№145აგ-12 18 იანვარი, 2013 წელი
ტ-ა ზ 145აგ-12 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ტ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სენაკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ნოემბრის განაჩენით ზ. ტ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 273-ე მუხლით ჯარიმა – 1000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ზ. ტ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 1000 ლარის ოდენობით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 16 აგვისტოდან.
განაჩენის მიხედვით, ზ. ტ-ს მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა წარსულში ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებასა და 0,0225 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ უკანონოდ შეძენა–შენახვაში.
მსჯავრდებული ზ. ტ-ა შუამდგომლობით ითხოვდა მისი ქმედების გადაკვალიფიცირებას სსკ-ის 260–ე მუხლის პირველ ნაწილზე, ვინაიდან „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილის დანაშაულის შემადგენლობისათვის საწყის ოდენობად ითვლება 0,2 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ხოლო მას მსჯავრი დაედო 0,0225 გრამი „ჰეროინის“ შეძენა–შენახვისათვის, რის გამოც უნდა გადაისინჯოს სენაკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ნოემბრის განაჩენი და მოყვანილ იქნეს კანონთან შესაბამისობაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 15 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ზ. ტ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სენაკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ნოემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: მსჯავრდებულ ზ. ტ-ს განაჩენიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, ხოლო განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ზ. ტ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კანონის მიერ შეცვლილი ნარკოტიკული საშუალების ოდენობების განსაზღვრის კრიტერიუმი კონკრეტულ შემთხვევაში გავლენას ახდენს მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციაზე, მაგრამ პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემობას, რომ მსჯავრდებულს ჩადენილი ქმედების მეორე მაკვალიფიცირებელ ნიშნად შერაცხული აქვს დანაშაულის ჩადენა იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ. ტ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი