საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1128(კ-22) 7 დეკემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ნ. შ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. შ-ემ 2020 წლის 30 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 5 ოქტომბრის N03-2064/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოსარჩელეთა ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 5 ოქტომბრის №03-2064/ო ბრძანება მოსარჩელე ნ. შ-ის ოჯახის, როგორც ეკომიგრანტი ოჯახის, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ნაწილში და დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ნ. შ-ის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ შესაფასებელია მოსარჩელე ნ. შ-ის ოჯახი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ შესაბამისად, წარმოადგენს თუ არა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახს (ეკომიგრანტი) და აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გააჩნია თუ არა ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ვალდებულება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებასა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს არეგულირებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა“ (დანართი №1, სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია). აღნიშნული დანართის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გეოლოგიის, სამთო საქმისა და წიაღისეული რესურსების სახელმწიფო დეპარტამენტის საინჟინრო - გეოლოგიური დასკვნის შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ. შ-ის საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოიწვია არა დიდთოვლობამ, როგორც ამას ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიუთითებს, არამედ, 1989 წელს განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა. პალატამ ყურადღება გაამახვილა აღნიშნული მეწყრული პროცესების აქტივაციის სიმძლავრეზეც, კერძოდ, ზემოაღნიშნული სახლის განთავსების ადგილზე ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა განხორ-ციელებულია 2004 წელს (მეწყრის ჩამოწოლიდან 15 წლის შემდეგ) და აღნიშნულ პერიოდშიც კი ფერდი იმყოფებოდა დინამიკაში და განიცდიდა გააქტიურებას. გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ 2014 წელს (25 წლის შემდეგ) ჩატარებული ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევისას დადგინდა, რომ აღნიშნული მეწყრული ფერდი უკვე სტაბილიზაციის მდგომარეობაში იმყოფებოდა. მაშასადამე, ნ. შ-ის საცხოვრებელი სახლის დანგრევის საფუძველი არ გამხდარა დიდთოვლობა და სახეზეა „პროცედურის“ პირველი მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული სტიქიური მოვლენის - მეწყრის ზემოქმედების აშკარა გავლენა. ამდენად საფუძველსაა მოკლებული იმის მიჩნევა, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ, საცხოვრებელი სახლის მიღების მოთხოვნაზე უფლებამოსილ სუბიექტს (ეკომიგრანტს).
პალატის მოსაზრებით გასათვალისწინებელია, რომ „დაზარალებულის მიერ საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე“ ნ. შ-ის 2014 წლის 10 ივლისის №01-0317 განაცხადთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოს ეჭვქვეშ არ დაუყენებია ის გარემოება, რომ ნ. შ-ის ოჯახი წარმოადგენდა მათ ბენეფიციარ ეკომიგრანტ ოჯახს. უფრო მეტიც, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 13 იანვრის №03-01/03/874 წერილით ნ. შ-ეს ეცნობა, რომ როდესაც კომისიის მიერ მიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება 16.5 ქულიანი ეკომიგრანტი ოჯახების დაკმაყოფილების შესახებ, მასაც მიეცემოდა საშუალება, მისთვის სასურველ მუნიციპალიტეტში მოეძიებინა ექსპლუატაციისათვის ვარგისი საცხოვრებელი სახლი, რომლის შესყიდვასაც უზრუნველყოფდა სამინისტრო. მაშასადამე, აღნიშნულ პერიოდში ნ. შ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა განპირობებული იყო მხოლოდ ქულების ნაკლებობით და სადავოდ არ გამხდარა მოსარჩელის ეკომიგრანტობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ ნ. შ-ემ 2014 წლის 10 ივლისს შეავსო განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. მან წინასწარი შეფასების შედეგად მოიპოვა 16 ქულა შემდეგ კრიტერიუმებში: საცხოვრებელ სახლს აღენიშნება პირველი კატეგორიის დაზიანება - 10 ქულა, სხვა საცხოვრებელი არ აქვს საკუთრებაში - 6 ქულა. 2013 წლის 13 ნოემბრის №799 ბრძანების შესაბამისად, მოსარჩელის მისამართზე (ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ...ი) მონიტორინგის ჯგუფის მიერ 2020 წლის 15 აგვისტოს განხორციელდა ადგილზე შემოწმება და შეივსო შესაბამისი ფორმა. ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ საცხოვრებელი სახლი აღარ დგას. გეოლოგიური დასკვნით ფერდი ძველმეწყრულია. ოჯახი 2004 წლიდან ცხოვრობს წალკაში, სოფ. ...ში სხვადასხვა მისამართზე, ხოლო 2013 წლიდან ...ის შენობაში. საქმეში წარმოდგენილია სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ოქმი, რომლის მიხედვითაც ნ. შ-ის სახლი დაინგრა დიდთოვლობის შედეგად. „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით და სააგენტოსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით. გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მონიტორინგის მასალები წარედგინა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელ კომისიას. კომისიამ 2020 წლის 21, 22 სექტემბრის (სხდომის ოქმი №19) სხდომაზე იმსჯელა ეკომიგრანტთა ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე და მოსარჩელეს უარი უთხრა საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ მხარე არ არის სააგენტოს ბენეფიციარი - ეკომიგრანტი, სახლი დაინგრა დიდთოვლობის შედეგად, დიდთოვლობით მიყენებული ზიანი კი არ არის მხარისთვის ეკომიგრანტის სტატუსის მინიჭების საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ (სადავო პერიოდში მოქმედი) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყრის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე პროცედურის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ეკომიგრანტი ოჯახის, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებას ახორციელებს ამ ბრძანების საფუძველზე, სააგენტოს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის სააგენტოს მიერ შესყიდვის გზით.
დადგენილია, რომ ნ. შ-ემ მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად 2014 წლის 10 ივლისს შეავსო განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. მას წინასწარი შეფასების შედეგად მიენიჭა 16 ქულა შემდეგ კრიტერიუმებში: საცხოვრებელ სახლს აღენიშნება პირველი კატეგორიის დაზიანება - 10 ქულა, სხვა საცხოვრებელი არ აქვს საკუთრებაში - 6 ქულა. მოსარჩელის მისამართზე (ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ...ი) მონიტორინგის ჯგუფის მიერ 2020 წლის 15 აგვისტოს განხორციელდა ადგილზე შემოწმება და შეივსო შესაბამისი ფორმა. საცხოვრებელი სახლის ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ საცხოვრებელი სახლი აღარ დგას. გეოლოგიური დასკვნით ფერდი ძველმეწყრულია. ოჯახი 2004 წლიდან ცხოვრობს წალკაში, სოფ. ...ში სხვადასხვა მისამართზე, ხოლო 2013 წლიდან ...ის შენობაში. ამავე „ფორმაში“ მიეთითა, რომ საქმეში წარმოდგენილია სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ოქმი, რომლის მიხედვით, ნ. შ-ის სახლი დაინგრა დიდთოვლობის შედეგად.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 5 ოქტომბრის №03-2064/ო ბრძანებით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელ კომისიის 2020 წლის 21, 22 სექტემბრის №19 სხდომის ოქმის საფუძველზე, მოსარჩელის მოთხოვნა საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ მხარე არ არის სააგენტოს ბენეფიციარი - ეკომიგრანტი, სახლი დაინგრა დიდთოვლობის შედეგად, დიდთოვლობით მიყენებული ზიანი კი არ არის მხარისთვის ეკომიგრანტის სტატუსის მინიჭების საფუძველი. ამდენად, დადგენილია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია სოფლის ტურისტული ორგანოს რწმუნებულისა და სოფ. ...ის წამყვანი სპეციალისტის მიერ 2014 წლის 29 ივლისს შედგენილი აქტის საფუძველზე, რაც წარმოადგენს ადგილზე დათვალიერების შედეგად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გაკეთებულ ნააზრევს, რომლის მართებულობაც არ დასტურდება საქმეში დაცული არც-ერთი მტკიცებულებით, მეტიც, ხსენებულ აქტს აქარწყლებს საქმის მასალებში წარმოდგენილი საკარმიდამო ნაკვეთის ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა, რომლის შესაბამისად, მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე მდებარე საცხოვრებელი სახლი, ადგილობრივებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების გადმოცემით, გასულ წლებში დაინგრა მეწყრული პროცესების ზემოქმედების შედეგად. ამდენად, საქმეში დაცული დოკუმენტაცია ქმნის მოსარჩელე ოჯახის ეკომიგრანტ ოჯახად მიჩნევისა და შესაბამისად, სააგენტოს მიერ ნ. შ-ის ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილების საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ბიძინა სტურუა
გენადი მაკარიძე