ბს-841(კ-21) 16 დეკემბერი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ა. პ-ის, ვ. პ-ის და კ. პ-ის დაზუსტებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.2021წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. პ-მა, ვ. პ-მა და კ. პ-მა 03.08.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმისაწვდომობის შესახებ №... გადაწყვეტილების, ცნობა-დახასიათების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 05.07.2017წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე 2017 წლის 13 აპრილამდე მონაცემებით ქ. ბათუმში, ... ქ. №4-ში მდებარე უძრავ ნივთზე ცნობა-დახასიათების გაცემის მოპასუხისთვის დავალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.10.2017წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ს. დ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.11.2017წ. განჩინებით, ა. პ-ის, ვ. პ-ის და კ. პ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.12.2019წ. გადაწყვეტილებით, ა. პ-ის, ვ. პ-ის და კ. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ა. პ-ის, ვ. პ-ის და კ. პ-ის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.02.2019წ. განჩინება (საქმიდან დოკუმენტის ამორიცხვაზე უარის თქმის შესახებ) და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 27.12.2019წ. გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.2021წ. განჩინებით, ა. პ-ის, ვ. პ-ის და კ. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში არსებული მასალებით დადასტურებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 21.05.1982წ. №2-400 გადაწყვეტილებით და აჭარის ასსრ უმაღლესი სასამართლოს 18.06.1982წ. №33-103 განჩინებით დადასტურებული სამართლებრივი შედეგის ფიქსაცია ტექნიკური აღრიცხვის არქივში. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ისინი წარდგენილი იყო აღსასრულებლად შესაბამის სამსახურში. ტექნიკური აღრიცხვის არქივში და სააღრიცხვო მასალებში დაცულია ქ. ბათუმში, ... №4-ში მდებარე უძრავი ნივთის გეგმა (შესრულებული 10.05.1982წ.), რომელზეც დატანილია მიწის ნაკვეთზე ჰ. თ-ისა და ნ. პ-ის საზღვრების დამდგენი და საერთო სარგებლობის გასასვლელის ამსახველი მონაცემები. აღნიშნული მონაცემები დატანილია ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07.04.2012წ. მომზადებულ საინვენტარიზაციო გეგმაზეც, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სამართლებრივი მოწესრიგება და შესაბამის შედეგები უძრავი ნივთების სააღრიცხვო მონაცემებში ასახულია. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურმა 13.04.2017წ. №... ცნობა-დახასიათება ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული სასამართლოს გადაწყვეტილებისა (საქმე №2-400, თარიღი: 21.05.1982წ.) და სასამართლოს განჩინების (საქმე №33-103, თარიღი: 18.06.1982წ.) გათვალისწინებით მოამზადა, შესაბამისად, განხორციელებული რეალაქტი (ინფორმაციის გაცემა) კანონიერია. განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ სარჩელით სადავო №... ცნობა-დახასიათება (13.04.2017წ.) ასახავს ქ. ბათუმში, ... ქუჩის №4-ში მდებარე უძრავ ნივთის ტექინვენტარიზაციის არქივის მიხედვით სწორ სააღრიცხვო მონაცემებს, მასში გადმოცემული ინფორმაცია არ არის სააღრიცხვო მონაცემებთან შეუსაბამო, ამდენად, არ არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების უკანონოდ ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. პ-ის, ვ. პ-ის და კ. პ-ის მიერ.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ საჯარო რეესტრმა ისე მიიღო 13.04.2017წ. გადაწყვეტილება და გასცა ცნობა-დახასიათება, რომ არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. სკ-ის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. ს. დ-ის წარმომადგენელმა ბათუმის საქალაქო სახალხო სასამართლოს 21.05.1982წ. გადაწყვეტილება და აჭარის ასსრ უმაღლესი სასამართლოს 18.06.1982წ. განჩინება აღსასრულებლად საჯარო რეესტრს წარუდგინა 20.07.2016წ., ანუ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 34 წლის შემდეგ, ასევე სადავო არ არის, რომ ჰ. თ-ეს და არც ს. დ-ს კანონით დადგენილ ვადაში სასამართლო აქტები არ აღუსრულებიათ. საქართველოს პრეზიდენტის 28.09.2004წ. №416 ბრძანებულებით ლიკვიდირებული იქნენ ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები, ხოლო სამსახურში არსებული მონაცემთა საინფორმაციო ბანკი არქივის სახით გადაეცა საჯარო რეესტრს, ამდენად, საჯარო რეესტრს არ გააჩნდა უფლებამოსილება ცვლილებები შეეტანა ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებში.
კასატორებმა მიუთითეს, რომ საჯარო რეესტრის 13.04.2017წ. გადაწყვეტილებით, გაუარესდა მათი სამართლებრივი მდგომარეობა. სზაკ-ის 95.2 მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო უზრუნველყო მათი მონაწილეობა ადმინისტრაციული წარმოებისას, რაც არ განუხორციელებია. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე წარადგინა 04.08.2011წ. ინფორმაცია ქ. ბათუმში, ... ქ. №4-ში მდებარე ობიექტზე, რომელიც წინააღმდეგობაშია საჯარო რეესტრის მიერ 04.08.2011წ. გაცემულ ცნობა-დახასიათებასთან. ამ დოკუმენტის საქმიდან ამორიცხვაზე პირველი ინსტანციის განჩინებით მოსარჩელეებს ეთქვათ უარი, რაც გასაჩივრდა სააპელაციო საჩივართან ერთად, თუმცა სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული საკითხი არ გამოუკვლევია. 2011 და 2015 წლებში გაცემულ ცნობა-დახასიათებებში არ არის მითითებული სასამართლოს გადაწყვეტილებების თაობაზე, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ეს გადაწყვეტილებები მითითებულ პერიოდში წარდგენილი არ ყოფილა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. პ-ის, ვ. პ-ის და კ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 28.09.2004წ. №416 ბრძანებულებით ლიკვიდირებულ იქნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირები - ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები, დადგინდა ამ სამსახურებში არსებული მონაცემთა საინფორმაციო ბანკისა და არქივის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის გადაცემა. საჯარო რეესტრის ერთ-ერთ ფუნქციას ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს („საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.2 მუხ., „ბ“ ქვეპუნქტი), ხოლო „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტით, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა განმარტებულია, როგორც საჯარო რეესტრსა და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის თავისუფალი გაცნობისა და გაცემის უზრუნველყოფა. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მასალებისა და საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათების ურთიერშესაბამისობა. საქმის მასალებში წარმოდგენილია ქ. ბათუმში, ... ქ. №4-ში მდებარე ტექნიკური აღრიცხვის არქივის მასალების ასლი (ტ.1, ს.ფ. 179-241), მათ შორის დაცულია ქ. ბათუმის სახ. სასამართლოს 07.04.1982წ. განჩინება, რომლითაც დგინდება, რომ ნ. პ-სა (კასატორების საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის წინა მესაკუთრე) და ჰ. თ-ეს (მესამე პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის წინა მესაკუთრე) შორის სადავო იყო მიწით სარგებლობის საკითხი. ამავე განჩინებით დაინიშნა ექსპერტიზა ეზოს გაყოფასთან დაკავშირებით. ტექნიკური აღრიცხვის არქივის მასალებში ასევე დაცულია 10.05.1982წ. ნახაზი, სადაც ასახულია ქ. ბათუმში, ... ქ. №4-ში მდებარე მიწის ნაკვეთის გაყოფის გეგმა, საერთო სარგებლობის ნაწილის მითითებით. ქ. ბათუმის სახ. სასამართლოს 21.05.1982წ. გადაწყვეტილებით (საქმე №2-400), ნ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. პ-სა და ჰ. თ-ეს შორის მიწის ნაკვეთი გაიყო კომისიის დასკვნისა და გეგმის თანახმად, 82 კვ.მ., როგორც გასასვლელი დარჩა საერთო სარგებლობაში, 376 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მიეკუთვნა ჰ. თ-ეს, ხოლო 250 კვ.მ. მიწის ნაკვეთი - ნ. პ-ს. აჭარის ასსრ უმაღლესი სასამართლოს 18.06.1982წ. განჩინებით, მითითებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ საცნობარო ფურცელში (შიგა აღწერაში), სადაც ჩამოთვლილია არქივში დაცული დოკუმენტები, რიგით მესამე ნომრად მითითებულია განჩინება შემდეგი გვერდების აღნიშვნით: 15-17. მითითებულ გვერდებზე დაცულია ქ. ბათუმის სახ. სასამართლოს 07.04.1982წ. განჩინება და 21.05.1982წ. გადაწყვეტილება (საქმე №2-400), ასევე აჭარის ასსრ უმაღლესი სასამართლოს 18.06.1982წ. განჩინება (ტ. 1, ს.ფ. 188-194). ამდენად, საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება კასატორების მიერ მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ ქ. ბათუმის სახ. სასამართლოს 21.05.1982წ. გადაწყვეტილება (საქმე №2-400) და აჭარის ასსრ უმაღლესი სასამართლოს 18.06.1982წ. განჩინება ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში წარდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ სადავო ცნობა-დახასიათება (13.04.2017) ასახავს ქ. ბათუმში, ... ქუჩის №4-ში მდებარე უძრავი ნივთის ტექინვენტარიზაციის არქივში დაცულ მონაცემებს, მასში გადმოცემული ინფორმაცია არ არის არქივის მონაცემებთან შეუსაბამო, საქმეში დაცული მასალებით დგინდება აღნიშნული სასამართლოს აქტების ტექნიკური ინვენტრაზაციის ბიუროში წარდგენის ფაქტი, შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორების მითითება სკ-ის 142-ე მუხლით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადაზე.
დასაბუთებული არ არის აგრეთვე კასატორების მითითება იმ გარემოებაზე, რომ სადავო საჯარო რეესტრის 13.04.2017წ. ხელმისაწვდომობის შესახებ გადაწყვეტილებითა და მის საფუძველზე გაცემული ცნობა-დახასიათებით გაუარესდა მათი სამართლებრივი მდგომარეობა. კასატორები არ მიუთითებენ კონკრეტულად რაში გამოიხატა სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესება, აბსტრაქტულად ასეთი სახის გარემოებაზე მითითება, შესაბამისი დასაბუთებისა და არგუმენტაციის გარეშე, აღნიშნული გარემოების გაზიარების საფუძველს არ ქმნის. საქმეში დაცული 24.12.2015წ. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ა. პ-ის, ვ. პ-ის და კ. პ-ის თანასაკუთრების უფლება რეგისტრირებულია ქ. ბათუმში, ... ქ. №4-ში მდებარე 711 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და 224 კვ.მ. ფართის 4/7 ნაწილზე, ამდენად, სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესება საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, ხოლო საკასაციო საჩივარი ამ მხრივ დასაბუთებას არ შეიცავს. რაც შეეხება საჯარო რეესტრის 04.08.2011წ. ინფორმაციის საქმის მასალებიდან ამორიცხავზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას, კასატორებს აღნიშნულ ნაწილში არ მიუთითებიათ დოკუმენტის საქმიდან ამორიცხვის მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივ საფუძვლებზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული ინფორმაცია (04.08.2011წ.) ასახავს ქ. ბათუმში, ... ქ. №4-ში მდებარე უძრავ ნივთზე ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებს. როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველი დავის საგანს შეადგენს სწორედ ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემებისა და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათების შესაბამისობა, ამდენად, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ აღნიშნულ ინფორმაცია (04.08.2011წ.) არ შეესაბამება მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილ 04.08.2011წ. ცნობა-დახასიათებას, დოკუმენტის საქმიდან ამორიცხვის საკმარის საფუძველს არ ქმნის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა. პ-ის, ვ. პ-ის და კ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. პ-ის, ვ. პ-ის და კ. პ-ის დაზუსტებული საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.2021წ. განჩინება;
3. ა. ს-ს (პირადი №...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.11.2021წ. №11886295507 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი