საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-747(კ-22) 10 იანვარი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შ. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მორალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
შ. ა-იმ 2018 წლის 9 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა „მოსარჩელისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სააგენტოს 2018 წლის 15 ოქტომბრის №1000595438 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მოსარჩელის სახელზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, ასევე მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის - 100 ლარის სოლიდარულად ანაზღაურების დავალება.
სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე - შ. ა-ი 2018 წლის 15 იანვარს დაქორწინდა საქართველოს მოქალაქე ი. ჩ-ზე და საქართველოში ცხოვრების მიზნით, მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა მოითხოვა, თუმცა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 17 აპრილის №1000595438 გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ სახეზე იყო „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. აღნიშნული გადაწყვეტილება შ. ა-იმ სასამართლო წესით გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით შ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 17 აპრილის №1000595438 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დასახელებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 15 ოქტომბრის №1000595438 გადაწყვეტილებით შ. ა-ის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, კვლავ უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სადავო გადაწყვეტილება დაეფუძნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნას, რომელიც შესაძლოა ატარებდეს დისკრიმინაციულ ხასიათს ეთნიკური და ეროვნული ნიშნით. ამდენად, მოსარჩელემ სადავო აქტის ბათილად ცნობა და მისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და დისკრიმინაციული მიდგომის გამო, მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით შ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე შ. ა-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქე ი. ჩ-სთან. ჰყავთ შვილი - ფ. ა-ი, დაბადებული ... წლის ... ... .
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ შ. ა-იმ 2018 წლის 20 თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა მოითხოვა, თუმცა უარი ეთქვა ნებართვის გაცემაზე. აღნიშნული უარი შ. ა-იმ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომელმაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო სადავო აქტი. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2018 წლის 5 ოქტომბერს წერილობით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა - არსებობდა თუ არა შ. ა-ისთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები. საქართველოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 9 ოქტომბრის №SSG 6 18 00156602 წერილობითი მიმართვით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა შ. ა-ისთვის საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემა. ამრიგად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 15 ოქტომბრის №1000595438 გადაწყვეტილებით შ. ა-ის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 18-ე მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. ამასთანავე, დადგენილია, რომ შ. ა-ი საქართველოში ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 თებერვლის განაჩენით განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
საქალაქო სასამართლომ საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსზე მითითებით აღნიშნა, რომ უცხოელისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. იგი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად უფლებამოსილია, გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. სასამართლომ უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რის მისაღწევადაც მას მინიჭებული აქვს იგი.
ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 9 ოქტომბრის №SSG 6 18 00156602 წერილში ასახულ უარყოფით დასკვნას საფუძვლად დაედო გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგები, რომლებიც არც ერთი მხარის მიერ არ შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო სამართალდაცვითი მიზნებისათვის. შესაბამისად, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცემისას შეემოწმებინა წერილის საფუძვლად მითითებული გარემოებები და დოკუმენტაცია. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააგენტოს მიერ სადავო გადაწყვეტილების „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გამოყენებით დასაბუთება შეესაბამებოდა კანონმდებლობას და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურებას, რომლის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა მის მიმართ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა მხრიდან დისკრიმინაციული დამოკიდებულება, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ შ. ა-იმ სასამართლოში ვერ წარადგინა ისეთი ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს შექმნიდა, ხოლო მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსარჩელის მიმართ რაიმე ნიშნით დისკრიმინაციული ქმედების განხორციელება არ იკვეთებოდა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ დადასტურებულად არ მიიჩნია მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა რაიმე ნიშნით, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლოდ ჩათვალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება შ. ა-იმ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. სააპელაციო საჩივარში შ. ა-იმ დააზუსტა მესამე მოთხოვნა, რომელიც ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან შეწყდეს დისკრიმინაციული ქმედება, აღმოიფხვრას მისი შედეგები და დაეკისროს მოპასუხეებს (სოლიდარულად) დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის განჩინებით შ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მართებული სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. ა-იმ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს მსჯელობასა და დასაბუთებას დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე საკვანძო საკითხზე, როგორიცაა კერძო და საჯარო ინტერესების კონკურენცია. სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს რა საჯარო და კერძო ინტერესი დაუპირისპირდა ერთმანეთს და რატომ გადაწყდა საკითხი ერთ-ერთის სასარგებლოდ. ამასთან, მოცემულ საქმეში მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ოჯახის ერთიანობის პრინციპთან მიმართებით. გასათვალისწინებელია, რომ კასატორი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში საქართველოს მოქალაქესთან, რომელთანაც ასევე საერთო შვილი ჰყავს.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ დეტალურად უნდა იქნეს განხილული მუდმივი ცხოვრების ნებართვაზე უარის თქმის საფუძველი, ფართოდ იქნეს განმარტებული საიდუმლო საბუთები. ამ კუთხით მან სადავოდ გახადა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 9 ოქტომბრის №SSG 6 18 00156602 წერილის საფუძველზე გაკეთებული დასკვნა.
დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით, კასატორი განმარტავს, რომ სასამართლოების მიერ ზედაპირულად იქნა დასაბუთებული დისკრიმინაციული მოპყრობის არარსებობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განჩინებით შ. ა-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინებით შ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქემ - შ. ა-იმ 2018 წლის 20 თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა მოითხოვა, თუმცა მას სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ უარი ეთქვა მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე. აღნიშნული უარი შ. ა-იმ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომელმაც, თავის მხრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო სადავო აქტი და სააგენტოს, შ. ა-ის ბინადრობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით, საქმის გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2018 წლის 5 ოქტომბერს წერილობით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა, ეცნობებინა - არსებობდა თუ არა შ. ა-ისთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები. საქართველოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 9 ოქტომბრის №SSG 6 18 00156602 წერილობითი მიმართვით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა შ. ა-ისთვის საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 9 ოქტომბრის №SSG 6 18 00156602 წერილში ასახულ უარყოფით დასკვნას საფუძვლად უდევს გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგები.
ამრიგად, ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 15 ოქტომბრის №1000595438 გადაწყვეტილებით შ. ა-ის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ მოსარჩელე შ. ა-ის მეუღლე არის საქართველოს მოქალაქე ი. ჩ-ა, ქორწინების რეგისტრაციის თარიღია ... წლის ... ... (ს.ფ. 33). მათ ჰყავთ ... წლის ... ... დაბადებული საერთო შვილი - ფ. ა-ი (ს.ფ. 74-75). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის“ 2018 წლის 14 ოქტომბრის ცნობის თანახმად, შ. ა-ი საქართველოში ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 თებერვლის განაჩენით განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნის საფუძვლით. ამასთანავე, შესაფასებელია, დისკრიმინაციული მოპყრობისა და მისგან გამომდინარე, მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს საქართველოს კანონი - „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. ამასთან უცხოელის საქართველოში ხანგრძლივად კანონიერად დარჩენის უფლების მოპოვების ერთ-ერთი შესაძლებლობა სწორედ ბინადრობის ნებართვის მიღებაა, რომელსაც, დასახელებული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე გასცემს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. ასევე, ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებისა და მიზნების გათვალისწინებით, საქართველოში გაიცემა რამდენიმე სახის ბინადრობის ნებართვა, მათ შორის, მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის წინაპირობებს, აღნიშნულის მიხედვით კი მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ წამომადგენლობებსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვინაიდან ბინადრობის ნებართვის გაცემით უცხოელი მოიპოვებს საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობაში ჩაბმის შესაძლებლობას, ხოლო სახელმწიფო კისრულობს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას საქართველოს ტერიტორიაზე, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დეტალურად და ამომწურავად არის გაწერილი საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. მათ შორის, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ („ა“ ქვეპუნქტი) და თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს („გ“ ქვეპუნქტი).
კანონმდებელი იმავე მუხლის მ-2 პუნქტში აკონკრეტებს კრიტერიუმების ჩამონათვალს, თუ რომელ შემთხვევებს მოიცავს საქართველოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების (წესრიგის) დაცვის ინტერესები, ესენია: ა) პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს უნდა უქმნიდეს საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; ბ) უნდა არსებობდეს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე: ბ.ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან; ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან; ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან; ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან).
აღსანიშნავია, რომ დასახელებული საფუძვლებით ნებართვის გაცემაზე უარის თქმა პირდაპირ პასუხობს კანონის მიზნებს. კანონმდებელმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველივე მუხლში ხაზი გაუსვა რა კანონის მიღების მიზნებს, ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო ინტერესების უზრუნველყოფაზე. კერძოდ, ხსენებული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად, საქართველოში მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის შექმნას სამართლებრივი გარანტიები. იმავე კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, საქართველოში უცხოელის უფლებების განხორციელება და მოვალეობების შესრულება არ უნდა ლახავდეს საქართველოს ინტერესებს, არ უნდა ზღუდავდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ სხვა პირთა უფლებებს და არ უნდა უგულებელყოფდეს მათ კანონიერ ინტერესებს. ამრიგად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხოელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემა არ უნდა მოხდეს სახელმწიფოს ინტერესების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ხელყოფის ხარჯზე. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეისწავლოს საქმის გარემოებები, ერთმანეთს შეუპირისპიროს საჯარო და კერძო ინტერესები და თანაზომიერების პრინციპის დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება ბინადრობის ნებართვის გაცემის თუ ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული საკითხის გამოკვლევა და გადაწყვეტა, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან.
სახელმწიფო ორგანო, რომლისგანაც სერვისების განვითარების სააგენტოს შეუძლია, მიიღოს ინფორმაცია უცხოელის მიერ ქვეყნისა და საზოგადოებისთვის საფრთხის შექმნის თაობაზე, არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლიდან გამომდინარე, ეწევა ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციასა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას. ამავე კანონის პირველი მუხლის თანახმად კი, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონისმიერი საფუძვლების არსებობის საკითხის დასადგენად. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა - წერილი კი წარმოადგენს ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მომზადებულ მტკიცებულებას.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. აღნიშნული ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად კი, სააგენტო უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. თუმცა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 20 თებერვალს შ. ა-იმ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კი, ზემოაღნიშნული ნორმებისა და მოთხოვნების დაცვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან ინფორმაცია გამოითხოვა. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 9 ოქტომბრის №SSG 6 18 00156602 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს შ. ა-ისთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 15 ოქტომბრის №1000595438 გადაწყვეტილებით შ. ა-ის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით, გასაჩივრებული აქტის კანონიერების საკითხის გადაწყვეტა პირდაპირ უკავშირდება იმ ინფორმაციის გაცნობასა და შესწავლას, რომელიც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 9 ოქტომბრის №SSG 6 18 00156602 წერილით გათვალისწინებული დასკვნის გაკეთების მიზეზი გახდა. სწორედ ამ მიზნით, 2022 წლის 7 სექტემბერს საკასაციო სასამართლომ, ქვედა ინსტანციის სასამართლოთა ანალოგიურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან დამატებით გამოითხოვა ინფორმაცია და დეტალურად გაეცნო მას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლიდან გამომდინარე, წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. შესაბამისად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ხსენებული ინფორმაცია მხარეებს გააცნოს და იგი სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახოს. ამასთან, საკასაციო პალატა, მიღებული საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის შედეგად, ხაზგასმით აღნიშნავს და ადასტურებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ზემოხსენებული წერილის (დასკვნის) არსებობის პირობებში, სააგენტო უფლებამოსილი იყო, მიეღო მოსარჩელისათვის საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი არ ჰქონია შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა კანონმდებლობის მიზნების მხედველობაში მიღებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების დაცვით. უფრო მეტიც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, შ. ა-ის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მისაღწევად, რის გამოც მას მიენიჭა უპირატესი ინტერესი მხარის ინდივიდუალურ ინტერესთან შედარებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, ასევე უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე. ამრიგად, მოცემულ საქმეზე მიღებული, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არის კანონიერი და დასაბუთებული და მისი გაუქმების საფუძვლები არ არსებობს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს აგრეთვე მორალური ზიანის - 100 ლარის მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრება. საკასაციო სასამართლო აღნიშნულ ნაწილში ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ საქმის მასალებით არ იკვეთება პირდაპირი ან არაპირდაპირი მინიშნება შ. ა-ის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციულ მოპყრობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარი უკავშირდება მხოლოდ კონტრდაზვერვის ინფორმაციაზე მითითებას და არა მოსარჩელის რასობრივ, ეთნიკურ ან სხვა ნიშნით დისკრიმინაციას. ამდენად, დისკრიმინაციული მოპყრობის დაუდასტურებლობის პირობებში, უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში. აღნიშნულთან მიმართებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ანალოგიურ საკითხებზე დადგენილ პრაქტიკაზე (სუსგ 2020 წლის 2 ივნისის №ბს-381(კ-19); სუსგ 2020 წლის 15 ივლისის №ბს-394(კ-19).
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დაადგინა:
1. შ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე