Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1045(კ-22) 26 ოქტომბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ა.ძ-ა და ნ.გ-ა (აგრეთვე, როგორც ო.ძ-ას უფლებამონაცვლეები).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა.ძ-ამ, ო.ძ-ამ და ნ.გ-ამ 2021 წლის 9 მარტს დაზუსტებული სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის №03-122/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა.ძ-ას, ო.ძ-ასა და ნ.გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის №03-122/ო ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეების ოჯახის ქ. ...ში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის განჩინებით (ამონაწერი სასამართლო სხდომის ოქმიდან) №3ბ/62-22 ადმინისტრაციულ საქმეზე (აპელანტი (მოპასუხე): სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო; მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) ა.ძ-ა, ო.ძ-ა, ნ.გ-ა; დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება; გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება) შეჩერდა საქმის წარმოება ო.ძ-ას გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინებით განახლდა წარმოება №3ბ/62-22 ადმინისტრაციულ საქმეზე (აპელანტი (მოპასუხე): სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო; მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები): ა.ძ-ა, ო.ძ-ა, ნ.გ-ა; დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება; გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილება).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე №3ბ/62-22 გარდაცვლილი ო.ძ-ას (პ/ნ: ...) უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ - ა.ძ-ა (პ/ნ: ...) და ნ.გ-ა (პ/ნ: ...).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება.

პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. სადავო პერიოდში მოქმედი „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) (ძალადაკარგულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 04/08/2021 № 01-30/ნ ბრძანებით) მე-6 მუხლი ადგენს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს, კერძოდ: ამავე ნორმის პირველი პუნქტის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე ნორმის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა ა.ძ-ას დევნილი ოჯახის დროებით საცხოვრებელ (რეგისტრაციის) ადგილზე (მისამართი: ქ. ..., ...ის პირველი შესახვევი N1 (სოფ. ...) ფაქტობრივად არცხოვრობის შესახებ ეფუძნება მხოლოდ მონიტორტინგის ოქმს, რომლის შესაბამისად, 2020 წლის 27 ივნისს შენობის აღწერისას მონიტორინგის სამმართველოს ა.ძ-ას ოჯახი არ დახვდა ადგილზე და არც ფაქტობრივად მაცხოვრებლებისგან (არ არის მითითებული კონკრეტული ფიზიკური პირების მონაცემები - სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ა.შ.) მიუღიათ მოსარჩელეებზე რაიმე ინფორმაცია. პალატამ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა ა.ძ-ას დევნილი ოჯახის ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების თაობაზე, ვინაიდან საქმის მასალებით (მოწმეთა ჩვენებები, ...ში, ...ის პირველი შესახვევი N1-ში (სოფ....) მცხოვრები 15 დევნილის განცხადება, ცნობები (ფორმა N100) მოსარჩელეთა ჯანმრთელეობის მდგომარეობის შესახებ, ამონაწერები, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს 2021 წლის 11 მარტის N... ცნობა (ინფორმაცია დევნილთა მონაცემთა ერთიანი ბაზიდან), ცნობები სამსახურიდან, ამონაწერი სს „ ...-ს“ სააბონენტო ბარათიდან, 2021 წლის 28 მაისის გასაუბრების ოქმი, ფოტოსურათები, სსიპ ... საჯარო სკოლის ცნობა და ა.შ.) უტყუარად დასტურდება მოსარჩელეების - ა.ძ-ას, ნ.გ-ას, ო.ძ-ას (გარდაიცვალა 2021 წლის 15 ნოემბერს, უფლებამონაცვლეები - ა.ძ-ა, ნ.გ-ა) ცხოვრების ფაქტი მისამართზე - ქ. ..., ...ის ქუჩა N1 შესახვევი, სოფ. .... ამასთან, ის გარემოება, რომ მოსარჩელეებს პერიოდულად უწევდათ სწავლის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სამსახურის გამო ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დროებით დატოვება, უტყუარად არ ადასტურებს მოსარჩელეების რეგისტრაციის ადგილზე, ნგრევად ობიექტში არცხოვრები ფაქტს. გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის მოსარჩელეების ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის მოსარჩელეებსაც, გააჩნია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლა/შემოსვლის უფლება. ამასთან, გადაადგილებისა და საქართველოდან გასვლის უფლება მოსარჩელეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეზღუდული არ ჰქონიათ. შესაბამისად, მოსარჩელეების მიერ, პერიოდულად გარკვეული მიზნებით (სწავლა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამსახური და ა.შ.) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება უტყუარად არ ადასტურებს, რომ მოსარჩელეები ფაქტობრივად არ ცხოვრობდნენ ნგრევად ობიექტში, მით უფრო, ალტერნატიული საცხოვრებლის არარსებობის პირობებში.

ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის №03-122/ო ბრძანება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს და უკანონოდ ზღუდავს მოსარჩელეთა კანონიერ უფლებას, კრიტერიუმების გარეშე (ნგრევად ობიექტში ცხოვრების გამო) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოსარჩელეების მიმართ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისთვის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ მხარის ნგრევად ობიექტში ცხოვრების ფაქტის დასადგენად რეგისტრაციის მისამართი არ შეიძლება ჩაითვალოს რეალური საცხოვრებელი ადგილის დადგენის უტყუარ საშუალებად. კასატორი თვლის, რომ რეგისტრაცია იმთავითვე არ გულისხმობს იმავე მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრებას. საქმეში წარმოდგენილი მონიტორინგის ოქმებიდან ცალსახად დასტურდება, რომ მოსარჩელეები არ ცხოვრობენ სადავო შენობაში. მხარემ თავად დაადასტურა, რომ გარკვეული პერიოდი სწავლობდა, მუშაობდა ქ. თბილისში და ცხოვრობდა ნათესავთან. კასატორის მოსაზრებით, დასტურდება, რომ მოსარჩელეები ძირითადად დაკავშირებულნი არიან ქ. თბილისთან, ისინი ხშირად იმყოფებიან ქ. თბილისში, რაც გამორიცხავს მათ ქ. ...ში ნგრევად ობიექტში მუდმივად ცხოვრებას. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც აგრეთვე, რომ მოსარჩელე ა.ძ-ა 2012 წლიდან, სწავლის პერიოდში ცხოვრობდა მამიდასთან ქ. თბილისში, ამასთანავე, იგი 2016 წელს, 2019-2020 წლებში მუშაობდა ქ. თბილისში. საქმის მასალებით დასტურდება ასევე მოსარჩელეების ქ. თბილისში ცხოვრების ფაქტი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

კასატორის მითითებით, სახელმწიფოს ვალდებულება, უზრუნველყოს დევნილი ოჯახი გრძელვადიანი საცხოვრებელით, როგორც წესი, ხორციელდება კრიტერიუმების საფუძველზე, საჭიროებათა პრიორიტეტულობის პრინციპით, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ შენობა რომელშიც დევნილი ოჯახი ცხოვრობს წარმოადგენს ნგრევად-საშიშს, ამ ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, ოჯახის უსაფრთოების მიზნით განხორციელდება მინიჭებულ ქულათა მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე. შესაბამისად, დევნილი ოჯახის ქულათა მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე, დაუყონებლივ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის აუცილებელ ერთ-ერთ პირობას დევნილი ოჯახის ნგრევად-საშიშ შენობაში ფაქტობრივად ცხოვრება წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელეების საკითხი გამოკვლეულია სრულყოფილად. სააგენტო დევნილი ოჯახების საკითხის განხილვისას ინდივიდუალურად შეისწავლის განმცხადებლის საჭიროებას და ითვალისწინებს ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტს, რათა დაადგინოს არსებობს თუ არა დაუყონებლივ განსახლების აუცილებლობა. თუკი არ მოხდება ზემოაღნიშნულის გათვალისწინება და სახელმწიფო კრიტერიუმების გარეშე დააკმაყოფილებს იმ დევნილ ოჯახებს, რომლებიც ფაქტობრივად არ ცხოვრობენ ნგრევად ობიექტში, არსებობს პოტენციური საფრთხე იმისა, რომ საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ ოჯახები, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მართლაც ემუქრება საფრთხე ნგრევად ობიექტში ცხოვრების გამო და არ გააჩნიათ სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი და არც შესაბამისი სახსრები მის შესაძენად, რაც, ცხადია გამოიწვევს ქაოსს და უსამართლობის შეგრძნებას საზოგადოებაში. კასატორი აღნიშნავს, რომ ყველა ოჯახს სურს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ბინა, რაც ასევე სახელმწიფოს ინტერესიცაა, თუმცა სახელმწიფო, თავისი რესურსების გათვალისწინებით, ეტაპობრივად აკმაყოფილებს მათ საცხოვრებლით, რა დროსაც ითვალისწინებს სასწრაფოდ განსახლების საჭიროებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეები - ა.ძ-ა და ნ.გ-ა (აგრეთვე, როგორც ო.ძ-ას უფლებამონაცვლეები) არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან მისამართზე: ქ. ..., ...ის პირველი შესახვევი N1 (სოფ....). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის №77 სხდომის ოქმის შესაბამისად, მოსარჩელეების ოჯახს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ფაქტობრივად არცხოვრების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის №03-122/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №77), მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ქ. ...ში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. საქმეში დაცული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 6 მაისის N003008719 დასკვნის შესაბამისად დადგენილია, რომ ქ. ...ში, ...ის ქუჩა I შესახვევი, N1, სოფ. ...ის პირველი შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, მისი შემდგომი ექპსლუატაცია საფრთხის შემცველია და საჭიროებს გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარებას, წინასწარ შედგენილი პროექტის მიხედვით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული 2020 წლის 29 დეკემბრის სს „ ე...ას“ ამონაწერის მიხედვით, 2019 წლის 30 ნოემბრიდან მოსარჩელე აბონენტია და იხდის ელექტრო ენერგიის გადასახადს. სს „ლ...ის“ 2021 წლის 2 თებერვლის N... ცნობის თანახმად, ა.ძ-ა 2019 წლის 15 ივლისიდან მუშაობს სს „ლ...ში“ ...ის პოზიციაზე ...ის რეგიონში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეების ოჯახის ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადგენისას ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მხოლოდ მონიტორინგის ოქმს, რომელშიც მითითებულია, რომ მოსარჩელის ოჯახი მონიტორინგის მისამართზე არ იმყოფებოდა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივად არცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში იგი მისამართზე არ ცხოვრობდა. ნგრევად ობიექტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. პირისათვის ნგრევად-საშიშ ობიექტში ცხოვრების დავალდებულება, როგორც დაკმაყოფილების აუცილებელი პირობა, თავის მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით განმტკიცებულ ადამიანის უფლებებს. მოცემულ საქმეში დაცული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით დასტურდება, რომ მოსარჩელეთა ოჯახის წევრს - ო.ძ-ას აღენიშნებოდა ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც მკურნალობდა ქ. თბილისში, აღნიშნულს ადასტურებენ თავად მოსარჩელეებიც, რომელთა ახსნა-განმარტების შესაბამისად, ისინი პერიოდულად ქ. თბილისში ნათესავთან რჩებოდნენ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ, აღნიშნულ ნგრევად ობიექტში მოსარჩელეთა მეზობლად მცხოვრები თ.უ-ას და ე.მ-ის ნოტარიალურად დამოწმებულ განცხადებაზე, რომლითაც დასტურდება მოსარჩელეთა ქ. ...ში, სადავო მისამართზე 1996 წლიდან ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტი (ს.ფ.81-82). აღნიშნულს ადასტურებს აგრეთვე მეზობლად მცხოვრები სხვა დევნილთა მიერ ხელმოწერილი განცხადებიც (ს.ფ.42). ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობის პირობებში, დასტურდება ქ. ...ში, ...ის ქუჩა I შესახვევი, N1, სოფ. ...ში მდებარე ნგრევად შენობაში მოსარჩელეთა ფაქტობროვად ცხოვრების ფაქტი. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელეთა ოჯახის სადავო მისამართზე არცხოვრების და შესაბამისად, მათ მიერ სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის ფლობის ფაქტს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიან საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე