Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-680(კ-21) 1 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ი. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

მესამე პირები - გ. გ-ა, სს „...ო, კერძო აღმასრულებელი ვ. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მაისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ი. გ-მა 2019 წლის 30 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 27 აგვისტოს №A19013807-015/001 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მაისის განჩინებით ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-მა.

კასატორის განმარტებით, სამართლებრივი ნორმების არასათანადო განმარტების შედეგად სააპელაციო სასამართლომ საქმეზე მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ ნახევარსარდაფი არის უძრავი ქონების - ბინის შემადგენელი ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ მათ სხვადასხვა საკადასტრო კოდები აქვთ. ამასთან, სარდაფით სარგებლობა მხოლოდ ბინის გამოყენების საშუალებით არის შესაძლებელი.

კასატორის მითითებით, სასამართლომ, ასევე, დარღვევად არ მიიჩნია აღმასრულებლის მოქმედება, როცა მან ბინის აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანამდე არ მოახდინა უძრავი ქონების ნივთობრივი მდგომარეობის ზუსტი აღწერა, კერძოდ, აღწერის ოქმში არ მიუთითა სარდაფის არსებობის შესახებ. აღმასრულებლის არათანმიმდევრულმა მოქმედებებმა გამოიწვია იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანილი უძრავი ქონების აღწერაში, ერთი მხრივ, არასრული ინფორმაციის მითითება, ხოლო მეორე მხრივ, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ - უკანონო განკარგულების გამოცემა, რამაც ხელყო მოსარჩელის საკუთრების უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 27 აგვისტოს №A19013807-015/001 განკარგულება უსაფუძვლოა და სადავო აქტი ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. გ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სადავო ქონების გ. გ-ას სახელზე აღრიცხვის შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 27 აგვისტოს №A19013807-015/001 განკარგულების კანონიერება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ აუქციონზე გატანილი ქონების ნივთობრივი მდგომარეობა სრულად არ იყო აღწერილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ხსენებული ნორმატიული აქტის მე-2 მუხლი ჩამოთვლის აღსრულების ქვემდებარე იმ აქტებს, რომელიც ამავე კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება, მათ შორისაა სანოტარო აქტი (მე-2 მუხლის „ნ“ პუნქტი). ამავე კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულების განმახორციელებლად კი კანონი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს ასახელებს (მე-3 მუხლის პირველი პუნქტი).

ზემოხსენებული კანონის მე-146 მუხლის პირველი პუნქტით კერძო აღმასრულებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას – სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამავე კანონის მე-147 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კერძო აღმასრულებელი ახორციელებს ამ კანონის მე-2 მუხლის „ა“, „გ“, „ე“ და „ლ“–„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტების (გადაწყვეტილებების) აღსრულებას ამავე კანონით დადგენილი წესით, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულება ხორციელდება კრედიტორის მიმართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-147 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კერძო აღმასრულებელი ყადაღადადებული ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაციის მიზნით მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით, წარუდგენს მას სააუქციონო დოკუმენტაციის (სააღსრულებო წარმოების შესაბამისი მასალების) თავის მიერ დამოწმებულ ასლებს და აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეაქვს სააუქციონო მომსახურების დადგენილი საფასური, რომლის ოდენობაც განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2019 წლის 25 იანვარს, ნოტარიუს ლ. კ-ის მიერ გაიცა №190077518 სააღსრულებო ფურცელი შემდეგი მონაცემებით: კრედიტორი - სს „...ო“, მოვალე - ი. გ-ი, იპოთეკის საგანი - ი. გ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისში, ...ი, ...ი, კორპუსი №12, ბინა №46, ფართი: 69,00 კვ.მეტრი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა - 20983.99 აშშ დოლარი. აღნიშნული სააღსრულებო ფურცელი წარმოებაში მიიღო 2019 წლის 6 თებერვალს კერძო აღმასრულებელმა ვ. მ-მა, რომელმაც, თავის მხრივ, დაიწყო სააღსრულებო წარმოება.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში - აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები.

დადგენილია, რომ კერძო აღმასრულებლის - ვ. მ-ის მიერ, 2019 წლის 25 იანვრის №190077518 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, ი. გ-ს გაეგზავნა 2019 წლის 7 თებერვლის №A19013807-004/002 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლის თანახმად ეცნობა, რომ მას 7 დღის ვადაში უნდა გადაეხადა სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხა, ხოლო ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში განხორციელდებოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები; პირველი იძულებითი აუქციონი კი ჩატარდებოდა ქონებაზე ყადაღის დადებიდან ერთი თვის ვადაში ელექტრონული წესით. მასვე განემარტა, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად, დამატებით არ ეცნობებოდა; მათი მიმდინარეობის დროის, ადგილის, მდგომარეობის შესახებ შეეძლო დეტალური ინფორმაცია მიეღო აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალური ვებგვერდიდან.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ი. გ-ს მითითებულ ვადაში არ გადაუხდია სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხა და არც რაიმე განცხადებით მიუმართავს სააღსრულებო ბიუროსათვის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლით განსაზღვრულია იძულებითი აუქციონის პირობები, კერძოდ, იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან სხვა პირი მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს იძულებითი აუქციონის ჩატარებას. ამ შემთხვევაში იძულებითი აუქციონი ტარდება ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 კვირის ვადაში.

საქმის მასლებით დადგენილია, რომ 2019 წლის 16 ივლისს გამოცხადდა პირველი აუქციონი №..., უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ი, ...ი, კორპუსი №12, ბინა №46, ფართი: 69 კვ.მეტრი, საკადასტრო კოდი: №..., ლოტის №..., საგარანტიო თანხა 6450 ლარი. აღნიშნული აუქციონი დასრულდა უშედეგოდ 2019 წლის 24 ივლისს. იმავე დღეს გამოცხადდა პირველი განმეორებითი აუქციონი №..., ლოტის №..., საგარანტიო თანხა 6450 ლარი. აღნიშნული აუქციონი ასევე უშედეგოდ დასრულდა 2019 წლის 1 აგვისტოს. 2019 წლის 1 აგვისტოს გამოცხადდა მეორე განმეორებითი აუქციონი №..., სადაც ქონების საწყისმა ფასმა შეადგინა 0 ლარი, საგარანტიო თანხამ - 6450 ლარი. აუქციონი 2019 წლის 9 აგვისტოს დასრულდა გ. გ-ას გამარჯვებით, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 70950 ლარად.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ. იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების დანართი №2-ის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს ქონების ღირებულება ინტერნეტაუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება ხდება მხოლოდ თანხის სრულად გადახდის შემდეგ. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული პირის მიერ თანხის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად გამოსცემს განკარგულებას შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.

საკასაციო პალატა მიუთითებს, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აუქციონი იმართება მოვალის საკუთრებაში არსებული ქონების გასასხვისებლად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მოვალისათვის დაკისრებული თანხის ამოღება. იძულებითი აუქციონის პროცედურები გაწერილია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული იძულებითი აუქციონის ჩატარების წესით. იძულებითი აუქციონის პროცედურული მოწესრიგება ემსახურება იმ მიზანს, რომ სააღსრულებო წარმოება მიზანმიმართულად არ გაჭიანურდეს და დაცულ იქნეს მხარეთა ინტერესები.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ინტერნეტ ბანკის ამონაბეჭდით დგინდება, რომ გ. გ-ამ საგარანტიო თანხა 6450 ლარის ოდენობით გადაიხადა სს „...ის“ მეშვეობით 2019 წლის 12 აგვისტოს (საგადახდო დავალება №363), ხოლო 2019 წლის 9 აგვისტოს დასრულებულ აუქციონზე შეძენილი უძრავი ქონების დარჩენილი თანხა - 64500 ლარის ოდენობით გადაიხადა სს „...ის“ მეშვეობით 2019 წლის 16 აგვისტოს (საგადახდო დავალება №1056). შესაბამისად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2019 წლის 27 აგვისტოს გაცემულ იქნა №A19013807-015/001 განკარგულება, რომლის თანახმად, ი. გ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე ქ. თბილისი, ...ი, ...ი, კორპუსი №12, ბინა №46, საკადასტრო კოდი: №...) შემძენი 2019 წლის 9 აგვისტოს დასრულებულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა გ. გ-ა, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 70950 ლარად და თანხა გადაიხადა სრულად. აღსრულება კი განხორციელდა უზრუნველყოფილი კრედიტორის - სს „...ოს“ სასარგებლოდ.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ ქონების სარეალიზაციოდ აღწერა და დაყადაღება წარმოადგენს კერძო აღმასრულებლის კომპეტენციას, ხოლო აღსრულების ეროვნული ბიურო ახდენს იმ ქონების რეალიზაციას, რომელიც მას წარედგინება აღმასრულებლის შესაბამისი განცხადებით. თუმცა აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს არა აღმასრულებლის ქმედება, არამედ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 27 აგვისტოს №A19013807-015/001 განკარგულების კანონიერების შეფასება, რის გამოც სასამართლო ვერ იმსჯელებს კერძო აღმასრულებლის მიერ განხორციელებული ქმედების კანონიერებაზე.

რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას მასზედ, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სრულად არ აღწერა სარეალიზაციოდ გატანილი ქონების ნივთობრივი მდგომარეობა, კერძოდ, უძრავი ქონების აღწერაში არ მიუთითა ქონების არსებითი შემადგენელი ნაწილი - ნახევრადსარდაფი, ფართით 10.14 კვ.მეტრი, რომელიც განკუთვნილია საცხოვრებელ ფართად და ძირითადი ფართის გამოყენების გარეშე შეუძლებელია მისი განკარგვა, საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ნახევარსარდაფი წარმოადგენს ცალკე უფლების ობიექტს, მას მინიჭებული აქვს ცალკე საკადასტრო კოდი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციაზე“, რომლის მე-8 მუხლის თანახმად, საკადასტრო კოდი არის უძრავი ნივთის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც ენიჭება უძრავ ნივთს მასზე საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციასთან ერთად.

საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 12 ივლისის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ი, ...ი, კორპუსი №12, ბინა №46, ფართი: 69,00 კვ.მეტრი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 2201.00 კვ.მეტრი, 2016 წლის 18 აგვისტოდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ი. გ-ის სახელზე. საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 20 აგვისტოს მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ი, ...ი, კორპუსი №12, ნახევარსარდაფი, სადარბაზო 4. ფართი: 10,14 კვ.მეტრი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 2201.00 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 19, 2019 წლის 20 აგვისტოდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ი. გ-ის სახელზე. ამასთან, სარდაფის ცალკე უფლების ობიექტად არსებობის ფაქტი დასტურდება ასევე საქმეში წარმოდგენილი ნოტარიულად დამოწმებული, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ის“ 2017 წლის 14 დეკემბრის №34 ოქმით, საიდანაც დგინდება, რომ ამხანაგობის წევრთა 2/3-მა განაცხადა თანხმობა ამხანაგობის წევრს - ი. გ-ს საკუთრებაში დაერეგისტრირებინა 10,14 კვ.მეტრი ფართის სამეურნეო სათავსი მდებარე: ...ი, ...ი, კორპუსი №12, ბინა №46-ის ქვეშ. შესაბამისად, კასატორის მიერ დასახელებული 10,14 კვ.მეტრი ფართი ვერ იქნება განხილული, როგორც რეალიზებული უძრავი ქონების არსებითი შემადგენელი ნაწილი. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სს „...ოსა“ და ი. გ-ს შორის გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით დადებული იპოთეკის ხელშეკრულებითა და შემდგომში აღნიშნული ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში გაცემული სააღსრულებო ფურცლით იპოთეკის საგანს წარმოადგენდა ი. გ-ის საკუთრებაში არსებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება. ამგვარად, ი. გ-ის დავალიანების ანაზღაურების მიზნით დაწყებული სააღსრულებო პროცესის მიმდინარეობისას იძულებით აღსრულებას დაექვემდებარა და შესაბამისად, მისი მოქმედი საბაზრო ღირებულებით შეფასდა მოვალე ი. გ-ის საკუთრებაში არსებული უშუალოდ ის უძრავი ქონება, რაც მითითებული იქნა ხელშეკრულებაში და სააღსრულებო ფურცელში. ამდენად, აღსრულებას დაქვემდებარებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებისგან დამოუკიდებლად კანონიერად იქნა განკარგული.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, აუქციონის მომზადებისა თუ ჩატარებისას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონისა და შესაბამისი წესის რაიმე ნორმა არ დარღვეულა და აუქციონი ჩატარდა დასახელებულ ნორმათა დაცვით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 27 აგვისტოს №A19013807-015/001 განკარგულების გამოცემისას ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის დარღვევას. ამასთან, საკასაციო პალატა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით განმარტავს, რომ კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ი. გ-ის საკასაციო საჩივარზე 06.08.2021წ. №11354555473 საგადახდო დავალებით ნიკა ნაყოფიას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ი. გ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მაისის განჩინება.

3. ი. გ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ნიკა ნაყოფიას მიერ 06.08.2021წ. №11354555473 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე