№6აგ–13 29 იანვარი, 2013 წელი
ა-ე თ.-6აგ–13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ. ა-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 იანვრის განჩინებაზე, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი თ. ა-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო აჭარის ა/რ-ის უზენაესი სასამართლოს 1994 წლის 16-28 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
აჭარის ა/რ-ის უზენაესი სასამართლოს 1994 წლის 16–28 ნოემბრის განაჩენით თ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 961–ე მუხლით (1960 წლის რედაქცია), 238–ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით და სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციით, სასჯელის გაძლიერებული რეჟიმის შრომა–გასწორების კოლონიაში მოხდით.
თ. ა-ეს, ო. ჩ-სა და დ. ჯ-სთან ერთად თამბაქოს კომბინატის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა 272960 რუსული რუბლის ეკვივალენტი კუპონის გადახდა.
მასვე ო. ჩ-სთან, დ. შ-სა და ე. მ-სთან ერთად თამბაქოს კომბინატის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა 600 ამერიკული დოლარის ეკვივალენტი კუპონის გადახდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1995 წლის 27 აპრილის განჩინებით აჭარის ა/რ-ის უზენაესი სასამართლოს 1994 წლის 16–28 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა თ. ა-ის მიმართ საქართველოს სსკ–ის 238–ე მუხლის (1960 წლის რედაქცია) 1-ლი, მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ეპიზოდში.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ოქტომბრის №... განკარგულებით თ. ა-ე შეწყალებულ იქნა და მოსახდელად დარჩენილი სასჯელი – 2 წელი შეეცვალა პირობითი მსჯავრით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
2012 წლის 20 დეკემბერს თ. ა-ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი აჭარის ა/რ-ის უზენაესი სასამართლოს 1994 წლის 16–28 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. მსჯავრდებულმა შუამდგომლობაში აღნიშნა, რომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი უკანონოა და ეფუძნება იმ საწარმოში ჩატარებული რევიზიის შედეგად შედგენილ აქტს, რომლის დირექტორიც ის იყო 30 თვით ადრე და სადაც რევიზია ჩატარდა მისი დაპატიმრების შემდეგ სპეციალური დავალებით. საქმეს არ ერთვის იმ სარევიზიო აქტის მასალები, რომელიც ჩატარდა სათანადო სარევიზიო ჯგუფის მიერ იმავე საწარმოში 1993 წლის აგვისტოში. აღნიშნული აქტი მთლიანად განსხვავდება საქმეში არსებული სარევიზიო აქტისაგან. სასამართლო გამოძიების დროს ე.წ. „დაზარალებული“ საწარმოს მთავარმა ბუღალტერმა ჯ. კ-ემ განაცხადა, რომ თამბაქოს კომბინატს ბუღალტრულად არც ერთ ანგარიშზე დანაკლისი არ გააჩნდა და არანაირი სახის დატაცება არ იყო დაფიქსირებული.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 იანვრის განჩინებით თ. ა-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო აჭარის ა/რ-ის უზენაესი სასამართლოს 1994 წლის 16–28 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა თ. ა-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მან აღნიშნა, რომ მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი (რევიზიის ჩამტარებელი ჯგუფის უფროსის განმარტება), მისი აზრით, იძლევა გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველს. რეალურად საქმის განხილვის დროს (1993–1994 წწ) რევიზიის აქტი არსებობდა, მაგრამ იგი საქმეს შეგნებულად არ დაურთეს. მისი განმარტებით, აქტი, რომლის არსებობასაც ახლად გამოვლენილ გარემოებად ჩათვლას ითხოვს, საქმეში რომ დებულიყო, მოსამართლე ვერ გამოიტანდა გამამტყუნებელ განაჩენს ან რევიზიის ჩამტარებელ ჯგუფსაც იმავე ბრალს წაუყენებდა, რაშიც მას დაედო ბრალი.
ამდენად, კასატორმა საკასაციო საჩივრით ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ პუნქტის საფუძველზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 იანვრის უკანონო განჩინების გაუქმება და საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით სააპელაციო სასამართლოსადმი მითითება შუამდგომლობის ხელახლა განსახილველად დაშვების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310–ე მუხლის ,,ზ“ პუნქტის შესაბამისად განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: ,,წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავგრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო“.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულ თ. ა-ის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობაში მითითებული დოკუმენტი (რევიზიის ჩამტარებელი ჯგუფის უფროსის განმარტება) არ შეიცავს სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების დასადგენად საჭირო ცნობას. ამიტომ მას საქმისათვის არანაირი მტკიცებულებითი ძალა არ გააჩნია.
ამდენად, თ. ა-ის შუამდგომლობაში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310–ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია საფუძვლიანია, ხოლო გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე – კანონიერი, დასაბუთებული და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლით, 313–ე მუხლის მე–3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 იანვრის განჩინება დარჩეს ძალაში.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი