Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-410(3კ-20) 15 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: 1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობა (მოპასუხე)

3. ნ. მ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. მ-ამ 2017 წლის 09 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა ნ. მ-ასათვის დროებითი თავშესაფრის სახით ბინის დასაქირავებლად საკომპენსაციო თანხის შეწყვეტის ნაწილში „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონში დანგრეული და საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2016 წლის 30 ნოემბრის №785 ბრძანების ბათილად ცნობა, „ნ. მ-ას წარმომადგენლის ვ. ტ-ას ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 5 ოქტომბრის №1-2187 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობისათვის ნ. მ-ას სასარგებლოდ ზიანის სახით 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის 4 აპრილამდე მიუღებელი ბინის ქირის კომპენსაციის, ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე, მის. ქ. თბილისი, ... ქ. №14 უკანონოდ მიშენებული აივნის დემონტაჟის დავალება.

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 31 მარტს გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანდა ქ. თბილისში, ... ქ. №14-ში მდებარე მისი საცხოვრებელი ბინა, კერძოდ, დაიწვა პირველ სართულზე არსებული საცხოვრებელი სახლის სამზარეულო, საძინებელი, სამუშაო ოთახი დაახლოებით 25-30 მ2-ზე და მასში არსებული საოჯახო ნივთები, ტანსაცმელი, გაზქურა, გაზის გამაცხელებელი და გაზის მრიცხველი. ტემპერატურისაგან და კვამლისაგან დაზიანდა მისაღები ოთახის ჭერი, კედლები დაახლოებით 20 მ2-ზე და მასში არსებული საოჯახო ნივთები - მაცივარი და წიგნები, დაიწვა ეზოში არსებული დამხმარე სათავსო დაახლოებით 4-5მ2-ზე და მასში არსებული მინის ქილები. დაიწვა აბაზანის ჭერი დაახლოებით 6-8 მ2-ზე და აბაზანის მოწყობილობები. ხანძართან დაკავშირებით, 2016 წლის 1 აპრილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (დეპარტამენტის) ქ. თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს მთაწმინდა-კრწანისის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მიერ შედგა ხანძრის (წაკიდების) შესახებ აქტი, სადაც აისახა საცხოვრებელ სახლში, ხანძრის შედეგად არსებული დაზიანებები და შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება.

სარჩელის მიხედვით, 2016 წლის 27 ოქტომბერს მოსარჩელე ცნობილი იქნა დაზარალებულად. მოსარჩელე ნ. მ-ას განცხადების საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანებით, დაზარალებული ოჯახისათვის დროებითი თავშესაფრის სახით ბინის დასაქირავებლად 2016 წლის ბოლომდე განისაზღვრა საკომპენსაციო თანხა ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით, რომელსაც იღებდა 7 თვის მანძილზე, თუმცა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2016 წლის 30 ნოემბრის N785 ბრძანებით უკანონოდ შეუწყდა, ვინაიდან საცხოვრებელი ბინის აღდგენითი სამუშაოები არ იყო დასრულებული, შესაბამისად, კომპენსაციის დანიშვნის საფუძველი არ იყო აღმოფხვრილი. ამასთან, სარემონტო სამუშაოების საკუთარი სახსრებით დასასრულებლად მოსარჩელეს დასჭირდა დამატებით 4 თვე, რა დროსაც ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში და იხდიდა ბინის ქირას, რითაც მიადგა ზიანი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2016 წლის 30 ნოემბრის №785 ბრძანება მოსარჩელე ნ. მ-ამ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 5 ოქტომბრის №1-2187 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას დაირღვა ადმინისტრაციული წარმოებისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 97-ე მუხლები, ასევე 99-ე მუხლი, შესაბამისად, სახეზეა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის წინაპირობები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ნ. მ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონში დანგრეული და საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2016 წლის 30 ნოემბრის N785 ბრძანება ნ. მ-ასათვის დროებითი თავშესაფრის სახით ბინის დასაქირავებლად საკომპენსაციო თანხის შეწყვეტის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი „ნ. მ-ას წარმომადგენლის ვ. ტ-ას ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 5 ოქტომბრის N1-2187 ბრძანება; მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობას დაევალა მოსარჩელე ნ. მ-ას სასარგებლოდ ზიანის სახით, 2016 წლის ნოემბრიდან, 2017 წლის 4 აპრილამდე მიუღებელი ბინის ქირის კომპენსაციის ანაზღაურება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანებით, მისთვის საკომპენსაციოდ დადგენილი თანხის ყოველთვიური ოდენობით და აღდგენითი სამუშაოების შეწყვეტის შემდგომ, მოსარჩელე ნ. მ-ას მიერ, მისი საცხოვრებელი ბინის, საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში მოყვანისათვის საჭიროდ დარჩენილი სამუშაოებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა;

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 31 მარტს მომხდარი ხანძრის შედეგად ქ. თბილისში, ... ქ. №14-ში მდებარე მოსარჩელე ნ. მ-ს ოჯახის საცხოვრებელი სახლის დაზიანების გამო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, შპს „ს...“-ს მიერ შედგა სახლის აღდგენა-გამაგრების პროექტი, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობასა და შპს ჯ...ს“ შორის 2016 წლის 25 მაისს გაფორმებული შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზეც, აღნიშნულმა საწარმომ 146681.37 ლარის სანაცვლოდ იკისრა ვალდებულება 2016 წლის 23 აგვისტომდე უზრუნველეყო ხანძრის შედეგად დაზიანებული ნაწილების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. ხელშეკრულების დანართით განისაზღვრა აღდგენითი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, მიეთითა ცალკეული პირების საცხოვრებელ ბინაში განსახორციელებელი სამუშაოების და გამოსაყენებელი მასალების ხარჯები, თუმცა მოსარჩელე ნ. მ-ას საცხოვრებელ ბინაში განსახორციელებელი სამუშაოების და გამოსაყენებელი მასალების ჩამონათვალი და ხარჯები ცალკე არ განსაზღვრულა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობასა და შპს ჯ...“-ს შორის 2016 წლის 10 ნოემბერს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც აღინიშნა, რომ ქ. თბილისში, ... ქ. №14-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ნაწილების კაპიტალური შეკეთების ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ამ ეტაპის ღირებულება, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ბიუროს“ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შეადგენდა 30089.13 ლარს და ვინაიდან ობიექტური მიზეზების გამო შეუძლებელი იყო სამუშაოების გაგრძელება, ხოლო მიმწოდებლის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ძირითადი ნაწილი შესრულდა და შესაძლებელი იყო მისი ექსპლუატაციაში მიღება, მიზანშეწონილი იყო ხელშეკრულება ჩათვლილიყო შესრულებულად.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული მიღება-ჩაბარების აქტით, ხელშეკრულება ისეთ პირობებში იქნა შესრულებულად ჩათვლილი, რომ სამუშაოები სრულად არ დასრულებულა და მხოლოდ ძირითადი ნაწილი იქნა შესრულებული, თუმცა სამუშაოს ძირითად ნაწილში რა იგულისხმებოდა, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ გამოკვლეულა და არ ასახულა შესაბამის აქტში. ამასთან, საერთოდ არ შემოწმებულა და არ ასახულა, თუ რა სამუშაოები განხორციელდა კონკრეტულად მოსარჩელე ნ. მ-ას საცხოვრებელ ბინაში და იყო თუ არა იგი საცხოვრებლად ვარგისი მაშინ, როდესაც ზემოაღნიშნული ხანძრის (წაკიდების) აქტში კონკრეტულად იქნა მითითებული საცხოვრებელი ბინის დაზიანების დეტალები.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოსარჩელე ნ. მ-ამ არაერთგზის, მათ შორის 2016 წლის 22 ნოემბერს, განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობას და განუმარტა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობასა და შპს ჯ...“-ს შორის 2016 წლის 25 მაისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული სამუშაოები ბოლომდე არ იქნა მიყვანილი და სახლი საცხოვრებლად გამოუსადეგარი იყო. ხანძრის შედეგად დაზიანებული, ქ. თბილისში, ... ქ. №14-ში მდებარე მოსარჩელე ნ. მ-ას საცხოვრებელი ბინა, 2017 წლის 4 აპრილამდე არ იყო საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში, მათ შორის, ბინაში არ იყო მოწყობილი ბუნებრივი აირის მრიცხველი. მიუხედავად ამისა, 2016 წლის 29 ნოემბერს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, მოხსენებითი ბარათით მიმართა იმავე რაიონის გამგებელს და მოახსენა, რომ ქ. თბილისში, ... ქ. №14-ში მცხოვრები, მოქალაქე ნ. მ-ას კუთვნილი საცხოვრებელი სახლის სარემონტო სამუშაოები დასრულებული იყო, რაც იძლეოდა მისთვის ქირის შეწყვეტის საფუძველს, რის საფუძველზეც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2016 წლის 30 ნოემბრის №785 ბრძანებით, მოსარჩელე ნ. მ-ას 2016 წლის ნოემბრიდან შეუწყდა მისი ოჯახისათვის დროებითი თავშესაფრის სახით ბინის დასაქირავებლად განსაზღვრული კომპენსაციის ანაზღაურება.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, მე-13 მუხლის პირველ პუნქტზე, აგრეთვე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე, 25-ე მუხლებზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლისა და ევროპის სოციალური ქარტიის მე-12, 31-ე მუხლებზე და განმარტა, რომ საჯარო ხელისუფლების, მათ შორის, სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფის ვალდებულებაა ბინის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისათვის სათანადო, საბინაო პირობების შექმნა და დროებითი თავშესაფრის სახით ბინის ქირის კომპენსაციის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. სასამართლომ ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებზე მითითებით განმარტა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ისე, როგორც სახელმწიფო ვალდებულია შესაბამისი რესურსების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებები, საბინაო უზრუნველყოფის ჩათვლით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 97-ე მუხლით დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევისა და სათანადო გადაწყვეტილების მიღების ვალდებულება, რადგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ, ვადაზე ადრე ისე შეუწყდა მოსარჩელე ნ. მ-ას მისი ოჯახისათვის დროებითი თავშესაფრის სახით ბინის დასაქირავებლად განსაზღვრული კომპენსაციის ანაზღაურება, რომ აღმოფხვრილი არ იყო ის მიზეზი, რის გამოც მას დანიშნული ჰქონდა აღნიშნული კომპენსაცია. შესაბამისად, საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონში დანგრეული და საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2016 წლის 30 ნოემბრის №785 ბრძანების მოსარჩელე ნ. მ-ას ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე, ასევე - „ნ. მ-ას წარმომადგენლის ვ. ტ-ას ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 5 ოქტომბრის №1-2187 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ.

ნ. მ-ას სასარგებლოდ ზიანის სახით, 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის 4 აპრილამდე მიუღებელი ბინის ქირის კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნია, რომ ხანძრის შედეგად დაზიანებული, ქ. თბილისში, ... ქ. №14-ში მდებარე მოსარჩელე ნ. მ-ას საცხოვრებელი ბინა, 2017 წლის 4 აპრილამდე არ იყო საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში, მათ შორის, ბინაში არ იყო მოწყობილი ბუნებრივი აირის მრიცხველი და 2016 წლის ნოემბრიდან, აღდგენითი სამუშაოების შეწყვეტის შემდგომ, მოსარჩელე ნ. მ-ამ დარჩენილი სამუშაოები შეასრულა საკუთარი ხარჯით საცხოვრებელი ბინის საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში მოყვანის მიზნით, თუმცა საცხოვრებელი ბინის, საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობამდე მოყვანა და ამ მიზნით შესაბამისი ვალდებულების - სამუშაოების ჯეროვნად განხორციელება მთაწმინდის რაიონის გამგეობის ვალდებულებას წარმოადგენდა. ამრიგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის ქმედებით - დროებითი თავშესაფრის სახით ბინის დასაქირავებლად განსაზღვრული კომპენსაციის ანაზღაურების ვადაზე ადრე, საქართველოს კანონმდებლობის შეუსაბამოდ შეწყვეტით, მოსარჩელე ნ. მ-ას მიადგა ზიანი. შესაბამისად, სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის 4 აპრილამდე მიუღებელი ბინის ქირის კომპენსაციის ანაზღაურების და აღდგენითი სამუშაოების შეწყვეტის შემდგომ, მოსარჩელე ნ. მ-ას მიერ, მისი საცხოვრებელი ბინის, საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში მოყვანის მიზნით დარჩენილი სამუშაოებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობას დაევალა მოსარჩელე ნ. მ-ას სასარგებლოდ ზიანის სახით, აღდგენითი სამუშაოების შეწყვეტის შემდგომ მოსარჩელე ნ. მ-ას მიერ მისი საცხოვრებელი ბინის საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში მოყვანისათვის საჭიროდ დარჩენილი სამუშაოებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. მ-ას სარჩელი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობისთვის ზიანის სახით მოსარჩელის მიერ მისი საცხოვრებელი ბინის საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში მოყვანისათვის საჭიროდ დარჩენილი სამუშაოებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები ნ. მ-ას მიერ ბინის სარემონტო სამუშაოებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების გამგეობისთვის დაკისრების ნაწილში, მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის პირველი ნაწილსა და ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლსა და 1005-ე მუხლზე და განმარტა განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურებისთვის სახეზე უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: 1. პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება; 2. ზიანი; 3. კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის; 4. პირის ბრალეულობა. მხოლოდ მითითებულ გარემოებათა კუმულატიურად არსებობა წარმოშობს ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზიანის მიყენების გამო პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ იმ პირს, რომლის უკანონო ქმედებამაც გამოიწვია ზიანის დადგომა. სადავო ნაწილში კი, გამგეობის ქმედებას არ გამოუწვევია ხანძრის დადგომა, მას არ დაურღვევია კანონმდებლობის ან ხელშეკრულების პირობები, შესაბამისად, ადგილი არ აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომ მას დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რამეთუ ასეთი ხარჯის გაწევის აუცილებლობა გამგეობის უკანონო ქმედებას არ გამოუწვევია. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მიუხედავად სასამართლოს მითითებისა დაეზუსტებინა მოთხოვნის მოცულობა და წარედგინა გაწეული ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მოსარჩელემ ვერ მიუთითა, ვერ დაადასტურა და დაასაბუთა კონკრეტულად რა სახის და რა ღირებულების სამუშაოები ჩაატარა მან. ზიანის ანაზღაურების მიზნებისთვის კი აუცილებელია, რომ მხარემ დეტალურად მიუთითოს ზიანის მოცულობაზე, მის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობაზე და დაადასტუროს ასეთი ხარჯის რეალურად გაწევა, რათა სასამართლომ შეამოწმოს და შეაფასოს ზიანის დაკისრების წინაპირობების არსებობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობამ და ნ. მ-ამ.

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად გაიზიარა პირველი ინსტანციის მსჯელობა ქირის შეწყვეტასთან დაკავშირებით იმ მოტივით, რომ არ დგინდებოდა ქ. თბილისში, ... ქ. N14-ში, ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლის სრულად რეაბილიტაციის ფაქტი. კასატორი აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის N33-138 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესით“ განსაზღვრულია კომპენსაციის გაცემის, ფინანსური რესურსების მიზნობრივად ხარჯვის შემოწმების წესი, კომპენსაციის ოდენობა, აგრეთვე შეწყვეტის საფუძვლები. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ქვეპროგრამის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის გამგეობებში გამგებლის ბრძანებით იქმნება საკონსულტაციო-სათათბირო ორგანო-საბჭო, რომელიც განიხილავს კომპენსაციის მიღების თაობაზე გამგეობაში შემოსულ განცხადებებს, შეისწავლის შესაბამის დოკუმენტაციას, ადგენს ამ ინსტრუქციის დანართი N2-ით განსაზღვრული ფორმის შემოწმების ოქმს, ასევე ახორციელებს სხვა უფლება მოვალეობებს“. ამავე ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „პროგრამის ეფექტურად წარმართვის, პროგრამისათვის გათვალისწინებული ფინანსური რესურსების მიზნობრივად ხარჯვისა და პროგრამის მიზნების ეფექტიანად მიღწევის უზრუნველსაყოფად, საბჭო ვალდებულია არანაკლებ 3 თვეში ერთხელ შეამოწმოს ის გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო კომპენსაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას“. ამავე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ინსპექტირებისას უნდა შემოწმდეს ამორტიზებული ფართის მდგომარეობა ადგილზე დათვალიერებით, ხოლო მე-4 პუნქტის მიხედვით, „თითოეული განხორციელებული შემოწმების საფუძველზე საბჭოს წევრი ადგენს ამ წესის დანართი N2-ით განსაზღვრული ფორმის შემოწმების ოქმს“. აღნიშნული წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „კომპენსაციის გაცემა შეიძლება შეწყდეს, თუ შემოწმების ან სხვა გზით გამოვლინდა, რომ აღარ არსებობს ის გარემოებები, რის საფუძველზეც პირზე გაიცემოდა კომპენსაცია“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „პირველი პუნქტით აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საბჭოს ხელმძღვანელი გამგებლის სახელზე ადგენს მოხსენებით ბარათს, რომელიც წარედგინება გამგეობას და გამგეობა იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კომპენსაციის შეწყვეტის შესახებ“. ამდენად, კომპენსაციის გადახდა მხარეს შეიძლება შეუწყდეს, თუ შემოწმების ან სხვა გზით გამოვლინდა, რომ აღარ არსებობს კომპენსაციის გაცემის საფუძვლად არსებული გარემოებები. აღნიშნულის დადგენის უფლებამოსილება კი გააჩნია საბჭოს, რომელსაც ქვეპროგრამის ეფექტურად წარმართვის, ფინანსური რესურსების მიზნობრივად ხარჯვისა და ქვეპროგრამის მიზნების ეფექტიანად მიღწევის უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობა ანიჭებს ინსპექტირების განხორციელების უფლებამოსილებას, ამასთან, გამგეობა კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობა აღნიშნული საბჭოს შემოწმების შედეგებს. კასატორი ყურადღებას ამახვილებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობაში შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის მიერ წარმოდგენილ მოხსენებით ბარათზე (10-45/63583), რომლითაც ირკვევა, რომ ბინის დასაქირავებლად თანხით უზრუნველყოფილ მოქალაქე ნ. მ-ას კუთვნილ საცხოვრებელ სახლში დასრულდა სარემონტო სამუშაოები, რაც იძლეოდა მისთვის ქირის შეწყვეტის საფუძველს. ამასთან, ბინის საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში ყოფნას ადასტურებდა მიღება-ჩაბარების აქტები.

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის წარმომადგენლის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობას წარმოადგენს ის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.29. პუნქტში იგი იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ მიღება-ჩაბარების აქტით ხელშეკრულება ისეთ პირობებში იქნა შესრულებულად ჩათვლილი, როდესაც სამუშაოები სრულიად არ დასრულებულა და მხოლოდ ძირითადი ნაწილი შესრულდა. სასამართლო მიუთითებს, რომ გამგეობას უნდა შეესწავლა, თუ რა სამუშაოები განხორციელდა კონკრეტულად მოსარჩელე ნ. მ-ას საცხოვრებელ ბინაში და იყო თუ არა იგი საცხოვრებლად ვარგისი. აღნიშნულს არ ეთანხმება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობა და იმ პირობებშიც კი, როდესაც ნ. მ-ას საცხოვრებელ ფართში არ იყო განხორციელებული გაზიფიცირება, იგი მაინც იმყოფებოდა საშუალო ხარისხის საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში. რაიონის გამგეობას რომ არ შეეწყვიტა ქირის საკომპენსაციო თანხის გადახდა, იგი აღიქმებოდა, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვად, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს და ვერ გაამართლებდა 2015 წლის 29 დეკემბრის 33-138 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ მიზნებს. მნიშვნელოვანია, რომ ცნება „სახლის აღდგენა-გაძლიერებით სამუშაოები“, რომლის ფარგლებშიც დაიდო 2.9.19/10.058 ხელშეკრულება, მნიშვნელოვნად განსხვავდება „სარემონტო სამუშაოების“ ცნებისაგან. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობა მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის N33-138 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესზე“, რომლითაც განსაზღვრულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დანგრეული ან საცხოვრებლად გამოუსადეგარი (ამორტიზირებული) სახლების მაცხოვრებელთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის საკომპენსაციო თანხის გაცემის პირობები და პროცედურა. აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია კომპენსაციის პირთა წრე; კერძოდ, ქვეპროგრამის ფარგლებში კომპენსაციის მიღების უფლება აქვს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ პირს, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში გააჩნია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დანგრეული ან სხვადასხვა გარემოების შედეგად საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლი, თუ პირი ამ საცხოვრებელ სადგომში ცხოვრობდა უშუალოდ მის ამორტიზებამდე, მას და მისი ოჯახის წევრს არ გააჩნია სხვა საცხოვრებლად ვარგისი ფართი საკუთრებაში, ამასთან მოცემული მომენტისათვის არ აქვს დროებითი საცხოვრებელი ფართით სარგებლობისათვის ქირის გადახდის საშუალება. ის, რომ ქ. თბილისში, ... ქ. N14-ში არსებული საცხოვრებელი სახლი იყო ამორტირიზებული, ამტკიცებს ზემოთ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოება - ხანძარი. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2016 წლის 28 აპრილს N339 ბრძანებით მოქალაქე ნ. მ-ას ოჯახისათვის დროებითი თავშესაფრის სახით ბინის დასაქირავებლად გაიცა საკომპენსაციო თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით ყოველთვიურად, მიმდინარე წლის ბოლომდე. წინამდებარე წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, თუ შემოწმების ან სხვა გზით გამოვლინდა, რომ აღარ არსებობს ის გარემოებები, რის საფუძველზეც პირზე გაიცემოდა კომპენსაცია, უნდა შეწყდეს ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ მთაწმინდის რაიონის გამგეობამ იკისრა ვალდებულება აენაზღაურებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება ფორმა 2-ის და ა(ა)იპ ...ის დასკვნის საფუძველზე, რაც მართებულია. შპს ჯ...მა“ დამატებით წარმოადგინა დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც მითითებულია, რომ ქ. თბილისში, ... ქ. N14-ში „სამუშაოები შესრულებულია“. ... N14-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გაძლიერებით სამუშაოების დასრულებისთანავე აღმოიფხვრა ის გარემოებები, რამაც განაპირობა პირისათვის ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის გადახდა. შესაბამისად, მთაწმინდის რაიონის გამგეობა აღარ იყო უფლებამოსილი გაეგრძელებინა ქირის საკომპენსაციო თანხის გადახდა. საცხოვრებელი სახლების აღდგენა-გამაგრების პროექტის კონსტრუქციულ ნაწილში არსად არ წერია ბუნებრივი აირის მრიცხველის მოწყობა და სარემონტო სამუშაოების გაწევა, კონკრეტულად ნ. მ-ას საცხოვრებელ ფართში. შესაბამისი ხარჯის გაწევაც არ იყო განსაზღვრული შპს „...-ის“ მიერ მომზადებულ პროექტში. აღნიშნული კი ცხადყოფს, რომ მთაწმინდის რაიონის გამგეობას არ უნდა აენაზღაურებინა ქირის საკომპენსაციო თანხა, კონკრეტულად ნ. მ-ას საცხოვრებელი ბინის სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდგომ, ვინაიდან ქირის საკომპენსაციო თანხის გაცემის საფუძველი წინამდებარე წესის მიზნებიდან გამომდინარე ვერ იქნებოდა ვერც გაზიფიცირების არარსებობა და ვერც ინდივიდუალურ საცხოვრებელ ფართში სარემონტო სამუშაოების დასრულება.

კასატორი - ნ. მ-ა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი საფუძვლიანი შუამდგომლობა საქმის გადადების შესახებ და არ მიეცა საშუალება არგუმენტირებულად დაეცვა თავისი პოზიციები, გაემახვილებინა სასამართლოს ყურადღება საქმეზე დართულ უტყუარ მტკიცებულებებზე, რომელთა ერთობლიობა ადასტურებდა სასარჩელო მოთხოვნის სრულ კანონიერებას. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მიღება-ჩაბარების აქტით ხელშეკრულება ისეთ პირობებში იქნა შესრულებულად ჩათვლილი, როდესაც სამუშაოები სრულად არ დასრულებულა და მხოლოდ „ძირითადი ნაწილი“ შესრულდა, თუმცა რა სამუშაოები იქნა განხორციელებული საცხოვრებელ ბინაში და იყო თუ არა იგი საცხოვრებლად ვარგისი, არ შესწავლილა. სწორედ აღნიშნული ვითარება იყო დავის საფუძველი, რადგან თვითონ მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ აღებული სახელშეკრულებო ვალდებულებით გათვალისწინებული და მიღება–ჩაბარების შედეგად დაფიქსირებული ჩატარებული სამუშაოების ღირებულების სხვაობა აჩვენებს რამდენად არასრულყოფილად შესრულდა სამუშაოები. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობის კვლევისას მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, ასევე 1005-ე მუხლზე. სასამართლოს განმარტებით: „ზიანის ანაზღაურებისთვის სახეზე უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: 1. პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება; 2.ზიანი; 3.კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის; 4.პირის ბრალეულობა. მხოლოდ მითითებულ გარემოებათა კუმულატიურად არსებობა წარმოშობს ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს“. კასატორის მოსაზრებით, სასამართლო არასწორად აფასებს მისი მოთხოვნის მეორე ნაწილს, რომელიც ეხება არა ხანძრით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სახელშეკრულებო წესით აღებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ნ. მ-ა აღნიშნავს, რომ ბუნდოვანია, რა კონკრეტულ მონაცემებს ეყრდნობოდა ადმინისტრაციული ორგანო, როდესაც სამუშაოები შესრულებულად ჩათვალა. არ არსებობს ჩასატარებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა. ის ფაქტი, რომ სამუშაოები არ შესრულდა სრულყოფილად, აღიარებულ იქნა სასამართლოების მიერ. სწორედ აღნიშნული მიზეზით გახდა იძულებული მოსარჩელე თავად ეწარმოებინა სამშენებლო სამუშაოები, შეესყიდა სამშენებლო მასალები, დაექირავებინა მუშები და გადაეხადა მათთვის საზღაური. მთაწმინდის გამგეობის მიერ აღნიშნული სამუშაოების შესრულებას ადგილი რომ ჰქონოდა, ყველა ეს გატარებული ღონისძიება არ გახდებოდა საჭირო და არც ფინანსური ხარჯის გაწევა მოუწევდა მოსარჩელეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობისა და ნ. მ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობისა და ნ. მ-ას საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 31 მარტს ხანძრის შედეგად დაიწვა ქ. თბილისში, ... ქ. №14-ში მდებარე სახლი, მათ შორის მოსარჩელე ნ. მ-ას ოჯახის საცხოვრებელი ბინა - პირველ სართულზე არსებული სამზარეულო, საძინებელი, სამუშაო ოთახი (დაახლოებით 25-30 მ2), ეზოში არსებული დამხმარე სათავსო (დაახლოებით 4-5მ2), ტემპერატურისაგან და კვამლისაგან დაზიანდა მისაღები ოთახის ჭერი, კედლები (დაახლოებით 20 მ2), შესაბამისად განადგურდა სხვადასხვა საოჯახო ნივთები. ხანძართან დაკავშირებით, 2016 წლის 1 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (დეპარტამენტის) ქ. თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს მთაწმინდა-კრწანისის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მიერ შედგა ხანძრის (წაკიდების) შესახებ აქტი, სადაც აისახა მათ შორის მოსარჩელე ნ. მ-ას საცხოვრებელ სახლში, ხანძრის შედეგად არსებული დაზიანებები. 2016 წლის 1 აპრილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება და 2016 წლის 27 ოქტომბერს ნ. მ-ა ცნობილი იქნა დაზარალებულად.

ნ. მ-ას განცხადების საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანებით, მოსარჩელე ნ. მ-ას ოჯახისათვის დროებითი თავშესაფრის სახით ბინის დასაქირავებლად, 2016 წლის ბოლომდე განისაზღვრა საკომპენსაციო თანხა - ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით. მოსარჩელე ნ. მ-ას და ნ. ხ-ას შორის, 2016 წლის 4 აპრილს დაიდო საცხოვრებელი ბინის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელე ნ. მ-ამ 1 წლის ვადით, ყოველთვიურად 500 ლარის ღირებულებით იქირავა საცხოვრებელი ბინა ქ. თბილისში, ... ქ. №4-ში. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიმართვის საფუძველზე, ა(ა)იპ „...ამ“ განახორციელა ქ. თბილისში, ... ქ. №14-ში მდებარე, ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლის ტექნიკური მდგომარეობის ვიზუალური კვლევა და შეადგინა დასკვნა, სადაც მიეთითა, რომ დაზიანებული იყო ასევე მოსარჩელე ნ. მ-ას საცხოვრებელი ბინა და საჭირო იყო, მათ შორის დამუშავებული პროექტის შესაბამისად, ზედამხედველობის უზრუნველყოფით შესრულებულიყო შენობის კონსტრუქციების აღდგენა-გაძლიერების სამუშაოები. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, შპს „ს...ს“ მიერ შედგა ქ. თბილისში, ... ქ. №14-ში მდებარე, ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლის აღდგენა-გამაგრების პროექტი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობამ, 2016 წლის 25 მაისს, შესყიდვის ხელშეკრულება დადო შპს ჯ...თან“, რომლის საფუძველზეც, აღნიშნულმა საწარმომ იკისრა ვალდებულება 2016 წლის 23 აგვისტომდე უზრუნველეყო ქ. თბილისში, ... ქ. №14-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ნაწილების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობამ თავის მხრივ, იკისრა ვალდებულება აენაზღაურებინა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება 146681.37 ლარის ოდენობით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობასა და შპს ჯ...ს“ შორის 2016 წლის 25 მაისს დადებული ხელშეკრულების დანართით განისაზღვრა აღდგენითი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, მიეთითა ცალკეული პირების საცხოვრებელ ბინაში განსახორციელებელი სამუშაოების და გამოსაყენებელი მასალების ხარჯები, თუმცა მოსარჩელე ნ. მ-ას საცხოვრებელ ბინაში განსახორციელებელი სამუშაოების და გამოსაყენებელი მასალების ჩამონათვალი და ხარჯები ცალკე არ განსაზღვრულა. მთაწმინდის რაიონის გამგეობასა და შპს ჯ...ს“ შორის 2016 წლის 10 ნოემბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით ხელშეკრულება ჩაითვალა შესრულებულად. მოსარჩელე ნ. მ-ამ, 2016 წლის 22 ნოემბერს, განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობას და განუმარტა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობასა და შპს ჯ...ს“ შორის 2016 წლის 25 მაისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული სამუშაოები ბოლომდე არ იქნა მიყვანილი და სახლი საცხოვრებლად გამოუსადეგარი იყო. 2016 წლის 29 ნოემბერს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, მოხსენებითი ბარათით მიმართა იმავე რაიონის გამგებელს და აცნობა, რომ ქ. თბილისში, ... ქ. №14-ში მცხოვრები, მოქალაქე ნ. მ-ას კუთვნილი საცხოვრებელი სახლის სარემონტო სამუშაოები დასრულებული იყო, რაც იძლეოდა მისთვის ქირის შეწყვეტის საფუძველს. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2016 წლის 30 ნოემბრის №785 ბრძანებით, მოსარჩელე ნ. მ-ას 2016 წლის ნოემბრიდან შეუწყდა მისი ოჯახისათვის დროებითი თავშესაფრის სახით ბინის დასაქირავებლად განსაზღვრული კომპენსაციის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელია ნ. მ-ასათვის ბინის დასაქირავებლად განსაზღვრული კომპენსაციის გაცემის შეწყვეტის კანონიერება, რასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია დადგინდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების და შესაბამისად ხანძრის შედეგად დაზიანებული მოსარჩელის ბინის საცხოვრებლად ვარგის კონდენციამდე მიყვანის ფაქტი. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე ნ. მ-ა წარმოადგენს სადავო პერიოდში მოქმედი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის N33-138 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესით გათვალისწინებულ კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის მე-6 მუხლის მიხედვით, კომპენსაცია გაიცემა არაუმეტეს მიმდინარე საბიუჯეტო წლის ბოლომდე. ახალი საბიუჯეტო წლის დადგომამდე შესაბამისი რაიონის გამგეობა წინა წლის კომპენსაციის მიმღებთა სიას ამოწმებს საბჭოს მეშვეობით ამ წესით დადგენილი წესითა და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სიის კორექტირებას და ახალი სიის მომდევნო წლისათვის დამტკიცებას. კომპენსაციის გაცემა ერთ განმცხადებელზე შესაძლებელია განხორციელდეს იმ პრობლემის აღმოფხვრამდე, რაც საფუძვლად დაედო კომპენსაციის გაცემას, მაგრამ არაუმეტეს 24 თვისა. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის გამოთვლა დაიწყება, ამ წესის შესაბამისად, კომპენსაციის გაცემის თვიდან. ამრიგად, დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების ვალდებულებას, ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტი ითვალისწინებს შესაბამისი პრობლემის აღმოფხვრამდე.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე, 2016 წლის 31 მარტს მომხდარი ხანძრის შედეგად, ცნობილ იქნა დაზარალებულად. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა ხანძრის შედეგად დაზიანებული მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოები. ამასთან, მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანებით, მოსარჩელე ნ. მ-ას ოჯახისათვის დროებითი თავშესაფრის სახით ბინის დასაქირავებლად, 2016 წლის ბოლომდე განისაზღვრა საკომპენსაციო თანხა - ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული კომპენსაციის გაცემა შეწყდა 2016 წლის ნოემბრიდან. აღსანიშნავია, რომ კომპენსაციის შეწყვეტა დაეფუძნა მთაწმინდის რაიონის გამგეობასა და შპს ჯ...ს“ შორის 2016 წლის 10 ნოემბერს გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტს, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ... ქ. №14-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ნაწილების კაპიტალური შეკეთების ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების კონკრეტული ეტაპის ღირებულება, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ბიუროს“ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, შეადგენდა 30 089.13 ლარს. ამასთან, ვინაიდან ობიექტური მიზეზების გამო შეუძლებელი იყო სამუშაოების გაგრძელება, ხოლო მიმწოდებლის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ძირითადი ნაწილი შესრულების გამო შესაძლებელი იყო მისი ექსპლუატაციაში მიღება, მიზანშეწონილი იყო ხელშეკრულება ჩათვლილიყო შესრულებულად, შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2016 წლის 30 ნოემბრის №785 ბრძანებით, მოსარჩელე ნ. მ-ას 2016 წლის ნოემბრიდან შეუწყდა მისი ოჯახისათვის დროებითი თავშესაფრის სახით ბინის დასაქირავებლად განსაზღვრული კომპენსაციის ანაზღაურება.

საკასაციო პალატა უპირველესად მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს კანონით გათვალისწინებული რა არსებითი სახის საფუძველი არსებობდა, რამაც განაპირობა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ამ გარემოების გარკვევას და დასაბუთებას არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ დადგინდეს, ნ. მ-ასთან მიმართებით ადგილი ხომ არ ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული დანაწესის დარღვევას, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, თუმცა ეს არ ათავისუფლებს მოსარჩელეს ამავე მუხლის პირველ ნაწილში ასახული ვალდებულებისაგან - დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამრიგად, პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული პროცესის ინკვიზიციური ხასიათი მოსამართლეს ანიჭებს შესაძლებლობას თავისი ინიციატივით დამატებით მოიპოვოს დავის მართებულად გადაწყვეტისათვის საჭირო ინფორმაცია თუ მტკიცებულება, მეორე მხრივ - არ გამორიცხავს მხარეთა მიერ თავიანთი მოთხოვნებისა და შესაგებლების საფუძვლიანობის მტკიცების ვალდებულებას. ამდენად, მოსარჩელეს ეკისრება იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომელზეც ამყარებს თავის მოთხოვნას (სსკ-ის 102.1), ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება ამტკიცოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერება.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე თავისი ახსნა-განმარტებით აპელირებს ხანძრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღდგენითი სამუშაოების დაუსრულებებლობაზე, მათ შორის, იმ გარემოებაზე, რომ საცხოვრებელ ფართში არ იყო მოწყობილი ბუნებრივი აირის მრიცხველი. აღნიშნული ახნა-განმარტების გარდა, საქმეში წარმოდგენილია ხანძრის (წაკიდების) აქტი, სადაც კონკრეტულად მიეთითა საცხოვრებელი ბინის დაზიანების დეტალები. ამასთან, სხვა მტკიცებულება საცხოვრებელ სახლში ხანძრის გაჩენამდე არსებული მდგომარეობისა და საცხოვრებელი პირობების თაობაზე, საქმეში არ მოიპოვება.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, გასაზიარებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება, რომ 2016 წლის 10 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტით ხელშეკრულება ისეთ პირობებში იქნა შესრულებულად ჩათვლილი, როდესაც სამუშაოები სრულად არ იყო დასრულებული. ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და უტყუარად არ დაუსაბუთებია საკომპენსაციო თანხის გადახდის შეწყვეტის აუცილებლობა, რა გარემოებებიც კომპენსაციის (ქირის თანხა) ანაზღაურების ნაწილში სასამართლომ მართებულად დაუდო საფუძვლად სარჩელის დაკმაყოფილებას, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს საკასაციო საჩივარი ამ მიმართებით დაუსაბუთებელია.

რაც შეეხება მოსარჩელის მიერ ბინის საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში მოყვანისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების საკითხს, საკასაციო სასამართლო აღნიშნვს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317.1. მუხლი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს ბინის საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში მოსაყვანად გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, რომლის გაღება, მოსარჩელის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს ნაცვლად მოუწია.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ იარსებებდა ვალდებულების დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, ე.ი. ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში (სუსგ 23.04.2021წ. №ას-32-2021 ).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს ამავე კოდექსის 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. იმავე კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით (სუსგ 12.02.2021წ. №ას-344-2019).

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ბინის საცხოვრებლად ვარგის კონდინციამდე მოსაყვანად გაწეული ხარჯის ანაზღაურებას ითხოვდა ზოგადად, კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე. აღსანიშნავია, რომ ზიანის ოდენობის განსაზღვრა იმ განცდილი ზიანის კომპენსირებაში მდგომარეობს, რომელიც მოსარჩელეს მიადგა მოპასუხის ქმედებით. განცდილი ზიანის ოდენობა კი განეკუთვნება არა სამართლის, არამედ ფაქტის საკითხს; ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება და რელევანტური მტკიცებულებების წარდგენა კი, მოსარჩელის საპროცესო ვალდებულებაა. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ მოვალე არ არის ვალდებული კრედიტორი იმაზე უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენოს, ვიდრე იგი ზიანის არარსებობის შემთხვევაში იქნებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად იმ პირმა, ვისაც ზიანი მიადგა, უნდა წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტები, რათა დაამტკიცოს, შესაძლებლობის ფარგლებში, ზიანის არა მარტო არსებობა, არამედ მისი ოდენობაც.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, სადავო პერიოდში მოქმედი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის N33-138 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ ერთგვარ სოციალურ პროგრამას წარმოადგენდა, რაც სხვადასხვა გარემოების შედეგად საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლის ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით იმგვარ კონდინციამდე მიყვანას ითვალისწინებდა, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო ჯანსაღი საცხოვრებელი პირობები. აღნიშნული გულისხმობდა მათ შორის საცხოვრებელ ბინაში სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, თუმცა წინასწარ განსაზღვრული პროექტის და არა მოსარჩელის გემოვნებაზე დაფუძნებული პირობების შესაბამისად.

კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი მის კუთვნილ ბინაში სარემონტო სამუშაოების ჩატარების დამატასტურებელი მტკიცებულება, ასევე კანონით დადგენილი წესით (ექსპერტის ან აუდიტის დასკვნა, თანხის გადახდის დოკუმენტი და სხვა) არ დასტურდება თავად ხარჯის გაწევის ფაქტი და მისი ოდენობა, რა გარემოებების დადასტურება მოსარჩელის მტკიცების საგანში შედიოდა, შესაბამისად არ არსებობს ნ. მ-ას საკასაციო საჩივრის ფარგლებში წარდგენილი საკასაციო პრეტენზიის გაზიარების წინაპირობები, რის გამოც დაუსაბუთებელ შედავებად უნდა იქნეს მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობისა და ნ. მ-ას საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობისა და ნ. მ-ას საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა