Facebook Twitter
№47აგ–12

№121აგ–12 28 იანვარი, 2013 წელი

ყ-ი ვ.-121აგ–12 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ყ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ოქტომბრის განჩინებაზე, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ ვ. ყ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით ვ. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2007 წლის 14 თებერვლიდან.

იმავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და განსასჯელ ბ. გ-ს შორის.

ბ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ბ. გ-ს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 5.000 ლარი.

იგი სასჯელს იხდის 2007 წლის 14 თებერვლიდან.

გ. ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 10 წლით, ხოლო 273-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 3.000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, გ. ქ-ას სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 3.000 ლარი.

იგი სასჯელს იხდის 2007 წლის 14 თებერვლიდან.

ზ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2007 წლის 16 თებერვლიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინებით გ. ქ-ას ადვოკატისა და ზ. მ-ის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2012 წლის 10 ოქტომბერს მსჯავრდებულმა ვ. ყ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ 2012 წლის 22 მაისის საქართველოს კანონის დანართის ნუსხაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე მის მიერ ჩადენილი ქმედების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, კერძოდ, სსკ-ის 260-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჩადენილი ქმედების გადაკვალიფიცირება იმავე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ვ. ყ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ოქტომბრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ვ. ყ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

კასატორმა აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 7 სექტემბრის განჩინება, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი, უნდა გაუქმდეს, რადგან სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ აღნიშნა, რომ „ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2012 წლის 22 მაისს ამ კანონის თანდართულ ნუსხაში შესული ცვლილების თანახმად, მისგან ამოღებული 0,26127 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ აღარ წარმოადგენს დიდ ოდენობას, რის გამოც ითხოვა თავისი ქმედების გადაკვალიფიცირება 260–ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და სასჯელის შემსუბუქება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310–ე მუხლის „ვ“ პუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: „ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო“.

რამდენადაც ვ.ყ-ს მსჯავრი დაედო 0,26127 გრამი „ჰეროინის“ შეძენა-შენახვისა და გასაღებისათვის, ეს კი შეესაბამება ზემოაღნიშნული კანონის დანართის ,,უკანონო მფლობელობიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის“ ნუსხით განსაზღვრულ დიდ ოდენობას, რომლის მიხედვითაც, ,,ჰეროინის“ დიდ ოდენობად ითვლება 0,2 გრამზე მეტი –1 გრამამდე ოდენობა, არ არსებობს ვ. ყ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვისა და მისი ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის საფუძველი.

ამდენად, ვ. ყ-ის შუამდგომლობაში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310–ე მუხლით „ვ“ პუნქტით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია საფუძვლიანია, ხოლო გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე – კანონიერი, დასაბუთებული და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს ძალაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ვ“ პუნქტით, 313–ე მუხლის მე–3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ვ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ოქტომბრის განჩინება დარჩეს ძალაში.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი