საქმე №ბს-849(კ-22) 12 იანვარი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – თ. ო-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 18 თებერვალს თ. ო-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი წარმოადგენს ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებულ პირს. მოსარჩელე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ. ა-ასთან, რომელთანაც ჰყავს ქალიშვილი - დ. ო-ე. თ. ო-ე ზემოაღნიშნულ პირებთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში, ... მკ/რ, ...ს ქ. N4, ბინა N23-ში. 2015 წელს მოსარჩელე დაშორდა მ. ა-ას. მოსარჩელის მიმართ გამოცემული შემაკავებელი და დამცავი ორდერების შესაბამისად, თ. ო-ეს ეკრძალებოდა მ. ა-ასთან მიახლოება საცხოვრებელ თუ სამუშაო ადგილას. მ. ა-ამ მიიღო მათ მფლობელობაში არსებული ბინა, ხოლო თ. ო-ე საცხოვრებლის არარსებობის გამო შესახლდა სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტში მდებარე: ქ. თბილისი, ...ას ქ. N10, რომელიც წარმოადგენდა დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობი იყო ზემოაღნიშნულ ობიექტში მ. ხ-ას ცხოვრების ფაქტი, რამეთუ ამ პიროვნებას პირადი ნივთებიც არ ჰქონდა დატოვებული. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სააგენტოს მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტზე რამდენჯერმე განხოციელებული მონიტორინგის დროს ის იმყოფებოდა ადგილზე, რაც დადასტურებულია ოქმებით. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მ. ხ-ამ უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ საცხოვრებელი ფართიდან გამოუყარა ნივთები, რის გამოც იძულებული გახდა შენობის წინ გაეშალა კარავი და იქ დასახლებულიყო. თ. ო-ის მითითებით სახელმწიფო მნიშვნელობის ობიქტიდან გამოძევების ფაქტი ასევე დაფიქსირებულია საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ოქმებით. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ამავე შენობაში მობინადრე სხვა პირები დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ფართებით. მოსარჩელე ითხოვს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის N04-2357/ო ბრძანების ბათილად ცნობასა და ახალი ადმინისტრაციულ-სამრთლებრივი აქტის გამოცემას მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის N04-2357/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დმოსარჩელე თ. ო-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის N39 ოქმი, რომლის მიხედვით დგინდება, რომ ქ. თბილისი ...ას ქუჩა N10-ში მდებარე N... ბაგაბაღის შენობა განხილულ იქნა, როგორც სახელწიფო მნიშვნელობის მქონე ობიექტი და იქ მცხოვრები დევნილი ოჯახების განსახლების საკითხი განხილულ იქნა კრიტერიუმების გარეშე. ამავე ოქმის თანახმად, მოსარჩელე - თ. ო-ეს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფაზე, ქ. თბილისში, ...ას ქუჩა N10 ,,..."-ში ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი N1) მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი კრიტერიუმების გარეშე, დევნილი ოჯახისთვის პრიორიტეტის მინიჭების პირობებს ითვალისწინებს, კერძოდ აღნიშნული წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად ან/და საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად დასახლების ობიექტში).
პალატამ ყურადღება გაამახვილა 2019 წლის 13 ივნისის ადგილზე გამოცხადების ოქმზე, რომლითაც დასტურდება, რომ პირველი მონიტორინგის განხორციელებისას სააგენტოს წარმომადგენლებს თ. ო-ე დახვდათ ადგილზე, რომელმაც განმარტა, რომ ცხოვრობს მარტო, 2008 წლიდან. საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 8 აგვისტოს ადგილზე გამოცხადების ოქმით, თ. ო-ის რეგისტრაციის მისამართზე ქ. თბილისი, ...ს ქ.N4, კორპ.4. ბ. 23, მეზობელმა განმარტა, რომ ზემოაღნიშნულ მისამართზე მოსარჩელე არ ცხოვრობს. 2019 წლის 23 აგვისტოს მონიტორინგის ოქმით მისამართი - ქ. თბილისი, ...ას ქ. N10, ირკვევა, რომ თ. ო-ე სადავო ფართში ქირით საცხოვრებლად შეუშვა ამავე შენობის მამასახლისმა - მ. ტ-ემ. აღნიშნული ფართიდან მოსარჩელე გამოიყვანეს 16.08.2019-ში, მისი განმარტებით კუთვნილი ნივთები გამოუყარეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, რაც ასევე დაფიქსირებულია პოლიციის ოქმში. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტიდან დევნილი ოჯახების გამოყვანის მომენტისთვის, თ. ო-ე არ ცხოვრობდა სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტში, რაც აუცილებელი წინაპირობა იყო იმისთვის, რომ დევნილი კრიტერიუმების გარეშე, დაუყოვნებლად უზრუნველეყოთ საცხოვრებელი ფართით. სააპელაციო სასამართლის მითითებით, მოსარჩელის დროებით სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტში ქირით და შემდგომ მოცემული შენობის ეზოში გაშლილ კარავში ცხოვრება, არ ქმნიდა იმ მოცემულობას, რომ სააგენტოს დაუყოვნებლად განეხორციელებინა თ. ო-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეზე დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააგენტოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილება არ განხორციელებულა კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება. სამინისტროს შეფასება სრულად შეესაბამებოდა ზემოხსენებული ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, პალატამ დამატებით განმარტა, რომ დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა ხორციელდება მხოლოდ ეტაპობრივად სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში, შესაბამისად, იმ დევნილ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებები იმ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა და აღნიშნულის თაობაზე ეცნობათ დადგენილი წესით, უფლებამოსილნი არიან კვლავ მიიღონ მონაწილეობა შემდეგ ეტაპზე და დაიკმაყოფილონ მათი მოთხოვნა კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ო-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი არ ეთანხმება სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის N04-2337 ბრძანების პირველ პუნქტში ასახულ მოსაზრებას, მისი სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრებასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნულის საპირისპიროდ საქმეში დაცული მონიტორინგის 2019 წლის 13 ივნისის მობინადრეთა აღწერის ფორმის მიხედვით დგინდება მისი ქ. თბილისში, ...ას ქ. N10-ში პირველი სართულის პირველ ოთახში ცხოვრების ფაქტი. 2019 წლის 8 აგვისტოს თ. ო-ის ყოფილი მეუღლის - მ. ა-ას საცხოვრებელ ადგილზე გამოცხადების ოქმიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე მასთან ერთად აღარ ცხოვრობდა. მონიტორინგის სამსახურის 2019 წლის 23 აგვისტოს დათვალიერების და ადგილზე გასაუბრების ოქმის თანახმად, თ. ო-ე ძალის გამოყენებით იქნა გამოგდებული სადავო ფართიდან, რის შემდეგაც იმავე შენობის ეზოში გაშალა კარავი. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა კ. ბ-ემ (მცხოვრები ქ. თბილისი, ...ას ქ. N10) ასევე დაადასტურა, რომ შენობის სათავსოში დღემდე ინახება თ. ო-ის პირადი ნივთები.
კასატორი აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობი იყო სადავო ფართში მის შესახლებამდე, მ. ხ-ას ცხოვრების ფაქტი. კასატორი მიუთითებს, რომ მ. ხ-ა სადავო ფართში თვითნებურად შესახლდა, თუმცა შემდეგ მიატოვა. კასატორი მიუთითებს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 12 ოქტომბრის წერილზე, საიდანაც ირკვევა, რომ მ. ხ-ა 2013 წლიდან რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ...ას გამზ.64-ში, ბინა 36-ში. კასატორი მიიჩნევს, რომ მ. ხ-ას არ გააჩნდა სამართლებრივი უპირატესობა თ. ო-ესთან მიმართებით, შესაბამისად, მ. ხ-აც ვერ იქნებოდა უფლებამოსილი გაექირავებინა ოდესღაც მის მფლობელობაში არსებული ფართი. კასატორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მ. ხ-ას ის სადავო ფართში არ შეუშვია. თ. ო-ე აღნიშნავს, რომ ფართში შეუშვა მ. ტ-ემ, რომელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში უხდიდა ქირას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ო-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თეზიკო ოქროპიძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ თ. ო-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრება. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი განამტკიცებს სოციალური სახელმწიფოს პრინციპს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. საქართველო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე.
ევროპის სოციალური ქარტიის 31-ე მუხლის თანახმად, საცხოვრებელ ადგილზე უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ მიიღონ ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს შესაბამისი საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფას, უბინაობის თავიდან აცილებასა და შერბილებას მისი თანდათანობით აღმოფხვრის მიზნით. „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების“ შესახებ პაქტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, ჰქონდეს სათანადო კვება, ტანსაცმელი და ბინა, აგრეთვე უფლებას განუწყვეტლივ იუმჯობესებდეს ცხოვრების პირობებს. ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის" მე-17 მუხლი ითვალისწინებს პირის უფლებას, არ იქნეს იძულებით გამოსახლებული ადეკვატური დაცვის გარეშე. ეს დებულება აღიარებს პირის უფლებას, დაცული იყოს ,,თვითნებური და არამართლზომიერი ჩარევისაგან'' პირის საცხოვრისში. საცხოვრისი ავტონომიური ცნებაა, რომლის განმარტებისას ევროპული სასამართლო არ შემოიფარგლება საცხოვრისის კლასიფიკაციით შიდასახელმწიფოებრივ სამართალში. შესაბამისად, ადგილი, სადაც პირი ცხოვრობს, არის თუ არა ,,საცხოვრისი" კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მნიშვნელობით, ფაქტობრივ გარემოებებზეა დამოკიდებული, კერძოდ, იმაზე - აქვს თუ არა პირს ,,საკმარისი" უწყვეტი კავშირი კონკრეტულ ადგილთან. (ევგენი ზახაროვი რუსეთის წინააღმდეგ (Evgeni Zakharov v Russia), განაცხადი No. 66620/20, 14.03.2017, 30-ე პარაგრაფი). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი არ შეიძლება განიმარტოს როგორც პირის უფლების აღიარება, უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით. საცხოვრებელი არის ადგილი, ფიზიკურად შემოსაზღვრული ფართი, სადაც ინდივიდის პირადი და ოჯახური ცხოვრება რეალიზდება. პირის უფლება თავისი საცხოვრისის, ფიზიკური ადგილის დაცულობას გულისხმობს (ჩეპმენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, Chapmen v The United kingdom, No. 27138/95, 18.01.2001, 99-ე პარაგრაფი). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი მარტოოდენ არ აიძულებს სახელმწიფოს თავი შეიკავოს უფლებაში ჩარევისგან, რაც მის ნეგატიურ ვალდებულებას შეადგენს. სახელმწიფოს შეიძლება ასევე ეკისრებოდეს პოზიტიური ვალდებულება - ქმედითი ღონისძიებები განახორციელოს პირადი და ოჯახური ცხოვრების დასაცავად. კონვენციის მე-8 მუხლის ძალით სახელმწიფოსთვის დაკისრებული პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს შორის გამყოფი ზღვარი სათუთი დასადგენია. ორივე შემთხვევაში უნდა დამყარდეს სამართლიანი წონასწორობა კონფლიქტურ ინტერესებს შორის (უდოვიჩი ხორვატიის წინააღმდეგ, (Udoviciic v Croatia), განაცხადი No. 27310/09, 24.04.2014, 138-ე პარაგრაფი). კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ უფლებაში ჩარევა უნდა განხორციელდეს კანონის შესაბამისად, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი ისე საპროცესო-სამართლებრივი კუთხით. შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა უნდა იყოს ცხადი, წინასწარგანჭვრეტადი და სათანადოდ ხელმისაწვდომი. შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა გონივრული სიცხადით უნდა მიუთითებდეს იმ ფარგლებსა და გზებზე, რომლითაც უნდა განხორციელდეს საჯარო ხელისუფლების დელეგირებული დისკრეცია ისე, რომ პირები უზრუნველყოფილნი იყვნენ დაცვის მინიმალური ხარისხით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ,,დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ 2019 წლის 29 ნოემბრის N04-2357/ო ბრძანების კანონიერება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) სადავო პერიოდში მოქმედი (15.04.2019წ რედაქციით) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა გულისხმობს ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვას; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება. ზემოაღნიშნული წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: ა) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით; ბ) კონკრეტული დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე; გ) იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია, რაც ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული წერილობით შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ; დ) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან მათ ბალანსზე რიცხულ საცხოვრებელ ფართობში და ამ ფართის გამოთავისუფლების მოთხოვნით სააგენტოში შემოსულია შესაბამისი მომართვა; ე) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელთა მიმართაც, ამ წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სააგენტო ახორციელებს დროებითი განსახლების ღონისძიებებს. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, მე-10 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ობიექტებში დევნილი ოჯახების ცხოვრების ფაქტი დგინდება, სააგენტოს მიერ განხორციელებული აღწერის შედეგების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თ. ო-ე წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოსარჩელეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ იგი სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტში ფაქტობრივად არ ცხოვრობდა.
საქმეში დაცული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის N39 ოქმით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ას ქუჩა N10-ში მდებარე N... ბაგა-ბაღის შენობა განხილული იქნა, როგორც სახელწიფო მნიშვნელობის მქონე ობიექტი და იქ მცხოვრები დევნილი ოჯახების განსახლების საკითხი განხილულ იქნა კრიტერიუმების გარეშე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საქმეში დაცული მონიტორინგის სამსახურის 2019 წლის 13 ივნისის ადგილზე გამოცხადების ოქმის თანახმად, სააგენტოს თანამშრომლებს მონიტორინგის განხორციელების დროს ადგილზე დახვდათ თ. ო-ე, რომელმაც განმარტა, რომ ცხოვრობს მარტო, განქორწინებულია მეუღლესთან - მ. ა-ასთან, აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 2008 წლიდან დღემდე. 2019 წლის 8 აგვისტოს ადგილზე გამოცხადების ოქმით დასტურდება, რომ მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა მოსარჩელის ყოფილი (არარეგისტრირებულ ქორწინებაში) მეუღლის- მ. ა-ას სახლში, მდებარე: თბილისი, ...ს ქ. N4. ბ.23, ყოფილი N... ბაგა-ბაღი. ზემოაღნიშნულ მისამართზე ბინა დაკეტილი იყო. მეზობელთან, თინა გრიგოლიასთან გასაუბრებით დადგინდა, რომ თ. ო-ე იქ არ ცხოვრობდა.
დადგენილია, რომ 2019 წლის 23 აგვისტოს ადგილზე გამოცხადების ოქმით, მონიტორინგის ჯგუფს, მისამართზე - ქ. თბილისი, ...ას ქ. N10, დახვდათ მ. ხ-ა, რომლის განცხადებითაც, მისი დროებით უკრაინაში ყოფნის პერიოდში ზემოაღნიშნულ ბინაში ქირით შესახლდა თ. ო-ე. ამავე ოქმში აღნიშნულია, რომ თ. ო-ე სადავო ფართიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს 16.08.2019 წელს, რის შემდეგაც ცხოვრობს ამავე შენობის ეზოში არსებულ კარავში. ამასთან, საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ქ. თბილისში, ...ას ქ. N10-ში მცხოვრებმა - კ. ბ-ემ ასევე დაადასტურა თ. ო-ის სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ზემოაღნიშნულ ობიექტში ცხოვრების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობაზე, კერძოდ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე სადავო აქტის გამოცემისას არ წარმოადგენდა სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე დაწესებულებაში მცხოვრებ პირს, რის გამოც მის მიმართ არ არსებობდა დაუყოვნებლივ, კრიტერიუმების გარეშე განსახლების აუცილებლობა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დროებით სადავო ფართში ქირით, ხოლო შემდგომ ამავე შენობის ეზოში ცხოვრება არ წარმოადგენდა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის საცხოვრებელი ადგილი არ უქმდება თუ იგი იძულების წესით ან სახელმწიფო მოვალეობის შესასრულებლად განსაზღვრული ვადით ტოვებს ამ ადგილს. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, პირს აქვს საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის შესაძლებლობა. ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილია - სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონის შესაბამისად, პირს მინიჭებული აქვს საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად, შეუზღუდავად არჩევის უფლება (იხ.სუსგ Nბს-1896-1849 (კ-10), 9.07.2011; Nბს-215-213 (კ-17), 20.07.2017).
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე - თ. ო-ე რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ... მკ/რ, ...ს ქუჩა N4-ში. საქმეში დაცული დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის 2020 წლის 11 მაისის N03-2435 წერილით ირკვევა, რომ 2018 წლის 17 ივლისს N31894/01 განცხადებით თ. ო-ემ მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და უარი განაცხადა მ. ა-ასა და დ. ო-ესთან ერთად საცხოვრებელი ფართის დაკანონებაზე. ზემოაღნიშნულ წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 ნოემბრის N2367 განკარგულების საფუძველზე, მ. ა-ასა და დ. ო-ეს თანასაკუთრებაში გადაეცათ ქ. თბილისში, ...ს ქ. N4-ში მდებარე საცხოვრებელი ფართი, რასაც ადასტურებს საქმეში დაცული საჯარო რეესტრის 2019 წლის 31 დეკემბრის ამონაწერი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორცილებისთვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისა. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორცილებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისთვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც ის გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციული აქტით მიყენებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. პალატა განმარტავს, რომ არსებითია, მმართველობითი საქმიანობა იყოს ეფექტური და ეფუძნებოდეს თითოეული პირის რეალურ, ინდივიდუალურ ინტერესს. დაუშვებელია მმართველობითი ორგანოები ხელოვნური, უსაფუძვლო ბარიერების შექმნის გზით აფერხებდნენ ან ხელს უშლიდნენ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების წარმოშობასა და რეალიზაციას.
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, კანონმდებლის მიზანია დევნილობის პერიოდში დევნილის უფლებების დაცვა, დევნილის პრობლემების გადაჭრა. ამავე კანონის მე-5 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა ისეთი ვითარების ასაცილებლად, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პირის იძულებით გადაადგილება, ამავე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებისას დაზარალებულთა სიცოცხლის, ღირსების, უსაფრთხოებისა და თავისუფლების დაცვას, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იძულებითი გადაადგილება განპირობებულია გარდაუვალი აუცილებლობით; ამავე მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად, მინიმუმამდე უნდა შემცირდეს გარდაუვალი აუცილებლობით განპირობებული იძულებითი გადაადგილება და ამით გამოწვეული ზიანი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უტყუარად არ დგინდება თ. ო-ის მოთხოვნის უსაფუძვლობა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას სადავო ფართში ფაქტობრივად არ ცხოვრების საფუძვლით თ. ო-ეს უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუმცა არ გაითვალისწინა მონიტორინგის წინა ოქმებში ასახული ინფორმაცია. 2019 წლის 23 აგვისტოს მონიტორინგის ოქმით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე ძალის გამოყენებით გამოასახლეს სადავო ფართიდან და ცხოვრობდა ამავე შენობის ეზოში გაშლილ კარავში. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში დაცული 2019 წლის 16 აგვისტოს პოლიციის რეაგირების ოქმით დგინდება, რომ ქ.თბილისი, ...ას ქ. N10-იდან თ. ო-ე გამოასახლა მ. ხ-ამ, თუმცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 18 ოქტომბრის N41 სხდომის ოქმით, მ. ხ-ას უარი ეთქვა საცხოვრისით უზრუნველყოფაზე ზემოაღნიშნულ ფართში ფაქტობრივად არცხოვრების საფუძვლით. საკასაციო სასამართლო არამართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ სადავო აქტის გამოცემის დროს თ. ო-ის მიერ ქ. თბილისში, ...ას ქ. N10-ში მდებარე საცხოვრებელზე ფაქტობრივი მფლობელობის არქონა იმთავითვე სადავო აქტის კანონიერებაზე მიუთითებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე დაკითხული მოწმის ჩვენებით, წერილობით მტკიცებულებებით (მონიტორინგის ოქმი, პოლიციის ოქმი) დასტურდება მოსარჩელის ქ. თბილისში ...ას ქ. N10-ში განსაზღვრული პერიოდით ცხოვრების ფაქტი. ამასთან, თ. ო-ის რეგისტრაციის მისამართზე - ქ. თბილისში, ...ს ქ. N4-ში მდებარე ბინა საკუთრების უფლებით თანასაკუთრებაში (დ. ო-ესთან ერთად) აღრიცხულია მ. ა-აზე, რომლის მოთხოვნის საფუძველზეც თ. ო-ის მიმართ გამოცემულია შემაკავებელი და დამცავი ორდერები. საქმეში დაცული შემაკავებელი და დამცავი ორდერების ფარგლებში თ. ო-ის რეგისტრაციის მისამართზე ცხოვრება კანონდარღვევა იქნებოდა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ თ. ო-ე სწორედ ალტერნატიული საცხოვრისის არქონის გამო, შესახლდა ქ. თბილისში, ...ას ქ. N10-ში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ობიექტიდან მისი ნების გარეშე, ძალისმიერად გამოყვანა მისთვის უარყოფითი შედეგის მომტანი არ უნდა იყოს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში, სააგენტოს წარმომადგენლის მიერ დაფიქსირებული პოზიციის შესაბამისად, დევნილები ხშირად თვითნებურად იკავებდნენ საცხოვრებელ ფართებს. სადავო აქტის გამოცემის დროისთვის სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ობიექტში პირის ცხოვრების ფაქტის გამორიცხვა იმ პირობებში, როდესაც წინა მონიტორინგის ოქმებით დასტურდებოდა ზემოაღნიშნული, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებას საჭიროებდა. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებას საჭიროებდა წარმოადგენდა თუ არა თ. ო-ე სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტში მცხოვრებ პირს ,,ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მიზნებისთვის. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტის გამოცემის დროისთვის თ. ო-ის ტენტში, მისი ნების გარეშე ცხოვრება, იმთავითვე არ ქმნიდა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს, რამდენადაც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად უნდა გამოეკვლია თ. ო-ის მდგომარეობის ამსახველი ფაქტობრივი გარემოებები, საცხოვრებელი პირობები, სოციალური მდგომარეობა და გადაწყვეტილება მიეღო წარმოდგენილი მასალების გათვალისწინებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან აქტის გამოცემის მომენტში უნდა შეფასდეს მოსარჩელის სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტში გარკვეული პერიოდით ცხოვრება, ხოლო შემდეგ მისი ნების გარეშე დატოვება ხომ არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც თ. ო-ის სახელმწიფო მნიშვნელობის ფართში ცხოვრებად. ერთ-ერთ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ პირის თავისუფლება აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი ყველანაირ მნიშვნელობას იქნებოდა მოკლებული, რომ არ ავალდებულებდეს სახელმწიფოს ამ საკითხთან დაკავშირებით გაითვალისწინოს ინდივიდის სურვილი. შესაბამისად ამ პრინციპიდან ნებისმიერი გამონაკლისი დემოკრატიულ საზოგადოებაში საჯარო ინტერესით უნდა იყოს ნაკარნახევი (გარიბი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Garib v Netherlands), განაცხადი No. 43494/09, 6.11.2017, 141-ე პარაგრაფი). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია, გამოსახლების პროცესი მოსარჩელეს სადავოდ არ აქვს გამხდარი, თუმცა სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტში ცხოვრების გაგრძელება, დიდი ალბათობით, მას საცხოვრებლით უზრუნველყოფდა. მოსარჩელის მიმართ საცხოვრისის მფლობელობის უფლების შეზღუდვა განპირობებული უნდა იყოს საჯარო ინტერესებით. ერთ-ერთ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ გაიზიარა სახელმწიფოს არგუმენტი, რომ კარმიდამო არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო განმცხადებლის და საცხოვრისად, იქედან გამომდინარე, რომ განმცხადებელი და მისი ოჯახი ორი წელი უკვე სხვაგან ცხოვრობდნენ, როცა იქ პოლიცია შესახლდა. ამასთან განმცხადებელი და მისი ძმა მოცემულ ადგილას მუდმივ მაცხოვრებლად არ იყვნენ დარეგისტრირებულნი. ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლებმა სადავო ადგილას საკმარისი კავშირი შეინარჩუნეს, იქედან გამომდინარე, რომ შესატყვის პერიოდში ეს მათი ერთადერთი საცხოვრებელი ადგილი იყო. მას სხვაგან საცხოვრისი არ ჰქონდა და განზრახული ჰქონდა იქ ცხოვრება (ხამიდოვი რუსეთის წინააღმდეგ, Khamidov v Russia, განაცხადი No. 72118/01, 15.11.2007, 127- პარაგრაფი).
საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეზე სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 97-ე მუხლებით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისთვის დადგენილი მოთხოვნები. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ამდენად, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები, შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის N04-2357/ო ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32 მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თ. ო-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. თ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ,,დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე" სსიპ სოციაულური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2357/ო ბრძანება და მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა