Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-211(2კ-21) 18 ოქტომბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ნ. კ-ე

კასატორი (მოწინააღმდეგე მხარე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ ქონების მართვის სააგენტო;

მესამე პირები - ბმა „ს...ე“, რ. რ-ი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 6 ივნისს ნ. კ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 14 დეკემბრის №... გადაწყვეტილების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 ივნისის N... გადაწყვეტილების, ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 28 ნოემბრის N450559 გადაწყვეტილებისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2018 წლის 25 ივნისის N10-0118176419 წერილის ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის 2018 წლის 25 ივნისის №10-0118176419 წერილი და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ნ. კ-ის მიერ 2018 წლის 5 ივნისს წარდგენილი N19/0118156320-01 ადმინისტრაციული საჩივართან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. კ-ემ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ნ. კ-ისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. კ-ემ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.1 მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. კანონის აღნიშნული მოთხოვნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დასაშვებობისათვის აუცილებელია, გასაჩივრებული აქტით ზიანი ადგებოდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ინტერესს ან უკანონოდ იზღუდებოდეს მისი რომელიმე უფლება. მხოლოდ აღნიშნული პირობების არსებობის შემთხვევაში შეუძლია მოსარჩელეს მოითხოვოს საქმის განხილვა ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე შეზღუდული ან სადავოდ ქცეული უფლების ან კანონიერი ინტერესის დაცვის მიზნით.

კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ ქვეპუნქტის მოთხოვნებს და შეიცავდეს აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტი მხოლოდ მაშინ ჩაითვლება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად. როდესაც იგი სრულად შეესაბამება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სავალდებულო რეკვიზიტებს, რომელთაგან ერთ-ერთის არარსებობა, სამართლებრივად გამორიცხავს კონკრეტული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევას. ამასთან, აქტი მატერიალური კანონიერების გარდა უნდა აკმაყოფილებდეს ფორმალური კანონიერების მოთხოვნებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო უნდა იყოს უფლებამოსილი კონკრეტული ურთიერთობა მოაწესრიგოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით. საქმიანობის სწორი სამართლებრივი ფორმის შერჩევის გარდა მნიშვნელოვანია, რომ აქტი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების სათანადო სახისა და აქტის გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით იყოს გამოცემული.

კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2019 წლის 18 აპრილის N10-01191081017 წერილი, მართალია გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, თუმცა მნიშვნელოვანია მისი შინაარსი და გამოცემის საფუძვლები. სადავო წერილის შინაარსიდან ირკვევა, რომ მხარეს განემარტა, სადავო აქტის გამოცემის დროისათვის მოქმედი ქალაქ თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის N24.16.832 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არქიტექტურის სამსახურის (სააგენტოს) წესდების (დებულების)” მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, ურბანული დაგეგმარების დეპარტამენტის უფლებამოსილება. კასატორი ასევე თვლის, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 28 ნოემბრის No450559 გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან მის საფუძველზე არ ხდება რაიმე უფლების/მოვალეობის წარმოშობა, შეცვლა, შეწყვეტა ან დადასტურება. შესაბამისად, სადავო გადაწყვეტილება წარმოადგენს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის წერილს, რომელიც დამოუკიდებლად არ წარმოშობს მხარისათვის რაიმე სამართლებრივ შედეგს და რომლითაც განმცხადებელს ეცნობა სამსახურის პოზიცია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

მეორე კასატორის - ნ. კ-ის განმარტებით, სასამართლოს საკითხი უნდა გადაეწყვიტა არა ერთ კონკრეტულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, არამედ, მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასებით. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით, საკუთრების სარეგისტრაციო ჩანაწერი ... საკადასტრო ერთეულზე, იყო ბათილი, საჯარო რეესტრისთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ ... საკადასტრო ერთეულზე არსებობდა - სხვა პირის საკუთრების წარმოშობის ალბათობა აღნიშნულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დავის საბოლოოდ დასრულების შემდეგ. ასევე არსებობდა, არქიტექტურის სამსახურის N450559 ქალაქგეგმარებითი დასკვნა სადაც ინფორმაციის სახით მითითებული იყო, რომ სამსახურში წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, შენობების ნაწილი გადადიოდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე. შესაბამისად, საჯარო რეესტრს ჰქონდა საფუძველი ევარაუდა, რომ ... საკადასტრო ერთეულზე საკუთრების უფლების სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილობა იყო დროებითი და სამართლებრივი დავის/გამოძიების დასრულების შემდგომ უძრავი ქონება აღირიცხებოდა მესაკუთრეზე. საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული რეგისტრაციით კი პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგა სწორედ ... საკადასტრო ერთეულის მესაკუთრეს - ნ. კ-ეს.

რაც შეეხება არქიტექტურის სამსახურის 21.11.2012 წლის 450559 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნას, ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლომ საკითხი განსახილველად დაუბრუნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მიიჩნია, რომ აღნიშნული აქტის ბათილად ცნობის საკითხი სწორედ მერიამ უნდა გადაწყვიტოს. ამასვე დაეთანხმა სააპელაციო პალატა და განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც მერიას არ ქონდა არსებითად ნამსჯელი ადმინისტრაციულ საჩივარზე, არ ქონდა გამოკვლეული და შეფასებული მტკიცებულებები, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა აღნიშნულ საკითხზე, რაც წარმოადგენდა კანონდარღვევას, რადგან სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლოს შეეძლო თავად ემსჯელა არქიტექტურის სამსახურის 21.11.2012 წლის 450559 გადაწყვეტილების კანონიერების საკითხზე, რაც არ განუხორცილებია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, ხოლო 2021 წლის 12 აპრილის განჩინებით ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნ. კ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 14 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ,,რეგისტრაციის შესახებ’’, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 ივნისის N... გადაწყვეტილების, ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 28 ნოემბრის N450559 გადაწყვეტილებისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2018 წლის 25 ივნისის N10-0118176419 წერილის (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) კანონიერების შემოწმება.

კასატორის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 14 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით ისე მოხდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება და შედგა აზომვითი ნახაზი, რომ არ ყოფილა მისი, როგორც მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2004 წლის 5 სექტემბრის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. ა-ი ცნობილი იქნა ქ.თბილისში, ...ის ქ. N34-ში მდებარე სახლთმფლობელობის, კერძოდ, ლიტ ,,ე“ და ,,დ“ შენობისა და საეზოვე მიწის ნაკვეთის კეთილსინდისიერ მფლობელად. ასევე, დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მასზედ, რომ ...ის ქუჩა N34-ში მდებარე უკანონო მიშენებები აშენებულია 1989 წელს. ამასთან, ქ.თბილისის მერიის ტექაღრიცხვის სამსახურს დაევალა შესაბამისი ცვლილებების შეტანა სააღრიცხვო მონაცემებში.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 13 ივნისის N... გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 5 ივლისს წარმოდგენილი N... სარეგისტრაციო განცხადების საფუძველზე განხორციელებული ნ. ბ-ოს და თ. ა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე თბილისი, ...ის ქ.N34 (საკადასტრო კოდი ...).

2011 წლის 27 ივნისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ ქ. თბილისი, ...ის ქ. N34-ზე, დაზუსტებული ფართობი 543.00 კვ.მ, ს/კ ... საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბათილია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 აპრილის N2/14684-13 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. ბ-ის და თ. ა-ას სარჩელი; უმკვიდროდ იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათებით ნ. ბ-ოს სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი, მდებარე თბილისი, ...ის ქ. N34. მოსარჩელეებს, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცათ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათებით ნ. ბ-ოს სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომიდან, მდებარე ქ.თბილისი, ...ის ქ. N34- ში, ი. ბ-ს - 7/8 წილი და თ. ა-ას - 1/8 წილი.

2014 წლის 6 აგვისტოს ი. ბ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 აპრილის N2/14684-13 გადაწყვეტილებისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელ.ვერსიის საფუძველზე მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე - ქ.თბილისი, ...ის ქ. N34. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 აგვისტოს N... გადაწყვეტილებით, ი. ბ-ი დარეგისტრირდა ქ.თბილისი, ...ის ქ.N34-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 7/8 ნაწილის მესაკუთრედ.

სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 28 ნოემბრის N450559 გადაწყვეტილების მიხედვით, სსიპ არქიტექტურის სამსახურმა განიხილა NAR193952 განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო ქ.თბილისში, ...ს ქ. N43-33ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N...) საზღვრების კორექტირება. არქიტექტურის სამსახურმა დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ სამსახურს ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, შესაძლებლად მიაჩნია მოცემული კონფიგურაციით მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: ...) საზღვრების კორექტირება ფართობის უცვლელად. ადმინისტრაციულმა ორგანომ დამატებით ინფორმაციის სახით მიუთითა, რომ მომიჯნავე ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდი ...), რომლის ფარგლებშიც ხვდება დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე-შენობა-ნაგებობის მცირე ნაწილი, საჯარო რეესტრის ამონაწერში ფიქსირდება: ,,საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბათილია.“ ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის მერიაში დაინტერესებული მხარეთათვის ოფიციალური წესით გაცნობიდან ან გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2012 წლის 14 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ო. ლ-ის განცხადება და წარდგენილი კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, განხორციელდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საზღვრების კორექტირება ფართობის უცვლელად და შესაბამისად გაიცა საკადასტრო გეგმა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 14 დეკემბრის №... გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე ს/კ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება არ იყო რეგისტრირებული.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება იწყება სწორედ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენით, რა დროსაც მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მითითებული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს შემთხვევათა იმ ჩამონათვალს, რა დროსაც სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდება, კერძოდ, ,,დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 30 კალენდარული დღე. იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე დგინდება, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძირითადი იურიდიული საფუძველია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც განმცხადებელმა უნდა დაურთოს სარეგისტრაციო განაცხადს ან წარადგინოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2012 წლის 7 დეკემბერს ო. ლ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის მიხედვით, მოითხოვა ქ.თბილისში, ...ს ქ. N43-33ა, ...ის ქ. N30-32-ზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს/კოდი ...) საზღვრების კორექტირება ფართობის უცვლელად. ასევე დადგენილია, რომ 2012 წლის 11 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N... გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული იყო N1 და N2 შენობა-ნაგებობები როგორც აშენებული და ცვლილების რეგისტრაციისათვის უნდა წარედგინა ექსპლუატაციაში მიღების აქტი ან კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სადაც შენობა-ნაგებობები დაფიქსირდებოდა - მშენებარედ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 14 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ო. ლ-ის განცხადება და წარდგენილი კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, განხორციელდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საზღვრების კორექტირება ფართობის უცვლელად და შესაბამისად გაიცა საკადასტრო გეგმა. ასევე დადგენილია, რომ 2012 წლის 14 დეკემბრის №... გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე ს/კ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე არავის საკუთრება არ იყო რეგისტრირებული.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

ამდენად, საჯარო რეესტრი აღჭურვილია საკუთრების უფლების არა მხოლოდ ფორმალური ფიქსაციის ფუნქციით, არამედ სამართლებრივი გარანტის ფუნქციის შესრულების ფარგლებში, იგი უზრუნველყოფს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვასაც. საჯარო რეესტრის სამართლებრივი გარანტის ფუნქციის ქმედითი შესრულება დაკავშირებულია როგორც საკუთრების უფლების მართებული რეგისტრაციის შედეგად საკუთრების უფლების ფაქტობრივი რეალიზაციისათვის რეესტრში შესაბამისი გარანტიების შექმნასთან, აგრეთვე, უკვე რეგისტრირებული მონაცემების ხელშეუხებლობისა და მათი ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფასთან (სუსგ №ბს-1505(კ-18), 26.09.2019წ.).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე კანონიერად დააკმაყოფილა ო. ლ-ის განცხადება და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ფართობის უცვლელად, შეიტანა კორექტირება ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

რაც შეეხება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 ივნისის №... გადაწყვეტილების, რომლითაც ნ. კ-ეს უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე კანონიერების შემოწმებას, საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას და განმარტავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტით, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის, ასევე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. აღნიშნული ნორმა, მართალია, ადგენს გასაჩივრების განსაკუთრებულ წესს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, თუმცა, საკასაციო პალატა მიუთითებს დადგენილ პრაქტიკაზე და (სუსგ Nბს-1695-1651(კ-10), 25.05.2011წ.; N1588(2კ-18) 26.09.2019წ.; Nბს-408-403(2კ-14), 14.07.2015წ.) მიიჩნევს, რომ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებასთან მიმართებაში სასამართლოს კომპეტენციის არსებობა არ გამორიცხავს ადმინისტრაციული წესით აქტის გასაჩივრების შესაძლებლობას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონით დადგენილი გასაჩივრების სპეციალური წესის მიუხედავად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, უზრუნველყოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლი. ერთი მხრივ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს სააგენტოს უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობას როგორც უშუალოდ, ისე თავისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების მეშვეობით, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის საკუთარი ინიციატივით გადაწყვეტილების გაუქმების უფლებამოსილების მინიჭება, ადასტურებს ასევე მის უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან მიმართებაშიც. სააგენტოს, როგორც ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს, გააჩნია უფლებამოსილება, შეამოწმოს მისი ტერიტორიული სამსახურების მიერ გამოცემული აქტების კანონიერება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ მიუთითა ტერიტორიული სამსახურების გადაწყვეტილებების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობაზე.

საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ ნ. კ-ის წარმომადგენლის მიმართვა მერიისადმი არ ითვლება ადმინისტრაციულ საჩივრად, რამდენადაც სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 28 ნოემბრის N450559 გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და არის საინფორმაციო ხასიათის წერილი და განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიცია ასახულია სზაკ-ის 2.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტში. აღნიშნული მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება წარმოადგენს ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არქიტექტურის სამსახურის კომპეტენციისადმი მიკუთვნებულ საკითხს. ამასთან, მისი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე პირდაპირ მიუთითებდა ქალაქ თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის N24.16.832 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არქიტექტურის სამსახურის (სააგენტოს) წესდების (დებულების)“ მე-11 მუხლი. უდავოა, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 28 ნოემბრის N450559 გადაწყვეტილება აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს და მან წარმოშვა კონკრეტული სამართლებრივი შედეგი (განხორციელდა ს/კ ... მიწის ნაკვეთზე საზღვრების კორექტირება ფართობის უცვლელად და გაიცა საკადასტრო გეგმა). შესაბამისად, დაუსაბუთებელია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოსაზრება სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 28 ნოემბრის N450559 წერილის მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტად მიჩნევის შესახებ.

საკასაციო პალატის მითითებით, პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას.

ზემოთ მითითებულ კონსტიტუციურ პრინციპს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური მუხლი ეძღვნება, კერძოდ ზაკ-ის მე-12 მუხლით გარანტირებულია: 1. ნებისმიერი პირის უფლება - მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, და 2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული ნორმის სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება (სუსგ №ბს-122-115(2კ-13), 28.05.13წ.).

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური თავით (XIII) განსაზღვრული წესი და პროცედურა წარმოადგენს მმართველობითი ორგანოების იერარქიული კონტროლის განხორციელების სამართლებრივ ფუნქციას, რა დროსაც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო აღჭურვილია უფლებამოსილებით შეამოწმოს ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებათა და მოქმედებათა კანონიერება და მიზანშეწონილობა და დამატებითი საშუალებაა მმართველობის კანონიერების უზრუნველსაყოფად, რაც კასატორმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ განსახილველ შემთხვევაში არ განახორციელა.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორთა მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნ. კ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ნ. კ-ეს საკასაციო საჩივარზე 06.04.2021წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ. კ-ეს (პირადი ნომერი ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნ. კ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინება;

3. ნ. კ-ეს (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 06.04.2021წ საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე