Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-425(2კ-22) 10 იანვარი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეები)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „ს...ი“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

სს „ს...ის“ წარმომადგენელმა 2018 წლის 23 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და სს „ს...ის“ მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკების) შევსების მდგომარეობის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 დეკემბრის №2017/20/12/02 თემატური შემოწმების აქტისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის №04-156/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 2 მაისის №04/25462 გადაწყვეტილების (რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს „ს...ის“ 2018 წლის 9 თებერვლის და 27 თებერვლის ადმინისტრაციული საჩივრები) ბათილად ცნობა მოითხოვა.

ამავე სარჩელით მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სადავო აქტების მოქმედების შეჩერება მოითხოვა.

სარჩელის მიხედვით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 დეკემბრის №2017/20/12/02 თემატური შემოწმების აქტის თანახმად, შემოწმდა სს „ს...ში“ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბოლატორიული მომსახურების მისაღებად 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 1 ივნისამდე პერიოდში რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმები, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად. შემოწმება დაიწყო 2017 წლის 31 ოქტომბერს და დამთავრდა 2017 წლის 30 ნოემბერს. თემატური შემოწმების შედეგად, შემმოწმებელი ჯგუფის მიერ 10 პუნქტად „გამოვლენილი“ ე.წ. დარღვევა/ნაკლოვანებებისათვის სს „ს...ს“ დაერიცხა საჯარიმო სანქციები, ჯამურად - 276660.53 ლარის ოდენობით. მათ შორის, უკან დაბრუნებას დაექვემდებარა - 90000.95 ლარი, ხოლო დამატებითმა ფინანსურმა ჯარიმამ შეადგინა - 186659.58 ლარი.

მოსარჩელის მითითებით, იგი არ დაეთანხმა ზემოაღნიშნულ თემატური შემოწმების აქტს, ადმინისტრაციული საჩივრები შეიტანა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში და სს „ს...ში“ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკის) შევსების მდგომარეობის შემოწმების 2017 წლის 20 დეკემბრის №2017/20/12/02 აქტის ბათილად ცნობა, მასში ცვლილებების შეტანა და ზედმეტად დარიცხული საჯარიმო სანქციების გაუქმება მოითხოვა, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის №04-156/ო ბრძანებით შექმნილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 2 მაისის №04/25462 გადაწყვეტილებით სს „ს...ის“ 2018 წლის 9 თებერვლის №13709 და 2018 წლის 27 თებერვლის №19734 ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის განჩინებით სს „ს...ის“ სარჩელი, ასევე შუამდგომლობა სადავო აქტის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 დეკემბრის №2017/20/12/02 თემატური შემოწმების აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის განჩინების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებს შორის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად მოცემული საქმე გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივლისის განჩინებით სს „ს...ის“ სარჩელი, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივლისის განჩინებით სს „ს...ის“ შუამდგომლობა - სადავო აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე, დაკმაყოფილდა; შეჩერდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 დეკემბრის №2017/20/12/02 თემატური შემოწმების აქტის მოქმედება მოცემულ დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივლისის განჩინება; სს „ს...ის“ შუამდგომლობა - გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (2017 წლის 20 დეკემბრის №2017/20/12/02 თემატური შემოწმების აქტის) მოქმედების შეჩერების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „ს...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 დეკემბრის №2017/20/12/02 თემატური შემოწმების აქტი, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 2 მაისის №04/25462 გადაწყვეტილება (რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს „ს...ის“ 2018 წლის 9 თებერვლის და 27 თებერვლის ადმინისტრაციული საჩივრები).

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 დეკემბრის №2017/20/12/02 თემატური შემოწმების აქტის შესაბამისად, შემოწმდა სს „ს...ის“ მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შედგენილი თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკის) შევსების მდგომარეობა. შემოწმებამ მოიცვა 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 1 ივნისამდე პერიოდი. თემატური შემოწმების შედეგად, შემმოწმებელი ჯგუფის მიერ 10 პუნქტად გამოვლენილი დარღვევა/ნაკლოვანებებისათვის სს „ს...ს“ დაერიცხა საჯარიმო სანქცია, ჯამში - 276660.53 ლარის ოდენობით. მათ შორის, უკან დაბრუნებას დაექვემდებარა 90000.95 ლარი, ხოლო დამატებითი ფინანსურმა ჯარიმამ შეადგინა 186659.58 ლარი;

- სადავო თემატური შემოწმების აქტის 7.1 პუნქტის თანახმად, დასტურდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში სს „ს...ს“ მიღება-ჩაბარების აქტებით მიღებული აქვს 32550 ცალი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბოლატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმა, მათ შორის, 117 გაუქმებულია სხვადასხვა მიზეზების გამო, ხოლო 2017 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, სამედიცინო დაწესებულებაში სპეციალურად გამოყოფილ საცავში შენახულია 270 ერთეული მოსარგებლის შეუვსებელი თანხმობის ფორმა;

- იმავე აქტის 7.2 პუნქტის თანახმად, ბენეფიციარების რეგისტრაციის მოდულში (ელექტრონული ჯანდაცვა) 2017 წლის 1 ივნისის მდგომარეობით დაწესებულებაში რეგისტრირებული იყო 38434 (სულ - 82004 ჩანაწერი, მათ შორის, აქტიური - 29321, პასიური - 52683) მოსარგებლე, მათ შორის, ძირითადი კონტინგენტის (მითითებული კონტინგენტის გრაფაში იწერება დაწესებულებაში დარეგისტრირებული ბენეფიციარების ჯამური რაოდენობა, რომლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბოლატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული ფაქტობრივი მისამართი არის ქალაქში ან დაბაში) რაოდენობა - 14276 (29032 ჩანაწერი), ხოლო დამატებითი კონტინგენტის (მითითებული კონტინგენტის გრაფაში იწერება დაწესებულებაში დარეგისტრირებული ბენეფიციარების ჯამური რაოდენობა, რომლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბოლატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული ფაქტობრივი მისამართი არის სოფელში) რაოდენობა - 24158 (52972 ჩანაწერი), აღნიშნული მონაცემების შემოწმებით დადგინდა, რომ სს „ს...ის“ მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური ამბოლატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების საანგარიშგებო ფორმაში 2422 ბენეფიციართან მიმართებით (3917 შემთხვევა) ძირითად კონტინგენტში დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებულია სოფელი (მათ შორი, აქტიური პაციენტის შემთხვევების რაოდენობამ შეადგინა 928, ხოლო პასიური პაციენტების შემთხვევების რაოდენობამ - 2989). აღნიშნულ მოსარგებლეებზე მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 35387.28 ლარი.

- 7.3. პუნქტის თანახმად, 466 შემთხვევაში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის სპეციალურ ელექტრონულ მოდულში მოსარგებლეები რეგისტრირებული იყვნენ მოსარგებლის თანხმობის ფორმის შევსებამდე;

- 7.4. პუნქტის თანახმად, 713 შემთხვევასთან მიმართებით თანხმობის ფორმები არასრულყოფილადაა შევსებული;

- 7.5. პუნქტის თანახმად, 539 შემთხვევაში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის სპეციალურ ელექტრონულ მოდულში და თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული მონაცემები (სახელი, გვარი) ერთმანეთს არ შეესაბამება;

- 7.6. პუნქტის თანახმად, 784 შემთხვევაში თანხმობის ფორმებზე განხორციელდა შესწორებები, რომლითაც მიმწოდებლის მიერ დაირღვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის №01-19/ნ ბრძანებაში განხორციელებული ცვლილების №01-50/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი (მკაცრი აღრიცხვის ფორმა უნდა შეივსოს სრულყოფილად. დაუშვებელია მასში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება და/ან მოშორება კორექტორის დახმარებით);

საქმის მასალების მიხედვით, ასევე დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 დეკემბრის №2017/20/12/02 თემატური შემოწმების აქტზე სს „ს...ის“ მიერ 2018 წლის 9 თებერვალს და იმავე წლის 27 თებერვალს წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრები, ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 2 მაისის №04/25462 გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლზე, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1) მე-3, 151.2, მე-18, მე-20 მუხლებზე და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

დასახელებულ ნორმათა საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის 151 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაზე და განმარტა, რომ სანქციის დაკისრება შესაძლებელია ამ მუხლით დადგენილ ვადაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარის იურიდიული პასუხისმგებლობა, თუნდაც მას ჩადენილი ჰქონდეს კანონით დადგენილი ის ქმედება, რომლისთვისაც ნორმით გათვალისწინებულია სანქცია, ამ ვადის გასვლის შემდეგ არ დადგება. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან შემოწმების აქტი შედგენილია 2017 წლის 20 დეკემბერს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სწორედ ამ თარიღიდან უნდა დაეწყო კონტროლის განხორციელებისათვის ნორმატიული აქტის ძველი რედაქციით დადგენილი სამწლიანი ვადის უკუ ათვლა, ამასთანავე, ვინაიდან გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმების შესამოწმებელი პერიოდი მოიცავდა 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 1 ივნისამდე პერიოდს, 2014 წლის 20 დეკემბრამდე არსებულ შემთხვევებზე სააგენტოს სამედიცინო დაწესებულების მიმართ პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს. მითითებული გარემოების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო აქტით განსაზღვრული საჯარიმო სანქციების მართლზომიერების შემოწმება უნდა განხორციელებულიყო მხოლოდ 2014 წლის 20 დეკემბრიდან 2017 წლის 1 ივნისამდე პერიოდში სააგენტოს მიერ შემოწმებულ თანხმობის ფორმებთან მიმართებაში.

რაც შეეხება გასაჩივრებული შემოწმების აქტის შინაარსს, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სადავო პერიოდში შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევების ძირითადი ნაწილი უკავშირდება ტექნიკურ ხარვეზებს, რომელთა არსებობის მიუხედავად, სამედიცინო დაწესებულებაში აღირიცხა არა ერთი ბენეფიციარი და მათი დიდი ნაწილისათვის გაწეულ იქნა სამედიცინო მომსახურება. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ უმთავრეს მიზანს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის საქართველოს მოსახლეობის ფინანსური უზრუნველყოფის შექმნა წარმოადგენს, ხოლო სააგენტო სწორედ ამ მიზნის მიღწევის თვალსაზრისით, შექმნილი ორგანოა, სადავო საკითხთან მიმართებაში, მას გააჩნია ვალდებულება დაასაბუთოს გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზებით გამოწვეული ისეთი ზიანის არსებობა, რამაც აუცილებლად უნდა წარმოშვას შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების სანქცირების საფუძველი, შემოწმების აქტში მხოლოდ გამოვლენილი ხარვეზების ფაქტების სახით ასახვა არ ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც თანხის დაკისრება განხორციელდა სამედიცინო დაწესებულებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი სს „ს...ის“ მიერ შედგენილი, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკის) შევსების მდგომარეობის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 დეკემბრის №2017/20/12/02 თემატური შემოწმების აქტი. აღნიშნული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობის პირობებში კი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის, 185-ე, 201-ე მუხლების საფუძველზე, ასევე უკანონოდ იქნა მიჩნეული ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის №04-156/ო ბრძანებით შექმნილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 2 მაისის №04/25462 გადაწყვეტილებაც.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის საოქმო განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. აღნიშნული განჩინება მანვე გაასაჩივრა კერძო საჩივრით და აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებებით ანალოგიურ დავებში სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მოპასუხედ ჩაერთო სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეში მხოლოდ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს უფლებამონაცვლეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ივნისის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის განჩინება და მოცემულ საქმეში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებად ჩაბმულ იქნენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეების) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მართებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა სადავო ურთიერთობაზე ხანდაზმულობის ვადად სამი წლის გავრცელების შესახებ და ამ ვადასთან მიმართებით მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ დადგენილ პრაქტიკაზე; კერძოდ, საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აქვს განმარტებული, რომ კანონის შეფარდებისას სასამართლო იყენებს ფაქტობრივი გარემოებების ხდომილებისას არსებულ კანონს და არა საკითხის გადაწყვეტისას მოქმედ კანონს (საქმე №ბს-1013-599(კ-05); საქმე №ბს-672-658(კ-12); საქმე №ბს-618-606(კ-12); საქმე №ბს-849-831(კ-12); საქმე №ბს-57-52(კ-13)).

რაც შეეხება შემოწმების აქტის 7.2 პუნქტში მითითებულ ძირითად და დამატებით კონტინგენტში დასარეგისტრირებელ პაციენტთა აღრევის საკითხს, სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, პროგრამის მოსარგებლის ძირითად თუ დამატებით კონტინგენტში აღრიცხვას მნიშვნელობა გააჩნია სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების ოდენობის თვალსაზრისით, კერძოდ, ძირითად კონტინგენტად (ქალაქად რეგისტრირებული) მიჩნეული პროგრამის მოსარგებლეების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება გარკვეულწილად აღემატება დამატებით კონტინგენტში (სოფლად რეგისტრირებული) აღრიცხული პირების დაფინანსებას, რაც გამოწვეულია ამ უკანასკნელთა მიმართ საცხოვრებელ ადგილზე დამატებითი საექიმო მომსახურების არსებობით. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ მხოლოდ შემოწმების აქტში ამ გარემოებაზე მითითება არ წარმოადგენდა მისი უტყუარად მიჩნევის წინაპირობას, მით უფრო მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან მისი სადავოობის პირობებში. სადავო აქტით გამოვლენილი დანარჩენი შემთხვევები სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიიჩნია ტექნიკურ ხარვეზად, რომელთა არსებობის მიუხედავად, არ დადასტურებულა ზიანის მიყენების ფაქტი, რასაც უცილობლად უნდა წარმოეშვა სამედიცინო დაწესებულების სანქცირების საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „პროგრამის“ მე-4, მე-19, მე-20 მუხლებზე მითითებით, მიიჩნევს, რომ არსებობდა ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების დავალების ყველა წინაპირობა, ვინაიდან სათანადოდ შევსებული და გაფორმებული მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმების არარსებობა განაპირობებს მიმწოდებლის მიერ ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების შესაძლებლობას.

კასაციის ძირითად არგუმენტს წარმოადგენს ის გარემოება, რომ დასახელებული „პროგრამის“ 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისათვის პროგრამაში მონაწილე დაწესებულებების დაფინანსება ხორციელდება კაპიტაციური მეთოდით, რა დროსაც ძირითად კონტინგენტში (ფაქტობრივად ქალაქში ან დაბაში მცხოვრები) ერთი მოსარგებლის მომსახურების ფიქსირებული ღირებულება შეადგენს 1.93 ლარს, ხოლო დამატებით კონტინგენტში (ფაქტობრივად სოფლად მცხოვრები მოსარგებლე) - 1.07 ლარს. დამატებით კონტინგენტის ძირითად კონტინგენტად რეგისტრაცია კი არ შეიძლება წარმოადგენდეს ტექნიკური ხარვეზს. ასეთ შეცდომას მოჰყვება შესაბამისი ფინანსური შედეგი პროგრამის განმახორციელებლისთვის, რაც გამოიხატება კაპიტაციური წესით დაფინანსებული თანხის არასწორად და ზედმეტად მოთხოვნაში. ამდენად, დაუსაბუთებელია თემატური შემოწმების აქტით გამოვლენილი დარღვევების ტექნიკურ ხარვეზად შეფასება და ამ საფუძვლით ბათილად ცნობა. სწორედ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ №36 დადგენილებით დასახული მიზნების შესრულებას ემსახურება მომწოდებლის მხრიდან კანონით ნაკისრი ვალდებულების სრულყოფილად შესრულება, რადგან მონაცემების კანონით განსაზღვრული წესით დაფიქსირება, შესაბამის ფინანსურ შედეგს იწვევს პროგრამის განხორციელებისთვის, ვინაიდან ძირითადი და დამატებითი კონტინგენტის დაფინანსების პირობები განსხვავდება. ამასთან, ბენეფიციარების ძირითადი და დამატებითი კონტინგენტებში არასწორი რეგისტრაცია წარმოადგენს მნიშვნელოვან დარღვევას, რადგან „პროგრამის“ 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მიმწოდებლის კაპიტაციური წესით დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, ხორციელდება თუ არა კონკრეტულ ტერიტორიაზე „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება. როდესაც ბენეფიციარის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე მოქმედებს „სოფლის ექიმის“ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა, მისი დარეგისტრირება უნდა მოხდეს დამატებით კონტინგენტში.

კასატორი ასევე არ დაეთანხმა ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობას სამედიცინო დაწესებულების შესამოწმებელი პერიოდის ნაწილობრივ ხანდაზმულად მიჩნევის შესახებ, რადგან მიიჩნევს, რომ კანონის უკუქცევით ძალაზე მითითება განსახილველ შემთხვევაში უსაფუძვლოა.

კასატორი - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო იზიარებს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კასაციის საფუძვლებს, მიუთითებს მათზე და მიიჩნევს, რომ სადავო თემატური შემოწმების აქტი შედგენილია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. ამასთანავე, კასატორის მოსაზრებით, სს „ს...ს“ მართებულად ეთქვა უარი ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილისა და 10 მაისის განჩინებებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეების) საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეების) საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა მიჩნეული. მხარეებს განემარტათ, რომ საკასაციო საჩივარი განხილული იქნებოდა არსებითად მხარეთა დასწრების გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეების) საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სამედიცინო დაწესებულებისთვის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნისა და ჯარიმის დაკისრების კანონიერება.

საკასაციო პალატა თავდაპირველად აღნიშნავს, რომ სადავო საკითხს სამართლებრივად აწესრიგებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“, რომელიც იმპერატიულად არეგულირებს შემოწმების განხორციელების ხანდაზმულობის ვადას. მითითებული პროგრამის“ (დანართი №1) 151 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთ) კალენდარულ წელს. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 26 ოქტომბრის №552 ცვლილებამდე, მითითებული დანართის 151 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონტროლის განხორციელების ვადად დადგენილი იყო შემთხვევის დასრულებიდან არაუმეტეს 3 (სამი) კალენდარული წელი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლობა, მართალია, სადავო სამართალურთიერთობისას კონტროლის ხანდაზმულობის ვადების ხანგრძლივობას განსხვავებულად არეგულირებდა 2015 წლამდე და მას შემდეგ პერიოდში, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ კონტროლის განხორციელების ვადის ათვლას ყოველთვის უკავშირებდა შემთხვევის დასრულების მომენტს. ამდენად, ხანდაზმულობის გამოსაყენებელი ვადა შემთხვევის დასრულების მომენტისთვის მოქმედი ნორმით უნდა განისაზღვროს. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით, ხოლო 2015 წელს განხორციელებული ცვლილება უკუძალის თაობაზე დათქმას არ შეიცავდა. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის №552 დადგენილების ამოქმედების ვადად განისაზღვრა მისი გამოქვეყნება, შესაბამისად, იგი ეხებოდა არა წინარე პერიოდს - 2015 წლამდე დასრულებულ შემთხვევებს, არამედ 2015 წლიდან განხორციელებულ მომსახურებას. სწორედ ამიტომ, 2013 წლიდან 2015 წლის 26 ოქტომბრამდე დასრულებული ანაზღაურებული შემთხვევა შეიძლება შემოწმებულიყო მხოლოდ სამი წლის განმავლობაში, ხოლო 2015 წლის 26 ოქტომბრიდან დასრულებული - ხუთი წლის ვადაში.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ შეამოწმა 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 1 ივნისამდე პერიოდში განხორციელებული მოქმედებები, შემოწმება კი დაიწყო 2017 წლის 31 ოქტომბერს. ამდენად, შემოწმებამ სადავო შემთხვევაში მოიცვა პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოქმედებდა შემოწმების 3-წლიანი ვადა. საკასაციო სასამართლო აღნიშნულ შემთხვევაში მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადა გავრცელდება მხოლოდ იმ სამართლებრივ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა 2015 წლის 27 ოქტომბრის შემდგომ (ანუ აქტის ძალაში შესვლის შემდგომ). მანამდე არსებულ სამართალურთიერთობებზე კი უნდა გავრცელებულიყო ძველი რედაქციით მოცემული ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა. ამრიგად, დასახელებულ შემთხვევებზე სააგენტოს სამედიცინო დაწესებულების მიმართ პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს, რადგან გასულია ხანდაზმულობის ვადა.

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლოთა მსჯელობას სადავო ურთიერთობაზე ხანდაზმულობის ვადად სამი წლის გავრცელების შესახებ და ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას არაერთ გადაწყვეტილებაში აქვს განმარტებული, რომ კანონის შეფარდებისას სასამართლო იყენებს ფაქტობრივი გარემოებების ხდომილებისას არსებულ კანონს და არა საკითხის გადაწყვეტისას მოქმედ კანონს (საქმე №ბს-1013-599(კ-05); საქმე №ბს-672-658(კ-12); საქმე №ბს-618-606(კ-12); საქმე №ბს-849-831(კ-12); საქმე №ბს-57-52(კ-13)).

რაც შეეხება გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მატერიალურ კანონიერებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენს სადავო თემატური შემოწმების აქტის 7.2 პუნქტის კანონთან შესაბამისობის დადგენა, რის გამოც უზენაესმა სასამართლომ სადავო აქტის კანონიერება უნდა შეაფასოს სწორედ აღნიშნული პუნქტის ნაწილში.

საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 1 ივნისამდე პერიოდში, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად, შეამოწმა სს „ს...ის“ მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმები. შემოწმების შედეგად 2017 წლის 20 დეკემბერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ შეადგინა შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, სს „ს...ის“ სამედიცინო დაწესებულებაში გამოვლინდა შემდეგი დარღვევები: 1. შესამოწმებელ პერიოდში სს „ს...ს“ მიღება-ჩაბარების აქტებით მიღებული აქვს 32550 ერთეული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბოლატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმა, მათ შორის, 117 გაუქმებულია სხვადასხვა მიზეზების გამო, ხოლო 2017 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, სამედიცინო დაწესებულებაში სპეციალურად გამოყოფილ საცავში შენახულია 270 ერთეული მოსარგებლის შეუვსებელი თანხმობის ფორმა (იხ. აქტის 7.1 პუნქტი); 2. 2017 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, სამედიცინო დაწესებულების ბენეფიციარების რეგისტრაციის მოდულში რეგისტრირებული იყო 38434 (სულ - 82004 ჩანაწერი, მათ შორის, აქტიური - 29321, პასიური - 52683) მოსარგებლე, მათ შორის, ძირითადი კონტინგენტის (მითითებული კონტინგენტის გრაფაში იწერება დაწესებულებაში დარეგისტრირებული ბენეფიციარების ჯამური რაოდენობა, რომლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბოლატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული ფაქტობრივი მისამართი არის ქალაქში ან დაბაში) რაოდენობა შეადგენდა - 14276 ბენეფიციარს (29032 ჩანაწერი), ხოლო დამატებითი კონტინგენტის (მითითებული კონტინგენტის გრაფაში იწერება დაწესებულებაში დარეგისტრირებული ბენეფიციარების ჯამური რაოდენობა, რომლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში ამბოლატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული ფაქტობრივი მისამართი არის სოფელში) რაოდენობა - 24158-ს (52972 ჩანაწერი). აღნიშნული მონაცემების შემოწმებით დადგინდა, რომ სს „ს...ის“ მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური ამბოლატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების საანგარიშგებო ფორმაში 2422 ბენეფიციარის შემთხვევაში (3917 შემთხვევა) ძირითად კონტინგენტში რეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართში დაფიქსირებულია სოფელი, ნაცვლად ქალაქისა (მათ შორის, აქტიური პაციენტის შემთხვევების რაოდენობამ შეადგინა 928, ხოლო პასიური პაციენტების შემთხვევების რაოდენობამ - 2989), რის გამოც, აღნიშნულ მოსარგებლეებზე მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 35387.28 ლარი (იხ. აქტის 7.2 პუნქტი); 3. 466 შემთხვევაში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის სპეციალურ ელექტრონულ მოდულში მოსარგებლეები რეგისტრირებული იყვნენ მოსარგებლის თანხმობის ფორმის შევსებამდე (იხ. აქტის 7.3 პუნქტი); 4. 713 შემთხვევასთან დაკავშირებით თანხმობის ფორმები არასრულყოფილად იყო შევსებული (იხ. აქტის 7.4 პუნქტი); 5. 539 სამედიცინო შემთხვევაში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის სპეციალურ ელექტრონულ მოდულში და თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული მონაცემები (სახელი, გვარი) ერთმანეთს არ შეესაბამებოდა (იხ. აქტის 7.5 პუნქტი); 6. 784 შემთხვევაში თანხმობის ფორმებზე განხორციელდა შესწორებები (იხ. აქტის 7.6 პუნქტი); 7. 2120 შემთხვევაში თანხმობის ფორმები წარმოდგენილი იყო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის გარეშე (იხ. აქტის 7.7 პუნქტი); 8. 775 შემთხვევაში თანხმობის ფორმაზე მოსარგებლის ხელმოწერა არ ფიქსირდებოდა (იხ. აქტის 7.8 პუნქტი); 9. 25 შემთხვევაში ბენეფიციარები, რომლებიც დარეგისტრირებული იყვნენ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო სპეციალურ ელექტრონულ მოდულში, მათზე შევსებული თანხმობის ფორმები ვერ მოიძებნა (იხ. აქტის 7.9 პუნქტი); 10. ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა ბაზაში უკვე დარეგისტრირებულ ბენეფიციარებზე დამატებით შევსებულია მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმები და აღნიშნული მონაცემები ბაზაში ხელმეორედ არის შეყვანილი (იხ. აქტის 7.10 პუნქტი). შემოწმების აქტის თანახმად, სს „ს...ის“ მიმართ გამოყენებულმა საჯარიმო სანქციების ოდენობამ შეადგინა 176660 ლარი და 53 თეთრი, მათ შორის, უკან დაბრუნებას დაექვემდებარა 90000 ლარი და 95 თეთრი, ხოლო დამატებითმა ფინანსურმა ჯარიმამ შეადგინა 186659 ლარი და 58 თეთრი. ასევე დადგენილია, რომ სს „ს...ის“ წარმომადგენლის მიერ თემატური შემოწმების აქტი გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომელმაც ადმინისტრაციული საჩივრები არ დააკმაყოფილა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 22-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, გეგმური ამბულატორიული მომსახურებისათვის პროგრამაში მონაწილე დაწესებულებების დაფინანსება ხორციელდება კაპიტაციური მეთოდით, რომლის დროსაც ძირითად კონტინგენტში (ფაქტობრივად ქალაქში ან დაბაში მცხოვრები) ერთი მოსარგებლის მომსახურების ფიქსირებული ღირებულება შეადგენს 1.93 ლარს, ხოლო დამატებით კონტინგენტში (ფაქტობრივად სოფლად მცხოვრები მოსარგებლე) - 1.07 ლარს. კასატორების მოსაზრებით, დამატებით კონტინგენტის ძირითად კონტინგენტად რეგისტრაცია არ შეიძლება იყოს ტექნიკური ხარვეზი, ასეთ შეცდომას მოყვება შესაბამისი ფინანსური შედეგი პროგრამის განმახორციელებლისთვის, კერძოდ, კაპიტაციური წესით დაფინანსებული თანხის მიმწოდებლის მხრიდან არასწორად და ზედმეტად მოთხოვნა. საკასაციო პალატა შემოწმების აქტში მითითებულ ძირითად და დამატებით კონტინგენტში დასარეგისტრირებელ პაციენტთა აღრევის საკითხთან დაკავშირებით კასატორების მიერ გამოთქმულ მოსაზრებას მართებულად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, პროგრამის მოსარგებლის ძირითად თუ დამატებით კონტინგენტში აღრიცხვას მნიშვნელობა გააჩნია სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების ოდენობის თვალსაზრისით, კერძოდ, ძირითად კონტინგენტად (ქალაქად რეგისტრირებული) მიჩნეული პროგრამის მოსარგებლეების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება გარკვეულწილად აღემატება დამატებით კონტინგენტში (სოფლად რეგისტრირებული) აღრიცხული პირების დაფინანსებას, რაც გამოწვეულია ამ უკანასკნელთა მიმართ საცხოვრებელ ადგილზე დამატებითი საექიმო მომსახურების არსებობით. თუმცა აღნიშნულ საკითხზე საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მხოლოდ შემოწმების აქტში ამ გარემოებაზე მითითება არ წარმოადგენს მისი უტყუარად მიჩნევის წინაპირობას. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მიერ არ იქნა სრულყოფილად გამოკვლეული და შეფასებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სამედიცინო დაწესებულებაში დაცული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევების ტექნიკურ ხასიათის დარღვევებად მიჩნევის საკითხზე, ამავდროულად მიიჩნია, რომ არსებული დარღვევების მიუხედავად, სამედიცინო დაწესებულების ბენეფიციარებს გაეწიათ შესაბამისი მომსახურება, თუმცა აღნიშნული დასკვნები გააკეთა იმ პირობებში, როცა სადავო აქტის 7.2 პუნქტში მითითებული გარემოებები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ გამოკვლეული და შეფასებული არ იყო. კერძოდ, არ შეფასებულა აღნიშნული დარღვევები მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის გამართულ ფუნქციონირებაზე, დაფინანსების პირობებზე, ასევე მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების მიერ ნებისმიერი მიზეზით, არამიზნობრივად და პროგრამის პირობების დარღვევით განმახორციელებლისთვის მოთხოვნილი თანხა, მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნიდა თუ არა აღნიშნული პროგრამის ფინანსურ უზრუნველყოფას.

ამრიგად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნულ ნაწილში გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 დეკემბრის №2017/20/12/02 თემატური შემოწმების აქტის 7.2 პუნქტი და დაევალოს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმავე კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი „ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის №04-156/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 2 მაისის №04/25462 გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 დეკემბრის №2017/20/12/02 თემატური შემოწმების აქტის 7.2 პუნქტთან მიმართებაში, ვინაიდან ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს/თანამდებობის პირს წარმოეშვება საკითხის კიდევ უფრო სრულად და დეტალურად შესწავლის ვალდებულება, რაც სადავო აქტის 7.2 პუნქტთან მიმართებაში ჯეროვნად არ შესრულებულა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 411-ე მუხლის თანახმად, არსებობს მითითებულ ნაწილში სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები.

რაც შეეხება სადავო თემატური შემოწმების აქტის დანარჩენ პუნქტებს, საკასაციო სასამართლო აღნიშნულ ნაწილში იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ გამოვლენილია ძირითადად ტექნიკური ხასიათის დარღვევები, ხოლო სამედიცინო დაწესებულების მიერ ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების არასათანადოდ გაწევის, ან მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შემთხვევები არ არის გამოვლენილი, არ დასტურდება, რომ ტექნიკურ ხარვეზებს მოჰყვა სამედიცინო დაწესებულებისთვის დაკისრებული უმთავრესი მოვალეობის - პაციენტთა მდგომარეობაზე სათანადო რეაგირების დარღვევა, არ დასტურდება ისეთი ზიანის არსებობა, რასაც შედეგად აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა სამედიცინო დაწესებულების სანქცირება. საგულისხმოა აგრეთვე ისიც, რომ მსგავსი დარღვევების გამოვლენის გამო დაწესებულების სანქცირება უსაფუძვლოდ იქნა შეფასებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 მაისის №ბს-671(კ-19) განჩინებითაც.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო მხოლოდ ფაქტებზე მითითებით ვერ უზრუნველყოფს თავისი პოზიციის არგუმენტირებულ დასაბუთებას.

რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის განაწილებას, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამრიგად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსა და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებს) სს „ს...ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 411-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეების) საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. სს „ს...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 დეკემბრის №2017/20/12/02 თემატური შემოწმების აქტის 7.2 პუნქტი და დაევალოს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს აღნიშნულ ნაწილში საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

5. ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 04.06.2015წ. N04-156/ო ბრძანებით შექმნილი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 2 მაისის №04/25462 გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 დეკემბრის №2017/20/12/02 თემატური შემოწმების აქტის 7.2 პუნქტთან მიმართებით;

6. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის განჩინება;

7. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სს „ს...ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე