№152აგ-12 22 იანვარი, 2013 წელი
ჯ-ე ი.-152აგ-12 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და განსასჯელ ი. ჯ-ეს შორის.
ი. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ–ის 273–ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ი. ჯ-ეს სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ი. ჯ-ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 17 ნოემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 მაისის №... განკარგულებით ი. ჯ-ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2010 წლის 1 თებერვლის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოსახდელი ნაწილი გაუნახევრდა და მოსახდელად დარჩა 1 წელი, 8 თვე და 25 დღე.
2012 წლის 5 ნოემბერს მსჯავრდებულმა ი. ჯ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. აპელანტმა მიუთითა, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო – „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ 2012 წლის 22 მაისის საქართველოს კანონის დანართის – „უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხაში“ შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, მის მიერ უკანონოდ შეძენილ-შენახული 0,0039 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი” აღარ წარმოადგენს დიდ ოდენობას, რის გამოც ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 1 თებერვლის განაჩენის გადასინჯვა, თავისი ქმედების – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტების გადაკვალიფიცირება იმავე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 თებერვლის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
ი. ჯ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა იმავე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
ი. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ სასჯელის ნაწილში (საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების გათვალისწინებით), დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ნოემბრის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ი. ჯ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა აღნიშნა, რომ, მართალია, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 1 თებერვლის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე და მისი ქმედება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადააკვალიფიცირა იმავე მუხლის 1-ლ ნაწილზე, მაგრამ სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი დატოვა უცვლელად.
ამდენად, ი. ჯ-ემ ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და თავისი ქმედების – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის გადაკვალიფიცირება იმავე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს სასჯელი უნდა შეუმცირდეს იმ შემთხვევაში, როდესაც დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.
პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილების საფუძველზე ი. ჯ-ის ქმედება საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველ ნაწილზე, მაგრამ ის გარემოება, რომ მსჯავრდებულის ქმედებას აქვს მეორე მაკვალიფიცირებელი ნიშანიც, მისი ქმედება კანონიერად დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.
ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 314-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ი. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ნოემბრის განაჩენი ი. ჯ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი