საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-718(კ-21) 01 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ.ლ-ი, თ.ლ-ი ( თე.ლ-ის უფლებამონაცვლეები)
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თე.ლ-მა 2018 წლის 24 დეკემბერს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციაზე უარის თქმის შესახებ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2018 წლის 04 დეკემბრის №02/15945 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის თე.ლ-ის სახელზე ქალაქ რუსთავში ...ის ქუჩაზე მდებარე ბინა №57-ის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისა და საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის დავალება მოითხოვა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით თე.ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2018 წლის 04 დეკემბრის №02/15945 გადაწყვეტილება საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციაზე უარის თქმის თაობაზე და მოპასუხე მხარეს თე.ლ-ის 2017 წლის 17 ნოემბრის №23427/02 და 2017 წლის 30 ნოემბრის №24097/02 განცხადებებთან დაკავშირებით საქმის სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღება და შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ წარმოების ფარგლებში გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოები და გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი იყო მუნიციპალიტეტის ცხოვრების ფაქტის დადგენის შესაბამისი აქტი, რომლის თანახმად სადავო საცხოვრებელ ბინაში -...ის ქუჩა №1, ბინა №57-ში თე.ლ-ი ცხოვრობს 1982 წლიდან, თუმცა საბინაო კოდექსის შესაბამისად გაცემულ ორდერში პირი მითითებული არ არის. ამდენად, იგი არ წარმოადგენს კანონიერ მოსარგებლეს, რომელსაც აღნიშნული ბინის პრივატიზაციის განხორციელების უფლება გააჩნია. სადავო საცხოვრებელ ფართზე გაცემულია 1982 წლის 02 ივნისის თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო განყოფილების №... ორდერი, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის მე-... მ/რ, მე-... კვარტალში, კორპუსი №42, ბინა №57-ში მცხოვრებმა ს. ი...ის ძე ბ-მა ოთხ ოთახიანი ბინა გაუცვალა ქ. რუსთავში ...ის ქუჩა №1, ბინა №57-ში მცხოვრებ ა.ბ-ს (გვარის შეცვლის შემდეგ - ა.ი-ი) ორ ოთახიან ბინაში. თე.ლ-ი არ ფიქსირდება საქმეზე წარმოდგენილი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში, ხოლო მისამართზე: ქ. თბილისი, ... მე-... მ/რ, მე-... კვ. კორპუსი №42, ბინა №57 რეგისტრირებულები არიან ა.ი-ი, ვ.წ-ი, მ.ი-ი, მა.ი-.ც-უ, ქ.ი-ი. ამდენად, აღნიშნულმა ოჯახმა გაცვლის ორდერის საფუძველზე დაიკავა ქ. თბილისი, ... მე-... მ/რ, მე-... კვ. კორპ. №42 ბინა №57 და შესაბამისად, ბინა მდებარე ქ. რუსთავი ...ის ქუჩა №1, ბინა №57 გაცვლის ორდერის საფუძველზე მიიღო ბ-იების ოჯახმა. ასევე დადგენილია, რომ ს.ბ-ი რეგისტრირებულად ფიქსირდება 1982 წლიდან მისამართზე ქ. რუსთავი, ...ის ქუჩა №1, ბინა №57-ში. წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ შეძლო თე.ლ-ის კანონიერი სარგებლობის უფლების დადგენა საცხოვრებელ ფართზე. ამდენად, საბინაო კოდექსის 57-ე მუხლის შესაბამისად, საცხოვრებელ ფართზე გაცვლის ორდერი გაცემულია 1982 წლის 02 ივნისს და ორდერში მოქირავნედ თე.ლ-ი არ არის გაწერილი. ის გარემოება, რომ იგი საცხოვრებელ ფართშია რეგისტრირებული და ფაქტობრივად ცხოვრობს აღნიშნულ ბინაში, ვერ გახდებოდა პრივატიზაციის განხორცილების საფუძველი. ზემოღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს მიაჩნია, რომ საქმის გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების, სათანადოდ გამოკვლევის პირობებში, სასამართლოს სრული შესაძლებლობა ჰქონდა არსებითად გადაეწყვიტა დავა და არ დაებრუნებინა ადმინისტრაციული ორგანოსათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 06 სექტემბრის განჩინებით ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა არგუმენტების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი” ითვალისწინებს არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს. ხსენებული წესის მე-2 მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ- ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე თე.ლ-ს სადავო აქტით უარი ეთქვა ბინის პრივატიზებაზე იმ საფუძვლით, რომ ბინის ორდერი გაცემული იყო ა.ი-ის მიმართ, ხოლო იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა ერთ ოჯახზე უშვებდა მხოლოდ ერთი ბინით სარგებლობის უფლების შესაძლებლობას. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე მიიღი ზემოხსენებული გადაწყვეტილება. დადგენილია, რომ 1971 წლის 14 დეკემბერს მოქალაქე ა.ბ-ის (გვარის შეცვლის შემდგომ - ა.ი-ი) სახელზე გაიცა ოროთახიან საცხოვრებელ ბინაში (მდებარე: ქალაქ რუსთავში, ...ის ქუჩა №1-57-ში) შესახლების №... ორდერი. 1985 წლის 09 სექტემბრის მშრომელთა დეპუტატების ადგილობრივი საბჭოს სახლში საცხოვრებელი ბინის გაქირავების ხელშეკრულებით დგინდება, რომ ა.ი-მა ზემოხსენებული ბინა პირადი სარგებლობისთვის 5 წლის ვადით - 1985 წლის 9 სექტემბრიდან 1990 წლის 9 სექტემბრამდე მიაქირავა ს. ი...ის ძე ბ-სა და მის ოჯახს. 1982 წლის 02 ივნისის №... ორდერის ასლით დგინდება, რომ ს.ბ-ის, გაცვლის საფუძველზე მიეცა შესახლების უფლება ქალაქ რუსთავში ...ის ქუჩა №1-57-ში მდებარე საცხოვრებელ ფართში, თუმცა საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბ-ების ოჯახის მიერ სადავო ფართით სარგებლობისა და ფლობის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება. თე.ლ-ის განმარტებით, იგი არის ა.ი-ის დის ქმარი და 1982 წლიდან ცხოვრობს სადავო ბინაში. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე 1997 წლიდან რეგისტრირებულია ქალაქ რუსთავში, ...ის ქუჩა №1, ბინა №57-ში. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს ვ.გ-ის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2017 წლის 10 ოქტომბრის აქტიც. ამასთან, მითითებულ უძავ ქონებაზე კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრები გაცემულია სწორედ თ.ლ-ის სახელზე. მოსარჩელის მიერ სადავო ბინის ფლობის ფაქტს ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით ადასტურებენ მეზობლებიც. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 31 აგვისტოს ა.ი-მა განცხადებით მიმართა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და სადავო ბინის პრივატიზაცია მოითხოვა. 2017 წლის 31 ოქტომბერს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებულ იქნა საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, იმ მოტივით, რომ მისამართზე რეგისტრირებული იყო მხოლოდ თე.ლ-ი. აღნიშნულის შემდგომ, 2017 წლის 17 ნოემბერს 30 ნოემბერს განცხადებებით თე.ლ-მა მიმართა მოპასუხეს ბინის პრივატიზების მოთხოვნით, თუმცა განცხადებები განუხილველად იქნა დატოვებული, რაც განმცხადებელმა ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 10 მაისის №468 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურს დაევალა თე.ლ-ის 2017 წლის 17 ნოემბრის და 2017 წლის 30 ნოემბრის განცხადებებთან დაკავშირებით, საქმის სრულყოფილად გამოკვლევის შემდგომ გადაწყვეტილების მიღება. 2018 წლის 06 ივლისს თე.ლ-მა განმეორებით მიმართა განცხადებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის თაობაზე, რაც სადავო 2018 წლის 04 დეკემბრის №02/15945 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბინის ორდერი გაცემულია ა.ი-ის მიმართ, თუმცა მას უარი ეთქვა პრივატიზებაზე იმ საფუძვლით, რომ ფართში 1997 წლიდან რეგისტრირებულია თ.ლ-ი, რომელსაც, აგრეთვე, უარი ეთქვა პრივატიზებაზე იმ საფუძვლით, რომ ორდერი გაცემული იყო ა.ი-ის სახელზე. ამდენად, ორგანოს გადაწყვეტილებები ურთიერთგამომრიცხავია.
პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებული მოცემულობის გათვალისწინებით აუცილებელი გარემოებების დამატებით გამოკვლევა. საქმეზე დადასტურებულია და არც მოპასუხე ორგანო უარყოფს იმ ფაქტს, რომ სახელმწიფომ გამოხატა სადავო ფართის განკარგვის ნება, თუმცა ადმინისტრაციული ორგანო უარს აცხადებას პრივატიზებაზე როგორც ორდერის მფლობელის სახელზე, ისე ბინის ფაქტობრივი მფლობელის სახელზე.
პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 10 მაისის №468 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურს დაევალა თე.ლ-ის 2017 წლის 17 ნოემბრის და 2017 წლის 30 ნოემბრის განცხადებებთან დაკავშირებით, საქმის სრულყოფილად გამოკვლევის შემდგომ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურს ახალი გადაწყვეტილება არ მიუღია, რაც, აგრეთვე ადასტურებს დავის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გადაწყვეტის მართლზომიერებას.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა