საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-53(კ-21) 18 ოქტომბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - თ.თ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი
მესამე პირი - ნ.თ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2016 წლის 6 მაისს თ.თ-მა სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის მიმართ. მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2016 წლის 2 მარტის №... გადაწყვეტილებისა და მესამე პირის სახელზე 2542 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) 2005 წლის 24 ოქტომბერს განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით თ.თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ.თ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით თ.თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ.თ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, ცხოვრობს ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. კომლის შემადგენლობაში იყვნენ თვითონ, ბებია შ.თ-ი და პაპა შო.თ-ი. საარქივო ცნობის საფუძველზე კომლს გააჩნია 1,25 ჰა მიწის ნაკვეთი. თ.თ-მა, როგორც კომლის უკანასკნელმა წევრმა, კომლზე რიცხული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით სათანადო საბუთებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურს. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 2 მარტის №... გადაწყვეტილებით რეგისტრაცია შეჩერდა, ვინაიდან დადგინდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 2542.00 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ზედდება.
საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი მასალებიდან ირკვევა, რომ ნ.თ-ის სახელზე 2542.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის უფლების დამდგენი დოკუმენტი იყო სოფელ ...ის გაზეთ ,,...ის" სახელობის კოლმეურნეობის რწმუნებულთა 1977 წლის 14 ივნისის კრების ოქმი N7. ნ.თ-ი, არის თ.თ-ის ბიძა (მამის ძმა). მის პაპასა და ბიძას შორის არსებობდა უთანხმოება, რის გამოც ნ.თ-ი, მამის, შო.თ-ის კომლს გამოეყო და ჩამოყალიბდა ცალკე კომლად.
1972 წლის 26 ივნისის ...ის რაიონის სოფელ ...ის გაზეთ ,,...ის" სახელობის კოლმეურნეობის გამგეობის სხდომაზე №5 ოქმით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და ნ.თ-ს მამის საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან გამოეყო 2500 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი.
1976 წლის 20 მაისს შედგა იმავე კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრება, რომელზეც №6 ოქმით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ნ.თ-ს სხვა ადგილზე გადასვლასთან დაკავშირებით ჩამოერთვა 2400 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ჩაირიცხა ფონდში. 1977 წლის 24 თებერვალს შედგა კოლმეურნეობის გამგეობის სხდომა და №1 ოქმით დაევალა რწმუნებულთა კრებას, რომ კოლმეურნეობის წევრს - ნ.თ-ს გამოყოფოდა 2500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. იმავე წლის 14 ივნისს შედგა რწმუნებულთა კრება და №7 ოქმით - ნ.თ-ს გადაეცა მიწის ნაკვეთი ფართით 2500 კვ.მ.
კასატორის განმარტებით, სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მესამე პირს, ნ.თ-ს 2500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მეორედ გამოეყო მამის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან. ასევე არასწორი იყო ფაქტობრივი გარემოება, რომ თითქოს შო.თ-ის კომლიდან გამოყოფის შედეგად 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული საცხოვრებელი სახლი იყო აღიცხული ნ.თ-ის სახელზე და შესაბამისად, მასზე გავრცელდა სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები (1513-ე მუხლის პირველი ნაწილი).
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ.თ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ.თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2016 წლის 2 მარტის №... გადაწყვეტილებისა და მესამე პირის სახელზე 2542 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) 2005 წლის 24 ოქტომბერს განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერების შემოწმება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა ...ის რაიონის სოფ. ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. რეგისტრაციის საფუძვლად წარდგენილ იქნა საქართველოს ეროვნული არქივის ...ის არქივის 2015 წლის 18 დეკემბერს გაცემული №... და №... საარქივო ცნობები, სოფ. ...ის საკრებულოს სხდომის 1998 წლის 30 ივნისის №45 გადაწყვეტილება, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზები (ფართობი 6653 კვ.მ.) და შო.თ-ის გარდაცვალების მოწმობა. აღნიშნული ინტერესის დაკმაყოფილება შეუძლებლად იქნა მიჩნეული სადავო, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, იმ საფუძვლით, რომ ფიქსირდებოდა ზედდება რეგისტრირებულ მონაცემებთან (ს/კ ....და ...).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კომლი საქართველოში არსებობდა 1993 წლამდე და მათთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდებოდა საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსით (1964 წლის რედაქცია). აღნიშნული კოდექსის 122-ე მუხლის შესაბამისად, საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით, საკოლმეურნეო კომლის ქონების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა წარმოებს კომლის ყველა წევრის თანხმობით (123.1 მუხლი). აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლით განსაზღვრულია ასევე საკოლმეურნეო კომლის ქონებაში კომლის წევრის წილი, რომლის შესაბამისად, საკოლმეურნეო კომლის ქონებაში კომლის წევრის წილი განისაზღვრებოდა: 1) მისი გასვლისას კომლის შემადგენლობიდან, ახალი კომლის შეუქმნელად (გამოყოფა); 2) ერთი კომლიდან ორი ან მეტი კომლის შექმნისას (გაყრა); 3) კომლის წევრის პირადი ვალდებულებების მიხედვით გადახდევინებისას. ამავე მუხლის შესაბამისად, კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილი ეკუთვნის.
„საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან კომლმა არსებობა შეწყვიტა და ქონებაზე, რომელიც საკოლმეურნეო კომლს ეკუთვნოდა, კომლის წევრთა საერთო საკუთრება გავრცელდა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე თ.თ-ი და მესამე პირი ნ.თ-ი თავდაპირველად წარმოადგენდნენ ერთი კომლის წევრებს, თუმცა ნ.თ-ი 1972 წლიდან გამოეყო მამის - შო.თ-ის კომლს და მოითხოვა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფა თავისი მამის მიწის ნაკვეთის ფართიდან. აღნიშნული მოთხოვნა 1972 წლის 26 ივნისის ...ის რაიონის სოფელ ...ის „გაზეთ ...ას“ სახელობის კოლმეურნეობის გამგეობის სხდომაზე N5 ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა და ნ.თ-ს მამის საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან გამოეყო ფართი.
...ის რაიონის გამგებლისადმი სამმართველოს უფროსის მიმართვიდან ირკვევა, რომ პრივატიზაციის დაწყებამდე შო.თ-ის მიწის ფართობიდან მის შვილს ნ.თ-ს კოლმეურნეობის გამგეობამ 1972 წელს გამოუყო 0,25 ჰა სამოსახლო მიწის ნაკვეთი, რომელიც 1976 წელს ქალაქში გადასვლასთან დაკავშირებით დატოვა პირადი განცხადების საფუძველზე. 1977 წელს ნ.თ-ი კვლავ დაბრუნდა სოფელში და მოითხოვა იგივე მამისეული მიწის ფართობიდან 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფა. კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების 1977 წლის 14 ივნისის N7 ოქმით თხოვნა დაკმაყოფილდა და მამისეული საკარმიდამო მიწიდან გამოეყო 0,25 ჰა მიწის ფართობი. ამდენად, შო.თ-ის 0,51 ჰა მიწის ფართობიდან 0,25 ჰა ეკუთვნოდა ნ.თ-ს, ხოლო დანარჩენი 0,26 ჰა შო.თ-ის კუთვნილება იყო.
2016 წლის 21 იანვრის N.... საარქივო ცნობის მიხედვით, ...ის რაიონის სოფელ ...ის 1986-2006 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ნ.თ-ი, რომლის კომლს ამ წლებში ერიცხება 1980 წელს აგებული 22 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და 0,25 ჰა მიწის ფართობი, ხოლო 2016 წლის 5 თებერვლის N.... საარქივო ცნობის შესაბამისად, 1998 წლის 30 ივნისის N15 ოქმის N45 გადაწყვეტილებით კომლს ერიცხება 1,25 ჰა მიწის ფართობი.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2005 წლის 24 ოქტომბერს ...ის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა სოფელ ...ში მცხოვრებმა ნ.თ-მა და მისი კუთვნილი, სოფელ ...ში მდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია და ამონაწერის გაცემა მოითხოვა (გვ. 52). საქმეში წარმოდგენილი 2005 წლის 24 ოქტომბრის მიწის (უძრავი) ქონების სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, ირკვევა, რომ სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დაზუსტებული ფართით 2542 კვ.მ. (ს/კ ...) აღრიცხული იქნა ნ.თ-ის საკუთრების უფლება (გვ. 53). თავის მხრივ, დადგენილია, რომ აღნიშნული ოქმით, ნ.თ-ი შ...ას ძე მიღებული იქნა კოლმეურნეობის წევრად და გამოეყო 0,25 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი (გვ. 59).
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მესამე პირის საკუთრების უფლების ობიექტი მდებარეობდა სწორედ იმ ადგილას, სადაც შო.თ-ის კომლს თავდაპირველად გამოყოფილი ჰქონდა მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, მესამე პირის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის კოორდინატები შესაბამისობაშია მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ გეოგრაფიულ მდებარეობასთან.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება იწყება სწორედ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენით, რა დროსაც მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მითითებული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს შემთხვევათა იმ ჩამონათვალს, რა დროსაც სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდება, კერძოდ, ,,დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 30 კალენდარული დღე. იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე დგინდება, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძირითადი იურიდიული საფუძველია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც განმცხადებელმა უნდა დაურთოს სარეგისტრაციო განაცხადს ან წარადგინოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
საკასაციო სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ სახეზეა ნ.თ-ის სადავო რეგისტრაციის განხორციელების წინაპირობები და არ არსებობდა მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოებები. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2016 წლის 2 მარტის №... გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებასთან მიმართებაში და განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც კანონიერად იქნა მიჩნეული მესამე პირის, ნ.თ-ის სახელზე 2005 წლის 24 ოქტომბერს განხორციელებული რეგისტრაცია უძრავ ნივთზე ს/კ ..., შესაბამისად, არსებობდა მიწის ნაკვეთთა ზედდების გამო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების და აღნიშნულის აღმოსაფხვრელად შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნისთვის საკმარისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, თ.თ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე