Facebook Twitter

ბს-816(კ-21) 29 დეკემბერი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ი. ლ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.2021წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ლ-მ 08.02.2018წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის 22.09.2017წ. ბრძანებისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 22.12.2017წ. ბრძანების ბათილად ცნობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 09.02.2018წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ვ. მ-ი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 31.10.2019წ. გადაწყვეტილებით ი. ლ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.2021წ. განჩინებით ი. ლ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე სადავო აქტების კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს იმ დასაბუთებით, რომ: ქ. ქუთაისში, ... ქ. N58-ში ვ. მ-ის მიერ მშენებლობის დაწყებამდე არ იყო ჩატარებული კვლევა; არ იყო წარდგენილი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა; სამუშაოების შედეგად გამოიჭრა რიონის ნაპირი, რაც მოსარჩელის ეზოში მდინარის შეჭრის საშიშროებას ქმნის; შენობის კონსტრუქციული გეგმა არ შეესაბამება კანონით დადგენილ ნორმებს; მოსაზღვრე ნაკვეთებს შორის დარღვეულია ღიობების განთავსებისათვის დადგენილი მიჯნის 3 მეტრიანი დაცილება; მშენებლობის მიმდინარეობისას არ იყო განთავსებული ბანერი; უკანონოდ წარმოებული მშენებლობის შედეგად დაზიანდა მისი საცხოვრებელი სახლი. პალატამ მიუთითა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009 წ. N57 დადგენილების 3.43, 3.54, 4.1, 4.2 მუხლებზე და აღნიშნა, რომ ქ. ქუთაისში, ... ქუჩა N58-ში (ს.კ. ...) ვ. მ-მა თავის კუთვნილ მიწის ნაკვეთში აწარმოა ...ს მშენებლობა, რის თაობაზეც ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი ჰქონდა სამშენებლო დოკუმენტის პროექტი: სამშენებლო მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობები, გრაფიკული მასალები, საინჟინრო გეოლოგიური დასკვნა და სხვ.. პალატამ მიუთითა აგრეთვე N57 დადგენილების 37-ე, 43.1, 44.1, 3.36, 42.1, 42.2, 43.9, 23.2, 35.1, 35.2, 33.1, 33.4, 26-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მითითებული ნორმატიული აქტი მხოლოდ IV და V კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის ადგენს საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასების სავალდებულოობას, ხოლო ვ. მ-ს მიერ ნაწარმოები მშენებლობა განეკუთვნებოდა III კლასის შენობას, რის გამო არ არსებობდა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის წარდგენის ვალდებულება, თუმცა ვ. მ-ის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დროს წარდგენილი იქნა სამშენებლო მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა, რომლის თანახმად, გამოკვლეულ უბანზე საშიში გეოლოგიური მოვლენების კვალი დაფიქსირებული არ არის, უბანი შეფასებულია როგორც მდგრადი და მშენებლობისათვის ხელსაყრელ საინჟინრო-გეოლოგიურ პირობებში მყოფი. მართალია შემდგომში ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18.06.2018წ. დასკვნით დადგინდა, რომ საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ტექნიკური დოკუმენტაცია შეიცავდა ხარვეზებს და რეკომენდაცია გაიცა დასკვნის კორექტირებაზე, თუმცა 10.10.2018წ. საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის თანახმად, ინჟინერ-გეოლოგის თ. ც-ის მიერ ჩატარდა დამატებითი კვლევითი სამუშაოები, რა დროსაც გათვალისწინებული და აღმოფხვრილი იქნა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18.06.2018წ. ექსპერტიზის დასკვნაში დაფიქსირებული შენიშვნები. ამდენად, ვ. მ-ის მიერ ადმინისტრაციული ორგანოში წარდგენილი იქნა საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა იმის მიუხედავად, რომ მიმდინარე (III კლასის შენობა-ნაგებობა) მშენებლობა არ ითვალისწინებდა ასეთი დასკვნის შედგენის ვალდებულებას.

რაც შეეხება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლად 3-მეტრიანი სამეზობლო მიჯნის ზონის დარღვევის შესახებ მითითებას, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მართალია ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 11.09.2018 წ. დასკვნის მიხედვით მშენებარე შენობა-ნაგებობის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მდებარე ფანჯარა არღვევდა საქართველოს მთავრობის 15.01.2014 წ. N59 დადგენილების 26.15 მუხლს, რადგან მანძილი საანგარიშო ზედაპირიდან მიწის ნაკვეთის საზღვრამდე შეადგენდა 2,78 მეტრს, თუმცა საპროექტო დოკუმენტაციისა და მოპასუხის ახსნა-განმარტების თანახმად, მშენებლობის დამტკიცებული პროექტი არ ითვალისწინებს მიჯნის ზონაში ფანჯრების მოწყობას. სასამართლოში საქმის განხილვისას ვ. მ-მა თვითმმართველ ორგანოში წარადგინა კორექტირებული პროექტი, რომელიც 17.07.2019წ. ბრძანებით შეთანხმდა. წარდგენილი სამშენებლო დოკუმენტის პროექტის მიხედვით, შენობის სამხრეთ ფასადზე, „ა“ – „გ“ ღერძებში განთავსებული ღიობების (ფანჯრები) შევსება განხორციელდა იმავე სამშენებლო მასალით რა მასალითაცაა განხორციელებული სამხრეთ ფასადის მშენებლობა. ამდენად, ვინაიდან ვ. მ-ის მიერ გაუქმებული იქნა სამეზობლო მიჯნის ზონაში არსებული ღიობი, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 3-მეტრიანი მიჯნის ზონის დარღვევა არ ხდება. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აგრეთვე მოსარჩელის მითითება კონსტრუქციული პროექტის არარსებობის შესახებ, რადგან მესამე პირმა სასამართლოს წარუდგინა მის მიერ ნაწარმოები მშენებლობისათვის შედგენილი კონსტრუქციული გეგმა/პროექტი. მოსარჩელე დავობს იმასთან დაკავშირებითაც, რომ ვ. მ-მა, შესაბამის ტერიტორიაზე თვალსაჩინო ადგილას არ განათავსა საინფორმაციო დაფა, თუმცა პალატამ მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როცა მშენებლობა ფაქტობრივად დასრულებულია, გაუმართლებელია ამ დარღვევის გამო სადავო აქტების ბათილად გამოცხადება. სადავო აქტების ბათილად ცნობის ერთ-ერთ საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა აგრეთვე წარმოებული მშენებლობით მისი საცხოვრებელი სახლის დაზიანების შესახებ და აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად წარმოადგინა მის მიერვე ნაწარმოები ვიდეოგადაღება და ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 30.05.2018 წ. დასკვნა, რომლის თანახმად, ქ.ქუთაისში, ... ქ. N62-ში მდებარე ი. ლ-ას საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, შენობის ხანდაზმულობიდან გამომდინარე მას განცდილი აქვს ასაკობრივი ფიზიკური ცვეთა და საჭიროა ჩაუტარდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები დეტალური გამოკვლევის შედეგების საფუძველზე დამუშავებული კონსტრუქციული პროექტის მიხედვით; საკვლევ შენობაზე მშენებარე ობიექტის დასრულების შემდეგ ექსპლოატაციის პირობებში შესაძლო ზეგავლენის სრულფასოვანი განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ მშენებარე ობიექტის პროექტის კონსტრუქციული ნაწილისა და ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგებით, რასაც არ შეიცავს ექსპერტიზაზე წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს მთავრობის 24.03.2009 წ. N57 დადგენილების 35-ე მუხლის მე-4, მე-5 პუნქტებზე და აღნიშნა, რომ მესამე პირის მიერ წარმოებული მშენებლობის შედეგად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის დაზიანებისა თუ გაუვარგისების დამადასტურებელი საკმარისი და სარწმუნო მტკიცებულებები მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი. საექსპერტო დასკვნა არ შეიცავს ცალსახა მითითებას იმის თაობაზე, რომ საკვლევ შენობის მდგომარეობაზე გავლენა მოახდინა მშენებარე ობიექტმა. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდება სამშენებლოდ გამოყენებული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაციის ან დაზიანების წარმოებული მშენებლობით გამოწვევა, ასეთ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს არა დასრულებული მშენებლობის შესახებ გამოცემული აქტების ბათილად ცნობა, არამედ დაზიანების გამოსწორება, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მხარეს უფლება აქვს სასამართლო წესით იდავოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. პალატამ აღნიშნა, რომ სადავო აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ ვ. მ-ს კანონიერი ნდობა უდავოდ აქვს. ასეთი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას კანონმდებელი უშვებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამასთან, აუცილებელია ეს დარღვევა იყოს არსებითი ხასიათის, სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე. პალატამ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც უტყუარად დაადასტურებდა სადავო აქტებით მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებითად დარღვევას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ი. ლ-ას მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ მშენებლობა მიმდინარეობს უშუალოდ მდინარე რიონის პირზე, ხდება რიონის ნაპირის გამოჭრა და არსებობს მდინარის მის ეზოში შევარდნის საშიშროება. პროექტის მიხედვით ...ს ი. ლ-ას სახლის მხარეს აქვს ღიობები, თუმცა დაცული არ არის 3-მეტრიანი დაშორება. კონკრეტულ ტერიტორიაზე ...ს მშენებლობა დაუშვებელია. კასატორი უთითებს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემამდე არ არსებობდა და ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუსწავლია შემდეგი დასკვნები: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნა ტერიტორიის სამშენებლო უბნად გამოყენების შესახებ; გენერალური გეგმა წითელი ხაზების ჩვენებით სამეზობლო შენობა-ნაგებობებთან და გზებთან მანძილების დატანით; გეოლოგიური დასკვნა; საექსპერტო დასკვნა ფუძე-საძირკვლებზე და კონსტრუქციებზე; მშენებლობის ორგანიზების პროექტი თანდართული კალენდარული გრაფიკის ჩვენებით. ასევე არ ყოფილა გამოქვეყნებული საინფორმაციო დაფა (ბანერი), რის გამო დაინტერესებულ პირებს არ მიეცათ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. კასატორის მოსაზრებით, სადავო აქტების გამოცემით დაირღვა რიგი ნორმატიული აქტები. ღიობების არსებობა 3-მეტრიან ზონაში დაუშვებელია, ამასთანავე, არ არსებობს გეოლოგიური დასკვნა, რაც მშენებლობის ნებართვის უკანონობას ადასტურებს. მესამე პირს სადავო აქტების მიმართ კანონიერი ნდობა არ აქვს, რადგან მან ადმინისტრაციული ორგანო შეცდომაში შეიყვანა. კასატორმა აღნიშნა აგრეთვე, რომ მშენებლობის შედეგად მისი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, გაჩნდა ბზარები, რომლებიც იზრდება, ასევე მშენებლობა ნაწილობრივ დაწყებულია კასატორის მიწის ნაკვეთზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ლ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სადავო 22.12.2017წ. ბრძანებით შეთანხმდა ქ. ქუთაისში, ... ქ. N58-ში (ნაკვეთი N1) მდებარე, ვ. მ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთში ...ს მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა სანებართვო მოწმობა. ბრძანებაში მითითებულია (გრაფა: ნომენკლატურა), რომ პროექტის შეთანხმება ხდება ...ს ასაშენებლად, რომელიც მესამე კლასს განეკუთვნება. სადავო ბრძანების გამოცემისას მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების (ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს მთავრობის 02.03.2020წ. N139 დადგენილების 1-ლი მუხლით) 26-ე მუხლით განსაზღვრული იყო სავალდებულო საექსპერტო შეფასებას დაქვემდებარებული სამშენებლო დოკუმენტის ნაწილები და მათი საექსპერტო შეფასების ჩატარების პროცედურა მე-3, მე-4 და მე-5 კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობებთან მიმართებით. ნორმის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენდა, რომ უნდა დადგენილიყო III კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების არქიტექტურული ნაწილების შესაბამისობა „ტექნიკური რეგლამენტის – შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 28.01.2016წ. №41 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტთან. საქმეში დაცულია შპს „A...-ის“ საექსპერტო დასკვნა (ტ.1, ს.ფ. 293-305), რომლის თანახმად, წარდგენილი პროექტი სრულად შეესაბამება „ტექნიკური რეგლამენტის - შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნებს. საკასაციო საჩივარი არ შეიცავს შედავებას აღნიშნული საექსპერტო დასკვნის უსწორობასთან დაკავშირებით. ამდენად, პროექტის შეთანხმებამდე და ნებართვის გაცემამდე არსებობდა საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 26.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საექსპერტო შეფასება.

რაც შეეხება ი. ლ-ას მითითებას საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის არარსებობის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნორმატიულად ასეთი დასკვნის წარდგენის საჭიროება სადავო პერიოდში დადგენილი იყო მხოლოდ მე-4 და მე-5 კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობებთან მიმართებით (საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 26.1 მუხ. „ბ.ა“, „გ.ა“ ქვ.პ.). ამდენად, ვინაიდან მშენებლობის ნებართვის გაცემა მოხდა მესამე კლასს მიკუთვნებულ ნაგებობასთან მიმართებით, საინჟირო-გეოლოგიური დასკვნის წარდგენის ნორმატიული ვალდებულება ვ. მ-ს არ ეკისრებოდა, თუმცა საქმეში დაცულია ინჟინერ-გეოლოგ თ. ც-ის მიერ 2017წ. შედგენილი საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევა (ტ.1, ს.ფ. 347-353), რომლის თანახმად, გამოკვლეულ უბანზე და მის ახლოს მიმდებარედ საშიში გეოდინამიკური პროცესების ჩასახვა-განვითარების კვალი არ შეიმჩნევა, უბანი მდგრადია და მშენებლობისთვის ხელსაყრელ საინჟინრო-გეოლოგიურ პირობებში იმყოფება; მრავალგზის ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებით დამტკიცებულია ქუთაისის პირობებში გრუნტის წყლების არააგრესიულობა ბეტონის ნაკეთობათა მიმართ. დასკვნაში აღნიშნულია, რომ გამოკვლეული ტერიტორიის ფარგლებში და მის მიმდებარედ თანამედროვე გეოდინამიკური პროცესებით გამოწვეული რელიეფის ფორმების შეცვლა და ახლის ჩამოყალიბება არ აღინიშნება, მთლიანად ზედაპირი მდგრადია და მათზე რაიმე სახის დეფორმაციის კვალი არ დაფიქსირებულა. მართალია ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18.06.2018წ. დასკვნით (ტ.1, ს.ფ.272-276) დადგინდა, რომ თ. ც-ის მიერ ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ტექნიკური დოკუმენტაცია შეიცავდა ხარვეზებს და საჭირო იყო გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინება, შესაბამისი კორექტივების შეტანა, თუმცა საქმეში წარმოდგენილია ინჟინერ-გეოლოგ თ. ც-ის პასუხი 18.06.2018წ. დასკვნით დადგენილ შენიშვნებზე და 2018წ. საინჟინრო გეოლოგიური დასკვნა (ტ.2, ს.ფ. 119-121, 130-138) თანდართული მასალებით, რომლის თანახმად, კვლევის შედეგი უცვლელია, დასკვნის პირველ პუნქტში კვლავ აღინიშნა, რომ გამოკვლეულ უბანზე და მის ახლოს მდებარედ საშიში გეოდინამიკური პროცესების ჩასახვა-განვითარების კვალი არ შეიმჩნევა, უბანი მდგრადია და მშენებლობისთვის ხელსაყრელ საინჟინრო-გეოლოგიურ პირობებში იმყოფება. ამდენად, საბოლოოდ დაგეგმილ მშენებლობასთან მიმართებით გაიცა დადებითი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა, რომლის უსწორობისა თუ ხარვეზების შესახებ საკასაციო საჩივარი რაიმე შედავებას არ შეიცავს. ამასთანავე, კასატორის მითითება, რომ მშენებლობით მოხდება მდინარე რიონის ნაპირის გამოჭრა და წარმოიშობა მდინარის მის ეზოში შევარდნის საშიშროება, არ არის დასაბუთებული, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება არ ქმნის საკმარის დასაბუთებას, ექსპერტიზის დასკვნა ან რაიმე სხვა სათანადო მტკიცებულება, რომელიც აღნიშნულ გარემოებას დაადასტურებს საქმეში არ არის წარმოდგენილი.

საკასაციო საჩივრის დაშვების საფუძვლებს არ ქმნის აგრეთვე ი. ლ-ს მითითება გარემოზე ზემოქმედების დასკვნის, ფუძე-საძირკვლებზე და კონსტრუქციებზე საექსპერტო დასკვნის, მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის (თანდართული კალენდარული გრაფიკით), წითელი ხაზების ჩვენებით გეგმის არარსებობის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო: საქმეში წარმოდგენილია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის 29.10.2018წ. მიმართვა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის მიმართ (ტ.2, ს.ფ. 213-214), რომლის თანახმად, დაგეგმილი საქმიანობა, რომელიც უკავშირდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, არ არის განსაზღვრული გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის დანართებით, არ ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას და არ საჭიროებს კოდექსით დადგენილი პროცედურების გავლას. საქმეში წარმოდგენილია აგრეთვე სათანადო საკადასტრო რუკები, ტოპოგეგმა, საპროექტო ნახაზები, საპროექტო ობიექტისა და ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექურული კვლევა, საკადასტრო საზღვრებში შენობის განთავსების გეგმა, ასევე მშენებლობის დაგეგმარების გეგმა და მშენებლობის ორგანიზაციის კალენდარული გეგმა-გრაფიკები. რაც შეეხება ფუძე-საძირკვლებზე და კონსტრუქციებზე საექსპერტო დასკვნის არარსებობაზე მითითებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნორმატიულად ასეთი დასკვნის წარდგენის საჭიროება სადავო პერიოდში დადგენილი იყო მხოლოდ მე-4 და მე-5 კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობებთან მიმართებით (საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 26.1 მუხ. „ბ.ბ“, „გ.ბ“ ქვ.პ.), მესამე კლასის ნაგებობებთან დაკავშირებით დადგენილი იყო მხოლოდ კონსტრუქციული პროექტის წარდგენის საჭიროება (საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 33.4 მუხ. „ე.ბ“ ქვ.პ.), რაც განსახილველ შემთხვევაში დაცულია.

კასატორის მითითება სადავო მშენებლობით მისი საცხოვრებელი სახლის დაზიანების შესახებ არ ეფუძნება სათანადო მტკიცებულებებს. ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 30.05.2018წ. დასკვნა არ ადასტურებს ნაგებობის დაზიანებას ვ. მ-ის ნაკვეთზე მიმდინარე მშენებლობის გამო. დასკვნის მიხედვით, ი. ლ-ას საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, შენობის ხანდაზმულობიდან გამომდინარე მას განცდილი აქვს ასაკობრივი ფიზიკური ცვეთა და საჭიროა ჩაუტარდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამასთანავე, დასკვნაში აღინიშნა, რომ ი. ლ-ას საცხოვრებელ სახლზე მშენებარე ობიექტის დასრულების შემდგომ ექსპლუატაციის პირობებში შესაძლო ზეგავლენის სრულფასოვანი განსაზღვრა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მშენებარე ობიექტის პროექტის კონსტრუქციული ნაწილისა და ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგებით, რასაც არ შეიცავს ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია. ამდენად, დგინდება, რომ ექსპერტმა ვერ შეაფასა მიმდინარე მშენებლობის ზეგავლენა ი. ლ-ას საცხოვრებელ სახლზე. მართალია ი. ლ-ას საკუთრებაში არსებული ფართის არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაზე მოხდა მითითება და ფოტოებზე გარკვეული ბზარებიც ჩანს, თუმცა საქმეში არ არის დაცული რაიმე მტკიცებულება, რომელიც ამ შედეგის განმაპირობებელ ფაქტორად სადავო აქტების საფუძველზე მიმდინარე მშენებლობას დაასახელებს. ამასთანავე, იმთავითვე ცხადი არ არის ი. ლ-ას ნაგებობის მიმდინარე მშენებლობის შედეგად დაზიანება, რადგან ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შენობას ხანდაზმულობიდან გამომდინარე განცდილი აქვს ასაკობრივი ფიზიკური ცვეთა, შენობა აგებულია გასული საუკუნის 50-იან წლებში; ფასადზე არსებული გარე კედლების აგურის წყობა არ არის შელესილი, რის გამოც ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებით წყობის ზედაპირი ადგილობრივად ეროზირებული და დაზიანებულია; 2009 წელს მიშენებული ნაწილი დეფორმირებულია, მისი კედლები მოცილებულია ძირითადი შენობის კედლებს; სარდაფის კედლები შესრულებულია შერეული წყობით (აგური, ქვა) სუსტი შემავსებლით, რის გამოც მათი სიმტკიცე დაქვეითებულია და შუაკედლისებში გაჩენილია ბზარები; პირველ სართულზე არსებული ხის იატაკი დახრილია ეზოს მიმართულებით, მზიდ კედლებში ლოკალურად გაჩენილია მცირე გახსნილობის ბზარები, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია საძირკვლის არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციებით; მზიდ კედლებზე არ არის მოწყობილი ანტისეისმური სარტყელები, რაც აუცილებელია მოქმედი სეისმური ნორმების მოთხონებით (ტ.1, ს.ფ. 244-251). ექსპერტი ასევე უთითებს, რომ მშენებარე ობიექტი საკვლევი შენობიდან მოშორებულია 7-8 მეტრის მანძილით. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალებით სადავო აქტების საფუძველზე მიმდინარე მშენებლობის შედეგად ი. ლ-ას საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლისთვის ზიანის მიყენება არ დასტურდება. ამასთანავე, უკეთუ ასეთი ზიანის არსებობა დადგინდება, ი. ლ-ას არ ეზღუდება სათანადო სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელების თუ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

კასატორის მითითება სამმეტრიანი მიჯნის დარღვევით ღიობის მოწყობის შესახებ, არ არის დასაბუთებული, რადგან დგინდება, რომ საქმის განხილვისას ვ. მ-მა თვითმმართველ ორგანოში წარადგინა კორექტირებული პროექტი, რომელიც 17.07.2019წ. ბრძანებით შეთანხმდა. წარდგენილი სამშენებლო დოკუმენტის პროექტის მიხედვით, შენობის სამხრეთ ფასადზე, „ა“ – „გ“ ღერძებში განთავსებული ღიობების (ფანჯრები) შევსება განხორციელდა იმავე სამშენებლო მასალით რა მასალითაცაა განხორციელებული სამხრეთ ფასადის მშენებლობა. ამდენად, ვინაიდან ვ. მ-ის მიერ გაუქმებული იქნა სამეზობლო მიჯნის ზონაში არსებული ღიობი, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 3-მეტრიანი მიჯნის ზონის დარღვევა არ ხდებოდა. აღნიშნული მსჯელობის უსწორობის დამადასტურებელ დასაბუთებას საკასაციო საჩივარი არ შეიცავს.

საკასაციო საჩივარში არ არის ასახული აგრეთვე მითითება კონკრეტული ნორმატიული აქტების შესაბამის მუხლებზე, რომელთა დარღვევითაც განხორციელდა სადავო აქტების გამოცემა. ი. ლ-ა მხოლოდ ზოგადად ჩამოთვლის იმ ნორმატიულ აქტებს, რომელთა მოთხოვნებიც მისი მოსაზრებით დაირღვა, თუმცა ნორმატიული აქტების სათაურებზე მითითება არ ქმნის სადავო აქტების გამოცემით მათი მოთხოვნების დარღვევის საკმარის დასაბუთებას. რაც შეეხება ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას სათანადო ბანერის განთავსების საჭიროებაზე მითითებას, ვინაიდან სახეზე არ არის კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება (სზაკ-ის 601.2 მუხ.), საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის აღნიშნული პრეტენზია არ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დაშვების საფუძვლების არსებობას, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მშენებლობა მიმდინარეობდა მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, რის გამო იგი ინფორმირებული იყო მშენებლობის შესახებ, ამასთანავე, ი. ლ-ას არ შეზღუდვია სადავო აქტების მიმართ თავისი მოსაზრებებისა და შესაბამისი მტკიცებულებების სასამართლოსთვის წარდგენის შესაძლებლობა.

ი. ლ-ას მოსაზრება მშენებლობის ნაწილობრივ მის ნაკვეთზე განხორციელების შესახებ ასევე არ ასაბუთებს სადავო აქტების უკანონობას, რადგან საქმის მასალების მიხედვით პროექტი დამტკიცდა და მშენებლობის ნებართვა გაიცა ვ. მ-ის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე ...ს მშენებლობაზე. საკასაციო საჩივარი არ შეიცავს იმ გარემოების დასაბუთებას, რომ სადავო აქტებით ვ. მ-ს მიეცა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობა. ხოლო უკეთუ ვ. მ-მა სანებართვო დოკუმენტაციის დარღვევით განახორციელა ი. ლ-ას მიწის ნაკვეთზე გარკვეული სახის სამუშაოები, აღნიშნული შეიძლება გახდეს ვ. მ-ის ქმედების და არა სანებართვო დოკუმენტაციის არამართლზომიერად მიჩნევის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ი. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ლ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.2021წ. განჩინება;

3. ი. ლ-ას (პ.ნ. ,,,) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 01.11.2021წ. N8 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკი კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი