საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-226(კ-21) 18 ოქტომბერი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სსიპ ...ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2020 წლის 23 მარტს სსიპ ...მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 2014 და 2017 წლებში გაწეული სამედიცინო მომსახურებისათვის ანაზღაურებული თანხის - 137 211,57 ლარის უკან დაბრუნების დავალდებულების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 1 ნოემბრის №04/57111 გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ამავე სააგენტოს 2020 წლის 1 ივნისის №04/11587 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 მარტის განჩინებით სსიპ ...ის სარჩელი მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.
გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით სსიპ ...ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 1 ნოემბრის №04/57111 და 2020 წლის 1 ივნისის №04/11587 გადაწყვეტილებები. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით საქმეში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება. ხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ შემთხვევის დასრულებიდან ხუთი წლით კონტროლის განხორციელების ვადის განსაზღვრა, ნაცვლად სამისა, შეუძლებელია სამართლებრივად გაუთანაბრდეს იურიდიული პასუხისმგელობის დამძიმებას. კასატორის მითითებით, მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ახალი რეგულაცია არ მოქმედებს მის შემოღებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე, რომლებიც არ დასრულებულა და კვლავ გრძელდება, არ ვრცელდება საჯარო სამართლის სფეროზე.
კასატორი საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-8 მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შედეგად ანაზღაურებული თანხა უნდა დაბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რამაც, საბოლოოდ, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, კასატორი ითხოვს ახალი გადაწყვეტილების მიღებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაზე“, რომლის მე-8 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების მიხედვით, მიმწოდებლები განმახორციელებელს წარუდგენენ საანგარიშგებო დოკუმენტაციას. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხას, მისი წარდგენის წესსა და ფორმას განსაზღვრავს ზემოაღნიშნული დადგენილების მე-13 მუხლი, რომლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, შესაბამისი საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარადგინოს განმახორციელებელთან არა უგვიანეს შესრულებული სამუშაოს თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, თუ პროგრამის ცალკეული კომპონენტის სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. განმახორციელებელი უფლებამოსილია, ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილოს შემდეგი თვის დოკუმენტაციასთან ერთად დადგენილი წესით. ამასთან, ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება, თუ პროგრამით განსაზღვრული პირობებით გაწეული მომსახურების დასრულებიდან გასულია 3 საანგარიშგებო თვეზე მეტი, თუ პროგრამის ცალკეული კომპონენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2014 წლისათვის მოქმედი ზემოხსენებული „პროგრამის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ფორმითა და ვადებში მიმწოდებელი უზრუნველყოფს განმახორციელებელთან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენას ნაბეჭდი და ელექტრონული სახით, ხოლო ამ პუნქტის 2017 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედებული რედაქციის მიხედვით, დადგენილი ფორმითა და ვადებში, მიმწოდებელი უზრუნველყოფს განმახორციელებელთან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენას ნაბეჭდი და/ან ელექტრონული სახით, ამავე მუხლში მოყვანილი პირობებით. აღსანიშნავია, ხსენებული მუხლის მე-3 პუნქტში განმარტებულია, რომ საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებისას ხდება აღნიშნული დოკუმენტაციის პირველადი შემოწმება და მისი დადარება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხასთან, რის საფუძველზეც შედგება ჩაბარებული დოკუმენტაციის რეესტრი, ორმხრივი ხელმოწერით. წარდგენილი დოკუმენტაციის შეუსაბამობის აღმოჩენისას საანგარიშგებო დოკუმენტაცია ითვლება არასრულყოფილად და არ ხდება მისი მიღება. მიმწოდებელს ეძლევა 2 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და პაკეტის ხელახლა წარსადგენად, ერთ საანგარიშგებო პერიოდში ერთჯერადად.
განსახილველ სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ ...სა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, 2014 და 2017 წლების მიმდინარე თვეების საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარება ხდებოდა შემდგომ თვეებში. ამასთან, საანგარიშგებო დოკუმენტაცია იგზავნებოდა ელექტრონული ფორმითაც.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2014 წლის დროისათვის მოქმედი „პროგრამის“ მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, შესრულებულ მომსახურებად უნდა ჩაითვალოს იმავე საანგარიშო თვეში პაციენტისათვის გაწეული დასრულებული მკურნალობის შემთხვევების მოცულობა და ღირებულება, თუ პროგრამის ცალკეული კომპონენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო იმავე პუნქტის 2017 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედებული რედაქციის მიხედვით, შესრულებულ მომსახურებად უნდა ჩაითვალოს იმავე საანგარიშო თვეში პაციენტისათვის გაწეული დასრულებული მკურნალობის შემთხვევების მოცულობა და ღირებულება, რომელიც ამ პროგრამის მიზნებისთვის შემდგომში ასევე განიხილება, როგორც ამ შემთხვევების ფაქტობრივი ხარჯი, თუ პროგრამის ცალკეული კომპონენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ზემოხსენებული ნორმების ანალიზისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საანგარიშო თვეში პაციენტებისათვის გაწეული დასრულებული მკურნალობის შემთხვევების მოცულობა და ღირებულება, სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტები და ხარისხი მოპასუხის მხრიდან ეჭვქვეშ არ დამდგარა და სრულად მოხდა სამედიცინო შემთხვევათა ანაზღაურება, რაც მიუთითებს მასზედ, რომ მოპასუხის მხრიდან ეს შემთხვევები შესრულებულ მომსახურებად იქნა მიჩნეული.
ნიშანდობლივია, რომ არც 2014 და არც 2017 წლებში მოქმედი სადავო საკითხის მომწესრიგებელი კანონმდებლობით, ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების შესაძლებლობა, საანგარიშგებო დოკუმენტაციის დაგვიანებით წარდგენის გამო, გათვალისწინებული არ არის. ამდენად, სამედიცინო დაწესებულების ბრალით გამოწვეული, საანგარიშგებო დოკუმენტაციის დაგვიანებით წარდგენის შემთხვევაშიც კი, აღნიშნული ვერ გახდება სამედიცინო მომსახურებისათვის გაწეული და უკვე ანაზღაურებული ხარჯების უკან დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, მოსარჩელის მიერ სამუშაოს არაჯეროვნად შესრულება, მოცემულ შემთხვევაში, სადავოდ არ გამხდარა.
რაც შეეხება საკასაციო პრეტენზიას ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის №79 დადგენილებით ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში, კერძოდ, 151 მუხლის მე-2 პუნქტით დადგინდა შემოწმების ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა: კონტროლი ხორციელდება გეგმური და არაგეგმური შემოწმების გზით. ამასთან, კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 3 (სამი) კალენდარულ წელს. ხოლო საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის №552 დადგენილებით 151 მუხლის მე-2 პუნქტში განხორციელებული ცვლილების შედეგად კონტროლის განხორციელების ვადად განისაზღვრა შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარული წელი.
საკასაციო პალატა მხარის ყურადღებას მიაქცევს მასზედ, რომ თითოეული სადავო შემთხვევისას კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს კანონმდებლობით დაწესებული 3 თუ 5 წლიან ვადას, შემთხვევის დასრულების პერიოდის გათვალისწინებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ცვლილების განხორციელების შესახებ დადგენილებები არ შეიცავს დათქმას ახალი რედაქციის ნორმისათვის უკუძალის მინიჭების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა მოქმედებდა 2015 წლის 26 ოქტომბრის ცვლილებამდე არსებულ და აღნიშნულ პერიოდამდე დასრულებულ შემთხვევებზე. შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილების შედეგად დაწესებული ხუთწლიანი ვადა ძველ, დასრულებულ შემთხვევებზე ვერ გავრცელდება. 2014 წლის შემთხვევები დასრულდა იმავე წელს და მასზე უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, 2014 წელს ანაზღაურებული თანხების უკან დაბრუნების შესახებ მოთხოვნა ხანდაზმულიცაა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 06.04.2021წ. №08634 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინება.
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 06.04.2021წ. №08634 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე