ბს-730(2კ-21) 16 დეკემბერი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.04.2021წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. გ-მა 26.11.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.04.2018წ. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის 23.05.2018წ. ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 30.10.2018წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.11.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.04.2018წ. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის 23.05.2018წ. ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 30.10.2018წ. გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.04.2021წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცველად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს საგადასახადო კანონმდებლობა არ დაურღვევია, რადგან არ დადასტურდა ხე-ტყის მასალის სამეწარმეო მიზნით ტრანსპორტირების ფაქტი, მასალა არ ყოფილა შეძენილი სამეწარმეო მიზნებისთვის, იგი განკუთვნილი იყო მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის. ზედნადების ქონის ვალდებულება კი პირს ეკისრება მხოლოდ სამეწარმეო მიზნით საქონლის ტრანსპორტირებისას. ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ ზ. გ-ს არ ეკისრებოდა ზედნადების გამოწერის ვალდებულება. პალატამ მიუთითა, რომ საკითხის მსგავსი გადაწყვეტა შესაბამისობაშია აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასთან, რომლის თანახმად მნიშვნელობა ენიჭება სწორედ საქონლის ტრანსპორტირების მიზანს, პირადი მოხმარების მიზნით საქონლის ტრანსპორტირებისას პირის დაჯარიმება არ ხდება (სუსგ 09.12.2019წ. Nბს-158(2კ-19), 07.07.2015წ. Nბს-754-740(კ-14), 03.10.2017წ. N612-609(2კ-17), 17.10.2019წ. Nბს-377(კ-19), 09.07.2019წ. Nბს-802(კ-19)).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.04.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. კასატორმებმა საგადასახადო კოდექსის 136.4, 286-ე მუხლების საფუძველზე აღნიშნეს, რომ სამეწარმეო მიზნით საქონლის ზედნადების გარეშე გადაზიდვა სამართალდარღვევაა და იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას. მოსარჩელე მასალის ტრანსპორტირებას ახდენდა სამეწარმეო მიზნით. შემოსავლების სამსახურში მომზადებული მოხსენებითი ბარათის მიხედვით დადგინდა, რომ ზ. გ-ს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსგან შეძენილი ჰქონდა 4 მ3 მასალა, შესაბამისად, ამ ზედნადების მითითებით მას შეეძლო მხოლოდ 4 მ3 მასალის ტრანსპორტირება, თუმცა ადგილზე წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული აქვს 5 მ3.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს. საკასაციო საჩივრები არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას. მტკიცებულებები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს საქონლის პირადი მოხმარების მიზნით ტრანსპორტირებას, არ არის წარმოდგენილი. შემოწმებისას ავტომანქანაში არსებული საქონლის რაოდენობის გათვალისწინებით, ცხადი არ არის მათი სამეწარმეო მიზნით ტრანსპორტირება. საქონლის, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება სამართალდარღვევად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდება სამეწარმეო საქმიანობისთვის. ის, რომ ზ. გ-ს საგადასახადო ორგანოში მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი, იმთავითვე არ გულისხმობს მის მიერ განხორციელებულ ყველა ქმედებაში სამეწარმეო მიზნის არსებობას, რადგან ფიზიკური პირი თავისი პირადი საჭიროებებიდან გამომდინარე არაერთ გარიგებას დებს. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ კონკრეტული საქონელი სამეწარმეო საქმიანობისთვის იყო განკუთვნილი, ხოლო საქმის მასალები მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ზ. გ-ი ფიცრის ტრანსპორტირებას ახორციელებდა არა სამეწარმეო, არამედ პირადი მიზნებისათვის, რაც მისი მხრიდან შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენას გამორიცხავს. საქმეში დაცულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული 08.12.2017წ. N3725198 ნებართვა, რომლის მიხედვით ზ. გ-ს ქ. თბილისში, ...ე მეურნეობაში მიეცა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა, მშენებლობის ვადად განისაზღვრა 2017 წლის 08 დეკემბრიდან 2018 წლის 08 დეკემბრამდე პერიოდი. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ ზ. გ-ის გადამოწმების დღეს - 26.04.2018წ. იგი ახდენდა დახერხილი წიწვოვანი ხის მასალის (ფიცრის) ტრანსპორტირებას სწორედ დიღმის მიმართულებით, რაც დასტურდება მის მიერ 26.04.2018წ. გამოწერილი Nელ-0372874212 ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებით. ამდენად, სარწმუნოა ზ. გ-ის განმარტება, რომ იგი ფიცრის ტრანსპორტირებას ახდენდა არა სამეწარმეო მიზნით, არამედ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით დასტურდება ტრანსპორტირებული ხის მასალის წარმოშობის კანონიერება. საქმის მასალების მიხედვით, ზ. გ-მა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აუქციონზე 11.10.2017წ. შეიძინა 4 მ3 ხის მასალა, ტრანსპორტირება განხორციელდა გორიდან თბილისში (...ი, ...ის მიმდებარე ტერიტორია), რაზეც გამოიწერა 11.10.2017წ. Nელ-0335492808 ზედნადები. 22.11.2017წ. ...იდან საქონლის ტრანსპორტირება მოხდა ...ის პროსპექტზე, რაზეც გამოიწერა Nელ-0344003264 ზედნადები. 18.04.2018წ. გამოიწერა Nელ-0371144233 ზედნადები მასალის ...ის პროსპექტიდან კვლავ ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაზიდვაზე, ხოლო ამის შემდგომ გამოიწერა 26.04.2018წ. Nელ-0372874212 ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები. მე-20 გრაფაში საქონლის (ფიცრის) წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტად ყოველ შემდგომ ზედნადებში მითითებული იყო ქრონოლოგიურად უფრო ადრე გაცემული ზედნადები. ამდენად, დასტურდება, რომ 26.04.2018წ. ზ. გ-ი ახდენდა კანონიერად შეძენილი მასალის ტრანსპორტირებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.04.2021წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი