საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-563(კს-22) 01 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ვ.გ-ა
პროცესუალური მოწინააღმდეგე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
მესამე პირი - შპს " დ..."
დავის საგანი - საქმეში მესამე პირად ჩაბმა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2019 წლის 24 ივნისს ვ.გ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შპს „ დ...-ს“ მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 21 მაისის №606 ბრძანების მე-2 პუნქტის ბათილად ცნობა და ვ.გ-სათვის ადმინისტრაციული საჩივრის დაკაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო შპს „დ...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით ვ.გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო საჩივრში ვ.გ-ამ იშუამდგომლა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ჩაბმის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინებით ვ.გ-ას შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატის მითითებით, ის გარემოება, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო იყო ქ. თბილისში, ...ის ქუჩის №1-ში (ს/კ ...) მდებარე უძრავი ქონების იმ ნაწილის რეალური მესაკუთრე, სადაც ფიქსირდებოდა სადავო ზედდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წითელ ხაზებსა და შპს „დ...ას" შორის, არ წარმოადგენდა საქმეში ამ სუბიექტის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაბმის სავალდებულო საფუძველს, ვინაიდან, იგი არ წარმოადგენდა იმ სამართალურთიერთობის მონაწილე მხარეს აღნიშნულ დავაზე, რომლის თაობაზეც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა იყო შესაძლებელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ.გ-ამ.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, დავა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან უკავშირდებოდა მისი ავტოფარეხის ზედდებას შპს „დ...ს“ სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან; 2008 წელს თბილისის მუნციპალიტეტის მერიის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა კორპუსის წითელი ხაზების დადგენა. აღნიშნულ წითელ ხაზებში მოექცა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტოფარეხი ყოველგვარი ზედდების გარეშე. 2012 წელს შპს „დ...ას“ მიერ წითელი ხაზების განსაზღვრისას დაფიქსირდა ზედდება ჩვენი კორპუსის წითელ ხაზებთან და მათ შორის, ავტოფარეხის ნაწილთან (დაახლოებით 8 კვ.მ). შპს „დ...ს“ იმის ნაცვლად, რომ ზედდებაში მოყოლილი ავტოფარეხების მესაკუთრეებთან ეცადა საერთო ენის გამონახვა და რაიმე სახის შეთანხმების მიღწევა, გამოიძახა ზედამხედველობის სამსახური და მოითხოვა ავტოფარეხების დანგრევა, რომლებიც იყო კაპიტალური, ჯერ კიდევ 90-იან წლებში აშენებული. სწორედ ამის შემდგომ მოხდა შესაბამისი საარქივო დოკუმენტების მოძიება, რის შედეგადაც გაირკვა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით - საქმეზე 3გ-ად-241-კ-01, შპს „დ...ს" სასამართლომ მიაკუთვნა არა 2252 კვ.მ, არამედ 1358 კვ.მ, რითაც ზედდების სადავო მონაკვეთი დარჩა სახელმწიფოს (უფლებამოსილი ორგანო - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) საკუთრებაში. კერძო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნულ უძრავ ქონებას ადევს ყადაღა 2002 წლიდან, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელია გასული დავის დასრულების შემდგომ. ვ.გ-ა აღნიშნავს, რომ 2016 წელს მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, რომელსაც მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტები, რაც უტყუარად ადასტურებდა, რომ შპს „დ...ს“ ქალაქის ცენტრში მიტაცებული ჰქონდა დიდი ოდენობით უძრავი ქონება, რომელიც სინამდვილეში წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას და ზედამხედველობის საშუალებით უქმნიდა პრობლემებს მომიჯნავედ მცხოვრებ მოსახლეობას, რომლებსაც ჯერ კიდევ 90-იან წლებში ჰქონდათ იქ ავტოფარეხები აშენებული. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ მოახდინა შესაბამისი რეაგირება - პირველ ეტაპზე 2016 წლის 15 ნოემბერს მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ყადაღის მოხსნა უძრავ ქონებაზე საკ. კოდით ... იმ მოტივაციით, რომ აღნიშნული უძრავი ქონების ნაწილი (900 კვ.მ) წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და ყადაღის არსებობის პირობებში შეუძლებელი იქნებოდა შესაბამისი ცვლილებების განხორციელება უძრავი ქონების სარეგისტრაციო მონაცემებში. სასამართლოს მიერ ყადაღის მოხსნის შემდგომ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ 2020 წლის 29 იანვარს მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 01/11/2001 წლის განჩინების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 31/05/2002 წლის გადაწყვეტილების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქუჩის N7-ში (საკ. კოდით ...) მდებარე უძრავი ქონების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. ამ ყველაფრის პარალელურად, შპს „დ...“ ცდილობდა დამატებით პროცედურული გზებით ესარგებლა და დაესრულებინა ზედდების პრობლემა მომიჯნავე კორპუსთან. ამ მიზნით, 2019 წელს მიმართა თბილისის მერიას და მოითხოვა კორპუსის წითელი ხაზების გაუქმება ზედდების ნაწილში მათ სასარგებლოდ, რაც მერიამ ყოველგვარი მოკვლევის გარეშე დააკმაყოფილა და ზედდებაში მოყოლილი ფართი, საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობაზე დაყრდნობით, მიაკუთვნა შპს „დ...ს“. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილებაა გასაჩივრებული მოცემული დავის ფარგლებში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელსაც დაწყებული აქვს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები სწორედ სადავო ზედდებაში მოყოლილი ფართის კუთვნილების თაობაზე, გახდა იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რაც მიმდინარეობს აღნიშნული უძრავი ქონების ირგვლივ. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მაშინ როდესაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გაცხადებული აქვს სამართლებრივი პრეტენზია უძრავი ქონების იმ მონაკვეთზე, სადაც ფიქსირდება სადავო ზედდება, მას პარალელურ რეჟიმში მიმართული აქვს საჯარო რეესტრისთვის და მოთხოვნილი აქვს სადავო უძრავი ქონების ნაწილის სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია, არსებობს საფუძველი საქმეში სავალდებულო მესამე პირად ჩაებას სსიპ სახელწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელიც წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების ირგვლივ წარმოშობილი სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტს. განსახილველ დავაში სსიპ სახელწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მესამე პირად ჩართვაზე უარის თქმით, ერთმნიშვნელოვნად იზღუდება მისი, როგორც მესაკუთრის კანონიერი ინტერესები. განსახილველ (სადავო) შემთხვევაში, შპს „დ...“ პრეტენზიას აყენებს იმ უძრავი ქონების ნაწილზე, რომლის კანონიერი მესაკუთრეც თვითონ არ არის და დამატებით შეუქცევადი ზიანის მიყენების საფრთხის ქვეშ აყენებს კორპუსის მაცხოვრებლებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განჩინებით ვ.გ-ას კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ ვ.გ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტრესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავაში მესამე პირთა მოწილეობის შესაძლებლობა, უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სასამართლო პროცესის ფარგლებში მათი ინტერესების დაცვასა და რეალიზებას. კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა სავალდებულო ჩაბმის ფორმა სახეზეა, თუ მესამე პირი იმ სამართალურთიერთობის მონაწილეა, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს გადამწყვეტია მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესები, ხოლო სავალდებულო ჩაბმის დროს სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებები და მოვალეობებიც შეიძლება განისაზღვროს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირების იურიდიულ ინტერესებს სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება შეეხოს პოტენციურად, სავარაუდოდ. მესამე პირთა ასეთ დიფერენციაციას განაპირობებს ის გარემოება, რომ სავალდებულო მოწვევის მესამე პირის საქმეში ჩაბმა იმპერატიულად არის რეგლამენტირებული, ანუ პირი იმ სამართალურთიერთობის სუბიექტია, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ მესამე პირის, არათუ დაინტერესებული პირის სახით, არამედ დავის უშუალო მონაწილედ სავალდებულო მოწვევის წინაპირობის გარკვევა ხდება პირის დავაში არა აბსტრაქტული, არამედ რეალური კანონით დაცული ინტერესის დადგენით. სავალდებულო მოწვევის მესამე პირის შემთხვევაში უნდა იკვეთებოდეს არამხოლოდ პირთა სამართლებრივ ინტერესზე ზემოქმედება, არამედ გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვრებოდეს მესამე პირთა უფლება-მოვალეობანი (სუსგ.16.01.2020წ., №ბს-1170(კს-18)).
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ განსახილველ დავაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. კერძოდ:
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 21 მაისის №606 ბრძანების მე-2 პუნქტის ბათილად ცნობა და ვ.გ-სათვის ადმინისტრაციული საჩივრის დაკაყოფილებაზე უარის თქმა წარმოადგენს. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 21 მაისის N606 სადავო ბრძანებით, შპს ,,დ...ს“ დირექტორის ვ.გ-ს ადმინისტრაციული საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ამავე ბრძანების მე-2 პუნქტის მიხედვით, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 4 ივნისის N374 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც ზედდება ხდებოდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (მესაკუთრე - შპს ,,დ...“). პალატა მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 4 ივნისის N374 ბრძანება შეეხებოდა ქ. თბილისში, ...ის ქ. N2ბ-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის (ს/კ ...) მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ ზემოხსენებული აქტებით არ დადგენილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რაიმე უფლება ან/და მოვალეობა, აქტები არ ითვალისწინებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებას. შესაბამისად, არც წინამდებარე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით განისაზღვრება მისი უფლება/მოვალეობები, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირის მოწვევის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ზემოთ ნახსენები მიწის ნაკვეთების საზღვრების ცვლილება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ვერ აქცევს განსახილველი სამართალურთიერთობის მონაწილედ, ვინაიდან სადავო - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 21 მაისის №606 ბრძანება არც სადავო პერიოდში და არც საქმის განხილვის პერიოდისათვის არ ეხება მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, შესაბამისად მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმის შუამდგომლობის უარყოფის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის ზემდგომ სასამართლოში განხილვა წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ.გ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა