 28-ე საკითხად განხილულ იქნა შ. წ-ის განცხადება და კომისიის წევრებმა ერთხმად დააფიქსირეს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი, იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა შ. წ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე. ამავე ოქმის მიხედვით, წარდგენილი განცხადებებით, აეროფოტოგადაღებებითა და ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ განმცხადებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ იყო მოქცეული ერთიან სივრცეში და არ იყო შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” (სადავო პერიოდში მოქმედი) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შენობა ეს არის სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა; კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დროებითი შენობა არის ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ე...-ის“ 2021 წლის 22 აპრილს მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შ. წ-ის საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, ...ს ქ. №14-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო საბაღე-სააგარაკო ნაკვეთი (736 კვ.მ.) და მის მომიჯნავედ არსებული (252 კვ.მ.) ტერიტორია შემოღობილია კოროზირებული თუნუქის ფურცლებით, ლითონის მავთულბადით და ხის ღობით, რომლის საყრდენები მჭიდრო კავშირშია მიწასთან, შემოღობვისა და საძირკვლის ხანდაზმულობის მახასიათებლები ემთხვევა ერთმანეთს. შემოღობვის, მისი საძირკველისა და ხე-ნარგავების ხანდაზმულობა განისაზღვრა 20-25 წლის დიაპაზონით. დასკვნით მიხედვით, ქ.თბილისში, ...ს ქუჩა №14-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთსა (736 კვ.მ.) და მის მომიჯნავედ არსებულ (252 კვ.მ.) ტერიტორიას შ. წ-ი ფლობს და სარგებლობს 1998 წლიდან. ამავე დასკვნის თანახმად, ორივე ნაკვეთი ერთმანეთან დაკავშირებულია შიდა გამავალი კარით და ერთი მხრიდან გააჩნიათ საერთო შემოღობვა, აღნიშნული შემოღობვა ქმნის ორივე ნაკვეთისათვის საერთო სივრცეს. დასკვნას ასევე თან ერთვის შესაბამისი ფოტომასალა (იხ. ს.ფ. 189-205).

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ იმ პირობებში, როდესაც ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია მიწის ნაკვეთების ერთ მთლიან სივრცეში განთავსების და მათ შორის დამაკავშირებელი კარის არსებობის ფაქტი, არ არსებობს მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ცალკე უფლების ობიექტად მიჩნევის საფუძველი. აღნიშნულთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს 2020 წლის 19 თებერვლის „ადგილზე დათვალიერების ოქმზე“ მითითებას და აღნიშნავს, რომ ოქმში გამოთქმული ვარაუდი - მიწის ნაკვეთებს შორის არსებული კარი ახალი დამონტაჟებულია, ვერ იქნება მიჩნეული მიწის ნაკვეთების სხვადასხვა სივრცეში განთავსების ფაქტის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად. რაც შეეხება, საქმეში წარმოდგენილ ორთოფოტოებს, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ტერიტორია დაფარულია მრავალწლიანი ნარგავებით, ხე-მცენარეებით (ს.ფ. 25-26), რის გამოც, შესაძლოა, აეროფოტოგადაღებისას ვიზუალურად არ გამოჩენილიყო ნაკვეთების ერთიან სივრცეში განთავსების ფაქტი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში ასევე წარმოდგენილია გ. მ-ის, რ. ჭ-ას, მ. ტ-ისა და შ. ს-ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად, შ. წ-ი 1998 წლიდან ფლობს და სარგებლობს ქალაქ თბილისში, ...ს ქ. №14-ის (ს/კ ...) მიმდებარედ არსებულ 252 კვ.მ მიწის ნაკვეთს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, მიწის ნაკვეთი შემოღობილია და გაშენებულია ხეხილით. ამასთან, ისინი თანხმობას აცხადებდნენ შ. წ-ისათვის, წარდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად, უძრავი ქონების საკუთრების უფლების აღიარებაზე. საქმეში ასევე დაცულია, ნატალია ბობოხიძისა და ეკატერინე კახოშვილის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლითაც მათ დაადასტურეს, რომ ქ. თბილისში, ...ს ქ. №14-ში (ს/კ ...) მდებარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 252 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შ. წ-ის მიერ ფლობისა და სარგებლობის ფაქტი 1998 წლიდან.

რაც შეეხება, ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას მოწმეთა ჩვენების არასანდოობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 28.07.2016 წლის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მიხედვით, აღნიშნული წესის მიზნებისათვის, მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული განცხადება (მოწმეების ჩვენება) დასაშვებ მტკიცებულებად არის მიჩნეული, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა მოწმეების პოზიცია გამყარებულია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნით. ამდენად, ადმინისტარციული ორგანოს მტკიცება მოწმეთა წერილობითი განმარტებების გაზიარების დაუშვებლობის შესახებ საფუძველს მოკლებულია.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემობებისა და სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შ. წ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს, ორივე ტერიტორია მოთავსებულია ერთ მთლიან სივრცეში და მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს შ. წ-ი ფლობს და სარგებლობს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, რაც თავის მხრივ, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს კანონითა და დადგენილებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ამ მიზნით კომისია უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ნაკვეთი, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.

განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს. არ დგინდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის ფაქტი. აღნიშნული კი წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე