Facebook Twitter

ბს-407 (კ-22) 16 დეკემბერი, 2022 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „ვ...ოს“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.2021წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ვ...ომ“ 26.02.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ და მოითხოვა შპს „ვ...ოსათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 25.01.2018წ. N21/18 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.07.2018წ. გადაწყვეტილებით შპს „ვ...ოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ვ...ომ“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.2021წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა 19.12.2017წ. განახორციელა შპს „მ...ის“ სააბონენტო სიმ ბარათების საკონტროლო შესყიდვა, კერძოდ, მან სამი სხვადასხვა დილერისაგან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე შეიძინა შპს „მ...ის“ სიმ ბარათები, ერთ შემთხვევაში შემძენს გადაეცა სალაროს ქვითარი და ხელშეკრულების ასლი, მეორე შემთხვევაში - მხოლოდ სალაროს ქვითარი და მესამე შემთხვევაში - „ბ...ის“ ლოგოთი დაბრენდილი ე.წ. „სააბონენტო ხელშეკრულება“. ერთ-ერთი სააბონენტო ნომერი რეგისტრირებული იყო ი/მ ა. სა-ის სახელზე, კორპორატიულ ნომრად, „ბ...ის“ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევის შესახებ 14.11.2017წ. ხელშეკრულების საფუძველზე, თუმცა გამსხვისებელი იყო სხვა პირი - ი/მ ნ. ნ-ე, რომელმაც ნომერი გადასცა არაიდენტიფიცირებულ პირს - მ. გ-ას (კომისიაში დასაქმებული პირი). სასამართლომ არ გაიზიარა შპს „ვ...ოს“ მოსაზრება პასუხისმგებლობის დილერისთვის დაკისრების შესახებ და აღნიშნა, რომ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულებია აბონენტს მომსახურება მიაწოდოს მხოლოდ სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე და შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებლსვე ეკისრება პასუხისმგებლობა აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის. სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულება კი, თავის მხრივ, გულისხმობს ხელშეკრულებაში მხარეთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების სრულად და მთელი სიზუსტით ასახვას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამასთანავე, მომსახურების მიმწოდებელი კომპანიისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი სწორედ ამგვარადაა გადაწყვეტილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით. ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, შპს „ვ...ოს“ მიერ სამართალდარღვევის ჩადენა, რაც წარმოადგენდა მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით, პალატამ მართებულად ჩათვალა აგრეთვე მოსარჩელისათვის ჯარიმის სახით 90 000 ლარის დაკისრება, რადგან საქმის მასალებით დადგინდა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 05.10.2017წ. N662/18 გადაწყვეტილებით შპს „მ...ს“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება, ხოლო კომისიის 16.11.2017წ. N752/18 გადაწყვეტილებით შპს „მ...ს“ დაეკისრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 105 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო. ამდენად, შპს „მ...ის“ მიმართ, რომლის უფლებამონაცვლეც არის შპს „ვ...ო“, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევისთვის გამოყენებული იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის სახე: როგორც გაფრთხილება, ასევე, ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით. ამდენად, შპს „ვ...ოს“ 12 თვის შემოსავლის ოდენობის გათვალისწინებით, მართებულად იქნა მიჩნეული მისი დაჯარიმება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად - 90 000 ლარით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „ვ...ოს“ მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ არ არსებობდა მისი 90 000 ლარით დაჯარიმების საფუძველი, ვინაიდან დაჯარიმების მომენტში კანონიერ ძალაში არ იყო შესული სასამართლოს გადაწყვეტილება იმ საქმესთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც კომპანია 30 000 ლარით დაჯარიმდა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადავო სამი სიმ ბარათიდან ერთი შპს „ვ...ოს“ მიერ სათანადო წესით გაფორმებული ხელშეკრულებით გაცემული იყო კორპორატიულ კლიენტზე. შემდგომში აღნიშნული ნომერი შპს „ვ...ოსგან“ დამოუკიდებლად გაიყიდა სხვა პირზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ვ...ოს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება შპს „ვ...ოს“ მიერ სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ, რადგან საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „ვ...ოს“ სიმ ბარათების შეძენა განხორციელდა აბონენტის პირადობის მოწმობის წარდგენის გარეშე, დილერის მიერ არ განხორციელებულა აბონენტისგან მიწოდებული პერსონალური ინფორმაციის გადამოწმება პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მეშვეობით. შპს „ვ...ოს“ აღნიშნულ გარემოებებს ორ სიმ ბარათთან მიმართებით სადავოდ არ ხდის. დგინდება, რომ სახეზე იყო ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მიერ განხორციელებული საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც სიმ ბარათის მიმწოდებელმა არ შეასრულა მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულება მომხმარებელთან სათანადო ფორმით ხელშეკრულების დადების შესახებ. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ წერილობითი ხელშეკრულების დადების ვალდებულება იმთავითვე გულისხმობს მასში მხარეთა საიდენტიფიკაციო მონაცემების სწორად მითითების საჭიროებას, რადგან ხელშეკრულებით სწორედ მხარეს წარმოეშობა გარკვეული ვალდებულებები და აღიჭურვება სათანადო უფლებამოსილებებით. ამდენად, ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ გადაცდომა ჩადენილია სულ მცირე ორ სიმ ბარათთან მიმართებით. ამასთანავე, მართალია მესამე სიმ ბარათი თავდაპირველად გასხვისდა კასატორის მიერ სათანადო წესით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, თუმცა არ არის დასაბუთებული რატომ ათავისუფლებდა პასუხისმგებლობისგან აღნიშნული გარემოება შპს „ვ...ოს“ სიმ ბარათის შემდგომი კანონშეუსაბამო გასხვისების შემთხვევაში იმ პირობებში, როდესაც სიმ ბარათის გამსხვისებელმა - ი/მ ნ.ნ-ემ მყიდველს გადასცა შპს „ბ...ის“ სააბონენტო ხელშეკრულება და ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, როგორც შპს-ს დისტრიბუტორმა/დილერმა.

რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას სამართალდარღვევის არაგანმეორებითობის შესახებ იმ დასაბუთებით, რომ სადავო აქტის გამოცემისას სახდელის სახით 30 000 ლარის შეფარდების კანონიერების შესახებ დავა არ იყო დასრულებული, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამასთანავე, ამჟამად არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში მყოფი 26.02.2019წ. N3/262-18 გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ვ...ოს“ სარჩელი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 16.11.2017წ. N752/18 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. კომისიის 16.11.2017წ. გადაწყვეტილებით შპს „მ...ის“ დაჯარიმება მოხდა სადავო 25.01.2018წ. გადაწყვეტილებაში აღწერილი დარღვევის ანალოგიური დარღვევის ჩადენის საფუძვლით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პრეიუდიციული ძალა ენიჭებათ ფაქტებს, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ (სსსკ-ის 106-ე მუხ. „ბ“ ქვ.პ.). ამდენად, სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით დადასტურებულია შპს „ვ...ოს“ მიერ სამართალდარღვევის ჩადენა, ამ დარღვევისათვის სახდელის სახით ჯარიმის - 30 000 ლარის შეფარდების კანონიერება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძვლიანია კომისიის მითითება შპს „ვ...ოს“ მიერ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო შპს „ვ...ოს“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ვ...ოს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.2021წ. განჩინებები;

3. შპს „ვ...ოს“ (ს.კ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.03.2022წ. N025 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ.გოგიაშვილი