ბს-606(კ-21) 16 დეკემბერი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.04.2021წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ხ-მა 17.03.2020წ. სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ამავე სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის რეგისტრაციის შესახებ 25.09.2019წ. №... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 14.01.2020წ. №... და 17.01.2020წ. №... გადაწყვეტილებების, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ 17.02.2020წ. №... და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 12.03.2020წ. №... გადაწყვეტილებების, ასევე ატენის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის 22.11.2019წ. და 06.12.2019წ. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმების ბათილად ცნობა.
სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე გორის რაიონული სასამართლოს 05.06.2020წ. განჩინებით, საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. ხ-ი, ხოლო 01.07.2020წ. განჩინებით, მესამე პირებად ჩაებნენ მ., ლ., მ., მა. და მ. ბ-ები, ასევე გ. უ-ა.
გორის რაიონული სასამართლოს 02.09.2020წ. გადაწყვეტილებით, დ. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე 3039 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დაზუსტებული მონაცემებით ... საკადასტრო კოდით (წინა კოდი ...) ქ. ხ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 25.09.2019წ. №... გადაწყვეტილება, ქ. ხ-ის უფლების დამდგენ დოკუმენტსა და საკადასტრო აზომვით ნახაზში ასახული მიწის ნაკვეთების იდენტობის დადგენის შესახებ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 22.11.2019წ. უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №... ოქმი, დ. ხ-ის უფლების დამდგენ დოკუმენტსა და საკადასტრო აზომვით ნახაზში ასახული მიწის ნაკვეთების არაიდენტობის დადგენის შესახებ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 05.12.2019წ. უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №... ოქმი, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 14.01.2020წ. №... გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.02.2020წ. №... გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.03.2020წ. №... გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს დაევალა მხარეთა მიერ წარდგენილი განცხადებების საფუძველზე, საკითხის ხელახლა განხილვისას მითითებულ უძრავ ქონებაზე დ. ხ-ისა და ქ. ხ-ის (საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე სხვა პირთა) საკუთრების უფლების არსებობისა და ფარგლების, სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდების, მესაკუთრეების (მოსარგებლეების), გეოგრაფიული მდებარეობის, მიწის ნაკვეთის სხვა მახასიათებლების, უძრავი ქონების კონფიგურაციის, ნაკვეთის საზღვრების პარამეტრების შესწავლა და ამ გარემოებათა გამოკვლევა-შეფასების შემდეგ, საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, საკუთრების უფლების რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს აღნიშნული დავალების შესრულება დაევალა იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ თ. ხ-ის ნაკვეთი მდებარეობს გ. უ-ასა და მ. ბ-ის (დღევანდელი მდგომარეობით მესაკუთრე ქ. ხ-ი) მიწის ნაკვეთებს შორის, გორის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი მოთხოვნის (საჭიროების) შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მხარეთა (საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე სხვა პირთა) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენა ან უარი მასზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს დ. ხ-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადასახდელად დაეკისრა 100 ლარი, ხოლო წარმომადგენლობის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის სახით - 600 ლარი, სულ 700 (შვიდასი) ლარი, გორის მუნიციპალიტეტის მერიას დ. ხ-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადასახდელად დაეკისრა 100 ლარი, ხოლო წარმომადგენლობის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის სახით - 600 ლარი, სულ 700 (შვიდასი) ლარი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.04.2021წ. განჩინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 02.09.2020წ. გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით, ადვოკატისათვის გაწეული თანხის 800 (რვაასი) ლარის ანაზღაურება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მხარეთა კუთვნილი მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის, კონფიგურაციისა და კოორდინატების შესახებ საქმეში წარმოდგენილი, საჯარო რეესტრში დაცული, დაუზუსტებელი, დაურეგისტრირებელი საკადასტრო მონაცემებით (ე. წ. „ყვითელი ფენა“) დგინდება, რომ თ. ხ-ის (მოსარჩელის მამკვიდრებლის) მიწის ნაკვეთი განთავსებულია გ. უ-ასა და გ. გ-ის მიწის ნაკვეთების სამხრეთით და მ. ბ-ის მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთით. აღნიშნული მონაცემებით დგინდება, რომ მხარეებს საკუთრებაში გადაეცათ კონკრეტული ოდენობის, კონკრეტულ ადგილზე გამოყოფილი მიწის ნაკვეთები, შესაბამისი კონფიგურაციებითა და პარამეტრებით. უტყუარად დგინდება, რომ თ. ხ-ის ნაკვეთი მდებარეობს, ერთი მხრივ, გ. გ-ისა და გ. უ-ას, ხოლო მეორე მხრივ, მ. ბ-ის მიწის ნაკვეთებს შორის. აღნიშნული კი თავის მხრივ გამორიცხავს ქ. ხ-ის საკუთრების რეგისტრაციის შესახებ 25.09.2019წ. გადაწყვეტილების კანონიერებასა და სიზუსტეს. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ასევე გამორიცხავს თ. ხ-ის მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 22.11.2019წ. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №... ოქმის კანონიერებას ქ. ხ-ის უფლების დამდგენ დოკუმენტსა და აზომვით ნახაზში ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის თაობაზე. გორის მუნიციპალიტეტის მერიის 21.11.2019წ. და 22.11.2019წ. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმები, რომლებითაც მერიამ დაადასტურა ერთსა და იმავე მიწის ნაკვეთზე დ. ხ-ისა და ქ. ხ-ის საკუთრებები, ერთმანეთის საწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავია, ვინაიდან სადავო მიწაზე ამ ორი პირის თანასაკუთრების საფუძვლები სახეზე არ არის. გორის მუნიციპალიტეტის მერიის 05.12.2019წ. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმით დადგინდა დ. ხ-ის უფლების დამდგენ დოკუმენტსა (19.09.2012წ. საარქივო ცნობა) და საკადასტრო აზომვით ნახაზში ასახული მიწის ნაკვეთის არაიდენტობა ისე, რომ 21.11.2019წ. ოქმით დადასტურებული დ. ხ-ის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთების იდენტურობა გაუქმებული ან ბათილად ცნობილი არ ყოფილა, ამასთან 05.12.2019წ. ოქმით აღნიშნული გარემოება უარყოფილია შესაბამისი დასაბუთების გარეშე. მოცემული მტკიცებულებებით ერთნაირად დაუსაბუთებელია გორის მუნიციპალიტეტის მერიის, როგორც 22.11.2019წ. (ქ. ხ-ის მიწის ნაკვეთების იდენტობის დადასტურების შესახებ), ასევე 05.12.2019წ. (დ. ხ-ის მიწის ნაკვეთების არაიდენტობის დადასტურების შესახებ) სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმები.
საჯარო რეესტრში დაცულ სისტემურ მონაცემებსა და 2005 წლის საკადასტრო აზომვითი ნახაზზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატა დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო დაზუსტებული რეგისტრაციით ქ. ხ-ის საკუთრებაში მოექცა თ. ხ-ის (მოსარჩელის მამკვიდრებლის) კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი, შესაბამისად, როგორც საჯარო რეესტრის სამსახური, ასევე გორის მუნიციპალიტეტი ვალდებული იყვნენ, სრულყოფილად გამოეკვლიათ და დაედგინათ საქმის გარემოებები, თუნდაც სისტემური აღრიცხვისა და 2005 წლის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მონაცემებთან შედარების გზით და ისე მიეღოთ გადაწყვეტილება.
საქმეში წარმოდგენილია მოწინააღმდეგე მხარეს (მოსარჩელეს) დ. ხ-სა და ზ. მ-ს შორის 28.01.2021წ. გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც შემსრულებელი იღებს ვალდებულებას მომსახურება გასწიოს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის მიმდინარეობის განმავლობაში, გაწეული მომსახურებისთვის განისაზღვრა 800 (რვაასი) ლარის გადახდის ვალდებულება. ...ს ბანკის 08.02.2021წ. ქვითრის საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საადვოკატო მომსახურების საფასურის გადახდის ფაქტი (ტ. 2, ს. ფ 234-238). ამდენად, საჯარო რეესტრს დ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატისათვის გაწეული თანხის 800 (რვაასი) ლარის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.04.2021წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა დადასტურებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის 25.11.2019წ. მიმართვითა და ადგილზე დათვალიერების ოქმით, შესაბამისად, სადავო რეგისტრაციას საფუძვლად დაედო სწორედ მუნიციპალიტეტის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. როგორც დ. ხ-ის, ასევე ქ. ხ-ის სარეგისტრაციო წარმოებები წარიმართა უშუალოდ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით და სწორედ მათ მიერ გამოცემულ აქტებს დაეყრდნო საჯარო რეესტრი გადაწყვეტილებების მიღებისას. ადგილზე დათვალიერების ოქმი სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი, რაც წარმოშობდა მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებების არა ბათილად ცნობის, არამედ ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს („საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26-ე მუხ.).
კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 16.05.1999წ. №327 ბრძანებულების საფუძველზე, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში შეგროვებული გრაფიკული ინფორმაცია წარმოადგენს დაუზუსტებელ საკადასტრო მონაცემებს, რომელიც არ არის სრულყოფილი საამზომველო საქმიანობის შედეგად მიღებული მონაცემები. სარეგისტრაციო პრაქტიკის გათვალისწინებით ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი უფლებრივი და საკადასტრო ინფორმაცია არ შეესაბამება ადგილზე არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას. ამდენად, ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი გრაფიკული ინფორმაცია ვერ იქნება გამოყენებული, როგორც უტყუარი მტკიცებულება მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებისა და საკადასტრო საზღვრების დასადგენად. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, რომ პირველადი რეგისტრაციით მ. ბ-ის სახელზე რეგისტრირებული 3046 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მეტია, ვიდრე სისტემური აღწერის დაუზუსტებელი, დაურეგისტირებელი მონაცემებში დაფიქსირებული მიწის ნაკვეთი ფართობი, ამასთან, ქ. ხ-ი წარმოადგენს ამ ნაკვეთის კეთილსინდისიერ შემძენს. სასამართლოს არ უმსჯელია ასევე იმ გარემოებაზე, რომ თ. ხ-ის (მამკვიდრებლის) უფლების დამდგენი დოკუმენტით (19.09.2012წ. საარქივო ცნობა) დ. ხ-ს (მემკვიდრეს) უფლება დარჩა 700 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ამასთან, სასამართლოს არ შეუფასებია მის მიერ მიღებული განჩინების აღსრულების შესაძლებლობა. კასატორი არ დაეთანხმა სასამართლოს გარეშე ხარჯების საჯარო რეესტრზე დაკისრებას და მიუთითა, რომ სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სასკ-ის 32.4 მუხლი, ვინაიდან სადავო საქმის განხილვისას გამოვლენილი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები საშუალებას აძლევდა სასამართლოს სადავო საკითხი არსებითად გადაეწყვიტა და უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებას არ ადასტურებს კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტით მოსარჩელეს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნა გააჩნია 700 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ხოლო მის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში აზომვითი ნახაზი წარდგენილი იქნა უფრო მეტის ოდენობის ფართობზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ. ხ-მა 19.09.2019წ. მიმართა საჯარო რეესტრს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა უფლების რეგისტრაცია. განმცხადებელმა საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარადგინა 700 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. მითითებული აზომვითი ნახაზის საფუძველზე დადგინდა ზედდების არსებობა ქ. ხ-ის №... სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართული აზომვითი ნახაზის მონაცემებთან (ტ. 1, ს.ფ. 222), რომლის საფუძველზეც საბოლოოდ მიღებული იქნა სადავო 25.09.2019წ. გადაწყვეტილება ქ. ხ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციის შესახებ. ამდენად, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ზედმეტ ფართობზე განმცხადებელს უფლების დამდგენი დოკუმენტი არ წარუდგენია, არ ცვლის იმ გარემოებას, რომ 700 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე აზომვითი ნახაზის წარდგენის შემთხვევაშიც, დ. ხ-მა უფლების რეგისტრაცია ვერ მოახერხა ზედდების არსებობის გამო.
განსახილველი დავის ფარგლებში საფუძველს მოკლებულია კასატორის მითითება ქ. ხ-ზე, როგორც უძრავი ნივთის კეთილსინდისიერ შემძენზე. დადგენილია, რომ ქ. ხ-მა მ. ბ-ისაგან 14.09.2005წ. შეიძინა გორის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე 3046 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დაუზუსტებელი მონაცემებით (ტ.1, ს.ფ. 185-187), ხოლო სადავო 25.09.2019წ. საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით განხორციელდა ქ. ხ-ის საკუთრებაში დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, რეგისტრირებული მონაცემების დაზუსტება. ამდენად, განსახილველი დავის საგანს შეადგენს არა მიწის ნაკვეთზე ქ. ხ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერება, არამედ უკვე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების მართლზომიერების დადგენა და საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებთან მისი შესაბამისობა. ქ. ხ-ზე, როგორც კეთილსინდისიერ შემძენზე მითითება უსაფუძვლოა, ვინაიდან სადავოა თვით ქ. ხ-ის განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მიღებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერება.
საფუძველს მოკლებულია კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა დადასტურებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართვითა და ადგილზე დათვალიერების ოქმით. გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. ხ-ის უფლების დამდგენ დოკუმენტსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენის შესახებ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 22.11.2019წ. უძრავი ნივთის ადგილზე დათვალირების ოქმი, ასევე გორის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საჯარო რეესტრის შესაბამისი მოთხოვნის (საჭიროების) შემთხვევაში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული ან/და რეგისტრირებული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენა ან უარის თქმა ასეთი იდენტურობის დადგენაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით, რაც საკასაციო წესით აქტის გამომცემ ორგანოს - გორის მუნიციპალიტეტის მერიას არ გაუსაჩივრებია. საკასაციო პალატა მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის 14.6 მუხლზე, რომლის თანახმად, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას ადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2021წ. №798 ბრძანებით სისტემური რეგისტრაციის წარმოების მიზნით განისაზღვრა გეორაფიული არეალები, მათ შორის არის გორის მუნიციპალიტეტი, სადაც მდებარეობს ატენის ადმინისტრაციული ერთეული (ამ ადმინისტრაციულ ერთეულში შედის სოფ. ...ი). ამდენად, ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენა მითითებულ ტერიტორიაზე მარეგისტირებელი ორგანოს კომპეტენციას წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ ქ. ხ-თან მიმართებით იდენტურობის დადგენის თაობაზე და დ. ხ-თან მიმართებით არაიდენტურობის თაობაზე გამოცემული აქტების ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა ამ აქტების გამომცემი ორგანოს - მერიის მიერ, საჯარო რეესტრის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს ქ. ხ-ის სახელზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მის მიერ წარდგენილ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის იდენტურობასთან დაკავშირებულ დასაბუთებას, ამდენად, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მიწის ნაკვეთების იდენტურობა აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთთან დადგენილია მერიის აქტით, არ არის დასაბუთებული. საფუძველს მოკლებულია იდენტურობასთან დაკავშირებით გამოცემული აქტის ბათილად ცნობის გამო „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26.1 მუხლით გათვალისწინებულ რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლებზე მითითება. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადებას ითვალისწინებს რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად ცნობის შემთხვევაში. განსახილველ შემთხვევაში ქ. ხ-ის უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც ძალაშია და არ გაუქმებულა, ხოლო ქ. ხ-თან მიმართებით მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენის თაობაზე გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილზე დათვალიერების ოქმი არ არის „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი, აღნიშნული ოქმით დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული ნაკვეთის იდენტურობა, რაც წარმოადგენს არა უფლების დამადასტურებელ, არამედ უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული ნაკვეთის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებულ დოკუმენტს, შესაბამისად, მითითებული ნორმით გათვალისწინებულ რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლებზე მითითება დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული.
საქართველოს პრეზიდენტის 16.05.1999წ. ბრძანებულება (ძალადაკარგულია 11.05.2007წ. 4741–Iს კანონით) მიღებული იქნა მიწაზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის პროცესის დაჩქარებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის, აგრეთვე საქართველოში მიწის კადასტრისა და რეგისტრაციის სრულყოფილი სისტემის შექმნისთვის ხელშეწყობის მიზნით, ასევე დადგინდა მიწის აგეგმვის სამუშაოების, საკადასტრო რუკების, მიწის სარეგისტრაციო ბარათების, სარეგისტრაციო მოწმობების მომზადება და გაცემა, სხვა ნებისმიერი ღონისძიების უსასყიდლოდ განხორციელება, რომელიც საჭიროა მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისთვის. ამჟამად მოქმედი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის 23.1 მუხლის თანახმად, მითითებული ბრძანებულების საფუძველზე შედგენილი და საჯარო რეესტრში დაცული საკადასტრო მონაცემები ამ კანონის მიზნებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მიწის ნაკვეთის მდებარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციად, რომელიც ექვემდებარება დაზუსტებას, შეცვლას ან გაუქმებას. ამდენად, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით დაუშვებელია სისტემური რეგისტრაციის ე.წ. „ყვითელი ფენით“ გათვალისწინებული მონაცემების გამოყენება, არ არის დასაბუთებული და არ გამომდინარეობს კანონიდან. საქმის მასალებში დაცული ქ. ხ-ის მიერ შეძენილი 3046 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკის (30.08.2005წ.) თანახმად, აღნიშნულ ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება თ. ხ-ის (მოსარჩელის მამკვიდრებლის) მიწის ნაკვეთი. იგივე ინფორმაციას შეიცავს 30.06.2020წ. სიტუაციურ ნახაზზე ასახული სისტემური აღრიცხვის მონაცემები. ამ მონაცემების მიხედვით, თ. ხ-ის ნაკვეთი მდებარეობს ერთ მხარეს გ. უ-ასა და გ. გ-ის, ხოლო მეორე მხარეს მ. ბ-ის (პირი, რომლისგანაც მიწის ნაკვეთი შეიძინა ქ. ხ-მა) ნაკვეთებს შორის. სადავო რეგისტრაციით კი ქ. ხ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრები დაზუსტდა იმგვარად, რომ მისი საკუთრების მომიჯნავე ნაკვეთი ნაცვლად თ. ხ-ისა არის გ. უ-ას მიწის ნაკვეთი. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა იმის შესახებ, რომ სადავო რეგისტრაციით ქ. ხ-ის საკუთრებაში მოექცა თ. ხ-ის მიწის ნაკვეთის ნაწილი.
ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტების ბათილად ცნობის შესახებ. რაც შეეხება კასატორის მითითებას სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობაზე, აღნიშნული არ არის დასაბუთებული, ვინაიდან განსახილველ საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა თუ სამართლებრივ საფუძველებზე, რაც გადაწყვეტილების აღსრულებას გახდიდა შეუძლებელს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. საქმის მასალებში დაცული დ. ხ-სა და ზ. მ-ს შორის 28.01.2021წ. დადებული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით, ზ. მ-მა იკისრა სააპელაციო სასამართლოში საქმის მიმდინარეობისას დ. ხ-ისთვის მომსახურების გაწევა და წარმომადგენლობა. სს „...ს ბანკის“ 08.02.2021წ. ქვითრის მიხედვით მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე დ. ხ-ის მიერ გადახდილია იმავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საადვოკატო მომსახურების საფასური 800 ლარის ოდენობით, ასევე დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომებზე ზ. მ-ი წარმოადგენდა მოწინააღმდეგე მხარის დ. ხ-ის ინტერესებს. ამდენად, საქმეზე დამდგარი შედეგის გათვალისწინებით მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება საადვოკატო მომსახურების ხარჯის მოსარჩელის სასარგებლოდ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოზე დაკისრების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.04.2021წ. განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 03.08.2021წ. №17282 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. სტურუა