საქმე №127აგ-12 24 დეკემბერი, 2012 წელი თ-ა ნ, 127აგ-12 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. თ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 8 მაისის განაჩენით ნ. თ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება და მისი ქმედება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლზე.
ნ. თ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2006 წლის 20 სექტემბრიდან.
აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 31 აგვისტოს განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ: ნ. თ-ს დაუმძიმდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით შერაცხული მსჯავრი და იგი დაუკვალიფიცირდა საბრალდებო დასკვნით წარდგენილი ბრალის მოცულობით – საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით.
ნ. თ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2006 წლის 20 სექტემბრიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 28 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. თ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ფ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 31 აგვისტოს განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 3 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. თ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 31 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 9 მარტის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 3 იანვრის განჩინება მსჯავრდებულ ნ. თ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
2012 წლის 16 ოქტომბერს მსჯავრდებულმა ნ. თ-მ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 31 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. შუამდგომლობაში ნ. თ-ა მიუთითებდა, რომ განაჩენის გადასინჯვის საფუძველს წარმოადგენდა მის მიერ სსიპ – სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან მოპოვებული მასალები: 2006 წლის 20 სექტემბრის სამედიცინო ჩანაწერები სს „ჩხოროწყუს რაიონული ცენტრალური საავადმყოფოდან“, რომლებიც ერთვის მისსავე შუამდგომლობას. დოკუმენტი არის ორ ფურცლად და სხვადასხვანაირად აფიქსირებს დაზიანებას, ერთ ფურცელზე მითითებულია: „სახის არეში მარჯვნივ ცეცხლნასროლი ჭრილობა შემავალი“, მეორე ფურცელზე მითითებულია: „სახის არეში მარცხნივ ცეცხლნასროლი ჭრილობა შემავალი“. დოკუმენტები დამოწმებულია სათანადო წესით. მსჯავრდებული ნ. თ-ა აღნიშნავდა, რომ საქმეში არსებული მასალები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (20.09.06წ. სამედიცინო ბარათი, 12.11.06წ. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა №514, დაზარალებულის ჩვენებები, 26.04.07წ. სხდომის ოქმები), ურთიერთსაწინააღმდეგოა და განაჩენი არ ემყარება ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ნ. თ-ა ითხოვდა მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და კანონიერი განაჩენის გამოტანას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. თ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 31 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებული ნ. თ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და მისი შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
განაჩენით უტყუარადაა დადგენილი, რომ ცოლად შერთვაზე უარით გაწბილებული ნ. თ-ა, შურისძიების მოტივითა და მოკვლის განზრახვით, მიუვარდა დაზარალებულ მ. ბ-ს, რომელსაც მიაყენა სხეულის დაზიანება, კერძოდ: ყვრიმალის მიდამოში – ცეცხლნასროლი ჭრილობისა და მრავლობითი თერმული ესკორაციების სახით, მაგრამ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა მისი ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო: დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე და დროულად ჩატარებული სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებული გადარჩა.
საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეამოწმა მოცემული საქმე და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული, კერძოდ: მსჯავრდებულ ნ. თ-ს მიერ წარმოდგენილი სს „ჩხოროწყუს ცენტრალური საავადმყოფოს“ და შპს „ჩხოროწყუს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის“ სარეგისტრაციო ჟურნალებიდან ამოღებული დოკუმენტები და კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ნ. თ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ნ. თ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულ ნ. თ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი