საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-1006(კ-22) 16 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ხ. ა-ე, ნ. ა-ე, გ. ჯ-ა, კ. ჯ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 19 აპრილს ხ. ა-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, ხ. ა-ესთან ერთად, მოსარჩელეებად ასევე დასახელდნენ ნ. ა-ე, გ. ჯ-ა და კ. ჯ-ა. მოსარჩელეებმა მოითხოვეს „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 8 აპრილის N03-835/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მოსარჩელეების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ხ. ა-ის, ნ. ა-ის, გ. ჯ-ას და კ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 8 აპრილის N03-835/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ხ. ა-ის და მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-13 მუხლებზე, ასევე სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე „წესის“ მე-6 მუხლზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და საყურადღებოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ ხ. ა-ის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა ზემოაღნიშნული „წესის“ საფუძველზე მინიჭებული ქულების ნაკლებობა, არამედ საკითხის შეფასების მომენტისათვის, მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობა, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დასაბუთებული არ არის. მოპასუხე მხარე შემოიფარგლება ზოგადი მითითებებით, მოსარჩელესთან შედარებით, სხვა პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრიორიტეტის შესახებ.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მოპასუხე, როგორც დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელი უწყება, ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის გზით. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის ოჯახი ყოველდღიური ყოფა-ცხოვრებით დაკავშირებულია ქალაქ თბილისთან და არ დასტურდება ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობა, რამაც უნდა გამორიცხოს ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. ამასთანავე, ... რაიონის სოფელ ლ...ში ხ. ა-ის ყოფილი მეუღლის საკუთრებაში მამა-პაპისეული სახლის შესაძლო არსებობის ფაქტი, არ შეიძლება გახდეს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. დადგენილია, რომ მოსარჩელის ოჯახი ქალაქ თბილისში ცხოვრობს ქირით. ამ პირობებში, ადმინისტრაციულმა ორგანომ ოჯახის მდგომარეობა შეაფასა დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად და ოჯახს მიანიჭა 5.5 ქულა (მათ შორის, საცხოვრებლის ფინანსური პირობები: ნაქირავები - 1.5 ქულა). ამასთან, უდავოდ დადგენილია, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის N19 საოქმო გადაწყვეტილებით, ოროთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4.5 და მეტი ქულა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა „ბავშვის უფლებათა კონვენციაზე“ და განსახილველ საქმეზე საყურადღებოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ სადავო პერიოდისათვის მოსარჩელეს ჰყავდა 18 წლამდე ასაკის ორი შვილი (ამჟამად ერთ-ერთი სრულწლოვანია). ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, მხედველობაში მიეღო ყველა ზემოაღნიშნული გარემოება (მათ შორის, ის ფაქტი, რომ საქმე შეეხებოდა არასრულწლოვანი დევნილის ინტერესებს) და მიღებული გადაწყვეტილებით, ოჯახისათვის შეექმნა ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, შესაბამისად, მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 8 აპრილის N03-835/ო ბრძანება და მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ხ. ა-ის და მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რომელიც გამოიყენა. გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და ეყრდნობა ისეთ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც არ დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დგინდება, რომ მონიტორინგის განხორციელების დროს მოსარჩელე არ იმყოფებოდა მისამართზე, თუმცა არ დაკონკრეტდა, სად იმყოფებოდა. ამასთანავე, ხ. ა-ის მეუღლის საცხოვრებელ ფართში განხორციელებული მონოტორინგისას, მეზობლებმა განმარტეს, რომ ხ. ა-ე, შვილებთან ერთად, ხშირად ჩადის მისამართზე. სასამართლოს აღნიშნულ მტკიცებულებებზე არ უმსჯელია. მოსარჩელეს შეუზღუდავად შეუძლია ისარგებლოს მეუღლის საცხოვრებელი ფართით. ოჯახი აღნიშნულ ფართს განკარგავს. განქორწინების ფაქტი მტკიცებულებით არ დასტურდება. ასეც რომ იყოს, ოფიციალური სამოქალაქო ქორწინების გაფორმება არ არის საჭირო ოჯახის შესაქმნელად.
კასატორის განმარტებით, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, ყველა დევნილი ოჯახი უზრუნველყოს სათანადო საცხოვრებლით და შეუქმნას მათ ცხოვრებისათვის სრულფასოვანი გარემო, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა მოქმედებდეს კანონმდებლობის სრული დაცვით, შესაბამისი კრიტერიუმების, რიგითობის გათვალისწინებით და არსებული სტრატეგიის შესაბამისად. ამ პირობებში, სასამართლოს სადავო განჩინებიდან გამომდინარეობს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონმდებლობის სრული დაცვის გარეშე უნდა იმოქმედოს. სასამართლო არ მიუთითებს, ადმინისტრაციული წარმოებისას მოპოვებული ინფორმაციის გარდა, კიდევ რა უნდა გაეთვალისწინებინა სააგენტოს, კონკრეტულად სააგენტოს რომელი ქმედება იყო კანონსაწინააღმდეგო. სადავო საკითხის გადაწყვეტისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, დეტალურად შეისწავლა ფაქტები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელესთან შედარებით, სხვა დევნილ ოჯახებს უფრო მეტად ესაჭიროებათ თავშესაფარი და არ შეუძლიათ ნათესავის საკუთრებით თავისუფლად სარგებლობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარეს ფაქტობრივად უსაფუძვლოდ გადაეცა უკვე მეორე ქონება, იმ პირობებში, როდესაც სააგენტოს უამრავი დევნილი ოჯახის დაკმაყოფილების ვალდებულება აქვს და მათ საკითხზე მსჯელობს. სააგენტო პრიორიტეტს ანიჭებს იმ ოჯახს, რომლის განსახლების გადაუდებელი და აუცილებელი საჭიროება არსებობს. მოსარჩელე სასწრაფო და გადაუდებელ განსახლებას არ საჭიროებს. ამდენად, სადავო აქტი კანონიერია. მისი გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დაიცვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები, სააგენტომ სათანადოდ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, უფლებამოსილი პირები გამოცხადდნენ მოსარჩელის მისამართზე. მონიტორინგის ოქმით დადასტურდა, რომ რეალურად, მხარე შეუზღუდავად სარგებლობს ფაქტობრივი საცხოვრებელი სახლით. არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ შესაძლოა, მოსარჩელე თავშესაფრის გარეშე დარჩეს. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას,რომელიც არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას.
სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი N1) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრებოდა დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი შეესაბამებოდა გარკვეული რაოდენობის ქულას, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდებოდა. ქულები მითითებული იყო კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებდა, ენიჭებოდა პრიორიტეტი.
ზემოაღნიშნული 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით ასევე დამტკიცებული იყო „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი N6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი N7). დანართებში მოცემული იყო ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასებულიყო კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით.
საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეები არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები და მათზე გაცემულია შესაბამისი მოწმობები.
გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ხ. ა-ის ოჯახმა თავდაპირველად განაცხადი გააკეთა 2018 წლის 5 ოქტომბერს.
თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავების შედეგად, სადავო საკითხის გადაწყვეტამდე, წინასწარი შეფასებით ხ. ა-ის ოჯახს მინიჭებული ჰქონდა 5,5 ქულა (საცხოვრებლის ფინანსური პირობები: ნაქირავები - 1,5 ქულა; 18 წლამდე ასაკის ოჯახის წევრები: 2 არასრულწლოვანი - 1 ქულა; ომში დაღუპული ოჯახის წევრი: ზ. ა-ე (გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში) - 3 ქულა).
2021 წლის 22 იანვრის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა მისამართზე: თბილისი, ... გამზირი N36/96. შემოწმების შედეგად, დადგინდა, რომ საცხოვრებელი წარმოადგენს ერთსართულიან შენობას, სადაც ოჯახი ცხოვრობს ქირით. ოჯახი აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 2011 წლიდან. 1993-2011 წლებში, ოჯახი ცხოვრობდა ... ქუჩაზე, კომპაქტურ ჩასახლებაში. ოჯახის წევრები არიან: ხ. ა-ე, მისი ორი არასრულწლოვანი შვილი და დედა. ოჯახის შემოსავალს შეადგენს ყოველთვიური სოციალური დახმარება. ხ. ა-ის ყოფილი მეუღლე ცხოვრობს ... რაიონის სოფელ ლ...ში, მამა-პაპისეულ სახლში.
2020 წლის 7 დეკემბრის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადებისა და გასაუბრების ოქმის მიხედვით, თბილისში, ... გამზირ N96-ში განხორციელებული ვიზიტისას, მონიტორინგის ჯგუფს მისამართზე არავინ დახვდა. სატელეფონო საუბრისას, განმცხადებელმა განაცხადა, რომ იმყოფებოდა რაიონში და დაბრუნდებოდა თვის ბოლოს.
2021 წლის 5 თებერვლის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადებისა და გასაუბრების ოქმის მიხედვით, მონიტორინგი განხორციელდა ხ. ა-ის ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ სახლში, რომელიც მდებარეობს ... რაიონში, სოფელ ლ...ში. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ მათთვის უცნობია, სად ცხოვრობს ხ. ა-ე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის N19 საოქმო გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ხ. ა-ის განცხადება, მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებლის გამო, საკითხის განხილვის ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის საფუძვლით.
ზემოაღნიშნული საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2021 წლის 8 აპრილს გამოსცა N03-835/ო ბრძანება, ხ. ა-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რამდენადაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებთან მიმართებაში არ დასტურდება ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობა, რამაც უნდა გამორიცხოს მათი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტის ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები, ასევე დათვალიერების, ადგილზე გამოცხადებისა და გასაუბრების ოქმები. საყურადღებოა, რომ საქმეზე წარმოდგენილი, 2010 წლის 20 მაისს გაცემული განქორწინების მოწმობის მიხედვით, ხ. ა-ე განქორწინებულია რ. ჯ-სთან, ხოლო სადავო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2021 წლის 5 თებერვალს განხორციელებული დათვალიერების, ადგილზე გამოცხადებისა და გასაუბრების შედეგებით არ დადასტურდა ხ. ა-ის ფაქტობრივად ცხოვრება ყოფილი მეუღლის საცხოვრებელი ადგილის მისამართზე. ამ პირობებში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, საწინააღმდეგო მტკიცებულებებზე მითითების გარეშე, დადასტურებულად მიიჩნია, რომ ხ. ა-ის ოჯახს გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მტკიცების ტვირთი მოიაზრებს დავის მონაწილე მხარის იურიდიულ მოვალეობას, შეასრულოს გარკვეული პროცესუალური მოქმედება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს გააჩნია არამხოლოდ საპროცესო-სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა მოსარჩელეებთან მიმართებაში ალტერნატიული ფართის არსებობა, რაც გამორიცხავდა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამდენად, არ არსებობდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2021 წლის 8 აპრილის N03-835/ო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მოთხოვნები. ამასთანავე, საყურადღებოა მოსარჩელეებთან დაკავშირებული განსაკუთრებული გარემოებები. სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა ბავშვის უფლებათა კოდექსზე და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა არასრულწლოვანი პირის საუკეთესო ინტერესის მნიშვნელობა, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხთან მიმართებაში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
გენადი მაკარიძე