Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-550(კ-21) 15 ნოემბერი, 2022 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - სს ,,ე...“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩიენების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს ,,ე...მა“ 2019 წლის 13 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ამავე სააგენტოს 2019 წლის 11 იანვრის N04/1073 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის განჩინებით, სს ,,ე...ის“ უფლებამონაცვლედ დადგინდა სს ,,ე...ი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით, სს ,,ე...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 11 იანვრის N04/1073 გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2021 წლის 26 იანვრის განჩინებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, მოქალაქე ნ. დ-ის 2018 წლის 13 ნოემბრის განცხადების საფუძველზე მოხდა მისი შვილის, პაციენტ მ. გ-ის (პ/ნ ...) სამედიცინო შემთხვევის შესწავლა. შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ პაციენტი 2018 წლის 12 ნოემბერს შარდის გამოყოფის გაძნელების გამო თვითდინებით მოთავსდა კლინიკაში ჩაუტარდა დიაგნოსტიკური გამოკვლევები, კონსულტაციები და დაესვა დიაგნოზი: საშარდე გზების ინფექცია დაუზუსტებელი ლოკალიზაციის (N39.0) (აღნიშნული დიაგნოზი N36 დადგენილების ფარგლებში ფინანსდება მხოლოდ გადაუდებელი თერაპიით). ასევე, სამედიცინო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ პაციენტს ჩატარებული აქვს კათეტერიზაცია. ჩატარებული მკურნალობის ფონზე მდგომარეობა გაუმჯობესდა, გაეწერა ბინაზე და მომსახურების საფასურის 100 ლარის გადახდა დაეკისრა პაციენტს. მ. გ-ი წარმოადგენს "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართი 1.3-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით (მიზნობრივი ჯგუფები სოციალურად დაუცველი მოსახელობა) და ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების მართვა უნდა განხორციელებულიყო გადაუდებელი ამბულატორიით, ხელოვნური კოდი - 1100000014 შარდის შეკავება, კათეტერიზაცია, (შარდის გამოშვება), ი/ვ ინფუზია და შარდის ს/ა, სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 78,80 ლარს. პროგრამის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი განუცხადა პროგრამის მოსარგებლეს, ან მომსახურება გაუწია დაგვიანებით (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდა), ან არასრულად, ან არაჯეროვნად, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურებისთვის განმახორციელებლის მიერ ასანაზღაურებელი/ ანაზღაურებული პროგრამით ასანაზღაურებელი/თანხის ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მომზადებული და გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოცემულ საქმეზე საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია ,,სს ,,ე...ი“ - ი... საჯარიმო სანქციის დაკისრების შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 11 იანვრის N04/1073 გადაწყვეტილების კანონიერება, პალატა უპირველეს ყოვლისა მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“. აღნიშნული პროგრამის მე-10 მუხლის 21 პუნქტი ითვალისწინებს პროგრამით მოსარგებლეთა დიაგნოზის ფორმირების წესს, კერძოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (ფორმა NIV-100/ა), მოქმედი კანონმდებლობის (,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს N338/ნ ბრძანება) მოთხოვნათა გათვალისწინებით, დიაგნოზი ფორმირებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორის (ICD-10) შესაბამისად. ასევე, სავალდებულოა პროცედურების (ჩარევების) კოდების მითითება „სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისას სამედიცინო კლასიფიკატორების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 12 აპრილის N92/ნ ბრძანების მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირველი მუხლით განსაზღვრული მიზნებიდან გამომდინარე, პროგრამის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დადგენილი ფორმითა და ვადებში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს განმახორციელებელთან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენა ნაბეჭდი და ელექტრონული სახით. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხა მოიცავს შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას: ა) შემთხვევათა რეესტრი (დადგენილი ფორმის შესაბამისად, ნაბეჭდი და ელექტრონული სახით) – გაწეული სამედიცინო მომსახურების თვიური ჯამური ანგარიში, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს: ა.ა) მოსარგებლის სახელს, გვარს, პირად ნომერსა და დაბადების თარიღს; ა.ბ) დიაგნოზსა და განხორციელებულ ჩარევებს დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად; ა.გ) თითოეული პროგრამული შემთხვევის/მკურნალობის ეპიზოდის ხარჯის ჯამურ ოდენობას; ბ) ფორმა №IV-100/ა-ს (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად, ნაბეჭდი სახით); გ) განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს დეტალურად, თითოეული პროგრამული შემთხვევის/მკურნალობის ეპიზოდის მიხედვით, ნაბეჭდი სახით.

ამავე პროგრამის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ზემოაღნიშნული დადგენილების 151 მუხლის მე-2 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედირედაქციის თანახმად, პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება გეგმური და არაგეგმური შემოწმების გზით, ხოლო ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას გამოყენებული სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები გათვალისწიებულია ამავე დადგენილების დანართი 1-ის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მათ შორის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად შესაძლებელია დამატებითი ფინანსური ჯარიმის დაკისრება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი განუცხადა პროგრამის მოსარგებლეს, ან მომსახურება გაუწია დაგვიანებით (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდა), ან არასრულად, ან არაჯეროვნად, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურებისთვის განმახორციელებლის მიერ პროგრამით ასანაზღაურებელი/ანაზღაურებული თანხის ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით.

ამრიგად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა და სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული მომსახურების ანაზღაურების პროცედურა ხორციელდება იმპერატიულად დადგენილი და როგორც მომსახურების გამწევი სამედიცინო დაწესებულების, ასევე ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი ორგანოსათვის შესასრულებლად სავალდებულო პროცედურის მკაცრი დაცვით, რაც ერთი მხრივ გულისხმობს სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის სწორად წარმოებისა და გაწეული მომსახურების შესახებ სააგენტოსთვის რეალური ინფორმაციის მიწოდებას, მეორე მხრივ, ასეთი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ანაზღაურების ვალდებულებას. ინფორმაციის შეუსაბამობის გამოვლენა კი, თავის მხრივ შეიძლება გახდეს კლინიკისთვის თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის, უკვე ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების დავალების ან ჯარიმის დაკისრების წინაპირობა.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ პაციენტ მ. გ-ს ჩაუტარდა გადაუდებელი ამბოლატორიული მომსახურეობა, დიაგნოზით საშარდე გზების ინფექცია, დაუზუსტებელი ლოკალიზაციისა (N39.0.), თუმცა მოპასუხემ მიინია, რომ არასწორად დადგინდა დიაგნოზი და ნაცვლად ზემოაღნიშნულისა მითითებული უნდა ყოფილიყო შარდის შეკავება (N2.13.), რომელიც „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1.2-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, როგორც გადაუდებელი თერაპია-სტაბილიზაცია, ექვემდებარებოდა ანაზღაურებას საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში. შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 11 იანვრის N04/1073 გადაწყვეტილებით კლინიკას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის 78.80 ლარის სამმაგი ოდენობით, ანუ 236.40 ლარი.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას არასწორი დიაგნოზის მოტივით საჯარიმო სანქციის კანონიერების თაობაზე და მიუთითებს ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, რომლის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას არის თავისუფალი და დამოუკიდებელი. აკრძალულია, პირმა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისაგან მოითხოვოს ამ კანონში მითითებული პრინციპებისა და საექიმო საქმიანობის ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო მოქმედება, მიუხედავად მომთხოვნი პირის თანამდებობისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, აგრეთვე აღმსარებლობისა. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც საქმეში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი სარწმუნო მტკიცებულება არასწორ დიაგნოზთან დაკავშირებით, მხოლოდ ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს სუბიექტური შეფასება ვერ გახდება შეფარდებული ჯარიმის კანონიერად მიჩნევის წინაპირობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არასათანადო დიაგნოზის გამოვლენის თვალსაზრისით გასათვალისწინებელია გაწეული მომსახურების რეალური სახე, დოკუმენტებში დაფიქსირებული სამედიცინო ჩვენება და ჩარევის ღონისძიებები, შესაბამისად, კლინიკა ვალდებულია მიწოდებულ ინფორმაციაში ზედმიწევნით ზუსტად ასახოს ანაზღაურებას დაქვემდებარებული მომსახურების შესაბამისი მონაცემები, ამასთან, შეუსაბამობაზე მითითებისას, აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებითა და სათანადო არგუმენტაცია უნდა აისახოს ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებაში, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ აქვს ადგილი.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. გ-ის შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია და სათანადოდ არ დაასაბუთა არასწორი დიაგნოზის არსებობა და ასევე ის გარემოება, არსებობდა თუ არა 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, არაჯეროვანი მომსახურების გაწევის ფაქტი, რაც ქმნის საფუძველს დასკვნისათვის, რომ მოცემულ საქმეზე სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 97-ე მუხლებით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად სახეზეა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევა, რაც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა, კასატორი დამატებით ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს მის საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 6 ივლისის №17264 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 იანვრის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ200294519) დაუბრუნდეს 2021 წლის 6 ივლისის №17264 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა