Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-18(კ-21) 18 ოქტომბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ჟ. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის რეგიონალური მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი; ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია

მესამე პირი - ა. ა-

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2019 წლის 4 ივნისს ჟ. ა-მა სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის რეგიონალური მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, მესამე პირის - ჟ. ა-ის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 მარტის ... გადაწყვეტილების, რომლითაც ა. ა-ის განცხადება დაკმაყოფილდა და მის საკუთრებად დარეგისტრირდა უძრავი ქონება (ს/კ ...), მდებარე ახალციხის რ/ნ, სოფელი ...ი, 2017 წლის 7 მაისს შედგენილი ახალციხის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ა. ა-ის 450 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზის, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 მარტის N2839 ცნობის და 2018 წლის 1 მარტის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N... ოქმის, ბათილად ცნობა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით ჟ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჟ. ა-მა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინებით ჟ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჟ. ა-მა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში წარდგენილია ყველა მტკიცებულება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად, სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. საქმეში არსებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ასევე სასამართლო გადაწყვეტილებით უტყუარად დგინდება, რომ ა. ა-ს უკანონოდ აქვს დაკავებული მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასწვრივ მდებარე 1 მეტრის სიგანის მიწის ნაკვეთი, რომელიც ასევე უკანონოდ დაარეგისტრირა საჯარო რეესტრმა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ნახაზზე ა. ა-მა ასახა ის შენობა, რომელიც დემონტაჟს ექვემდებარებოდა. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მოსაზრებით, მერიას იდენტურობის დადგენაზე უარი უნდა ეთქვა, სანამ ა. ა-ი არ მოახდენდა უკანონო შენობის დემონტაჟს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჟ. ა-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჟ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 მარტის ... გადაწყვეტილება, 2017 წლის 7 მაისს შედგენილი ახალციხის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ა. ა-ის 450 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 მარტის N2839 ცნობა და 2018 წლის 1 მარტის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N... ოქმი. მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მისმა მეზობელმა ა. ა-მა განახორციელა ცვლილების რეგისტრაცია და ს/კ ...-ით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებში დაირეგისტრირა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 3.7 კვ.მ და 5.5 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფართობი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, სადაც რეგისტრირდება ცალკეული კერძო-სამართლებრივი უფლებები, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. აღნიშნული ფუნქცია ხაზს უსვამს მის უმთავრეს დანიშნულებას - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი.

2009 წლიდან მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

მითითებულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც უკვე ძალადაკარგული, ისე მოქმედი ნორმატიული აქტებით, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს კონკრეტულ უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მარეგისტრირებელმა ორგანომ კი საკუთრების უფლების რეგისტრაცია სწორედ უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტის საფუძველზე და მის შესაბამისად უნდა განახორციელოს. ამასთანავე, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, რათა, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ სათანადო საფუძვლით განხორციელდეს, მეორე მხრივ კი, გამოირიცხოს სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფა და საკადასტრო მონაცემების ზედდება. თუკი სარეგისტრაციოდ წარდგენილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დაფიქსირდება ზედდება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა შეაჩეროს სარეგისტრაციო წარმოება. ამასთან, თუკი სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია, იმავე კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მიღებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება, წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს, თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2012 წლის 17 ივლისის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს წარედგინა ა. ა-ის განცხადება და მოთხოვნილ იქნა ქ. ახალციხის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, განცხადებას ერთვოდა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი და მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, ელ.ვერსია.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2012 წლის 23 ივლისის №... გადაწყვეტილებით ა. ა-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მის საკუთრებად დარეგისტრირდა უძრავი ქონება (ს/კ ...).

2016 წლის 2 ივნისს ა. ა-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს, რომლითაც მოითხოვა რეგისტრირებულ მონაცემებში უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილებების რეგისტრაცია ქ.ახალციხის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე, განცხადებაზე თანდართული იქნა: წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 17 ივნისის №... გადაწყვეტილებით ა. ა-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

2017 წლის 29 სექტემბერს ა. ა-მა კვლავ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა საკადასტრო კოდით ... რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია. განცხადებას დაერთო - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსია.

2017 წლის 5 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... და განმცხადებელს განუმარტა, რომ მის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის სახელზე რეგისტრირებული იყო 450 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარდგენილი იყო 466 კვ.მ, რაც აჭარბებდა კანონით დასაშვებ 1%-ს და დასაზუსტებელი იყო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში თუ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი შემოსაზღვრული იყო მყარი სასაზღვრო მიჯნით (ღობე ან საზღვრად გამოყენებული სხვა ნაგებობა, რომლითაც შესაძლებელია მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი საზღვრის დადგენა) კანონმდებლობა უშვებდა რეგისტრაციის შესაძლებლობას უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით განსაზღვრულ ფართობზე 15%-ით მეტ ფართზე. ასეთ შემთხვევაში განცხადების საფუძველზე, ფაქტების კონსტატაციის მიზნით მიემართებოდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც ადგილზე დათვალიერებით გადაამოწმებდა მყარი მიჯნის არსებობის ნამდვილობას. ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ იყო შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით რეგისტრაცია შეიძლება განხორციელებულიყო მხოლოდ 1%-იანი მეტობით. შესაბამისად, წარმოსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა რეგისტრირებულ მონაცემებთან. რაც შეეხებოდა დარჩენილ ფართობს, ცალკე საკადასტრო აზომვით ნახაზის წარმოდგენის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა დოკუმენტაცია გადაგზავნილიყო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად.

2017 წლის 17 ოქტომბერს ა. ა-მა სარეგისტრაციო ორგანოში დამატებით წარადგინა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ განმცხადებელს სურდა წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე განხორციელებულიყო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავ ნივთზე ს/კ ... რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია და ვინაიდან წარმოდგენილ აზომვით ნახაზზე მონიშნული ფართობი მეტი იყო ვიდრე რეგისტრირებული მონაცემები, მარეგისტრირებელ ორგანოს მიემართა აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის ფაქტის კონსტანტაციის მიზნით, ვინაიდან უძრავი ნივთი მოქცეული იყო მთლიანად მყარ საზღვრებში და სურდა ფართობის გაზრდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ 15 პროცენტიანი მატებით.

2017 წლის 1 ნოემბერს ა. ა-მა მარეგისტრირებელ ორგანოში დამატებით წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსია, რომელიც ფართობით შესაბამისობაში იყო რეგისტრირებულ მონაცემებთან და მოითხოვა ახლად წარდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად განხორციელებულიყო რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია.

2017 წლის 7 ნოემბრის №... წერილით ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას ეცნობა, რომ სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი №... სარეგისტრაციო განცხადებით, მოთხოვნილი იყო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდი: .... დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 1 მარტის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე №... დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერდა ა. ა-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და დადგინდა, რომ №98 მიღება-ჩაბარების აქტით, გათვალისწინებული სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ს/კ ... (ფართობით 450 კვ.მ. სახელწოდებით „სახლი ეზოთი") იდენტურია ი/მ შ. ს-ის მიერ 05.05.2017 წ. შესრულებულ საკადასტრო აზომვით ნახაზთან.

2018 წლის 18 სექტემბერს ჟ. ა-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს, რომლითაც მოითხოვა ქ. ახალციხის რაიონში სოფ. ...ში მდებარე უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, განცხადებაზე თანდართულ იქნა: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსია.

2018 წლის 21 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე- ჯავახეთის რეგიონული ოფისის №... გადაწყვეტილებით ჟ. ა-ს განემარტა, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი და ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.

2018 წლის 2 ოქტომბრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის №...-05 გადაწყვეტილებით ჟ. ა-ის განცხადება დაკმაყოფილდა და უძრავი ქონება მდებარე: ახალციხის რაიონი, სოფელი ...ი, 1867.00კვ.მ, ს/კ ... დარეგისტრირდა ჟ. ა-ის საკუთრებად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და განმარტავს, რომ კასატორმა (მოსარჩელემ) მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, ს/კ ..., საკუთრება დაირეგისტრირა მას შემდეგ, რაც განახორციელა ზედდების აღმოფხვრა და წარადგინა დაზუსტებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ამასთან, ა. ა-ს 2018 წლის მარტში უკვე საკუთრებაში ჰქონდა აღრიცხული უძრავი ქონების სადავო ნაწილი, ხოლო მოსარჩელემ მხოლოდ აღნიშნული ფაქტის შემდეგ დაარეგისტრირა საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო რეგისტრაციის მიმდინარეობისას სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და საჯარო რეესტრის მიერ მოძიებული ინფორმაცია ერთობლიობაში იძლეოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, ვინაიდან გასაჩივრებული რეგისტრაციის განხორციელებისას არ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები.

ამასთან, საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ დავის გადაწყვეტისას დადგენას საჭიროებს მოსარჩელის უფლებადამცავი ინტერესის არსებობა. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ თავისი ინტერესი სწორედ მიღებული ზომების შედეგად დაირღვა, ამასთანავე, ინტერესის არსებობა გულისხმობს მხოლოდ მხარის რეალურ, ფაქტობრივ ინტერესს. სახეზე უნდა იყოს პირდაპირი და უშუალო ზიანი პირის სამართლებრივად დაცულ უფლებასა და ინტერესზე ან უკანონოდ უნდა იზღუდებოდეს პირის უფლება. განსახილველ შემთხვევაში კასატორმა ვერც სასარჩელო და ვერც საკასაციო საჩივრებში ვერ მიუთითა მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვაზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ დგინდება გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენება მოსარჩელის სამართლებრივად დაცული უფლებისა თუ ინტერესისათვის, მისი უფლების უკანონოდ შეზღუდვის ფაქტი. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ თავად წარადგინა მარეგისტრირებელ ორგანოში განცხადება მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე და იგი მისი განცხადების ირგვლივ წარმოებული ადმინისტრაციული საქმის განხილვის ფარგლებში დაეთანხმა მიწის ნაკვეთების იმ კონფიგურაციებს, რომელიც დარეგისტრირდა მის სახელზე, ხოლო უფრო ადრე არუთუნ არუთინიანის საკუთრებაში.

საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ მოცემული დავის ფარგლებში სასამართლო ვერ იმსჯელებს ა. ა-ის მიერ მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განხორციელებულ მშენებლობასთან დაკავშირებით, ვინაიდან, აღნიშნული სცილდება სადავო აქტების კანონიერების შემოწმების ფარგლებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ჟ. ა-ს საკასაციო საჩივარზე 8.02.2021წ №24567153 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ჟ. ა-ს (პირადი ნომერი ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჟ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინება;

3. ჟ. ა-ს (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 8.02.2021წ. №24567153 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე