Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით

Nბს-967(კ-22) 16 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები - მ. კ-ა, ა. კ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 26 იანვარს მ. კ-ამ და ა. კ-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2020 წლის 7 ოქტომბრის N38/3 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, გ. კ-ას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტი) დაღუპვის ფაქტის დადასტურების შესახებ, გ. კ-ას მშობლებისათვის, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მეორე პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ას და ა. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2020 წლის 7 ოქტომბრის N38/3 გადაწყვეტილება; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის - გ. კ-ას ოჯახის წევრების - მშობლებისათვის, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მეორე პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, გ. კ-ას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტი) დაღუპვის ფაქტის დადასტურების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას განსაზღვრავს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა თანხვედრა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტთან, ვინაიდან მოცემული ნორმით გათვალისწინებული წინაპირობის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი კომპენსაციის დანიშვნას.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველ პუნქტზე, ამავე მუხლის 11 პუნქტზე და განმარტა, რომ კანონმდებლის ნებას წარმოადგენს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალებისა და მისგან გამომდინარე სოციალური გარანტიები („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტი) დიფერენცირებულ იქნეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განსაკუთრებულ ვითარებაში დაღუპვისა და მისგან გამომდინარე გარანტიებისაგან („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტი). მოცემულ შემთხვევაში, სადავოა, ექცევა თუ არა მოსარჩელეთა შვილის გარდაცვალება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემადგენლობაში, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გ. კ-ას გარდაცვალების ფაქტი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტით და ამავე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე გარდაცვლილ პოლიციელთა წრე (სუბიექტები) იდენტური არ არის. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში, მის ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია, რაც იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტი ვრცელდება ყველა იმ პოლიციელზე, რომელიც გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მაგრამ მისი სამსახურებრივი საქმიანობა არ იქნება დაკავშირებული ამავე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სპეციფიკური და მომეტებული საფრთხის შემცველი უფლებამოსილებების განხორციელებასთან. მოცემულ შემთხვევაში, შესაბამისი დასკვნით დადასტურებულია პრევენციული ღონისძიების განხორციელებასა და დამნაშავეობასთან ბრძოლას შორის პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. დამნაშავეობასთან ბრძოლის მოქმედება იწყება დავალების მიღების მომენტიდან და სრულდება ამოცანის შესრულებით, ხოლო აღნიშნულ პროცესში პოლიციელის გარდაცვალება უნდა ჩაითვალოს პრევენციული ღონისძიების განხორციელების დროს პირის გარდაცვალებად. ამდენად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის - გ. კ-ას გარდაცვალების ფაქტი ექცევა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელეებს, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შეუსაბამოდ ეთქვათ უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. განჩინება ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, ისე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას მსგავს დავებზე.

კასატორის მოსაზრებით, საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ პოლიციის ზემდეგი გ. კ-ა შინაგან საქმეთა ორგანოებში ჩაირიცხა 2004 წლის სექტემბერში. 2005 წლის 22 იანვრიდან 2005 წლის 30 იანვრამდე, იგი მსახურობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, ... დეპარტამენტის ... განყოფილების პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2005 წლის 30 იანვარს, 10:00 საათიდან, 31 იანვრის 10:00 საათამდე, პოლიციის ზემდეგი გ. კ-ა, თავის კოლეგასთან ერთად, იმყოფებოდა სამსახურებრივ განაწესში და „შკოდას“ მარკის ავტომანქანით აწარმოებდა პატრულირებას, თბილისი-...ი-...ის საავტომობილო გზის მე-80 კილომეტრიდან 102-ე კილომეტრამდე. 30 იანვარს, 22:00 საათზე, ...ის საავტომობილო გზის I კილომეტრზე მოძრაობისას, ავტომანქანა გადავიდა გზის მარცხენა მხარეს და დაეჯახა „...ს“ ...ის ...ის ბოძს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა გ. კ-ა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია 2005 წლის 30 იანვარს, ...ის გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე დასკვნის დამტკიცების შესახებ შს მინისტრის 2005 წლის 5 თებერვლის ბრძანებით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 თებერვლის N742 პ/შ ბრძანებიდან ამონაწერით დგინდება, რომ სამინისტრო სადავოდ არ ხდის მოსარჩელეთა შვილის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების ფაქტს. აღნიშნულს მოწმობს ის ფაქტიც, რომ გარდაცვლილის ოჯახზე გავრცელდა იმ დროს მოქმედი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სოციალური გარანტიები, თუმცა ეს შემთხვევა არ ექცევა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის შემადგენლობაში. სწორედ ამიტომ, 2020 წლის 7 ოქტომბრის N38/3 გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტიდან გამომდინარე, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

კასატორი მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველ პუნქტზე, ამავე მუხლის 11 პუნქტზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა აღნიშნული პუნქტები. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევის დადგენა გულისხმობს უშუალო მიზეზობრივი კავშირის დადგენას ამ მუხლში მითითებულ კონკრეტულ ქმედებასა და პირის გარდაცვალებას შორის. კასატორი ყურადღებას ამახვილებს Nბს-942-938(კ-17) საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12.04.2018წ. განმარტებაზე, და აღნიშნავს, რომ 50-ე მუხლის 11 პუნქტისაგან განსხვავებით, ამავე მუხლის პირველი პუნქტის დეფინიცია უფრო ფართო შემთხვევებს მოიცავს. 11 პუნქტი მოიცავს კონკრეტულ შემთხვევებს, რომელთაც შედეგად მოჰყვება პოლიციელის დაღუპვა. იმისათვის, რომ გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახის წევრზე გავრცელდეს აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი მოწესრიგება, სახეზე უნდა იყოს 2 წინაპირობა: 1) პოლიციელის გარდაცვალება ამ ნორმით გათვალისწინებულ ერთ-ერთ შემთხვევაში; 2) უშუალო მიზეზობრივი კავშირის დადგენას „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტში მითითებულ კონკრეტულ ქმედებასა და პირის გარდაცვალებას შორის (მიუთითებს სუს Nბს-594-591(კ-17), Nბს-352-349(კ-17) გადაწყვეტილებებზე). განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სავალდებულო პირობაა პოლიციელის გარდაცვალების კავშირის არსებობა სიცოცხლისათვის განსაკუთრებული რისკის მქონე გარემოებებთან, კერძოდ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებასთან, სამართალდარღვევის აღკვეთასთან, დამნაშავის შეპყრობასთან, დამნაშავეობასთან ბრძოლასთან და ა.შ. (მიუთითებს სუს Nბს-862(კ-18) გადაწყვეტილებაზე).

სადავო საკითხთან მიმართებაში, კასატორი ასევე საინტერესოდ მიიჩნევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებას, საქმეზე Nბს-594-591(კ-17) და აღნიშნავს, რომ მითითებულ საქმეზე, მიუხედავად იმისა, რომ პირი დავალების მიღების შემდგომ, ოპერატიული საქმიანობის განხორციელების მიზნით, გადაადგილების პროცესში გარდაიცვალა, მისი გარდაცვალება არ ჩაითვალა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევად, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ იგი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ანალოგიურად, მართალია, გ. კ-ა გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას (სადავოდ არავის გაუხდია აღნიშნული გარემოება), თუმცა ეს შემთხვევა ვერ ექცევა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის რეგულაციაში. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, კასატორის მოსაზრებით, გ. კ-ას საქმის ფაქტობრივი გარემოებების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

პოლიციის ზემდეგი გ. კ-ა შინაგან საქმეთა ორგანოებში ჩაირიცხა 2004 წლის სექტემბერში. 2005 წლის 22 იანვრიდან 2005 წლის 30 იანვრამდე, იგი მსახურობდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ... განყოფილების პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე.

ქ. თბილისის პროკურატურის 2020 წლის 15 სექტემბრის N13/01-53209 წერილით დგინდება, რომ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაშია N11051815 სისხლის სამართლის საქმე, 2005 წლის 30 იანვარს, ...ში, ...ის გზატკეცილზე მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის - გ. კ-ას გარდაცვალების ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2005 წლის 30 იანვარს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები - კ. ტ-ი და გ. კ-ა, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ ...ში, ...ის გზატკეცილზე. საპატრულო პოლიციის ხსენებულმა ეკიპაჟმა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი დაუდგენელი პირის მიმართ განახორციელა დადევნების ოპერაცია, რა დროსაც, საპატრულო პოლიციის ავტომობილი შეეჯახა ამავე გზატკეცილზე მდებარე ...ის - „...ს“ ...ის რკინის ბოძს. მიღებული დაზიანების შედეგად, გ. კ-ა ადგილზე გარდაიცვალა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 თებერვალს დამტკიცებული დასკვნით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ... განყოფილების პატრულ-ინსპექტორის, პოლიციის ზემდეგის - გ. კ-ას გარდაცვალება ჩათვლილიყო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მომხდარ გარემოებად და მასზე გავრცელებულიყო „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 თებერვლის N742 პ/შ ბრძანებით, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ... განყოფილების პატრულ-ინსპექტორის, პოლიციის ზემდეგის - გ. კ-ას გარდაცვალება ჩაითვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მომხდარ გარემოებად და მის ოჯახზე გავრცელდა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

მოსარჩელეები - ა. კ-ა და მ. კ-ა არიან გ. კ-ას მშობლები.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2020 წლის 7 ოქტომბრის N38/3 გადაწყვეტილებით, მ. კ-ას და ა. კ-ას უარი ეთქვათ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მეორე პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის - გ. კ-ას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტი) დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადასტურებაზე/დადგენაზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის საინფორმაციო უზრუნველყოფისა და პროფესიული მომზადების ორგანიზების სამმართველოს უფროსის 2020 წლის 28 დეკემბრის MIA 7 20 03015533 წერილით ა. კ-ას ეცნობა, რომ ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის - გ. კ-ას გარდაცვალების ფაქტი არ ექცეოდა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის მოქმედების ფარგლებში, სამმართველო მოკლებული იყო ცნობის გაცემის შესაძლებლობას, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მეორე პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე, მოსარჩელეთა ინტერესი - „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის ფარგლებში დადასტურდეს მათი შვილის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ფაქტი, უკავშირდება სამომავლოდ სოციალური უფლების რეალიზებას - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის გადაგზავნას კომპეტენტური ორგანოსათვის, რაც უნდა გახდეს მოსარჩელეთა, როგორც „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის სუბიექტთა სასარგებლოდ, კომპენსაციის გაცემის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში 2015 წლის 3 ივლისს განხორციელდა ცვლილებები, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახების სოციალური დაცვის პირობების გაუმჯობესება და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტთან ამ კანონის შესაბამისობაში მოყვანა. შეტანილი ცვლილებებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლს დაემატა 11 და მე-3 პუნქტები. 11 პუნქტით დადგინდა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, ამ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში, მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე, ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგინდა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში, მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად (თავის მხრივ, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრების უფლებაზე - მიიღონ სახელმწიფო კომპენსაცია (კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი), ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „ა3“ ქვეპუნქტი ადგენს, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, კომპეტენტურ ორგანოში წარსადგენ დოკუმენტთა ჩამონათვალს).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ზემოაღნიშნული ცვლილებების განხორციელების შემდეგ, დღეს მოქმედი რედაქციის „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალებიდან გამომდინარე სოციალურ გარანტიებს („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტი) განსახვავებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, განსაკუთრებულ ვითარებაში დაღუპვიდან გამომდინარე გარანტიებისაგან (ამავე კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტი). ნებისმიერი სამსახურებრივი საქმიანობის დროს პოლიციის თანამშრომლის გარდაცვალება, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის ფარგლებში არ წარმოშობს გარდაცვლილი პოლიციის თანამშრომლის ოჯახის წევრთა სასარგებლოდ, სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის წინაპირობას. აუცილებელია, დადგინდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის გარდაცვალება, მისი სიცოცხლისათვის განსაკუთრებული რისკის მქონე გარემოებაში არსებობის პირობებში, კერძოდ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას.

კასატორი სწორად მიუთითებს მსგავსი კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, რომელიც შეეხება „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსამსახურის გარდაცვალებაში“ ფართო შემთხვევების მოაზრებას, თუმცა საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შესაბამის საქმეებზე, საკასაციო სასამართლოს დასკვნები „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემადგენლობის გამორიცხვის თაობაზე, გამომდინარეობს ყოველ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული განსაკუთრებული გარემოებების ანალიზიდან. შესაბამისად, მოცემული საქმის სწორად გადაწყვეტისათვის, რელევანტურია, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, უშუალოდ გ. კ-ას გარდაცვალებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური გარემოებების სწორად შეფასება.

საკასაციო სასამართლო საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „გ“, „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, პოლიციის ფუნქციებში შედის დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილებების საფუძველზე. ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პრევენციული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პოლიცია ახორციელებს ღონისძიებებს, სამართალდარღვევათა თავიდან ასაცილებლად, ხოლო მეორე პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამართალდარღვევის ფაქტებზე რეაგირების ფარგლებში, პოლიცია მოსთხოვს პირს, დაიცვას კანონის მოთხოვნა და შეწყვიტოს სამართალდარღვევა, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, იღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სახეზეა სწორედ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე, გ. კ-ას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ფაქტის დადასტურების აუცილებლობა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტი, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას პოლიციელის დაღუპვის ერთ-ერთ კონკრეტულ შემთხვევად მოიაზრებს სამართალდარღვევის აღკვეთასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებისას პოლიციელის დაღუპვას. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით უდავოდ დგინდება, რომ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მე-5 განყოფილების პატრულ-ინსპექტორი გ. კ-ა, 2005 წლის 30 იანვარს, საპატრულო პოლიციის თანამშრომელთან - კ. ტ-თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ...ში, ...ის გზატკეცილზე. საპატრულო პოლიციის აღნიშნულმა ეკიპაჟმა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი დაუდგენელი პირის მიმართ განახორციელა დადევნების ოპერაცია. სწორედ აღნიშნული ოპერაციის განხორციელების დროს, საპატრულო პოლიციის ავტომობილი შეეჯახა ამავე გზატკეცილზე მდებარე ...ის ...ის რკინის ბოძს. მიღებული დაზიანების შედეგად, გ. კ-ა ადგილზე გარდაიცვალა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დასტურდება სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით განხორციელებული საპოლიციო მოქმედებების ფარგლებში, პოლიციის თანამშრომლის გარდაცვალება, რაც ქმნის მოსარჩელეებთან მიმართებაში, შვილის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების აუცილებლობას, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.




თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე





მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე





გენადი მაკარიძე