Facebook Twitter

#142აგ-12 25 იანვარი, 2013 წელი

გ-ე მ., 142აგ-12 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 22 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 აპრილის განაჩენით მ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის `ა~ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ მ. გ-ეს სასჯელის სახით განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 2006 წლის 25 ოქტომბრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 2 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 დეკემბრის განჩინებით მ. გ-ეს ,,ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, გაუნახევრდა სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 18 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სხვა ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 2 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

2012 წლის 8 ოქტომბერს მსჯავრდებულმა მ. გ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ და მოითხოვა თავისი ქმედების სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის `ა~ ქვეპუნქტიდან იმავე მუხლის 1-ლ ნაწილზე გადაკვალიფიცირება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 დეკემბრის განჩინება შეიცვალა, კერძოდ: მ. გ-ის ქმედება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის `ა~ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა იმავე მუხლის 1-ლ ნაწილზე. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ დანიშნული სასჯელი, დარჩა უცვლელად.

საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული მ. გ-ე აღნიშნავს, რომ მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ეყრდნობა ყალბ მტკიცებულებებს, ხოლო ჩადენილ ქმედებებს არასწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული. კასატორი ითხოვს დანიშნული სასჯელის შემცირებას და `ამნისტიის შესახებ~ საქართველოს კანონების გამოყენებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ შუამდგომლობით მ. გ-ე ითხოვდა თავისი ქმედების სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის `ა~ ქვეპუნქტიდან იმავე მუხლის 1-ლ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და დამატებით აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს. შესაბამისად, თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.

რაც შეეხება კასატორის მითითებას `ამნისტიის შესახებ~ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრისა და 2009 წლის 20 ნოემბრის კანონებზე, მათი გამოყენების პროცედურა მკაფიოდაა განსაზღვრული ამავე კანონებში მითითებული სპეციალური ნორმებით, რომელთა მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს აღნიშნულ კანონთა გამოყენების შესახებ.

რაც შეეხება მსჯავრდებულის მოთხოვნებს სსკ-ის 180-ე და 362-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს: საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, კანონის შესაბამისად ,სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია მსჯავრდებულ მ. გ-ის ზემოაღნიშნული მოთხოვნების შესახებ, ვინაიდან მსჯავრდებულს ასეთი მოთხოვნით სააპელაციო პალატისთვის არ მიუმართავს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, სამართლებრივი შეფასება მისცეს მსჯავრდებულ მ. გ-ის საკასაციო საჩივარში მითითებულ იმ საკითხებს, რომლებზეც სააპელაციო პალატას თავის გადაწყვეტილებაში კანონის შესაბამისად არ უმსჯელია.

ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის `დ~ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ მ. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი მ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე