საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-866(კ-22) 16 ნოემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ტ.ი.კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ტ.ი.კ-მა 2017 წლის 16 იანვარს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ „ტ.ი.კ-ის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე“ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 22 დეკემბრის №1000512752/1 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ტ.ი.კ-ისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ტ.ი.კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ტ.ი.კ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ტ.ი.კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.
პატალამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 22 ნოემბერს ტ.ი.კ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით. განმცხადებელმა ჩაიბარა სამახსოვრო ბარათი, რომლითაც ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე განემარტა, რომ განცხადების რეგისტრაციიდან ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე ვალდებული იყო განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაციას გასცნობოდა ინტერნეტ გვერდზე: http://sda.gov.ge და http://psh.gov.ge. აღნიშნულ ბარათზე ფიქსირდება მოსარჩელის ხელმოწერა - „ჩავიბარე, ვეთანხმები“.
დადგენილია აგრეთვე, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განცხადებაზე 2016 წლის 25 ნოემბრის N10000512752 გადაწყვეტილებით დაადგინა ხარვეზი და განმცხადებელს დაავალა უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლის წარდგენა 2016 წლის 22 დეკემბრამდე. განმცხადებელს ასევე განემარტა, რომ დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 25 ნოემბრის N10000512752 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტი/ინფორმაცია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის არ წარუდგენია. მოთხოვნილი დოკუმენტის წარუდგენლობის საფუძვლით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 22 დეკემბრის №1000512752/1 გადაწყვეტილებით, განუხილველად იქნა დატოვებული ...ის რესპუბლიკის მოქალაქე ტ.ი.კ-ის 2016 წლის 22 ნოემბრის №1000512752 განცხადება საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააგენტოს ტ.ი.კ-ის განცხადების განუხილველად დატოვება მართლზომიერი იყო, ვინაიდან განმცხადებელმა დადგენილ ვადაში არ წარადგინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია. პალატამ აღნიშნა, რომ საფუძველსაა მოკლებული მოსარჩელის მითითება ადმინისტრაციული წარმოების მისთვის გასაგებ ენაზე არჩატარების შესახებ, რამეთუ სამახსოვრო ბარათზე ფიქსირდება ტ.ი.კ-ის ხელმოწერა - „ჩავიბარე, ვეთანხმები“, რომლითაც მოსარჩელემ დაადასტურა ადმინისტრაციული ორგანოს განმარტების მისთვის გასაგებობა. ამასთანავე, პალატამ ყურადღება იმ გარემოებაზეც გაამახვილა, რომ ტ.ი.კ-ს ადმინისტრაციული ორგანოსთვის არ მიუმართავს პრეტენზიით სამახსოვრო ბარათზე მოცემული ენების არცოდნის და მისი შინაარსის გაუგებრობის შესახებ. პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მოსარჩელესთან შეთანხმებით მონაწილეობდა ინგლისური ენის თარჯიმანი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ტ.ი.კ-ის მიერ.
კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხსენებული ნორმის დანაწესი არ შესრულებულა. კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად მითითებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 25 ნოემბრის წერილში ასახული მოთხოვნა (სააგენტოში დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის დავალების შესახებ) მისთვის გასაგებ ენაზე არ გადასცემია, შესაბამისად არ იცნობდა წერილის შინაარსს. ამასთანავე, კასატორის მოსაზრებით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-8 პუნქტი არ ითვალისწინებს განცხადების განუხილველად დატოვებას დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ნებისმიერ შემთხვევაში გამოეცა აქტი საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან ასეთი ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო განცხადების განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხე სააგენტოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტი მას დაკარგული აქვს, ხოლო კასატორს შესაძლებლობა აქვს წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული საბუთი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ტ.ი.კ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას. შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წინაპირობების არსებობისას საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (კანონის მე-17 მუხ. მე-10 პუნქტ.). საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-5 მუხლი ადგენს შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტების ამომწურავ ჩამონათვალს, მათ შორის, „წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი.
2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლი ადგენს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესსა და ვადებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხო ქვეყნის მოქალაქეს ასევე შეუძლია სააგენტოში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, თავისი ინიციატივით წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, განცხადების განხილვის პროცესში, სააგენტოს უფლებამოსილებას, მიიწვიოს განმცხადებელი და მიიღოს მისგან საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია და ახსნა-განმარტება, ხოლო განმცხადებლის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, განცხადება დატოვოს განუხილველად. ამავე დადგენილების მე-5 მუხლით დადგენილია შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი, მათ შორისაა უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი („წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა, ხოლო იმავე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს, რომ თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 22 ნოემბერს ტ.ი.კ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით. განმცხადებელმა ჩაიბარა სამახსოვრო ბარათი, რომლითაც ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე განემარტა, რომ განცხადების რეგისტრაციიდან ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე ვალდებული იყო განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაციას გასცნობოდა ინტერნეტ გვერდზე: http://sda.gov.ge და http://psh.gov.ge. აღნიშნულ ბარათზე ფიქსირდება მოსარჩელის ხელმოწერა - „ჩავიბარე, ვეთანხმები“. 2016 წლის 22 ნოემბრის განცხადებით ტ.ი.კ-მა დაადასტურა, რომ იუსტიციის სახლის თანამშრომლის მიერ იგი გაფრთხილებული იყო მის დოკუმენტებში არსებული ხარვეზის და მისი აღმოუფხვრელობის შემთხვევაში განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. დადგენილია აგრეთვე, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განცხადებაზე 2016 წლის 25 ნოემბრის N10000512752 გადაწყვეტილებით დაადგინა ხარვეზი და განმცხადებელს დაავალა უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლის წარდგენა. განმცხადებელს განემარტა, რომ ხარვეზით დადგენილი დოკუმენტების სააგენტოში უნდა წარედგინა 2016 წლის 22 დეკემბრამდე. განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 25 ნოემბრის N10000512752 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში, დამატებითი დოკუმენტი/ინფორმაცია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის არ წარუდგენია. მოთხოვნილი დოკუმენტის წარუდგენლობის საფუძვლით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 22 დეკემბრის №1000512752/1 გადაწყვეტილებით, განუხილველად იქნა დატოვებული ...ის რესპუბლიკის მოქალაქე ტ.ი.კ-ის 2016 წლის 22 ნოემბრის №1000512752 განცხადება, საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ იმ პირობებში, როდესაც განმცხადებელმა ხარვეზი არ შეავსო და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიუმართავს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის, მართლზომიერია სააგენტოს 2016 წლის 22 დეკემბრის №1000512752/1 გადაწყვეტილება მოსარჩელის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საფუძველსაა მოკლებული მოსარჩელის მითითება ადმინისტრაციული წარმოების მისთვის გასაგებ ენაზე არჩატარების და შესაბამისად, სადავო გადაწყვეტილების შინაარსის არცოდნის შესახებ, რამეთუ სამახსოვრო ბარათზე ფიქსირდება ტ.ი.კ-ის ხელმოწერა - „ჩავიბარე, ვეთანხმები“, რომლითაც მოსარჩელემ დაადასტურა ადმინისტრაციული ორგანოს განმარტების მისთვის გასაგებობა. 2016 წლის 22 ნოემბრის განცხადებით ტ.ი.კ-მა დაადასტურა, რომ იუსტიციის სახლის თანამშრომლის მიერ იგი გაფრთხილებული იყო მის დოკუმენტებში არსებული ხარვეზის და მისი აღმოუფხვრელობის შემთხვევაში განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც აგრეთვე, რომ ტ.ი.კ-ს ადმინისტრაციული ორგანოსთვის არ მიუმართავს პრეტენზიით სამახსოვრო ბარათზე მოცემული ენების არცოდნის და მისი შინაარსის გაუგებრობის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 22 დეკემბრის №1000512752/1 კანონიერებისა და სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე.
ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან თ.ფ-ს (პ/ნ:...) ტ.ი.კ-ის (T.Y.K, დ/თ: … წლის … ოქტომბერს, პასპორტის № ...) საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 3 აგვისტოს №... საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ტ.ი.კ-ს (T.Y.K, დ/თ: … წლის … ოქტომბერს, პასპორტის № ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ტ.ი.კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინება;
3. ტ.ი.კ-ს (T.Y.K, დ/თ: … წლის … ოქტომბერს, პასპორტის № ...) დაუბრუნდეს თ.ფ-ის (პ/ნ:...) მიერ საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 3 აგვისტოს №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
გენადი მაკარიძე