№ბს-558(კ-22) 14 დეკემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
სხდომის მდივანი - ანა ნიგურიანი
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
წარმომადგენელი - ზ. დ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ჟ. ჩ-ე
წარმომადგენელი - ზ. ხ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ჟ. ჩ-ემ 2020 წლის 21 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 11 აგვისტოს №03-1089/ო ბრძანება; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
სარჩელის თანახმად, ჟ. ჩ-ე არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი (დევნილი), რომელსაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს 2020 წლის 11 აგვისტოს №03-1089/ო ბრძანებით უარი ეთქვა ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე არასაკმარისი ქულების გამო.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით ჟ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 11 აგვისტოს №03-1089/ო ბრძანება; დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, კანონით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჟ. ჩ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება.
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მოსარჩელე ჟ. ჩ-ემ, 2019 წლის 25 ოქტომბერს, შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. განაცხადის დამუშავების შედეგად (01/10/2020 წ.) მან მოიპოვა 4 ქულა, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: საცხოვრებლის ფინანსური პირობები, ნაქირავები - 1.5 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1 ქულა; სოციალური კრიტერიუმი 60001-65000 – 1.5 ქულა; ბ) 2019 წლის 11 დეკემბრის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დასტურდებოდა, რომ ჟ. ჩ-ე რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მისამართით: თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, ...ის ქ. №2, სარეიტინგო ქულა - 62710 (ქულის მინიჭების თარიღია - 2019 წლის 08 ივლისი); გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმის №36), ჟ. ჩ-ეს არასაკმარისი 4.5 ქულის გამო (დააკლდა: საცხოვრებლის ფინანსური პირობები, ნაქირავები - 1.5 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან - 1 ქულა; დაემატა: სახელმწიფო ან/და თვითმმართველობისათვის მნიშვნელოვანი ობიექტები - 3 ქულა), უარი ეთქვა ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე; დ) ქალაქ თბილისში მდებარე ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული ჰქონდათ 6 და მეტი ქულა; ე) 2020 წლის 4 სექტემბრის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დასტურდებოდა, რომ ჟ. ჩ-ე რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მისამართით: თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, ...ის ქ. №2, სარეიტინგო ქულა - 55840 (ქულის მინიჭების თარიღია - 2020 წლის 14 აგვისტო); ვ) 2020 წლის 4 სექტემბერს, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე ელექტრონული განაცხადის დამუშავების შედეგად, ჟ. ჩ-ემ მოიპოვა 5.5 ქულა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: 1. ა.ა) დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც წარმოადგენს კერძო საკუთრებას და: ა.ა.ბ) მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას; ა.ა.გ) მესაკუთრემ განახორციელა დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებული პროცედურა - 3 ქულა, 2. სოციალური კრიტერიუმი (30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით) – 2.5 ქულა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის
წესის“ მე-2 მუხლის „ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებზე, მე-6 მუხლზე, №6 დანართის „დ“ ქვეპუნქტზე, №7 დანართის „ზ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1 მუხლზე, მე-4 მუხლის „ო“ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირი განიხილება კონკრეტული ოჯახის წევრად იმ შემთხვევაში, თუ იგი ოჯახის სხვა წევრებთან მუდმივად ცხოვრობს განცალკევებულ ფართში და ამასთანავე მათთან ერთად ეწევა შინასამეურნეო საქმიანობას. არსებითი მნიშვნელობა აქვს განისაზღვროს დევნილი ოჯახის წევრთა რაოდენობა, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ აღნიშნულმა გარემოებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ქულათა რაოდენობაზე, ასევე, დევნილი ოჯახის წევრთა ოდენობამ შეიძლება გავლენა იქონიოს გადაცემული ფართის ოდენობაზეც. შესაბამისად, დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გადაამოწმოს განმცხადებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და დაადგინოს ვინ არიან განმცხადებელთან მუდმივად მცხოვრები პირები და ადგილი ხომ არ აქვს ოჯახის ხელოვნურ გაყოფას ან გაერთიანებას.
სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის ფოტოსურათები) უტყუარად ვერ ადასტურებს, რომ მოსარჩელე სხვა პირთან ერთად მუდმივად ცხოვრობდა და მასთან ეწეოდა შინასამეურნეო საქმიანობას. ის ფაქტი, რომ მონიტორინგის მომენტში კონკრეტული პირი იმყოფებოდა ჟ. ჩ-ესთან ერთად, შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, ვერ დაადასტურებს, რომ აღნიშნული პირი წარმოადგენს მოსარჩელის ოჯახის წევრს. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება, რომ გადამოწმებისას ჟ. ჩ-ის ბინაში იყო მ. ჩ-ის პირადი ნივთები და არც ადმინისტრაციული ორგანოს მონიტორინგის მასალები შეიცავს ოჯახის შინასამეურნეო საქმიანობის შესახებ ინფორმაციას.
სააპელაციო პალატამ საქმეში დაცულ დოკუმენტებზე მითითებით განმარტა, რომ კომუნალური გადასახადის გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ მოსარჩელე რეგისტრირებულია ცალკე აბონენტად, რომელიც მოიხმარს და იხდის შესაბამის კომუნალურ გადასახადებს შვილიშვილის ოჯახისაგან დამოუკიდებლად. ასევე საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ჟ. ჩ-ე 2002 წლიდან ქირის გარეშე ცხოვრობს შპს ,,მ...“-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განლაგებულ ფართში მისამართზე: ქ. თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, ...ის ქ. №2. საქმეში დაცულია დიდუბე - ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ, 2002 წლის 29 მაისს მიღებული გადაწყვეტილება (საქმე N2/2519), ,,შრომის ორგანიზაციის პროგრამების დანერგვის ცენტრის“ შენობიდან (მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №2) ჟ. ჩ-ის ოჯახის გამოსახლების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ჟ. ჩ-ესთან მიმართებით არ არსებობდა მარტოხელა პენსიონერის კრიტერიუმის, ისევე როგორც, დაქირავებული საცხოვრებლის არ არსებობის მოტივით, ქულების დაკლების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულ კრიტერიუმებში ქულის არ დაკლების შემთხვევაში, მისთვის მინიჭებული ქულის გათვალისწინებით, ჟ. ჩ-ეს ჰქონდა უფლება დაკმაყოფილებულიყო ქალაქ თბილისში, ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში, ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
საკასაციო საჩივრის თანახმად, მოსარჩელე ჟ. ჩ-ემ 2019 წლის 25 ოქტომბერს შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. განაცხადის დამუშავების შედეგად მან მოიპოვა 4.5 ქულა: საცხოვრებლის ფინანსური პირობები, ნაქირავები - 1.5 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1 ქულა; სოციალური კრიტერიუმი, 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით - 2.5 ქულა. მოსარჩელე სარეგისტრაციო ნომერზე არის მარტო და ცხოვრობს მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №2, ბინა №2. 2020 წლის 1 ივნისს მისამართის დაზუსტების მიზნით მონიტორინგის ჯგუფი ტელეფონით დაუკავშირდა ჟ. ჩ-ეს, რომელმაც განაცხადა, რომ იმყოფებოდა ბათუმში ნათესავთან და 2-3 დღეში დაბრუნდებოდა თბილისში. 2020 წლის 11 ივნისს მოსარჩელის საცხოვრებელი პირობების მოკვლევის მიზნით სამსახური იმყოფებოდა მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №2, ბინა №2. ჟ. ჩ-ესთან ერთად მონიტორინგის სამსახურს მისამართზე დახვდა მოსარჩელის შვილიშვილი მ. ჩ-ე. მონიტორინგის მასალები გადაეცა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას განსახილველად, რომელმაც 2020 წლის 21 ივლისს (ოქმი №36) იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და უარი უთხრა მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე არასაკმარისი ქულის გამო. როგორც საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, მოსარჩელე ცხოვრობს ქირის გარეშე 2002 წლიდან მითითებულ მისამართზე შვილიშვილთან მ. ჩ-ესთან ერთად. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურდა მოსარჩელის საცხოვრებელი მისამართზე მონიტორინგის განხორციელების დროს, კერძოდ, ადგილზე მისულ მონიტორინგის სამსახურს ადგილზე დახვდა ჟ. ჩ-ის შვილიშვილი, რომელიც ამავე მისამართზე ცხოვრობს მოსარჩელესთან ერთად. მართალია, მოსარჩელეს დაემატა 3 ქულა დანართი №6-ის საფუძველზე კრიტერიუმში - ა.ა) დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც წარმოადგენს კერძო საკუთრებას და: ა.ა.ბ) მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას; ა.ა.გ) მესაკუთრემ განახორციელა დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებული პროცედურა, მაგრამ მოსარჩელის ქულათა რაოდენობამ ჯამში შეადგინა მხოლოდ 5.5 ქულა, რაც არასაკმარისი აღმოჩნდა ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილებისათვის.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელე ჟ. ჩ-ეს განაცხადი შევსებული ჰქონდა როგორც ერთსულიან ოჯახს და იყო ერთოთახიანი ბინის კანდიდატი. საქმეში წარმოდგენილია 2020 წლის 21 ივლისის დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომის ოქმი (ოქმი №36), სადაც 56 ერთოთახიანი ბინის განაწილების მიზნით 294 განაცხადი იქნა წარდგენილი კომისიაზე, რომელთაც წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 6 და მეტი ქულა, ხოლო ჟ. ჩ-ის ქულათა რაოდენობა კი შედგენდა 5.5 ქულას, რაც არასაკმარისი აღმოჩნდა, რათა მომხდარიყო მოსარჩელის ბინით უზრუნველყოფა.
კასატორი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა აქვს, დადგინდეს რამდენ სწორად დააკლო ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელეს ქულები. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე არ იყო მარტოხელა პენსიონერი, მასთან ერთად მისი ოჯახის წევრიც ცხოვრობდა და ისინი ერთად ეწეოდნენ შინასამეურნეო საქმიანობას, ამასთან ოჯახი არ ცხოვრობდა ქირით. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მართებულად მიიჩნია მოსარჩელისთვის მარტოხელა პენსიონერის კრიტერიუმში და ქირის ნაწილში ქულების ჩამოკლება, ხოლო დარჩენილი ქულათა ოდენობა კი არ აძლევდა სააგენტოს საშუალებას არსებითად ემსჯელა ჟ. ჩ-ის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით დაინიშნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა მხარეთა დასწრებით 2022 წლის 14 დეკემბერს, 13:00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო პალატა არ არის შებოჭილი ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილს არ ხდის საკასაციო სასამართლოს თავადვე დაადგინოს ახალი ფაქტობრივი გარემოებები, საკასაციო სასამართლოს პროცესუალური როლის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტების დამდგენი სასამართლო და იგი გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებების გათვალისიწნებით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ (ძალადაკარგულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 04/08/2021 №01-30/ნ ბრძანებით). აღნიშნული წესის (დანართი №1) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება. ამავე წესის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა.
ზემოაღნიშნული ბრძანებით ასევე დამტკიცებულია „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი №6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი №7). დანართებში მოცემულია ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასდეს კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით.
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი). იმისათვის, რომ ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა ჯგუფი განხილულ იქნეს დევნილ ოჯახად, ამ კანონის მიზნებისათვის, აუცილებელია, ისინი ერთობლივად ეწეოდნენ შინასამეურნეო საქმიანობას. ამავე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, შინასამეურნეო საქმიანობა (საერთო საოჯახო მეურნეობა) არის ოჯახის კეთილდღეობის უზრუნველყოფისაკენ მიმართული საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელი ადგილის ერთობლივ გამოყენებას, მოვლა-პატრონობას, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებათა მოპოვებას და ამ საშუალებების (შემოსავლები და ხარჯები) ოჯახის საკეთილდღეოდ განკარგვა-განაწილებას.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ჟ. ჩ-ისათვის ქულის დაკლების საფუძველი, ხოლო მინიჭებული ქულების ოდენობა იძლეოდა საშუალებას დაკმაყოფილებულიყო მოსარჩელე ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით და სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე