Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-407(კ-21) 1 ნოემბერი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

კასატორები (მოპასუხე) – 1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო; 2. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „თ...“ (შპს „ ე...ის“ უფლებამონაცვლე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 მარტის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2017 წლის 6 დეკემბერს შპს „ე...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და შპს „ე...ისათვის“ საჯარიმო სანქციის დაკისრების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 6 ნოემბრის №04/69240 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ე...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საჯარიმო სანქციის დაკისრების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 6 ნოემბრის №04/69240 გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი და სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის განჩინებით შპს „ე...ის“ უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა შპს „თ...ი“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 მარტის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს ხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, ამბულატორიული მომსახურება წარმოადგენს ჯანდაცვის პირველად რგოლს, როდესაც პაციენტს უტარდება პირველადი აუცილებელი მომსახურება, მისი ჯანმრთელობის საჭიროებიდან გამომდინარე, ხოლო სტაციონარული მომსახურება დადგენილების მიზნებისათვის არის ის მომსახურება, როდესაც სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებად განხილულ უნდა იქნეს მხოლოდ ის შემთხვევები, რომლებიც საჭიროებენ პაციენტის სტაციონარში 24 საათზე მეტი დროით მოთავსებას (გარდა თვალისა და თვალის დანამატების ტრავმებისა და ქუთუთოს ან საცრემლე პარკის აბსცესების დროს გასაწევი გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისა). შესაბამისად, სტაციონარში მკურნალობის 24 სთ-ზე ნაკლები დროით დაყოვნება (გარდა კრიტიკული მდგომარეობის მართვის, ლეტალური გამოსავლის შემთხვევების და თვალის დანამატების ტრავმებისა და ქუთუთოს ან საცრემლე პარკის აბსცესებისა), პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, არ განიხილება სტაციონარული სამედიცინო მომსახურების შემთხვევად. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის №36 დადგენილებაში 2017 წლის 27 იანვარს განხორციელებული ცვლილებით დადგინდა, რომ II დონის ტრავმატოლოგიური დახმარება - მოტეხილობა ცდომით/ამოვარდნილობა/კუნთებისა და მყესების ნაწილობრივი დაზიანებები - მოტეხილობის რენტგენოლოგიური კვლევა, რეპოზიცია ან ჩასწორება დახურული წესით, ფიქსაცია/იმობილიზაცია/ბლოკადები - წარმოადგენს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტს, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ნაცვლად.

კასატორის მითითებით, პაციენტის - ი.ჩ-ის კლინიკაში ყოფნის ვადა არ აღემატებოდა 24 საათს. პაციენტს ჩაუტარდა მხოლოდ გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება, რომელიც ფინანსდება საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების ფარგლებში და ამავე დადგენილებით არის აკრძალული საფასურის გადახდა იმ სამედიცინო მომსახურებაზე, რასაც სახელმწიფო აფინანსებს. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ კლინიკას შეტყობინება უნდა განეხორციელებინა გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივნისის განჩინებით საქმეში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის საჯარიმო სანქციის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერება.

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ შპს „ე...ში“ 2017 წლის 16 სექტემბერს, 18:45 სთ-ზე, მარცხენა მტევნის მოძრაობის შეზღუდვისა და ტკივილის ჩივილებით შევიდა პაციენტი ი.ჩ-ი (დაბ. ...წ.), რომელსაც გაეწია სამედიცინო მომსახურება. მარცხენა მტევანზე გადაღებული რენტგენოგრაფიის თანახმად, მას აღენიშნებოდა მტევნის II მეტაკარპალური ძვლის მოტეხილობა ცდომით, S62.3. პაციენტს გაუკეთდა მოტეხილობის დახურული რეპოზიცია და იმობილიზაციის მიზნით, დაედო თაბაშირის ლონგეტი (NDXX32), თუმცა საკონტროლო რენტგენოგრამაზე მოტეხილი ფრაგმენტების დგომა დაფიქსირდა არადამაკმაყოფილებლად. პაციენტს განემარტა ოპერაციული მკურნალობის საჭიროება და მკურნალობის გაგრძელება სტაციონარულ პირობებში, რომელზეც მან გაცნობიერებულად განაცხადა უარი. პაციენტი შპს „ე...იდან“ გაეწერა ტრავმატოლოგის რეკომენდაცია-დანიშნულებით 2017 წლის 16 სექტემბერს, 20:25 სთ-ზე. სტაციონარიდან გაწერისას, ჩატარებული მკურნალობის ფონზე, მისი მდგომარეობა იყო გაუმჯობესებული და ტკივილი კუპირებული.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებულ იქნა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“. მითითებული პროგრამის მიზნად განისაზღვრა: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის ფინანსური უზრუნველყოფის შექმნა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ, ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის. ამავე დადგენილებით განისაზღვრა მოსარგებლეთა წრე და პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ პაციენტი ი.ჩ-ი წარმოადგენდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარს და სარგებლობდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1.3 დანართის მეორე პუნქტით გათვალისწინებული პირობებით. საქმის მასალების თანახმად, კლინიკამ მიიჩნია, რომ ი.ჩ-ის შემთხვევა არ ექვემდებარებოდა სახელმწიფო პროგრამით ანაზღაურებას. შესაბამისად, მის მიმართ გაწეული სამედიცინო დახმარების ღირებულება, რამაც ჰოსპიტალის შიდა სტანდარტების მიხედვით შეადგინა 140 ლარი, პაციენტმა გადაიხადა 2017 წლის 16 და 19 სექტემბერს.

დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რ.კ-ემ მიმართა მასზედ, რომ პაციენტ ი.ჩ-ის შემთხვევაზე რამდენად ვრცელდებოდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა და მის მიერ გადახდილი თანხა ექვემდებარებოდა თუ არა დაბრუნებას. რ.კ-ის განცხადებასთან დაკავშირებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დაიწყო

ადმინისტრაციული წარმოება. წარმოების ფარგლებში გამოვლინდა, რომ: 1. სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში დაწესებულებამ არ განახორციელა შესაბამისი შეტყობინება; 2. სამედიცინო დოკუმენტაციაში არ იძებნებოდა პაციენტის ან მისი ოჯახის წევრების მიერ ხელმოწერით დადასტურებული ჩანაწერი - უარი ოპერაციულ მკურნალობაზე; 3. ზემოთხსენებულ შემთხვევაში სამედიცინო მომსახურება უნდა განხორციელებულიყო ხელოვნური კოდით - „... მე-2 დონის ტრავმატოლოგიური დახმარება: მოტეხილობა ცდომით/ამოვარდნილობა/კუნთებისა და მყესების ნაწილობრივი დაზიანებები/მოტეხილობის რენტგენოლოგიური კვლევა, რეპოზიცია ან ჩასწორება დახურული წესით, ფიქსაცია/იმობილიზაცია/ბლოკადები - ამბოლატორიულად (ღირებულება 102,30 ლარი). შესაბამისად, კონტროლის დეპარტამენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია მიმწოდებლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის დაკისრება პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის სამმაგი ოდენობით - 306,90 ლარით, ასევე, მიმწოდებლის მიერ პაციენტისათვის არასწორად გადახდილი თანხის 140 ლარის უკან დაბრუნება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელი ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-9 მუხლზე და აღნიშნავს, რომ პროგრამის ზედამხედველობა მოიცავს პროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობას პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ეფექტიანი შესრულების მიზნით. პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. ხოლო ზემოხსენებული დადგენილების 151 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კონტროლი მოიცავს გაწეული სამედიცინო მომსახურების შესაბამისობის დადგენას დანართი №1-ის 21-ე მუხლით განსაზღვრული მომსახურების მოცულობასთან (მათ შორის, დიაგნოზის შესაბამისი პათანატომიური დასკვნის არსებობის შემოწმებას იმ შემთხვევებზე, როდესაც ამ მოტივით შემთხვევა არ იყო/არის დასრულებული პროგრამით განსაზღვრულ ვადაში, ასევე დადგენილ ვადებში დახურულ შემთხვევებში მსგავსი დასკვნის არსებობას, ასეთის საჭიროებისას). ხოლო მე-4 პუნქტის მიხედვით, კონტროლის განხორციელებისას ხდება მიმწოდებელთან არსებული სამედიცინო, ფინანსური დოკუმენტაციისა და საინფორმაციო სისტემაში მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის გადამოწმება. პროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს მიმწოდებლისაგან მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ასევე ახსნა-განმარტებები, საჭიროებისამებრ, განახორციელოს პაციენტთან, მისი ოჯახის წევრებთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრება. ამავე დადგენილების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები: ა) შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი; ბ) უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნება; გ) დამატებითი ფინანსური ჯარიმა. მითითებული მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი განუცხადა პროგრამის მოსარგებლეს, ან მომსახურება გაუწია დაგვიანებით (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდა), ან არასრულად, ან არაჯეროვნად, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურებისთვის განმახორციელებლის მიერ პროგრამით ასანაზღაურებელი/ ანაზღაურებული თანხის ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით.

საკასაციო პალატა საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტზე მითითებით განმარტავს, რომ პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობის სახეობები განისაზღვრება შემთხვევათა ტიპების შესაბამისად. შემთხვევები კლასიფიცირდება შემდეგ ტიპებად: ა) გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება (ამბულატორიული და სტაციონარული); ბ) გეგმური ამბულატორიული მომსახურება; გ) გეგმური სტაციონარული მომსახურება. ამასთან, დადგენილების დანართი №1.2 დეტალურად განსაზღვრავს კონკრეტულად რა შედის გადაუდებელ ამბულატორიულ და სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებაში, ხოლო დანართი №1.3-ით დადგენილია, რომ პროგრამა ამ პროგრამით მოსარგებლეებისათვის ითვალისწინებს როგორც გადაუდებელი ამბულატორიული („ბ.ზ“ ქვეპუნქტი), ასევე, გადაუდებელი სტაციონარული („გ.ა“ ქვეპუნქტი) მომსახურების ანაზღაურების კონკრეტულ შემთხვევებს. ხსენებული დადგენილების მე-11 მუხლის პირველი პუნქტი კი მიმწოდებელს ავალდებულებს შემთხვევის (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად) შესახებ შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს შემთხვევის დადგომიდან 24 საათისა, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის

საშუალებით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოცემულ სადავო შემთხვევაში, პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებით არ იკვეთება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანო, ერთი მხრივ, აღნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულებამ გაწეული სამედიცინო მომსახურება არასწორად შეაფასა, კერძოდ, არ მიუთითა გადაუდებელი ამბულატორია და არ განახორციელა შესაბამისი შეტყობინება, ხოლო, მეორე მხრივ, მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 23-ე მუხლის მე-7 პუნქტზე, რომელიც პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებელს ავალდებულებს სამედიცინო ვაუჩერით მოსარგებლეს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურების მოცულობაზე. იმ პირობებში, როდესაც პირს პასუხისმგებლობა ეკისრება კონკრეტული ქმედებისათვის, ზუსტად უნდა იყოს ცნობილი/იდენტიფიცირებული რაში გამოიხატა მისი მხრიდან დარღვევა, ქმედების უკანონობა ანუ სამართლებრივი საფუძველი, რომელიც მას ამ ქმედებისთვის აკისრებს პასუხისმგებლობას და მხოლოდ ამის შემდეგ დაეკისროს შესაბამისი სახდელი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სადავო აქტით არ დგინდება შპს „ე...მა“ პაციენტ ი.ჩ-ის შემთხვევასთან დაკავშირებით ნორმატიული აქტის რომელი მოთხოვნა ან/და მოთხოვნები დაარღვია, ასევე, რა უნდა განეხორციელებინა მისი/მათი თავიდან აცილების მიზნით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი აქვს ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეუსაბამობას, რაც სადავო გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელს ხდის.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საჯარიმო სანქციის დაკისრების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 6 ნოემბრის №04/69240 გადაწყვეტილება სწორად იქნა ბათილად ცნობილი და მოპასუხეს მართებულად დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კლინიკის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 09.07.2021წ. №17543 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 105 (ას ხუთი) ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150. ასევე, ვინაიდან სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 12.07.2021წ. №04219 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 105 (ას ხუთი) ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 მარტის განჩინება.

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 09.07.2021წ. №17543 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70 პროცენტი - 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.07.2021წ. №04219 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70 პროცენტი - 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე