Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-1054(კ-22) 16 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 12 თებერვალს ჯ.ბ-ამ და მ.ჩ-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 27 იანვრის N03-58/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მოსარჩელეების ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჯ.ბ-ას და მ.ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 27 იანვრის N03-58/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელეების ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-6, მე-13 მუხლებზე და საქმეში არსებული მტკიცებულებებით უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. 2021 წლის 26 იანვრის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის შესაბამისად, ოჯახის შემადგენლობაში შედიან: ჯ.ბ-ა, მ.ჩ-ა, ქ.ბ-ა და ა.ბ-ა. ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქალაქი ზუგდიდი, ...ის ქუჩა N..., სასტუმრო „...“. 2020 წლის 26 ივნისს, მითითებულ მისამართზე განხორციელებული მონიტორინგის ამსახველი ოქმით დგინდება, რომ ჯ.ბ-ა და მ.ჩ-ა ადგილზე არ იმყოფებოდნენ. მეზობლის განმარტებით, ისინი იმყოფებიან ქუთაისში ან თბილისში, სავარაუდოდ, სამკურნალოდ. 2020 წლის 16 სექტემბრის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადებისა და გასაუბრების ოქმის თანახმად ჯ.ბ-ასა და მ.ჩ-ას მიერ აპლიკაციაში მითითებულ მისამართზე: ზუგდიდში, ...ის ქუჩა N...-ში, მეორედ განხორციელდა მონიტორინგი. ოქმის თანახმად, მისამართზე იმყოფებოდნენ ქ.ბ-ა და მისი შვილი - ა.ბ-ა. მშობლები - ჯ.ბ-ა და მ.ჩ-ა იმყოფებიან ...ში. ქ.ბ-ას ჰყავდა ორი ძმა - მ.ბ-ა და გ.ბ-ა, რომლებიც არიან გარდაცვლილები და დაკრძალულნი არიან ...ში. ქ.ბ-ა არის მარტოხელა დედა. მოსარჩელეებს უარი ეთქვათ გრძელვადიანი საცხოვრებლით კრიტერიუმების გარეშე დაკმაყოფილებაზე, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტზე, რომელსაც აქვს არამარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც. ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცების ტვირთის ამგვარი განაწილება არ გულისხმობს მოპასუხის სრულად გათავისუფლებას მტკიცების ტვირთისაგან. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად, მოპასუხეს აქვს უფლება, წარადგინოს საწინააღმდეგო მტკიცებულებები.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელეთა შესაბამის მისამართზე მონიტორინგის დროს არყოფნა, არ შეიძლება შეფასდეს ნგრევად ობიექტში არცხოვრების ფაქტად, რამეთუ აღნიშნული გარემოება შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის. მოსარჩელის განმარტებით, მონიტორინგის განხორციელების დროს იმყოფებოდა შვილის საფლავზე, შესაბამისად, მონიტორინგის დროს მისამართზე ფაქტობრივად არყოფნა არ შეიძლება შეფასდეს ნგრევად ობიექტში არცხოვრებად. საქმეზე წარმოდგენილი ჯანმრთელობის შესახებ ცნობებით ასევე დასტურდება მოსარჩელის განმარტების თანმიმდევრულობა და ლოგიკურობა. გარდა ამისა, მოსარჩელეთა შვილის განცხადებაში მითითებულია, რომ ცხოვრობს მითითებულ მისამართზე, მშობლებთან ერთად. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე მხარემ ასევე არ გაითვალისწინა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ქალაქ ზუგდიდის ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში წარმომადგენლის 2021 წლის 18 თებერვალს გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ჯ.ბ-ა 1998 წლიდან ნამდვილად ცხოვრობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქ. ზუგდიდის ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ...ის ქუჩა N...-ში („...“). ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ ზეპირი განმარტება, იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეები ფაქტობრივად არ ცხოვრობდნენ ნგრევად ობიექტში, ვერ იქნება გაზიარებული.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მართებულია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სადავო ბრძანება და მოპასუხეს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს. სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რომელიც გამოიყენა. გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და ეყრდნობა ისეთ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც არ დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით. გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან. გაუგებარია, რატომ დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ 2021 წელს გაცემულ ცნობას. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაგებელთან ერთად წარმოდგენილ უამრავ დოკუმენტს.

კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ, ნგრევადი ობიექტიდან დევნილი ოჯახების შესაბამის საცხოვრებელ პირობებში გადაყვანის მიზნით, განახორციელა სადავო ობიექტში მცხოვრები თითოეული დევნილი ოჯახის საკითხის შესწავლა. მონიტორინგის სამმართველომ აღწერა ობიექტები. მოსარჩელეთა შემთხვევაში, მისამართზე მცხოვრები მეზობლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, რომ ოჯახი ქუთაისში ან თბილისში იმყოფებოდა. მოსარჩელეები არც მეორედ განხორციელებული მონიტორინგისას დახვდნენ ადგილზე ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლებს. მოსარჩელეების შვილმა დაადასტურა, რომ მისი მშობლები ...ში იმყოფებოდნენ. აღნიშნული ინფორმაციების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, სააგენტოს გაუჩნდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მხარეები ...ში ცხოვრობენ, რადგან ორჯერ სხვადასხვა დროს განხორციელებული მონიტორინგისას, ისინი არ იმყოფებოდნენ მისამართზე. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეების შვილის - ქ.ბ-ას ფაქტობრივად ცხოვრების საკითხის შესწავლის შემდეგ, იგი დაკმაყოფილდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით. მისი მშობლების შემთხვევაში კი, იმავე მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრება ვერ დადასტურდა. ის გარემოება, რომ მოსარჩელეები ფაქტობრივად არ ცხოვრობენ ნგრევად ობიექტში, დასტურდება მათივე განცხადებით. ისინი მიუთითებენ, რომ საცხოვრებელი პირობების გამო, შეუძლებელია შესაბამის ფართში ცხოვრება, ამასთანავე, მათ დაადასტურეს, რომ ძირითადად იმყოფებიან ...ში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში. კასატორის განმარტებით, მითითებული გარემოებების არსებობის პირობებში, გაურკვეველია, დამატებით რა უნდა გაეთვალისწინებინა ადმინისტრაციულ ორგანოს, სადავო საკითხის დადებითად გადასაწყვეტად. სააგენტომ გადაწყვეტილება მიიღო კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობების ზედმიწევნით შესრულებით, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული წარმოებისას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებას, ფაქტების დეტალურად შესწავლას. ფაქტობრივად ცხოვრების გადამოწმებას ახდენს მონიტორინგის სამმართველო, ხოლო სააგენტო ვალდებულია, გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს შესაბამისი მონიტორინგის ამსახველი ინფორმაცია. სააპელაციო სასამართლო არ მიუთითებს, რაზე დაყრდნობით უნდა მიეღო ადმინისტრაციულ ორგანოს დადებითი გადაწყვეტილება, თუ მონიტორინგის სამმართველოს მიერ გადამოწმებულ ინფორმაციას არ გაითვალისწინებდა.

კასატორი მიუთითებს საქმესთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“, რომელიც ადგენს შესაძლებლობას, პრიორიტეტი მიენიჭოს და შესაბამისი კრიტერიუმების გარეშე განხორციელდეს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. ამასთან, კასატორის განმარტებით, „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცედურის“ შესაბამისად, პირველ რიგში, საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვებული აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ნგრევადი კომპაქტური ობიექტის დახურვის დროს სააგენტოს გამოჰყავს იქ ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახები და ასახლებს მათ კრიტერიუმების გარეშე. დევნილი ოჯახისთვის მსგავსი პრივილეგიის მინიჭება და ქულათა გარეშე განსახლება ერთადერთ მიზანს ემსახურება - იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთზე. ამდენად, თუ დევნილი ოჯახის ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი არ დასტურდება ნგრევად ობიექტში, სააგენტო ვერ ჩააყენებს დევნილ ოჯახს სხვა დევნილ ოჯახებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში, კრიტერიუმებისა და ქულათა სისტემის გარეშე ვერ განასახლებს მას. მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ მოსარჩელეები არ არიან ნგრევადი ობიექტის ფაქტობრივი მაცხოვრებლები. შესაბამისად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ მიღებული სადავო გადაწყვეტილება კანონიერია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეთა ინტერესი უკავშირდება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონით და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტებით განსაზღვრული დევნილი პირის უფლების რეალიზებას - გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას.

სადავო პერიოდში მოქმედებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი N1). აღნიშნული „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრებოდა დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. გამონაკლისს ადგენდა ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია უფლებამოსილი იყო, ამ „წესის“ მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, პრიორიტეტი მიენიჭებინა და კრიტერიუმების გარეშე განეხორციელებინა იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობდნენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დადასტურებულიყო სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ობიექტებში დევნილი ოჯახების ცხოვრების ფაქტი დგინდებოდა სააგენტოს მიერ განხორციელებული აღწერის შედეგების საფუძველზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები.

ასევე დადგენილია, რომ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ შეამოწმა ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ პირთა განსახლების საჭიროება, კრიტერიუმების გარეშე. სხვა შენობებთან ერთად, შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, ნგრევად ობიექტად შეფასდა ქალაქ ზუგდიდში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე სასტუმრო „...ს“ შენობა.

ზემოაღნიშნულ მისამართზე მოსარჩელეთა ფაქტობრივად ცხოვრების დადასტურების მიზნით, 2020 წლის 26 ივნისს, ზუგდიდში, ...ის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „...ს“ მეორე სართულზე განხორციელდა მონიტორინგი. მონიტორინგის ამსახველი ოქმის თანახმად, ჯ.ბ-ა და მ.ჩ-ა ადგილზე არ იმყოფებოდნენ. მეზობლის განმარტებით, ისინი არიან ქუთაისში ან თბილისში, სავარაუდოდ სამკურნალოდ.

2020 წლის 16 სექტემბერს შედგენილი დათვალიერების, ადგილზე გამოცხადებისა და გასაუბრების ოქმის მიხედვით, ჯ.ბ-ას და მ.ჩ-ას მიერ აპლიკაციაში მითითებულ მისამართზე (ზუგდიდი, ...ის ქუჩა N...) განხორციელდა მონიტორინგი. მონიტორინგის ჯგუფს ადგილზე დახვდა მოსარჩელეთა შვილი - ქ.ბ-ა, შვილთან - ა.ბ-ასთან ერთად. ქ.ბ-ას განმარტებით, მისი მშობლები იმყოფებოდნენ ...ში, სადაც დაკრძალულნი არიან მოსარჩელეთა შვილები.

ქალაქ ზუგდიდის ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ 2021 წლის 18 თებერვალს გაცემული ცნობით დგინდება, რომ ჯ.ბ-ა 1998 წლიდან ნამდვილად ცხოვრობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქ. ზუგდიდის ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ...ის ქუჩა N...-ში („...“).

დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხის განხილვის შედეგად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის N77 საოქმო გადაწყვეტილებით ჯ.ბ-ას და მ.ჩ-ას უარი ეთქვათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ზუგდიდში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე ნგრევად ობიექტში - სასტუმრო „...“ ფაქტობრივად ცხოვრების დაუდასტურებლობის გამო. საოქმო გადაწყვეტილებით დგინდება, რომ კომისიამ იმსჯელა ნგრევად და სიცოცხლისათვის საშიშ ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხზე. წარმოების ფარგლებში, კომისიას წარედგინა შესაბამის ობიექტებთან დაკავშირებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობისს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნები. კომისიის მიერ საოქმო გადაწყვეტილებაში მითითებულ ნგრევად ობიექტებს შორის ფიქსირდება ზუგდიდში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე სასტუმრო „...“.

ზემოაღნიშნული საოქმო გადაწყვეტილება საფუძვლად დაედო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სადავო 2021 წლის 27 იანვრის N03-58/ო ბრძანების გამოცემას.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილთა მიმართ განსაკუთრებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ უზრუნველყოს მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამდენად, დევნილის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ნორმატიულად განსაზღვრული ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელება და სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მითითებული კოდექსის 96-ე მუხლიდან გამომდინარე, მოპასუხე, როგორც დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელი უწყება, ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად გამორიცხა ქალაქ ზუგდუდში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე სასტუმრო „...“ მოსარჩელეთა ცხოვრების ფაქტი. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელეები, დროებით, ობიექტური მიზეზით იმყოფებოდნენ სხვა მისამართზე, არ წარმოადგენდა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველს.

საკასაციო სასამართლო საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებული წარმოების ფარგლებში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ შეამოწმა ნგრევად ობიექტში მცხოვრებ პირთა განსახლების საჭიროება, აღნიშნული კი, ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევდა შესაძლებლობას, „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, შენობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ექსპერტიზის დასკვნის არსებობის პირობებში, ამავე მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების შეფასების გარეშე გადაეწყვიტა შესაბამის ობიექტში მცხოვრები ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი, თუ სათანადო გამოკვლევის შედეგად დადასტურდებოდა მოსარჩელეთა ნგრევად ობიექტში მუდმივად ცხოვრების ფაქტი და გამოირიცხებოდა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია, რომ სადავო საკითხის განხილვის პროცესში, შესაბამის ექსპერტიზის დასკვნაზე მითითებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია თავადვე ადასტურებს მოსარჩელეთა რეგისტრაციის ადგილის შეფასებას ნგრევად ობიექტად, რაც არ გამორიცხავს შესაძლებლობას, დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა ისარგებლონ სხვის საკუთრებაში არსებული ფართით. ამ პირობებში, კონკრეტულ მომენტში შემოწმებისას მოსარჩელეთა დროებით სხვა მისამართზე დაფიქსირება არ უნდა წარმოადგენდეს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის ფლობის თაობაზე დასკვნის გაკეთების საფუძველს.

ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ გასაჩივრებული „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 27 იანვრის N03-58/ო ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს-წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

გენადი მაკარიძე