Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-871(კ-22) 09 იანვარი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - შპს „დ...ი“

თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, თანხის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „დ...ის“ წარმომადგენელმა 2019 წლის 21 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და სსიპ სოციალური სააგენტოს 2018 წლის 05 ივლისის №04/38755 და 2018 წლის 19 დეკემბრის №04/68390 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2019 წლის 10 აპრილს გამართულ სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე შპს „დ...ის“ წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით სსიპ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩაბმის შესახებ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა შპს „დ...ის“ წარმომადგენლის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განჩინებით შპს „დ...ის“ წარმომადგენლის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „დ...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 05 ივლისის №04/38755 და 2018 წლის 19 დეკემბრის №04/68390 გადაწყვეტილებები. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მეირ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ხარვეზის შესახებ 2022 წლის 29 ივლისის განჩინებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით - დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა, ხარვეზის შესახებ მითითებული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში; კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა 2022 წლის 03 აგვისტოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აგვისტოს განჩინებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა 5 დღით და კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ მითითებული განჩინების ჩაბარებიდან 05 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით - უკვე გადახდილი 300 ლარის გათვალისწინებით, დავის საგნის ღირებულების 5%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აგვისტოს განჩინება კანონით დადგენილი წესით, საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს, რაც 2022 წლის 26 სექტემბერს ჩაჰბარდა საქმისწარმოებისა და არქივის სამმართველოს, რაც დასტურდება გზავნილზე შესაბამისი ბეჭდით (ს.ფ. 306).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამავე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. იმ შემთხვევაში თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, ხსენებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების უფლებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განჩინების ჩაბარებას უშუალოდ უკავშირდება ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა და მისი შედეგი. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) მხარეს უნდა ჩაჰბარდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანხმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აგვისტოს განჩინება სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს გაეგზავნა 2022 წლის 19 სექტემბერს მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის ქ. N15/ა და 2022 წლის 26 სექტემბერს ჩაჰბარდა საქმისწარმოებისა და არქივის სამმართველოს, რაც დასტურდება გზავნილზე ბეჭდით (ს.ფ. 306). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების ათდღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 27 სექტემბერს და ამოიწურა 2022 წლის 03 ოქტომბერს 24 საათზე (ორშაბათი), თუმცა კასატორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, კასატორს არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რა გარემოებებიც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 396-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;

2. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ - 200294519) დაუბრუნდეს 01.08.2022წ. №19601 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა