Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-1010 (კ-22) 30 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - მ. დ-ა, ნ. დ-ე, კ. დ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 12 ოქტომბერს მ. დ-ამ, ნ. დ-ემ და კ. დ-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელეებმა მოითხოვეს „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის N03-1537/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის, კანონით დადგენილი წესით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით მ. დ-ას, ნ. დ-ის და კ. დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის N03-1537/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელეთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-13 მუხლებზე, ასევე სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მეორე, მე-3, მე-6 მუხლებზე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მეორე, მე-6 მუხლებზე.

სააპელაციო პალატის განმარტებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ ადგილი აქვს ოჯახის ხელოვნურად გაერთიანებას, ფართის ხელოვნურად მომატების მიზნით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-15, 26-ე, 27-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სასწავლო დაწესებულებაში განათლების მიღების (სწავლის), ან შემდგომ პერიოდულად (არასტაბილურად) მუშაობის პერიოდში, მოსარჩელის დროებით ცხოვრების ფაქტი სასწავლო დაწესებულების/სამუშაო ადგილის ადგილსამყოფელის (გერმანია) მიხედვით, არ გამორიცხავს მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მისი მშობლების მიერ არჩეული საცხოვრებელი ადგილის არსებობას. შესაბამისად, ვერ ჩაითვლება, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი აქვს ოჯახის ხელოვნური გაერთიანების ფაქტს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მ. დ-ას ოჯახისათვის მინიჭებული ქულები (6 ქულა), სხვა გარემოებებთან ერთად, საკმარისი იყო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადასაწყვეტად. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის N19 საოქმო გადაწყვეტილებით საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4.5 და მეტი ქულა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი. გასაჩივრებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის N03-1537/ო ბრძანება კანონშეუსაბამოა, რის გამო, არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, რომლითაც მოსარჩელეები დაკმაყოფილდებიან გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 23 მაისის განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. სააპელაციო პალატამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების ფაქტის გამოვლენა, კერძოდ, მ. დ-ა 2011 წლიდან ცხოვრობს გერმანიაში და საქართველოს პეროიდულად სტუმრობს. სასამართლო სხდომაზე დადასტურდა, რომ მოსარჩელემ განათლება მიიღო გერმანიაში და მუშაობს იმავე ქვეყანაში. მ. დ-ას მშობლები - ნ. დ-ე და კ. დ-ა ცხოვრობენ ახლო ნათესავის საცხოვრებელ ბინაში, თავისუფლად და შეუზღუდავად. გასაჩივრებული გადაწყვეტილება მხოლოდ იმ გარემოებაზეა დაფუძნებული, რომ მოსარჩელის სხვის სახლში ცხოვრება დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი ვერ იქნება. კასატორის განმარტებით, დადასტურებულია, რომ მოსარჩელე ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში. ამდენად, იგი ფაქტობრივად ცხოვრობს საზღვარგარეთ და საქართველოს სტუმრობს პერიოდულად. მოსარჩელეები ერთად არ ცხოვრობენ და ერთ ოჯახს არ წარმოადგენენ. ამდენად, ადგილი აქვს ოჯახის ხელოვნურად გაერთიანებას, მეტი ფართის მიღების მიზნით. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ მ. დ-ას ოჯახისთვის მინიჭებული 6 ქულა, სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში, საკმარისი იყო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩეელეებს ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების გამო ეთქვათ უარი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე და არა ქულათა რაოდენობის გათვალისწინებით. უფრო მეტიც, ოჯახმა შეიძლება დააგროვოს საკმარისი ქულა, მაგრამ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია ადგენს ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობას.

კასატორი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლზე, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/6 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ ნორმებზე და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააგენტომ სრულყოფილად გამოიკვლია საქმის გარემოებები, ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას დაიცვა კანონის ყველა მოთხოვნა და შესაბამისი აქტი გამოსცა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სახეზეა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი განმარტებულია, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი). ამავე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას. ამავე კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველა დევნილს აქვს ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება. დაუშვებელია ოჯახის ხელოვნურად დაყოფა ან ოჯახების გაერთიანება მისი (მათი) წევრების ნების საწინააღმდეგოდ.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“. აღნიშნული „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

ზემოაღნიშნული 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით ასევე დამტკიცებულია „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი N7) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი N8). დანართებში მოცემულია ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასდეს კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით (ამავე შინაარსის ნორმებს შეიცავდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი N1), „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი N6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი N7). აღნიშნული ბრძანება ჯერ კიდევ მოქმედებდა მოცემულ სადავო საკითხზე დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ 2021 წლის 2 აპრილის N19 საოქმო გადაწყვეტილების მიღებისას, რაც შემდგომში საფუძვლად დაედო მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის N03-1537/ო ბრძანების გამოცემას).

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომლებზეც გაცემულია შესაბამისი მოწმობები. მ. დ-ას ოჯახის დროებითი საცხოვრებელი ადგილია თბილისში, ... მიკრო რაიონში, მე-7 კორპუსში მდებარე, თ. ნ-ის საკუთრებაში არსებული ბინა N23 (ს/კ ...).

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე მ. დ-ამ თავდაპირველად განაცხადი გააკეთა 2015 წლის 27 თებერვალს.

საქმეში არსებული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმების მიხედვით, 2020 წლის მდგომარეობით, მ. დ-ას ოჯახი შეფასებულია 6 ქულით (საცხოვრებლის ფინანსური პირობები: ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის, გარეშე - 1.5 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1 ქულა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (კ. დ-ა) - 2 ქულა; ომის ვეტერანი (კ. დ-ა) - 1.5 ქულა).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის N19 საოქმო გადაწყვეტილებით, მ. დ-ას მოთხოვნა, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების გამო.

ზემოაღნიშნული საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2021 წლის 23 აპრილს გამოსცა N03-1537/ო ბრძანება, მ. დ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მითითებული კოდექსის 96-ე მუხლიდან გამომდინარე, მოპასუხე, როგორც დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელი უწყება, ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, პირი კონკრეტული ოჯახის წევრად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ იგი ოჯახის სხვა წევრებთან მუდმივად ცხოვრობს განცალკევებულ ფართში და მათთან ერთად ეწევა შინასამეურნეო საქმიანობას. ამასთანავე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მიზნებისათვის, არსებითი მნიშვნელობა აქვს დევნილი ოჯახის წევრთა რაოდენობას, რამდენადაც, აღნიშნულმა გარემოებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ამავე „წესით“ განსაზღვრულ ქულათა რაოდენობასა და გადაცემული ფართის ოდენობაზე. დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, გადაამოწმოს განმცხადებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და დაადგინოს, ვინ არიან განმცხადებელთან მუდმივად მცხოვრები პირები, ადგილი ხომ არა აქვს ოჯახის ხელოვნურ გაყოფას ან გაერთიანებას.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება მ. დ-ას მხრიდან ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების მიზნის არსებობა. საქმის მასალებით, მათ შორის - სადავო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების ამსახველი დოკუმენტით დასტურდება, რომ მ. დ-ას ოჯახს არა აქვს მუდმივი საცხოვრებელი. საჭიროებიდან გამომდინარე, ოჯახი ცხოვრობს ქირის გარეშე, ნათესავის ბინაში. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ სასწავლო დაწესებულებაში განათლების მიღების ან შემდგომ პერიოდულად (არასტაბილურად) მუშაობის პერიოდში, მ. დ-ას დროებით ცხოვრება გერმანიაში, არ გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ემთხვევა საქართველოში მისი მშობლების მიერ არჩეულ საცხოვრებელ ადგილს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მტკიცების ტვირთი მოიაზრებს დავის მონაწილე მხარის იურიდიულ მოვალეობას, შეასრულოს გარკვეული პროცესუალური მოქმედება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს გააჩნია არამხოლოდ საპროცესო-სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა მოსარჩელეებთან მიმართებაში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა. მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონოა, შესაბამისად, არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე