საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-828(კ-21) 1 ნოემბერი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
კასატორები (მოპასუხე) – 1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო; 2. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „...ო“
თავდაპირველი მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივლისის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2018 წლის 3 დეკემბერს შპს „...ომ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელემ მოპასუხეთა წრისა და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა შპს „...ოსთვის“ საჯარიმო სანქციის დაკისრების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 სექტემბრის №04/51178 გადაწყვეტილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 7 ნოემბრის №01/9120-ს წერილის ბათილად ცნობა. მოსარჩელემ ასევე იშუამდგომლა სადავო აქტის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 სექტემბრის №04/51178 გადაწყვეტილების შეჩერების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით შპს „...ოს“ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე დაკმაყოფილდა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა საჯარიმო სანქციის დაკისრების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 სექტემბრის №04/51178 გადაწყვეტილების მოქმედება. ხსენებული განჩინება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გასაჩივრდა კერძო საჩივრით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „...ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; საჯარიმო სანქციის დაკისრების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 სექტემბრის №04/51178 გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივლისის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება. ხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და მის სამოტივაციო ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების არცერთი საფუძველი არ იკვეთება.
კასატორის მითითებით, პაციენტი კლინიკაში შესვლისთანავე იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში და უტარდებოდა ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, თუმცა მიმწოდებელმა უარი განაცხადა ინტუბირებული ავადმყოფის ნაზოგასტრალური ზონდით, ქარხნული წარმოების ენტერალური კვების საშუალებებით უზრუნველყოფაზე, რისი შეძენაც, მედპერსონალის მითითებით, პაციენტის ოჯახის წევრებს უწევდათ საავადმყოფოს ტერიტორიაზე არსებულ აფთიაქში. ამდენად, მიმწოდებლის მხრიდან დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება, რომლის მიხედვითაც მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მომსახურების გაწევა პროგრამით განსაზღვრული მოცულობის შესაბამისად. მიმწოდებელი ასევე ვალდებულია, პროგრამის განმახორციელებელს და პროგრამის/ვაუჩერის მოსარგებლეს პროგრამულ მომსახურებაში არ გადაახდევინოს სხვა გადასახადი ან დამატებითი თანხა, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრულისა. კასატორის განმარტებით, აღნიშნული დანაწესის შინაარსი სასამართლომ უგულებელყო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით საქმეში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ჩართულ იქნა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერება.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით, კერძოდ, პაციენტის სამედიცინო ისტორიიდან ირკვევა, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლე პირი - ო. წ-ე შპს „...ოში" მიყვანილი იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების - 112-ის სამსახურის მიერ 2018 წლის 24 მაისის 02:52 საათზე. იგი კონსულტირებულ იქნა ნევროლოგის მიერ და დაესვა ძირითადი დიაგნოზი - იშემიური ინსულტი მარცხენა შუა ცერებლური არტერიის აუზში, სენსო-მოტორული აფაზიითა და მარჯვენამხრივი ჰემიპარეზით (I63.5), გულის უკმარისობა II-III (NYHA) (I50), ჰემატურია (R31); ძირითადი დაავადების გართულებას წარმოადგენდა - კომა (R40.2), ჰიპოსტაზური პნევმონია (J18.2), ორმხრივი ჰიდროთორაქსი (J94.8), თავის ტვინის შეშუპება (G93.6), შოკი დაუზუსტებელი (R57.9), სუნთქვის მწვავე უკმარისობა (J96.0); პაციენტს ასევე ჰქონდა თანმხლები დაავადებები - არტერიული ჰიპერტენზია II (ESC/ESH)I10, მოციმციმე არითმია (პერმანენტული ფორმა) (I48), OS-ამავროზი H54, OUT კონიუქტივიტი H10, მიტრალური სარქვლის IIხ ნაკლოვანება (I34.0), ტრიკუსპიდალური სარქვლის IIხ ნაკლოვანება (I36.1), პულმონური ჰიპერტენზია (I27.2). აღნიშნული მდგომარეობების გათვალისწინებით, პაციენტი 2018 წლის 24 მაისს 05:30 საათიდან 07:30 საათამდე მოთავსდა კრიტიკული მედიცინის და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, I დონის ინტენსიური მოვლისათვის, ხოლო შემდგომ 2018 წლის 14 ივნისის 17:45 საათამდე (ბიოლოგიური სიკვდილის დადგომამდე) მომსახურებას იღებდა II-III დონის ინტენსიური მკურნალობის ფარგლებში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-151 მუხლის (სადავო აქტის გამოცემის დროისთვის მოქმედი რედაქციის) შესაბამისად, კონტროლი მოიცავს: ა) გაწეული სამედიცინო მომსახურების შესაბამისობის დადგენას დანართი №1-ის 21-ე მუხლით განსაზღვრული მომსახურების მოცულობასთან (მათ შორის, დიაგნოზის შესაბამისი პათანატომიური დასკვნის არსებობის შემოწმებას, იმ შემთხვევებზე, როდესაც ამ მოტივით შემთხვევა არ იყო/არის დასრულებული პროგრამით განსაზღვრულ ვადაში, ასევე დადგენილ ვადებში დახურულ შემთხვევებში მსგავსი დასკვნის არსებობას, ასეთის საჭიროებისას); ბ) გაწეული სამედიცინო მოსახურების თაობაზე პროგრამის განმახორციელებლის მიერ მიღებული ელექტრონული და/ან მატერიალური ინფორმაციის შედარებას მიმწოდებელთან არსებულ დოკუმენტაციასთან. ამასთან, კონტროლი ხორციელდება გეგმური და არაგეგმური შემოწმების გზით. კონტროლის განხორციელებისას ხდება მიმწოდებელთან არსებული სამედიცინო, ფინანსური დოკუმენტაციისა და საინფორმაციო სისტემაში მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის გადამოწმება. პროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს მიმწოდებლისაგან მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ასევე ახსნა-განმარტებები, საჭიროებისამებრ, განახორციელოს პაციენტთან, მისი ოჯახის წევრებთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის მიერ შემოწმდა შპს „...ოში“ პაციენტ ო. წ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურებისა და პაციენტის მიერ გადახდილი თანხების მართლზომიერების საკითხი, რა დროსაც გამოვლინდა მიმწოდებლის მხრიდან საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების დარღვევის ფაქტი, კერძოდ, შემმოწმებლის მიერ დადგენილ იქნა, რომ პაციენტი კლინიკაში შესვლისთანავე იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში და უტარდებოდა ინტენსიური მკურნალობა-მოვლა, თუმცა მიმწოდებელმა უარი განაცხადა ინტუბირებული ავადმყოფის ნაზოგასტრალური ზონდით ქარხნული წარმოების ენტერალური კვების საშუალებებით უზრუნველყოფაზე, რისი შეძენაც, მედპერსონალის მითითებით (ნუტრიზონი, პროტიფარი), ოჯახის წევრებს უწევდათ საავადმყოფოს შენობაში არსებულ აფთიაქში. წარდგენილი ქვითრების მიხედვით, პაციენტის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პერიოდში, შეძენილ საშუალებებზე გადახდილმა ჯამურმა თანხამ შეადგინა 708.52 ლარი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-20 მუხლი განსაზღვრავს პროგრამაში მონაწილეთა სუბიექტების უფლება-მოვალეობებს. ხსენებული მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურების გაწევა პროგრამით განსაზღვრული მოცულობის შესაბამისად და პროგრამის განმახორციელებელს და პროგრამის/ვაუჩერის მოსარგებლეს პროგრამულ მომსახურებაში არ გადაახდევინოს სხვა გადასახადი ან დამატებითი თანხა, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრულისა. მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია გაირკვეს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული I დონისა და II-III დონის ინტენსიური მკურნალობა, რომელიც გაეწია პაციენტ ო. წ-ეს, რამდენად ითვალისწინებდა ენტერალური კვებით უზრუნველყოფას, რომლის შეძენაც მისი ოჯახის წევრებს უხდებოდათ.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1.2 დანართით განსაზღვრულია გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების პირობები. აღნიშნული დანართის მიხედვით, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ფარგლებში პაციენტებს გაეწევათ, როგორც I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, ასევე II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა. თავის მხრივ, I დონის ინტენსიური თერაპია, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, მხოლოდ 2018 წლის 24 მაისს 05:30 საათიდან 07:30 საათამდე პერიოდში, გულისხმობს ინტენსიურ მკურნალობა/მოვლას პაციენტებისთვის, რომლებიც ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო, საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობას და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას ან/და თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიას, ხოლო II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა ხორციელდება პაციენტებთან, რომლებსაც აღენიშნებათ ერთი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა და საჭიროებენ ერთი სასიცოცხლო ფუნქციის აპარატურულ მხარდაჭერას (მაგ., მართვითი სუნთქვა, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია) და პარენტერალურ კვებას.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორი, განსაზღვრული მოცულობის შესაბამისი მკურნალობის მიუწოდებლობად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მიმწოდებელმა უარი განაცხადა ინტუბირებული ავადმყოფის ნაზოგასტრალური ზონდით ქარხნული წარმოების ენტერალური კვების საშუალებებით უზრუნველყოფაზე, რისი შეძენაც, მედპერსონალის მითითებით (ნუტრიზონი, პროტიფარი), პაციენტის ოჯახის წევრებს უწევდათ საავადმყოფოს შენობაში განთავსებულ აფთიაქში.
საგულისხმოა, რომ მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1.2 დანართით განსაზღვრული I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა არ მოიცავს პაციენტის რომელიმე სახის (პარენტერალური ან ენტერალური) კვებით უზრუნველყოფას, ხოლო II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა მოიცავს მხოლოდ პარენტერალურ კვებას. ამდენად, პარენტერალურ კვებასა და ენტერალურ კვებას შორის, სამედიცინო თვალსაზრისით, დადგენილია არსებითი სხვაობა.
მოცემულ შემთხვევაში, პაციენტი იმყოფებოდა არა პარენტერალურ, არამედ ენტერალურ კვებაზე, რომელსაც მითითებული პროგრამის განმსაზღვრელი ნორმები
I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის ან/და II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის ფარგლებში არ ითვალისწინებდა. ამდენად, პაციენტის ენტერალური კვებით უზრუნველყოფა პაციენტის ოჯახის მიერ ვერ განიხილება პროგრამით გათვალისწინებულ მკურნალობაში თანხის გადახდად და პროგრამის პირობების დარღვევად. საქმეში კი არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პაციენტს რომელიმე ეტაპზე არასწორად გაეწია სამედიცინო დახმარება ან/და არ ჩაუტარდა ის სამედიცინო მომსახურებები, რომელიც ესაჭიროებოდა. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, საექიმო საქმიანობის სუბიექტი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, რაც გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ ექიმს აქვს პაციენტის მდგომარეობის შეფასების, ასევე დიაგნოზისა და მკურნალობის ღონისძიებების განსაზღვრის შესაძლებლობა და უფლებამოსილება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ინტუბირებული ავადმყოფის ნაზოგასტრალური ზონდით ქარხნული წარმოების ენტერალური კვების საშუალებებით უზრუნველყოფაზე მიმწოდებლის უარი ვერ ჩაითვლება არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურების გაწევად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას მასზედ, რომ შპს „...ოს“ მიერ პაციენტ ო. წ-ისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში განხორციელდა, რის გამოც არ არსებობდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 სექტემბრის №04/51178 სადავო გადაწყვეტილების მიღებისა და მოსარჩელე კლინიკის დაჯარიმების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 29.10.2021წ. №29025 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 892,13 (რვაას ოთხმოცდათორმეტი ლარი და ცამეტი თეთრი) ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 624,49 (ექვსას ოცდაოთხი ლარი და ორმოცდაცხრა თეთრი) ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150. ასევე, ვინაიდან სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 01.11.2021წ. №07112 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 892,13 (რვაას ოთხმოცდათორმეტი ლარი და ცამეტი თეთრი) ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 624,49 (ექვსას ოცდაოთხი ლარი და ორმოცდაცხრა თეთრი) ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივლისის განჩინება.
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.10.2021წ. №29025 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 892,13 (რვაას ოთხმოცდათორმეტი ლარი და ცამეტი თეთრი) ლარის 70 პროცენტი - 624,49 (ექვსას ოცდაოთხი ლარი და ორმოცდაცხრა თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.11.2021წ. №07112 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 892,13 (რვაას ოთხმოცდათორმეტი ლარი და ცამეტი თეთრი) ლარის 70 პროცენტი - 624,49 (ექვსას ოცდაოთხი ლარი და ორმოცდაცხრა თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე