Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-1053(კ-22) 16 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 24 მაისს ვ. დ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის N03-949/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ვ. დ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით ვ. დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის N03-949/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ვ. დ-ასა და მისი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-13 მუხლებზე, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესისა“ და 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ ნორმებზე.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დევნილთა ოჯახებისათვის მინიჭებული გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზება დაკავშირებულია ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის არსებობასთან, ხოლო მეორე მხრივ, დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. უფლებამოსილი პირი ახდენს დევნილთა ოჯახის გადამოწმებას, შეფასებას, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად, ქულათა მინიჭებას. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზეა დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობის განსაზღვრა. საყურადღებოა, რომ მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა ზემოაღნიშნული „წესის“ შესაბამისად მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს შეფასება, მოცემული მომენტისათვის, მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ, რაც არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ მოსარჩელე, ოჯახთან ერთად, 2017 წლიდან, ქირის გარეშე ცხოვრობს მამის საკუთრებაში, არ გამორიცხავს საცხოვრებლით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული ინტერესის პრიორიტეტულობას. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, საკითხის განხილვის ეტაპზე დაკმაყოფილდეს საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ვ. დ-ას ოჯახის მდგომარეობა შეფასდა დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად და ოჯახს მიენიჭა 5.5 ქულა. საქმეში არსებული დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის N19 საოქმო გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ოროთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4.5 და მეტი ქულა. მოპასუხე მხარე შემოიფარგლება ზოგადი მითითებებით, მოსარჩელესთან შედარებით, სხვა პირთათვის პრიორიტეტის მინიჭების საკითხთან მიმართებაში.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ვ. დ-ა მამის საკუთრებაში არსებულ ბინაში ცხოვრობს მშობლებთან, მეუღლესთან და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად, რომელთაგან, ერთ-ერთი არის შშმ პირი და საჭიროებს მისი მოთხოვნილებებისამებრ ადაპტირებულ საცხოვრისს. აღნიშნული პირობები მას არ გააჩნია 45 კვ.მ ფართის მქონე ბინაში. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების საფუძველზე, კომისიის მიერ დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილებისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილ ოჯახს შეეთავაზება საცხოვრებელი ფართი, ამ ბრძანების მე-7 პუნქტით დამტკიცებული N9 დანართის შესაბამისად. მითითებული დანართის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობა არის 3-4 მოსახლე, საცხოვრებელ ფართში ოთახების რაოდენობა შესაბამისობაშია ოროთახიან ბინასთან, ხოლო საცხოვრებელი ფართის მოცულობა განისაზღვრება 50-დან - 60მ2-ით. ამდენად, განმცხადებლის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შემთხვევაში, უდავოა, რომ გაუმჯობესდება ოჯახის საცხოვრებელი პირობები.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. ამასთანავე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტზე საცხოვრებელ პირობებზე მათთვის და მათი ოჯახებისათვის, რაც მოიცავს ადეკვატურ კვებას, ტანსაცმელს, საცხოვრებელ პირობებს, ასევე უფლებას საცხოვრებელი პირობების უწყვეტ გაუმჯობესებაზე; იღებენ შესაბამის ზომებს აღნიშნული უფლების დაცვისა და რეალიზებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 2020 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედებული „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ დამატებით დადგინდა გარანტიები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვან პირთა უფლებების დასაცავად. აღნიშნული კოდექსის კონკრეტული ნორმები სახელმწიფოს უწესებს ვალდებულებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს შეუქმნას გარემო, სადაც მას ექნება სათანადოდ განვითარების რეალური შესაძლებლობა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ადეკვატური საცხოვრებელი პირობებით იყვნენ უზრუნველყოფილნი.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, არ შეაფასა და სათანადოდ არ გამოიკვლია, რამდენად აკმაყოფილებს ვ. დ-ას მამის საკუთრებაში დევნილი ოჯახის ცხოვრების პირობები ბავშვების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის საცხოვრებლად საჭირო სტანდარტებს. ამდენად, მოსარჩელეს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე. გასაჩივრებული 2021 წლის 20 აპრილის N03-949/ო ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიზნით, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სარჩელია არ დაკმაყოფილდება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არასწორად განმარტა. სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს.

კასატორი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ ნორმებზე და აღნიშნავს, რომ პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვებული აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. მოცემულ შემთხვევაში, სააგენტომ სათანადოდ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო შესაბამისი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, მონიტორინგის თანამშრომლები გამოცხადდნენ მოსარჩელის მისამართზე. მონიტორინგის ოქმით უტყუარად დასტურდება, რომ მოსარჩელე დღეის მდგომარეობით ფაქტობრივად ცხოვრობს მის მიერ გასხვისებულ სახლში. მოსარჩელის ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროება არ არსებობს, რამდენადაც ოჯახი ცხოვრობს ვ. დ-ას მამის საკუთრებაში. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და არ გაითვალისწინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას.

კასატორის განმარტებით, სააგენტოს გასაჩივრებული ბრძანება კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებულია. სადავო საკითხის განხილვის ეტაპზე მოხდა იმ დევნილი ოჯახების დაკმაყოფილება, რომლებიც შეფასების კრიტერიუმებით და მონიტორინგის მიერ შედგენილი ოქმებით შედარებით რთულ პირობებში იმყოფებოდნენ. ამასთან, კომისიის უარი საბოლოო არ არის. მხარის განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება მოხდება საერთო წესით. სააგენტო თანაბრად ზრუნავს ყველა დევნილის უკეთეს მომავალზე და მათ მუდმივად განსახლებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო სამართალურთიერთობა დაკავშირებულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონთან და მის საფუძველზე მიღებულ ნორმატიულ აქტებთან. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“. აღნიშნული „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ზემოაღნიშნული 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით ასევე დამტკიცებულია „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი N7) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი N8). დანართებში მოცემულია ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასდეს კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით (ამავე შინაარსის ნორმებს შეიცავდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი N1), „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი N6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი N7). აღნიშნული ბრძანება ჯერ კიდევ მოქმედებდა სადავო საკითხზე დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ 2021 წლის 2 აპრილის N19 საოქმო გადაწყვეტილების მიღებისას, რაც შემდგომში საფუძვლად დაედო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას).

საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ვ. დ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი.

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიზნით, ვ. დ-ამ შეავსო შესაბამისი განაცხადი. განაცხადის დამუშავების შედეგად, მან მოიპოვა 5,5 ქულა (საცხოვრებლის ფინანსური პირობები: ცხოვრობს ნათესავის (ახლობლის) ბინაში, ქირის გარეშე - 1,5 ქულა; 18 წლამდე ასაკის 2 არასრულწლოვანი - 1 ქულა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი: ქ. დ-ა - 3 ქულა).

2020 წლის 8 დეკემბერს შედგენილი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, ვ. დ-ამ განმარტა, რომ 2017 წლიდან, ოჯახთან ერთად ცხოვრობს მამის - ლ. დ-ას საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში - თბილისში, ...ო რაიონში, მე-16 კორპუსში მდებარე N161 ბინაში. 1993-2006 წლებში ცხოვრობდა რუსეთში, ხოლო 2006-2017 წლებში - ქირით, სხვადასხვა მისამართზე. მონიტორინგის ფორმაში დაფიქსირებულია, რომ ოჯახში არის 2 არასრულწლოვანი (მათ შორის - ერთ-ერთი არის შშმ პირი).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის N19 ოქმით დგინდება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, კომისიამ განიხილა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი. კომისიის საოქმო გადაწყვეტილებით, ვ. დ-ას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, მამის საკუთრებაში არსებულ ფართში ცხოვრების გამო, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის საფუძვლით.

ზემოაღნიშნული საოქმო გადაწყვეტილება საფუძვლად დაედო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის N03-949/ო სადავო ბრძანების გამოცემას.

საქმეში არსებული მასალებით დადასტურებულია, რომ თბილისში, ...ო რაიონში, მე-16 კორპუსში მდებარე N161 ბინაზე რეგისტრირებულია ვ. დ-ას მამის - ლ. დ-ას საკუთრების უფლება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რამდენადაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ. დ-ას ოჯახი არ არის უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით. ამასთანავე, საჯარო რეესტრის მონაცემებით არ ფიქსირდება ოჯახის საკუთრებად უძრავი ქონების (საცხოვრებელი ფართის) რეგისტრაციის არსებობა. ამ პირობებში, საჭიროებიდან გამომდინარე, ოჯახი ცხოვრობს სხვის საკუთრებაში არსებულ ბინაში, ქირის გარეშე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით, დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დროს გათვალისწინებულია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს სხვის საკუთრებაში არსებულ ბინაში და ეს გარემოება, ზემოაღნიშული „წესის“ შესაბამისად, წარმოადგენს კონკრეტული ქულით შეფასების საფუძველს. ამდენად, არ უნდა იქნეს გაზიარებული მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, იმ მოტივით, რომ არ არსებობს გადაუდებელი განსახლების საჭიროება. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობა, არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის განსახლების შესაძლებლობას, საკითხის განხილვის ეტაპზე, შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით. საკასაციო სასამართლო საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განჩინებით გაკეთებული განმარტების შესაბამისად, „..დროებით საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ფართი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას, ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვთ მოსარჩელეებს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა. ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით.." (სუს 23.12.2021წ. Nბს-900(კ-21), 22.07.2021წ. Nბს-83(კ-21), 25.03.2021წ. Nბს-1129(კ-20) განჩინებები და სხვ.).

გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის დასკვნებს, რომლებიც უკავშირდება ვ. დ-ას ოჯახის დროებით, მამის საკუთრებაში არსებულ ფართში ცხოვრების პირობების სპეციფიკურობას, ოჯახის წევრთა რაოდენობის შეუსაბამობას, მათ მიერ დაკავებულ ფართთან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისათვის საცხოვრებლად საჭირო პირობების შექმნის აუცილებლობას. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. ამასთანავე, გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტზე საცხოვრებელ პირობებზე მათთვის და მათი ოჯახებისათვის, ხოლო 2020 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედებული „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ დამატებით დადგინდა გარანტიები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვან პირთა უფლებების დასაცავად. აღნიშნული კოდექსის კონკრეტული ნორმები სახელმწიფოს უწესებს ვალდებულებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს შეუქმნას გარემო, სადაც მას ექნება სათანადოდ განვითარების რეალური შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეაფასა რამდენად აკმაყოფილებდა ვ. დ-ას მამის საკუთრებაში დევნილი ოჯახის ცხოვრების პირობები ბავშვების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის საცხოვრებლად საჭირო სტანდარტებს.

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადო მტკიცებულებათა ერთობლიობით ვერ დაადასტურა, რომ სადავო საკითხის განხილვის ეტაპზე, მოსარჩელე, როგორც დევნილი პირი, ფაქტობრივად უზრუნველყოფილია ადეკვატური საცხოვრებლით. სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სადავო 2021 წლის 20 აპრილის N03-949/ო ბრძანება „დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“, უკანონოა, შესაბამისად, არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, ვ. დ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

გენადი მაკარიძე