საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-413(კ-21) 15 ნოემბერი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „...“
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
შპს „...მა“ 2018 წლის 22 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოპასუხეთა წრისა და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 4 ივნისის №... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 6 ივლისის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც ...ის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 150 ჰა უძრავ ქონებაზე (...ი) განხორციელდება შპს „...ის“ სახელზე იჯარის უფლების რეგისტრაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 აგვისტოს განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ...ის რაიონულ სასამართლოს.
...ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდქსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2018 წლის 4 ივნისის №... და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 6 ივლისის №... გადაწყვეტილებები და 2018 წლის 31 ივლისის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №... გადაწყვეტილება; მოპასუხეს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. ...ის რაიონული სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ამავე სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ნოემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ...ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
...ის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს „...მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 თებერვლის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ...ის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“.
კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებით იმსჯელა როგორც სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, ასევე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერებაზე მაშინ, როცა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში მხარის მიერ გასაჩივრებული იყო მხოლოდ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება.
კასატორის მითითებით, მარეგისტრირებელმა ორგანომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ფაქტები და არ დაადგინა ორი მნიშვნელოვანი სადავო გარემოება, კერძოდ: 1) იჯარის ხელშეკრულების არსებობის (ნამდვილობის) საკითხი, რასთანაც დაკავშირებულია ქონების მესაკუთრის თანხმობის აუცილებლობა; 2) იჯარით გაცემულ საგნის ფართზე არსებული ეჭვი, კონკრეტულად, იჯარით გაცემულია 150 ჰა, ხოლო სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულია 190 ჰა უძრავი ქონება.
კასატორი ასევე არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას იჯარის ხელშეკრულების მოქმედების, ძალაში შესვლასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების დადებიდან 30 დღეში არ მოხდა მისი რეგისტრაცია, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მას გააჩნია იჯარის რეგისტრაციის უფლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრში აღირიცხება უკვე მოპოვებული უფლება. უფლებათა რეგისტრაცია საჯარო რეესტრში აუცილებელია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და მას მნიშვნელობა აქვს ბრუნვის სტაბილურობის და მესამე პირთა ინტერესებისათვის. საჯარო რეესტრი ასრულებს მოწესრიგებული სამოქალაქო ბრუნვის გარანტის ფუნქციას (სუსგ №ბს-870-832(კ-09), 07.04.2010წ.).
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2000 წლის 2 თებერვლის დადგენილების საფუძველზე, ...ის რაიონის გამგეობასა და შპს „...ს“ შორის გაფორმდა იჯარის შესახებ №... კოდი ... ხელშეკრულება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, კერძოდ, ხელშეკრულების საგანს წარმოადენს, ...ის რაიონში მდებარე ...ი, საერთო ფართი 150 ჰა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 49 წლით. დადგენილია, რომ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 2000 წლიდან დღემდე მოიჯარე (მოსარჩელე) სარგებლობს იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთით - ...თ.
აღსანიშნავია, რომ ...ი, მდებარე ...ი, სოფელი ...ი, 2010 წლის 8 ივნისიდან რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრებად, საკადასტრო კოდით ....
დადგენილია, რომ 2018 წლის 30 მაისს შპს „...მა“ №... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე იჯარის უფლების წარმოშობის რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 4 ივნისის №... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და ვინაიდან, იჯარის უფლების წარმოშობის რეგისტრაციისათვის წარდგენილი იყო ...ის რაიონის გამგეობასა და შპს „...ს“ შორის 2000 წლის 28 ივნისს დადებული იჯარის ხელშეკრულება, ხოლო იჯარის საგანს წარმოადგენს ..., რომლის მესაკუთრეც არის სახელმწიფო, მოთხოვნილ იქნა სახელმწიფოს - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობა წარდგენილი ხელშეკრულების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. 2018 წლის 14 ივნისს შპს „...მა“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ამავე სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა პოზიცია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 6 ივლისის №... გადაწყვეტილებით, დაინტერესებული პირის მიერ, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 ივლისის №... გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ძირითად საფუძვლად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიუთითა, რომ დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მისაღებად მიწის და მასთან დაკავშირებულ უძრავი ქონების მიმართ წარმოშობილი უფლებები ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრაციას ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ამ კანონის მიღების შემდეგ წარმოშობილი უფლებები იურიდიულ ძალას იძენს სახელმწიფო რეგისტრაციის შემდეგ. ამავე კანონის მე-8 მუხლით კანონმდებელმა განმარტა, რომ ყველა ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი, რომელიც გავლენას ახდენს მიწაზე ან მასთან დაკავშირებულ სხვა უძრავ ქონებაზე, რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს არა უგვიანეს 30 დღისა მისი შედგენიდან. თუ დოკუმენტი წარდგენილი იქნება რეგისტრაციისათვის მისი შედგენიდან 30 დღის შემდეგ, მაშინ მოსაკრებლის გარდა დამატებით გადაიხდება თანხა ყოველ გადაცილებულ დღეზე არსებული წესით დადგენილი ნორმით. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ხელშეკრულებითაც (1.2 პუნქტი) გათვალისწინებულია ანალოგიური დათქმა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს №446 ბრძანებულებაზე, რომლითაც გათვალისწინებულია საიჯარო ქირა, ასევე მითითებულია, რომ სასოფლო-სამეურნეო (მათ შორის კერძო საკუთრებაში არსებული) მიწის იჯარით გაცემისას საიჯარო ხელშეკრულებები „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის შესაბამისად ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ორგანოებში მათი გაფორმებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა (ბრძანებულების მე-5 პუნქტი).
განსახილველ შემთხვევაში, იჯარის ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული საიჯარო ქირის ოდენობა, უფრო კონკრეტულად, არ არის შევსებული ხელშეკრულების მე-2 თავი, რომელიც ეხება საიჯარო გადასახადს. ამასთან, მოსარჩელემ საქმის განხილვის ვერცერთ ეტაპზე ვერ წარმოადგინა საიჯარო ქირის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულება მიღებულია რაიონის (ქალაქის) მართველობის (მერიის) 2000 წლის 2 თებერვლის დადგენილების საფუძველზე, ხოლო ხელშეკრულების დადების/შედგენის თარიღად მხარე 2000 წლის 28 ივნისს ასახელებს. აღნიშნული თარიღების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად ასკვნის, რომ სადავო შემთხვევაში, გაშვებულია ხელშეკრულების შედგენიდან მისი რეგისტრაციისთვის კანონმდებლობით დადგენილი 30 დღიანი ვადა. ხელშეკრულება, არც მისი შედგენიდან 30 დღის შემდეგ წარდგენილა რეგისტრაციისთვის უფლებამოსილ ორგანოში. ამასთან, ხელშეკრულებაში ხელშეკრულების საფუძვლად მითითებული რაიონის (ქალაქის) მართველობის (მერიის) 2000 წლის 2 თებერვლის დადგენილება მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილია ...ის იჯარით გაცემის შესახებ 2000 წლის 30 მაისის დადგენილება, რომელიც იჯარის ხსენებულ ხელშეკრულებაში არ არის მითითებული. ამდენად, ხელშეკრულება დადებულია მის საფუძვლად მითითებულ დადგენილებამდე, რაც იძლევა იმგვარი დასკვნის საფუძველს, რომ ხელშეკრულება არ არის გამყარებული შესაბამისი ადმინისტრაციული აქტით, არ აქვს იურიდიული ძალა და არ ადასტურებს მოსარჩელის უფლებას სადავო მიწის ნაკვეთის - ...ის ...ის იჯარაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საკასაციო პალატა, ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ სადავოდ ქცეული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტები გამოცემულია კანონის დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, სადავო აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „...ის“ საკასაციო საჩივარზე თ. ტ-ს 09.06.2021წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თ. ტ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 თებერვლის განჩინება.
3. თ. ტ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 09.06.2021წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე