Facebook Twitter

ბს-1072(2კ-21) 16 დეკემბერი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები:ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.07.2021წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ჭ-ემ 15.08.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 22.06.2018წ. N003157 დადგენილების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 09.10.2019წ. N1551 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.07.2019წ. განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.10.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.07.2021წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.10.2019წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ვ. ჭ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 22.06.2018 წ. N003157 დადგენილება, მუნიციპალური ინსპექციას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 09.10.2019 წ. N1551 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში 27.03.2018 წ. გამართულ სხდომაზე მხარემ დაადასტურა, რომ სადავოდ გამხდარი კაპიტალური შენობა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, მისივე განცხადებით მშენებლობა ნაწარმოებია 90 -იან წლებში. პალატამ მიიჩნია, რომ ზედამხედველობის სამსახურის მიერ საქმის განხილვისას სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ - გასაჩივრებულ აქტში არ არის ასახული მითითებული გარემოებების შესაბამისი დასაბუთება. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მშენებლობა ნაწარმოებია 1990-იან წლებში, ამასთანავე, არქიტექტურის სამსახურის მიერ მოსარჩელისათვის შენობა-ნაგებობის ლეგალიზაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ 2007 წლის 1 იანვრის შემდგომ განხორციელდა შენობა- ნაგებობის იერსახის შეცვლა, სადავო არ გამხდარა შენობა-ნაგებობის აშენება 2007 წლამდე. გასათვალისწინებელია, რომ შენობა-ნაგებობის ლეგალიზაციაზე უარის კანონიერების განხილვა დღემდე მიმდინარეობს სასამართლოში. საქმის მასალებში წარმოდგენილია ვ. ჭ-ის მეზობელთა განცხადებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ შენობა-ნაგებობა აღნიშნული იერსახით არსებობდა 2007 წლის 1 იანვრამდე. დოკუმენტი ხელმოწერილია ორმოცდათვრამეტი პირის მიერ. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ორგანოს სადავო გადაწყვეტილების მიღებისას არ შეუფასებია ის გარემოება თუ რა დროს აშენდა შენობა-ნაგებობა და აშენების დროიდან გამომდინარე რა სამართლებრივ რეგულაციაში ექცეოდა იგი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.07.2021წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ. კასატორებმა აღნიშნეს, რომ სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძვლები არ არსებობდა, სადავო აქტები გამოცემულ იქნა ნორმატიულად დადგენილი პროცედურების დაცვით. სასამართლოს თავად ჰქონდა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის შესაძლებლობა. მშენებლობა საჭიროებდა სათანადო წესით გაცემულ ნებართვას მათ შორის 90-იან წლებშიც, თუმცა სამართალდარღვევის დენადობის გათვალისწინებით ნაგებობის მოწყობის მომენტის დადგენა არ არის რელევანტური. უდავოა ნაგებობის სათანადო ნებართვის გარეშე მოწყობა, ამასთანავე, ვ. ჭ-ემ თავადვე დაადასტურა უნებართვო სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. მოსარჩელეს მიეცა ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად, თუმცა დარღვევა დღემდე არ არის გამოსწორებული. მოწმეთა ჩვენებები ნაკლებად სარწმუნოა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით დამატებითი მტკიცებულებების შეგროვების შესაძლებლობა, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების სრულ ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. საქმეში დაცული დოკუმენტაციის სათანადო წესით შეფასება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ არ მომხდარა, კერძოდ, საქმეში დაცულია შპს „უ...ის“ 17.04.2018წ. N18/04-14/01 დასკვნა, რომლის თანახმად, შენობა არის ბლოკით აშენებული ნაგებობა, რომელიც გადახურულია თუნუქის სახურავით, შიგნით შენობა გადატიხრულია და გამოყოფილია ფართი სველი წერტილებისთვის, შენობაში შეყვანილია ყველა სახის კომუნიკაციები, უზრუნველყოფილია წყლით, ელექტროენერგიით და ბუნებრივი აირით, აქვს რკინის კარები, ფანჯრები. შენობის მდგომარეობას შეესაბამება ტერმინი შავი კარკასი. დასკვნის მიხედვით, ასეთ მდგომარეობაში ბინები იყიდება ქართულ ბაზარზე სერიულად, ამდენად, შენობას აქვს დასრულებული სახე, მისი გამოყენება შეიძლება როგორც კომერციული მიზნით, ასევე საცხოვრებლად. ამასთანავე, მართალია არქიტექტურის სამსახურის მიერ საკითხის ხელახლა განხილვისას 11.12.2018წ. გადაწყვეტილებით ვ. ჭ-ეს უარი ეთქვა შენობის ლეგალიზაციაზე, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული აქტი გასაჩივრებულია სასამართლოში და ჯერ რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, შესაბამისად გაურკვეველია ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მართლზომიერება, რის გამო ვ. ჭ-ისთვის სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო სანქციისა და დემონტაჟის დაკისრება მოკლებულია სათანადო დასაბუთებას. არ გამოკვლეულა და შეფასებულა აგრეთვე მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტი უნებართვოდ მიჩნეული ნაგებობის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ.

რაც შეეხება კასატორთა მითითებას მოწმეთა ჩვენებების არასარწმუნოობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვ. ჭ-ის მეზობელთა ახსნა-განმარტებების იმთავითვე არასარწმუნოდ მიჩნევა არ არის მართებული. მათი სათანადოდ შეფასება უნდა მოხდეს საქმეში დაცულ სხვა მტკიცებულებებთან (მაგ.: ორთოფოტოებთან, ფოტოსურათებთან და სხვ.) ერთობლიობაში. ათობით პირის წერილობით ახსნა-განმარტების შეფასებისა და სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერების გარეშე უარყოფა არ არის დასაბუთებული.

მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ დადგენას საჭიროებს ნაგებობის მოწყობის მომენტი, ნაგებობის კლასი და მოწყობის მომენტში მოქმედი სანებართვო დოკუმენტაციის გაცემასთან დაკავშირებული ნორმატიული მოწესრიგება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდიანრე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.07.2021წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი