Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1089(კ-21) 15 ნოემბერი, 2022 წელი ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (მოსარჩელე)

მესამე პირი - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა 2019 წლის 14 თებერვალს სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 18060 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 16053.34 ლარი; სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს უარი ეთქვა მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის 2006.66 ლარის დაკისრებაზე, რა ნაწილშიც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სსიპ დაცვის პოლიციის სარჩელი მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ 2006.66 თეთრის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ 2006.66 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ.

კასატორის მითითებით, უცნობია, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, თბილისის სააპელაციო სასამრთლომ რის საფუძველზე დაადგინა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 11 იანვრამდე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სასარგებლოდ მომსახურების გაწევის ფაქტი, მაშინ როდესაც 2013 წლის 11 იანვრამდე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო არ წარმოადგენდა აღნიშნულიი ქონების მესაკუთრეს/მოსარგებლეს. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში არ უთითებს კონკრეტული მტკიცებულებას ან სამართლებრივ ნორმას, რითაც დასტურდება აღნიშნული გარემოება, რის გამოც სამართლებრივი საფუძვლის შემოწმება შეუძლებელია. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტს გადახდილი აქვს დაცვის პოლიციის მიერ 2013 წლის 11 იანვრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე გაწეული მომსახურების საფასური. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2012 წლის 28 დეკემბრიდან 2013 წლის 11 იანვრამდე ქონების მესაკუთრეს და მოსარგებლეს წარმოადგენდა სახელმწიფო. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 361-ე მუხლები, რომ თითქოს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, სადაც კრედიტორს წარმოადგენს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, რომელიც ვალდებულების ძალით უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს (ბორჯომის მუნიციპალიტეტს) რაიმე მოქმედების შესრულება. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტს ქონება გადაეცა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 იანვრის N28 განკარგულებით. შესაბამისად, მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა ვერ იარსებებდა და 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 11 იანვრამდე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ მომსახურების გაწევას ადგილი ვერ ექნებოდა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების 8.2 პუნქტში განმარტა, რომ ხელშეკრულება არის ორმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ. ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით შეუძლებელია სამართლებრივი საფუძვლის შემოწმება, რომლი მტკიცებულების ან სამართლებრივი ნორმის საფუძველზე დაადგინა სააპელაციო სასამართლომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ ხელშეკრულების დადების მიზნით ნების გამოვლენის ფაქტი ან მის არსებით პირობებზე შეთანხმება ქონების დაცვის მომსახურების გაწევის თაობაზე 2013 წლის 1 იანვრიდან დან 2013 წლის 11 იანვრამდე არსებულ პერიოდზე, მაშინ როდესაც ბორჯომის მუნიციპალიტეტი საერთოდ არ წარმოადგენდა აღნიშნული ქონების მესაკუთრეს/მოსარგებლეს და შესაბამის უფლება არ გააჩნდა. 2012 წლის 28 დეკემბრიდან 2013 წლის 11 იანვრამდე ქონების მესაკუთრეს და მოსარგებლეს წარმოადგენდა სახელმწიფო. კასატორის მითითებით, მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი საქართველოს საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით განსაზღვრული („საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით“) კონკრეტული სახის მტკიცებულება, რითაც დგინდება შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 11 იანვრამდე ბორჯომის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ მომსახურების გაწევის ფაქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა მხოლოდ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის მხოლოდ 2013 წლის 01 იანვრიდან 2013 წლის 11 იანვრამდე პერიოდში გაწეული მომსახურების საფასურის - 2 006,66 ლარის ანაზღაურების დაკისრების საკითხი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, მხოლოდ ზემოხსენებულ პერიოდში გაწეული მომსახურების ანაზღაურების მართლზომიერებაზე იმსჯელებს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ უძრავი ნივთი, მდებარე ქ. ბორჯომში, ...ის ქ. №...-ში, ..., 64 605 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, 2012 წლის 29 მარტის მდგომარეობით საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო სახელმწიფოს საკუთრებად. უზუფრუქტუარად რეგისტრირებული იყო სსიპ ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდი. ასევე დადგენილია, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და სსიპ ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდს შორის 2012 წლის 1 აპრილს გაფორმდა №46 ხელშეკრულება სსიპ ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდის შენობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, ფონდი ვალდებული იყო, გადაეხადა დაცვის მომსახურეობის საფასური - 6020 ლარი ყოველი თვის ბოლოს, დღგ-ს ჩათვლით. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, 2012 წლის 28 დეკემბრიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარგებლედ (უზუფრუქტუარად) აღარ ირიცხებოდა სსიპ ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდი. 2012 წლის 6 დეკემბრის ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიცირებით (№1658 წერილი), „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 იანვრის №28 განკარგულებით დამტკიცდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება ქ. ბორჯომში, ...ის ქ. №...-ში, ...ში მდებარე 64 605 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2013 წლის 01 აპრილს ბორჯომის დაცვის პოლიციის განყოფილების უფროსსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის შედგა აქტი ,,ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკიდან“ პოლიციის გამოყვანის თაობაზე. ისიც აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი სსიპ ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდის მიმართ 18060 ლარის დაკისრების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს მსჯელობით, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის ფორმალურად არსებობდა ხელშეკრულება, 2013 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის თვეში ფონდი არ წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს, დაცვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიეღო შესრულება, რადგანაც არსებულ ხელშეკრულებაში განხორციელდა ფონდის სხვა პირით ჩანაცვლება. საკასაციო პალატა მართალია არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ყველა შეფასებას სადავო საკითხთთან დაკავშირებით, თუმცა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო საჩივარს არ გააჩნია წარმატების პერსპექტივა, ხოლო მოცემულ საქმეს - არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა