Facebook Twitter

#110აგ-12 5 დეკემბერი, 2012 წელი

ა-ა ზ., 110აგ-12 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ა-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 22 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 დეკემბრის განაჩენით ზ. ა-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე არსებული რედაქცია) და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2006 წლის 11 მაისიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

2012 წლის 15 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ზ. ა-მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო – „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილების საფუძველზე ითხოვა ზემოაღნიშნული განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ: მისი ქმედების საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირება და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების გავრცელება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 თებერვლის განაჩენი შეიცვალა: ზ. ა-ს ქმედება საბოლოოდ დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის `დ~ ქვეპუნქტით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 თებერვლის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ზ. ა-ა ითხოვს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების გავრცელებასა და მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან იმავე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კანონის მიერ შეცვლილი ნარკოტიკული საშუალების ოდენობების განსაზღვრის კრიტერიუმი კონკრეტულ შემთხვევაში გავლენას ახდენს მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციაზე, მაგრამ პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემობას, რომ მსჯავრდებულს ჩადენილი ქმედების მეორე მაკვალიფიცირებელ ნიშნად შერაცხული აქვს დანაშაულის ჩადენა არაერთგზის, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

რაც შეეხება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონს, მისი გამოყენების პროცედურა მკაფიოდაა განსაზღვრული ამავე კანონში მითითებული სპეციალური ნორმებით, რომელთა მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს აღნიშნული კანონის გამოყენების შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის `დ~ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ზ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი ზ. ა-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი